წვდომის მენიუ

შპს „პისი მაქსის“ მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებების ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: გ-26-20 / 68

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 17, 2026 16:54

მიღების თარიღი თებერვალი 12, 2026

შპს „პისი მაქსის“ მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებების ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში - კომისია) 2025 წლის 25 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება Nგ-24-25/658 ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილებაში „გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურეობის ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო-ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

საკითხის შესწავლის მიზნით კომისიამ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისგან, მათ შორის შპს „პისი მაქსისგან“, 2025 წლის 17 დეკემბრისა (Nგ-25-08/2969) და 2025 წლის 18 დეკემბრის (Nგ-25-08/2994) წერილებით გამოითხოვა ზემოთაღნიშნული მიზნისთვის რელევანტური მიმდინარე ხელშეკრულებები და მათი შესაბამისი დანართები.

შპს „პისი მაქსმა“ 2026 წლის 16 იანვარს წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/418) წარმოადგინა ცხრა (9) ავტორიზებულ პირთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებები და ამავე წერილით ითხოვა ამ ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა, ხოლო, 2026 წლის 2 თებერვლის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/896) კომისიის მოთხოვნის საფუძველზე, დააკონკრეტა და დაასაბუთა, თუ ხელშეკრულებების რომელი მუხლების ცნობას ითხოვდა კომერციულ საიდუმლოებად (5 თებერვლის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/1157) შესაბამისი მუხლების ჩასწორება და უფრო ზუსტი ინფორმაციის მოწოდება).

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272  მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კომერციული საიდუმლოება განიმარტება, როგორც ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ინფორმაციის წარდგენისას პირი ვალდებულია მიუთითოს, რომ ეს ინფორმაცია მისი კომერციული საიდუმლოებაა. საჯარო დაწესებულება ვალდებულია 10 დღის ვადაში კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნიოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინფორმაციის ღიაობის   ვალდებულება დადგენილია კანონით. თუ ინფორმაციის წარდგენისას  საჯარო დაწესებულება არ მიიჩნევს ამ ინფორმაციას კომერციულ საიდუმლოებად, იგი იღებს გადაწყვეტილებას მისი ღიაობის თაობაზე, რასაც დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის პირს. გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ ინფორმაცია ხდება ღია, თუ პირმა, რომლის საკუთრებაცაა ეს ინფორმაცია, ამ ვადის გასვლამდე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით – სასამართლოში არ გაასაჩივრა ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საჯარო დაწესებულებას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

კომისია მიიჩნევს, რომ შპს „პისი მაქსის“ კონკურენტუნარიანობას შეიძლება ზიანი მიაყენოს მოწოდებულ ხელშეკრულებებში იმ ინფომრაციის გამჟღავნებამ, რომელიც შეეხება შპს „პისი მაქსის“ ხელშეკრულების გარკვეულ კომერციულ და ტექნიკური მომსახურეობის პირობებს.

რაც შეეხება, ხელშეკრულებებში და შესაბამის დანართებში წარმოდგენილ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ღერების შესახებ ინფორმაციას, კერძოდ მათი სიგრძე, საწყისი და საბოლოო GPS კოორდინატები, საწყისი და საბოლოო წერტილების მისამართები, ჩართვის წერტილები, მარშრუტები, ასევე ღერების რაოდენობა, არ წამოადგენს ისეთ ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა მიჩნეულ იქნას კომერციულ საიდუმლოებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272  მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით და მისი გამჟღავნება არ გამოიწვევს შპს „პისი მაქსის“ კონკურენტუნარიანობის შეზღუდვას. გარდა ამისა, აღნიშნული ინფორმაციის ნაწილი კომპანიას წარმოდგენილი აქვს კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებში, რომელიც ასევე არ წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას.

შესაბამისად, კომერციულ საიდუმლოებად უნდა იქნეს ცნობილი შპს „პისი მაქსის“ 2026 წლის 16 იანვარის წერილით (შ-26-6/418) წარმოდგენილი ხელშეკრულებების  ის მუხლები და დანართები, რომელიც მითითებულია წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი 1-ში, გარდა იმ ნაწილისა, სადაც მოცემულია ოპტიკურ-ბოჭკოვანი ღერების შესახებ ინფორმაცია, კერძოდ მათი სიგრძე, საწყისი და საბოლოო GPS კოორდინატები, საწყისი და საბოლოო წერტილების მისამართები, ჩართვის წერტილები, მარშრუტები, ასევე ღერების რაოდენობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272  მუხლის, 31-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „პისი მაქსის“ მოთხოვნა და ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად შპს „პისი მაქსის“ 2026 წლის 16 იანვარის წერილით (შ-26-6/418) წარმოდგენილი ხელშეკრულებების ის მუხლები და დანართები, რომელიც მითითებულია წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი 1-ში, გარდა იმ ნაწილისა, სადაც მოცემულია ოპტიკურ-ბოჭკოვანი ღერების შესახებ ინფორმაცია, კერძოდ მათი სიგრძე, საწყისი და საბოლოო GPS კოორდინატები, საწყისი და საბოლოო წერტილების მისამართები, ჩართვის წერტილები, მარშრუტები, ასევე ღერების რაოდენობა.

2. შპს „პისი მაქსის“ 2026 წლის 16 იანვრის წერილით (შ-26-6/418) წარმოდგენილ ხელშეკრულებებსა და დანართებში მოცემული ინფორმაცია, გარდა ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციისა, მიჩნეულ იქნას ღიად.

3. წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის  პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია შპს „პისი მაქსის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „პისი მაქსის“ მიერ  ინფორმაციის გასაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მიმართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

4. წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია გახდეს ღია კანონმდებლობის შესაბამისად წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ.

5. დაევალოს  კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი), გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „პისი მაქსისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.

8. გადაწყვეტილება, გარდა მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-4 პუნქტებისა, შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), ამ გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში;

9. წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-4 პუნქტები შეიძლება გასაჩივრდეს შპს „პისი მაქსის“ მიერ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში, რაც შპს „პისი მაქსმა“ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომისიას.

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი).

გოგა  გულორდავა       თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე           წევრი

ეკატერინე  იმედაძე       წევრი

ნათია კუკულაძე           წევრი

ივანე მახარაძე               წევრი

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები