„ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზარზე ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის 21 აგვისტოს N გ-25-9/438 გადაწყვეტილების შესაბამისად დაწყებული საქმის მოკვლევის ვადის გაგრძელების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 16, 2026 13:44
მიღების თარიღი თებერვალი 05, 2026
„ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზარზე ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის 21 აგვისტოს N გ-25-9/438 გადაწყვეტილების შესაბამისად დაწყებული საქმის მოკვლევის ვადის გაგრძელების შესახებ
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში–„კომისია“) 2025 წლის 21 აგვისტოს მიიღო N გ-25-9/438 გადაწყვეტილება (შემდგომში-გადაწყვეტილება), რომლის საფუძველზეც კომისიაში დაიწყო საქმის მოკვლევა შპს „მაგთიკომის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევის ფაქტზე.
2. კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ („მარეგულირებელი წესები“) მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული საქმის მოკვლევის 6-თვიანი ვადა იწურება 2026 წლის 27 თებერვალს.
3. მარეგულირებელი წესების მე-15 მუხლის მიხედვით, საქმის მოკვლევის ექვსთვიანი ვადა მისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შესაძლებელია გაგრძელდეს 18 თვემდე.
4. აღსანიშნავია, რომ დასახელებული საქმე არის მომეტებული მნიშვნელობის მატარებელი და იგი ასევე გამოირჩევა განსაკუთრებული სირთულით. კერძოდ, საქმის სრულყოფილად მოკვლევისათვის, საჭიროა ისეთი კომპლექსური ღონისძიებების განხორციელება, როგორიცაა შესაბამისი ბაზრის (და მასთან დაკავშირებული ბაზრების) ფარგლების განსაზღვრა და კონკურენტული გარემოს დეტალური ანალიზი; დომინანტური მდგომარეობის შეფასება კანონით განსაზღვრული ფაქტორების საფუძველზე (საბაზრო წილები, შესვლის ბარიერები, ინფრასტრუქტურის დუბლირების სირთულე, ვერტიკალური ინტეგრაცია, ქსელური ეფექტები, მყიდველის საბაზრო ძალაუფლება და სხვა); ფასების ცვლილების ეკონომიკური ანალიზი, მათ შორის შესაძლო „ჭარბი ფასის“/არასამართლიანი ფასის ინდიკატორების შეფასება და შესაბამისი ფინანსურ-ეკონომიკური მონაცემების დამუშავება; მოცულობითი მონაცემთა ბაზების დამუშავება, ფინანსურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ანალიზი და სხვა.
5. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება კი შეუძლებელია „მარეგულირებელი წესის“ მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ 6-თვიან ვადაში.
6. აქედან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს საქმის მოკვლევის ვადა გაგრძელდეს 12 თვემდე.
I. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ მე-15 მუხლის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. „ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზარზე ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის 21 აგვისტოს N გ-25-9/438 გადაწყვეტილების შესაბამისად დაწყებული საქმის მოკვლევის ვადა გაგრძელდეს 12 თვემდე;
2. გადაწყვეტილება ძალაშია მისი კომისიის სხდომაზე გამოცხადების მომენტიდან;
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის და სსიპ „საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთვის“ გაგზავნა და კომისიის ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
5. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ვახტანგ აბაშიძე წევრი
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
