წვდომის მენიუ

„გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: გ-26-19 / 281

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 24, 2026 11:46

მიღების თარიღი ივნისი 18, 2026

„გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

I.    აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში - კომისია) 2025 წლის 25 დეკემბერს მიიღო    გადაწყვეტილება    Nგ-24-25/658    ,,საქართველოს    კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილებაში „გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურეობის ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის     შედეგების     შესახებ“     ცვლილების     შეტანის     თაობაზე     საჯარო- ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“.

2. კომისია, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოფს ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრების რეგულირების პროცესის მუდმივ მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს მოქმედი რეგულაციების განახლებასა და დაკონკრეტებას, კონკურენციის ეფექტიანი განვითარების, აგრეთვე საბითუმო დაშვების მომსახურებებზე სამართლიანი, არადისკრიმინაციული და ეკონომიკურად გამართლებული პირობების უზრუნველსაყოფად.

3.  კომისიის  2018  წლის  6  დეკემბრის  N671/9  გადაწყვეტილებით  მაგისტრალურ/ძირითად („Trunk“) და „Backhaul“ გადაცემის ქსელებთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე, განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დადგენილ იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირები და მათ დაეკისრათ შესაბამისი სპეციფიკური  ვალდებულებები,  მათ შორის:  ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის, ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების, დისკრიმინაციის აკრძალვის, დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვის, აგრეთვე სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულებები.

სატარიფო რეგულირების ფარგლებში მაგისტრალურ/ძირითად (“trunk”) და „Backhaul” გადაცემის ქსელებთან დაშვების მომსახურებაზე განისაზღვრა ზედა ზღვრული ტარიფები:

  ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელში ერთი კილომეტრზე, ერთი ძარღვის იჯარა – თვეში 14.9 ლარი (გადასახადების გარეშე);

    მონაცემთა ტრანსპორტირება – 1 მბ/წმ-ზე თვეში 0.50 ლარი (გადასახადების გარეშე).

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ზღვრული ტარიფები დათვლილი იყო ქსელებით მომსახურების მიწოდების გრძელვადიანი ნაზარდი დანახარჯების (BU–LRIC) მოდელის გამოყენებით, სადაც გათვალისწინებული იყო ქსელთან დაკავშირებული ხარჯები, კაპიტალური დანახარჯები და ამასთან, დაკავშირებული საოპერაციო დანახარჯები:

1.  ქსელთან დაკავშირებული პარამეტრები; ა) ქსელის ტიპოლოგია

ბ) გადაცემის/ მარშუტიზაციის ელემენტები გ) ქსელის სიმძლავრე და დატვირთვა

დ) ტექნოლოგიური პარამეტრები (გამოყენებული ტექნოლოგია, ეფექტიანობა)

2.       კაპიტალური ხარჯები;

ა) ქსელის ელემენტების საინვესტიციო ღირებულება ბ) აქტივების სასიცოცხლო ვადა

გ) ამორტიზაციის მეთოდი

დ) კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება (WACC)

3.   საოპერაციო ხარჯები;

ა) ქსელის მოვლა-შენახვის ხარჯები

ბ) ოპერაციული და ადმინისტრაციული ხარჯები

გ) ენერგო მოხმარებისა და ადგილმდებარეობის ხარჯები

შესაბამისად, გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების მიმწოდებლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა კომისიის მიერ დადგენილი ტარიფებით უზრუნველყონ ხარისხობრივი პარამეტრებისა და ტექნიკური მომსახურების პირობების თვალსაზრისით საბაზისო მომსახურების მიწოდება, რასთან დაკავშირებული ხარჯები უკვე გათვალისწინებულია ტარიფში, ხოლო ნებისმიერი არასტანდარტული ხარისხობრივი პარამეტრებისა და ტექნიკური პირობებით მომსახურება, რომელიც საჭიროებს საბითუმო მომსახურების მიმწოდებლის მხრიდან დამატებითი ხარჯის გაწევას და რომელიც გულისხმობს დამატებითი გადასახდელის სანაცვლოდ დამატებითი ან/და გაუმჯობესებული ხარისხობრივი პარამეტრებითა და ტექნიკური პირობებით მომსახურების მიწოდებას, წარმოადგენს მხარეთა შორის შეთანხმების საგანს.

4.  კომისიის  2018  წლის  6  დეკემბრის  N671/9  გადაწყვეტილების  თანახმად,  ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულების ფარგლებში გამოქვეყნებული შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) პირობები უნდა ითვალისწინებდეს, რომ დაზიანებული   ოპტიკურ-ბოჭკოვანი   კაბელის   აღდგენის   ვადა   არ   უნდა   სცდებოდეს „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დადგენილ ვადებს. ამასთან, დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულების ფარგლებში, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებმა მაგისტრალურ/ძირითად („Trunk") და „Backhaul" გადაცემის ქსელებთან დაშვების მსურველ (აქცეპტანტ) ავტორიზებულ პირს უნდა მიაწოდონ მომსახურება არადისკრიმინაციული და თანაბარი პირობებით (მათ შორის ტარიფების, ხარისხისა და მიწოდების ვადების კუთხით), რომლებიც არანაკლებ ხელსაყრელი უნდა იყოს იმ პირობებთან შედარებით, რომლებიც მოქმედებს საკუთარი სტრუქტურული ერთეულისთვის, აფილირებული ან/და სხვა ურთიერთჩართული ავტორიზებული პირებისთვის ან/და შიდა მოხმარებისთვის.

5.  2025  წლის  დასაწყისში  კომისიამ  დაიწყო  საქართველოს  სატელეკომუნიკაციო  ბაზრის ფიქსირებული და მობილური მომსახურებების კომპლექსური კვლევის მეორე ეტაპი, რომელიც მოიცავს, მათ შორის, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ინდივიდუალური და კორპორატიული შეთავაზებების მქონე იურიდიული პირი აბონენტების საცალო ბაზრის სეგმენტისა და შესაბამისი საბითუმო ბაზრების შესწავლას. კომპლექსური კვლევის მეორე ფაზის მიმდინარე ეტაპზე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მაგისტრალურ/ძირითად („Trunk") და „Backhaul" გადაცემის ქსელებთან დაშვების საბითუმო ბაზრის მოქმედი მარეგულირებელი ჩარჩოს გადახედვა. აღნიშნული პროცესის ფარგლებში გამოვლინდა, რომ ამ ბაზარზე მომსახურების მიწოდების პირობებთან და ხარისხობრივ მაჩვენებლებთან დაკავშირებით შეიძლება არსებობდეს გარკვეული ორაზროვნება. კერძოდ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მოწვევის ოფერტები ბუნდოვანია მომსახურების ხარისხობრივ პარამეტრებსა და ტექნიკური მომსახურების პირობებთან დაკავშირებით. ინფორმაციის გამჭვირვალობის ნაკლებობამ   შესაძლოა გამოიწვიოს ოფერტის პირობების არაერთგვაროვანი აღქმა და გამოყენება და დაშვების მსურველთა შეცდომაში შეყვანა. ამდენად,  საკითხი ეხება კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილებით დადგენილი მარეგულირებელი ჩარჩოს პრაქტიკულ გამოყენებას, რომელიც შესაძლოა აფერხებდეს დაშვების მსურველ ოპერატორებს სრულად ისარგებლონ აღნიშნული რეგულაციით გათვალისწინებული პირობებით. ეს მოსაზრება დადასტურდა ცალკეულ ავტორიზებულ პირებთან კონსულტაციების შედეგადაც. ამგვარმა გაურკვევლობამ შესაძლოა გამოიწვიოს ბაზარზე დისკრიმინაციული პრაქტიკის დამკვიდრება და შეზღუდოს ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ფორმირება. შესაბამისად, კომისიის 2025 წლის 25 დეკემბრის Nგ-24-25/658 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც კომისიამ შეისწავლა ბაზარზე არსებული პრაქტიკის 2018 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მარეგულირებელ ჩარჩოსთან შესაბამისობა მომსახურების მიწოდების პირობების, ხარისხობრივი მაჩვენებლებისა და ტექნიკური მომსახურების პირობების ნაწილში, რა დროსაც გამოვლინდა ხსენებული მარეგულირებელი ჩარჩოს დაზუსტების საჭიროება.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

6.  „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-11  მუხლის  მე-2 პუნქტის  „ა“  ქვეპუნქტის  თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი  ამოცანაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება.

7.  „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  კანონის  მე-20  მუხლის  მე-2  პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბება, ხოლო ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით - ავტორიზებული პირების დისკრიმინაციის დაუშვებლობა და მათი თანასწორუფლებიანობა; მსურველი ავტორიზებული პირების მოთხოვნით ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან არადისკრიმინაციული დაშვება ან/და ურთიერთჩართვა.

8.  „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  30-ე  მუხლის  მე-3 პუნქტის  შესაბამისად,  კომისია  უფლებამოსილია დააკონკრეტოს  ამ  კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებები და მათი შესრულების პირობები, აგრეთვე მომსახურების ბაზრის კვლევისა და ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით ცვლილებები და დამატებები შეიტანოს სპეციფიკური ვალდებულებების პირობებში.

9.    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის  პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.

III. სამოტივაციო ნაწილი

10. კომისიამ შეისწავლა 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილებით დადგენილი მაგისტრალურ/ძირითად (“Trunk”) ქსელთან დაშვებისა და „Backhaul” გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიერ გამოქვეყნებული გამოყოფილ არხებზე დაშვების შეთავაზების წინადადებები (მოწვევის ოფერტა). დამატებით, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისგან 2025 წლის 17 დეკემბრისა (Nგ-25-08/2969 და Nგ-25-08/2970), 2025 წლის 18 დეკემბრის (Nგ-25-08/2993 და Nგ-25-08/2994) და 2026 წლის 3 თებერვლის (Nგ-26-08/539 და Nგ-26-08/545) წერილებით გამოთხოვილ იქნა ყველა მიმდინარე ხელშეკრულება, რაც აღნიშნულ ავტორიზებულ პირებს გაფორმებული აქვთ ქსელის მაგისტრალურ/ძირითად (“Trunk”)    ან/და „Backhaul” სეგმენტების შემდეგ მომსახურებებზე: 1. ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ძარღვის იჯარა; 2. ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის საშუალებით მოწყობილი გამოყოფილი არხებით მომსახურება - მონაცემების ტრანსპორტირება; და 3. ჩამოთვლილ მომსახურებებთან დაკავშირებით გაფორმებული სხვა ხელშეკრულებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

11. აღნიშნული  დოკუმენტების ანალიზის შედეგად დადასტურდა, რომ მაგისტრალურ/ძირითად („Trunk“) და „Backhaul“ გადაცემის ქსელებთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მომსახურების მიწოდების პირობებსა და ხარისხობრივ მაჩვენებლებთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული ორაზროვნება. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიერ გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტები არ მოიცავს მომსახურების იმ ხარისხობრივ მაჩვენებლებსა და ტექნიკური მომსახურების პირობებს ამომწურავად, რაც გათვალისწინებულია კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის №671/9 გადაწყვეტილებით დადგენილი მომსახურების ტარიფების ფარგლებში. ამასთან, ოპერატორების მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებების დიდი ნაწილი არ ასახავს გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების იმ ხარისხობრივ მაჩვენებლებსა და ტექნიკური მომსახურების პირობებს, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ მოწვევის ოფერტებში მითითებულ ტარიფებს.   შესაბამისად,   მაგისტრალურ/ძირითად   („Trunk“)   ქსელთან   დაშვებისა   და „Backhaul“ გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიერ გამოქვეყნებული გამოყოფილ არხებზე დაშვების შეთავაზებები არ უზრუნველყოფს შესაბამის ქსელებზე დაშვების მსურველი პირებისთვის სრული, გამჭვირვალე და ამომწურავი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რაც ქმნის ბაზარზე დისკრიმინაციული პრაქტიკის ჩამოყალიბების შესაძლებლობას, ვინაიდან ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს ეძლევათ საშუალება დაშვების მსურველ პირებს არათანაბარი პირობები შესთავაზონ.

12.  მაგისტრალურ/ძირითად („Trunk“)  და   „Backhaul“   გადაცემის   ქსელებთან   დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მომსახურების მიწოდების პირობებსა და ხარისხობრივ მაჩვენებლებთან დაკავშირებით ორაზროვნების არსებობას კიდევ უფრო ამყარებს კომისიის მიერ შესწავლილი ხელშეკრულებები, რომლებიც ამავე ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირებმა კომისიის მოთხოვნის საფუძველზე წარმოადგინეს კომისიაში. აღნიშნულ ხელშეკრულებებში, მოწვევის ოფერტის ანალოგიურად, არ არის საჭიროებისამებრ აღწერილი  მომსახურების  ხარისხობრივი  მაჩვენებლები  და  ტექნიკური  მომსახურების პირობები, რაც კომისიის მიერ რეგულირებულ ტარიფებში არის გათვალისწინებული. მოცემული ხელშეკრულებების დიდ ნაწილში წარმოდგენილია ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელში ძარღვის იჯარისა და ტექნიკური მომსახურების ერთიანი ტარიფი. აღნიშნული საფასურის შესაბამისი გადაანგარიშების შედეგად ჩანს, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელში ერთი კილომეტრის, ერთი ძარღვის იჯარის საფასური ამ ხელშეკრულებებში აღემატება კომისიის  2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილებით დადგენილ ტარიფს - 14.9 ₾ (გადასახადების გარეშე). აღნიშნული ფასნამატი, გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ხარისხობრივი პარამეტრებითა და ტექნიკური მომსახურების პირობების მიზეზით შეიძლება აიხსნას, თუ მხარეები შეთანხმდნენ საბაზისო მომსახურების პირობებზე უკეთესი ხარისხობრივი პარამეტრებით მომსახურების მიწოდება/მიღებაზე; თუმცა, ხელშეკრულებებში არ იკვეთება რა არის საბაზისო ტექნიკური მომსახურება, რა სახის მომსახურების მიღებისას მოუწევს მომსახურების მიმღებს ნამატი თანხის გადახდა და რას მოიცავს აღნიშული დამატებითი მომსახურება. ცალკეულ ხელშეკრულებებში, ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელში ძარღვის იჯარის ტარიფი და ტექნიკური მომსახურების ტარიფი განცალკევებულია, თუმცა ანალოგიურად, აქაც არ არის წარმოდგენილი საბაზისო მომსახურებების ჩამონათვალი და არც განმარტება, თუ კონკრეტულად რას მოიცავს აღნიშნული ტექნიკური მომსახურება, რომელზეც დამატებითი თანხის გადახდა უწევს მომსახურების მიმღებს.

13.  კომისიის აპარატის შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენელთა მხრიდან შესწავლილ იქნა ამ კუთხით არსებული პრაქტიკის მაგალითები სხვა ქვეყნებში (მათ შორის, ხორვატიაში, ბელგიაში, პორტუგალიაში), საიდანაც გამოიკვეთა, რომ შესაბამის ბაზრებზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორების მიერ გამოქვეყნებულ მოწვევის ოფერტაში გამოყოფილ არხებზე დაშვებასთან დაკავშირებული     ხარისხობრივი მაჩვენებლები და ტექნიკური მომსახურების პირობები   დეტალურად არის გაწერილი, კერძოდ, განსაზღვრულია მომსახურების პირველადი ინსტალაციის ვადები; დაზიანების აღდგენის ვადები; მომსახურების ხელმისაწვდომობის (უწყვეტად მუშაობის) დროის მაჩვენებელი; ხელმისაწვდომობის გაზომვის წესები; ხარვეზების შესახებ შეტყობინების მიღების წესი და 24/7 მხარდაჭერის პირობა; კომპენსაცია/ჯარიმები მომსახურების მიწოდების დაგვიანებისთვის, შეკეთების დროის დარღვევისთვის, ხელმისაწვდომობის დარღვევისთვის; არასტანდარტული მოთხოვნის შესწავლის ვადა; სათადარიგო (back-up) არხებით უზრუნველყოფს პირობები.

14.  ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კომისია  მიიჩნევს, რომ  2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის სპეციფიკური ვალდებულება უნდა დაკონკრეტდეს. კერძოდ, აღნიშნული სპეციფიკური ვალდებულების ფარგლებში კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილებით დადგენილი მაგისტრალურ/ძირითად (“Trunk”) ქსელთან დაშვებისა და „Backhaul” გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიერ გამოქვეყნებულ გამოყოფილ არხებზე დაშვების შეთავაზების წინადადებაში (მოწვევის ოფერტაში), ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, უნდა დაზუსტდეს ამავე გადაწყვეტილებით რეგულირებული ტარიფებით გათვალისწინებული მომსახურების ხარისხობრივი მაჩვენებლები და ტექნიკური მომსახურების პირობები, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არ საჭიროებს ამავე კანონის 22-ე მუხლით გათვალიწინებული ბაზრის კვლევისა და ანალიზის ჩატარებას კომისიის მიერ.

15. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას  გამართული    საჯარო კონსულტაციების ფარგლებში, ავტორიზებულ პირებს მიეცათ შესაძლებლობა კომისიის მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილების პროექტთან დაკავშირებით წარმოედგინათ კომენტარები. აღნიშნული შესაძლებლობით ისარგებლა სამმა ავტორიზებულმა პირმა (შპს „კავკასუს ონალინმა“ (წერილის კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/5281), შპს „პისი მაქსმა“ (წერილის კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/5439), შპს „მაგთიკომმა“(წერილის კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/5267)). კომპანიების მიერ წარმოდგენილი პოზიციების, ასევე თითოეულ კომპანიასთან გამართული სამუშაო შეხვედრების ფარგლებში გამოთქმული მოსაზრებების განხილვის შედეგად მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული გარკვეული ცვლილებები შესულიყო კომისიის მიერ საჯარო კონსულტაციების ფარგლებში გამოქვეყნებულ გადაწყვეტილების პროექტში. ოპერატორების მიერ წარმოდგენილ კომენტარებზე კომისიის პასუხები გამოქვეყნდება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესის“ (დანართი N3)  შესაბამისად.

16.  ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, კომისია მიიჩნევს, რომ მაგისტრალურ/ძირითად (“trunk”) და „Backhaul” გადაცემის ქსელებთან დაშვების მომსახურების მიწოდების არსებითი პირობები უნდა მოიცავდეს რეგულირებული ტარიფით გათვალისწინებული მომსახურების ხარისხობრივ პარამეტრებსა და ტექნიკური მომსახურების  პირობებს, მათ შორის: მომსახურების შესაბამისი მახასიათებლები: ჯიტერი, დაყოვნება, დაკარგული პაკეტების კოეფიციენტი; ხარვეზის დაფიქსირების, რეგისტრაციის, კვალიფიკაციისა და პრიორიტეტიზაციის წესები (მათ შორის კრიტიკული, მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი კატეგორიებისთვის); 24/7 ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის პირობები და ხარვეზების ესკალაციისთვის საჭირო პროცედურები; დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების შესახებ წინასწარი შეტყობინების ვადები და პირობები.   ასევე, , კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილებით დადგენილი მაგისტრალურ/ძირითად (“Trunk”) ქსელთან დაშვებისა და „Backhaul” გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს უნდა  დაევალოთ  წინამდებარე  გადაწყვეტილების შესაბამისად განახლებული მაგისტრალურ/ძირითად (“trunk”) და „Backhaul” გადაცემის ქსელებთან დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) კომისიაში წარმოდგენა და  საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნება.

II.   სარეზოლუციო ნაწილი

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტების, მე-20-მუხლის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესის“ (დანართი N3) მე-9 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, VII და IX თავების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1.  „გამოყოფილი    არხებით    საბითუმო    მომსახურეობის    ბაზრის    შესაბამის    სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილებაში შევიდეს ცვლილება და გადაწყვეტილების 8.1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს „ა.კ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ა.კ) რეგულირებული ტარიფით გათვალისწინებული მომსახურების ხარისხობრივი პარამეტრები და ტექნიკური მომსახურების პირობები, მათ შორის:

ა.კ.ა) მომსახურების შესაბამისი მახასიათებლები: ჯიტერი, დაყოვნება, დაკარგული პაკეტების კოეფიციენტი;

ა.კ.ბ) ხარვეზის დაფიქსირების, რეგისტრაციის, კვალიფიკაციისა და პრიორიტეტიზაციის წესები (მათ შორის კრიტიკული, მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი კატეგორიებისთვის);

ა.კ.გ) 24/7 ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის პირობები და ხარვეზების ესკალაციისთვის საჭირო პროცედურები;

ა.კ.დ) დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების შესახებ წინასწარი შეტყობინების ვადები და პირობები.“

2.    დაევალოთ სს „სილქნეტს”; შპს „მაგთიკომს”; შპს „დელტაკომს“; შპს „ახალ ქსელებს”; შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტს”; შპს „კავკასუს ონლაინს”; შპს „პისი   მაქსს“;   შპს  „რკინიგზის   ტელეკომს“;   სს    „საქართველოს   რკინიგზას“;  შპს  „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას” წინამდებარე გადაწყვეტილების  შესაბამისად,  განახლებული მაგისტრალური/ძირითადი  (“Trunk”)  და „Backhaul“ გადაცემის ქსელებთან დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) კომისიაში წარმოდგენა და საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნება  გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

3.  დაევალოთ  ამ  გადაწყვეტილების  მე-2  პუნქტით  განსაზღვრულ  ავტორიზებულ  პირებს დაშვების  მომსახურებით მოსარგებლე ავტორიზებულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებების  შესაბამისობაში   მოყვანა   მაგისტრალური/ძირითადი   (“Trunk”)   და „Backhaul“ გადაცემის ქსელებთან დაშვების შეთავაზების განახლებულ წინადადებასთან (მოწვევის ოფერტა).

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის გაგზავნა    ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში მითითებული ავტორიზებული პირებისთვის და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;

6.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული ავტორიზებული პირებისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

გოგა  გულორდავა თავმჯდომარე

ნათია კუკულაძე წევრი

ანი ვაზაგაშვილი წევრი

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები