წვდომის მენიუ

შპს „ალფაჰოსტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ავტორიზებული

ნომერი: გ-26-18 / 66

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 16, 2026 13:24

მიღების თარიღი თებერვალი 05, 2026

შპს „ალფაჰოსტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ავტორიზებული პირი: შპს „ალფაჰოსტი“

სამართალდარღვევა: „ელექტრონული კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს კანონის   მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების   ფორმების   დამტკიცების   შესახებ“   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილებისა და „შპს „ალფაჰოსტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2025 წლის 20 ნოემბრის Nგ-25-18/561 გადაწყვეტილების დარღვევა.

წარმოების დაწყების  საფუძველი:  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი   (N25-10-2796;  18.12.2025).

კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 5 თებერვალი, 15:00 საათი

I.  აღწერილობითი   ნაწილი

1საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი   ბარათის (N25-10-2796;   18.12.2025) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების“  36-ე  მუხლის მე-14  პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება  შპს „ალფაჰოსტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის  დაკისრების  თაობაზე მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის გამო.

2. კომისიის ააპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათიდან (N25-10-2796; 18.12.2025) ირკვევა, რომ ავტორიზებულ პირს არ შეუსრულებია „შპს „ალფაჰოსტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2025 წლის 20 ნოემბრის Nგ-25-18/561 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით დაკისრებული ვალდებულება, რომლის მიხედვით კომპანიას დაევალა აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, 2025  წლის ივნისიდან სექტემმბრის ჩათვლით რეგულირების საფასურის  გაანგარიშების 1.9 ფორმისა და ამავე თვეების სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.1 (შემოსავლების თაობაზე) შევსება და კომისიაში წარმოდგენა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე.

3. შპს „ალფაჰოსტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2026 წლის 5 თებერვალს, 15:00 საათზე, რის შესახებაც შპს „ალფაჰოსტს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

4. კომისიის 2026 წლის 5 თებერვლის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ალფაჰოსტის“ წარმომადგენელი, თუმცა, კომისიის მიერ შესრულებული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა, დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით - მხარეს ელექტრონულ მისამართზე ჩაბარდა კომისიის შეტყობინება (რომელიც, ასევე, საჯაროდ იყო გამოქვეყნებული კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე), ხოლო შუამდგომლობა საკითხის გადადების შესახებ წარმოდგენილი არ ყოფილა. ამდენად, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის განხილვა შპს „ალფაჰოსტის“ წარმომადგენლის დაუსწრებლად და გადაწყვეტილება მიიღო იმავე სხდომაზე.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

5.  „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-19  მუხლის   მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური.

7. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.

8. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის   2011   წლის   N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად,  დამტკიცდა ელექტრონული საკომუნიკაციო და სამაუწყებლო დარგების სტატისტიკური  ანგარიშგების თანდართული ფორმები (დანართი N1). ასევე, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირს და ასევე ყველა მაუწყებელს დაევალა ამ გადაწყვეტილების N1 დანართით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ელექტრონულად შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.

9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.

10. საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  76-ე  მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

11. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების  თაობაზე“  საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2003  წლის  27 ივნისის   N1   დადგენილებით   დამტკიცებული „საქართველოს      კომუნიკაციების      ეროვნული კომისიის საქმიანობის  მარეგულირებელი  წესების”  (დანართი  N1)  მე-16  მუხლის  მე-5  პუნქტის თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით“, ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“.

III. სამოტივაციო ნაწილი

1. შესწავლილი მტკიცებულებები

12.  კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათი (N25-10-2796;  18.12.2025);

13. კომისიის 2025 წლის 20 ნოემბრის Nგ-25-18/561 გადაწყვეტილება „შპს „ალფაჰოსტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“;

14. კომისიის მიერ შპს „ალფაჰოსტისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება კომისიის 2026 წლის 5 თებერვლის სხდომაზე მოწვევის შესახებ და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

15. კომისიის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N26-10-301 04.02.2026);

16. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ალფაჰოსტის“ შესახებ მონაცემები.

2.  დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

17. შპს „ალფაჰოსტი“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირია. მტკიცებულება: მონაცემი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ალფაჰოსტის“ შესახებ.

18. კომისიის 2025 წლის 20 ნოემბრის Nგ-25-18/561 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის  შესაბამისად, შპს „ალფაჰოსტს“ მიეცა წერილობითი  გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევის გამო.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათი (N25-10-2796;18.12.2025), კომისიის 2025 წლის 20 ნოემბრის Nგ-25-18/561 გადაწყვეტილება;

19.  ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის მიხედვით, შპს „ალფაჰოსტს“ დაევალა აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, 2025  წლის ივნისის, ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმისა და ამავე თვეების სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.1 (შემოსავლების თაობაზე) შევსება და კომისიაში წარმოდგენა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათი (N25-10-2796;18.12.2025), კომისიის 2025 წლის 20 ნოემბრის Nგ-25-18/561 გადაწყვეტილება;

20.  კომისიის 2025 წლის 20 ნოემბრის Nგ-25-18/561 გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2025 წლის 27 ნოემბერს და კომპანიას ვალდებულება უნდა შეესრულებინა 2025 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით, თუმცა შპს „ალფაჰოსტს“ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დღისთვის არ აქვს შესრულებული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება და დამატებით არ აქვს წარმოდგენილი ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების 1.9. (რეგულირების საფასურის გაანგარიშების) და 1.1. (შემოსავლების თაობაზე)  ფორმები.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათი (N25-10-2796;18.12.2025); კომისიის ადმინისტრაციის  სამსახურებრივი ბარათი (N26-10-301  04.02.2026), ინფორმაცია კომისიის ელექტრონული ანგარიშგების პორტალიდან;

21. შპს „ალფაჰოსტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომისიას გამოყენებული აქვს წერილობითი გაფრთხილება მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის.

მტკიცებულება: კომისიის 2025 წლის 20 ნოემბრის Nგ-25-18/561 გადაწყვეტილება  „შპს„ალფაჰოსტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“;

22. შპს „ალფაჰოსტის“ ბოლო 12 თვის შემოსავლის   0,5 %-ის დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან, კომპანიას 2025 წლის ივნისის თვიდან 2025 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით არ აქვს წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმა.

მტკიცებულება: კომისიის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N26-10-301 04.02.2026).

3.    სამართლებრივი შეფასება

23. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შპს „ალფაჰოსტი“, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი ვალდებული იყო ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო   თვის   მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ელექტრონულად, კომისიის      საერთო სტატისტიკური ბაზის ფორმა 1.9-ის საშუალებით, წარმოედგინა კომისიისთვის ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე, ასევე, შეევსო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და ელექტრონულად კომისიაში წარმოედგინა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.

24. კომისიის მიერ დადგინდა, რომ შპს „ალფაჰოსტს“  არ შეუსრულებია „შპს „ალფაჰოსტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე” კომისიის 2025 წლის 20 ნოემბრის Nგ-25-18/561        გადაწყვეტილების        მე-2        პუნქტით        დაკისრებული        ვალდებულება (შპს  „ალფაჰოსტს“  დაევალოს  2025  წლის  ივნისის,  ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის  თვეების რეგულირების   საფასურის   გაანგარიშებების   1.9   ფორმისა   და   სტატისტიკური   ანგარიშგების ფორმა 1.1-ის  (შემოსავლების  თაობაზე)  შევსება  და  კომისიაში  წარმოდგენა  გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.). ამდენად, კომისიის 2025 წლის 20 ნოემბრის Nგ-25-18/561 გადაწყვეტილებაში მითითებულ ვადაში შპს „ალფაჰოსტმა“ არ აღმოფხვრა დარღვევა და არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა მსგავსი/ანალოგიური დარღვევა, კერძოდ, არ წარმოადგინა 2025 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმა და    სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.1 (შემოსავლების თაობაზე).

25. შესაბამისად,  შპს   „ალფაჰოსტის“   მიერ   დარღვეულია   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების  ნაწილობრივ  ძალადაკარგულად  ცნობისა  და  სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილება, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილება და კომისიის 2025 წლის 20 ნოემბრის Nგ-25-18/561 გადაწყვეტილება.

4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

26. გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის 2025 წლის 20 ნოემბრის Nგ-25-18/561 გადაწყვეტილებით შპს „ალფაჰოსტს“ მიცემული აქვს წერილობითი   გაფრთხილება, გადაწყვეტილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა დარღვევა და არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა მსგავსი/ანალოგიური დარღვევა, კომპანიას, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უნდა დაეკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა. ვინაიდან, კომპანიის წლიური შემოსავლის თაობაზე, კომისია არ ფლობს ინფორმაციას, კომპანიის მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, შპს „ალფაჰოსტის“ მიმართ გამოყენებული  იქნეს ჯარიმის მინიმალური ოდენობა - 3000 ლარი.

27.  ამასთან, კომპანიას უნდა დაევალოს კომისიაში 10 სამუშაო დღის ვადაში 2025 წლის ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების 1.9 და 1.1. ფორმის წარმოდგენა.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლებისა და VII თავის, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, მე-16 მუხლის მე-5 და მე-9 პუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს  „ალფაჰოსტს“ დაეკისროს  ჯარიმა  3000  ლარის  ოდენობით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ლ“  ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების მე-6 პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“  კომისიის  2016 წლის 11  თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „შპს „ალფაჰოსტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე” კომისიის 2025 წლის 20 ნოემბრის Nგ-25-18/561 გადაწყვეტილების  დარღვევის გამო;

2. შპს „ალფაჰოსტს“  დაევალოს  2025  წლის  ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით,  რეგულირების საფასურის გაანგარიშებების 1.9 ფორმისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.1-ის (შემოსავლების თაობაზე) შევსება და კომისიაში წარმოდგენა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

3.  შპს „ალფაჰოსტმა“ უზრუნველყოს:

ა) წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმისგადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900; ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 302003251; ბ) ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე.

5. დაევალოს  კომისიის  აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „ალფაჰოსტისთვის“   დაუყოვნებლივ   გაგზავნა   და   კომისიის ოფიციალურ    ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის    საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „ალფაჰოსტისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

7. დაევალოს კომისიის აპარატის  იურიდიულ დეპარტამენტს  (თ.ხუხუნაიშვილი) შპს „ალფაჰოსტისთვის“  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის  დაკისრების  თაობაზე  მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.

8. გადაწყვეტილების   შესრულებაზე   კონტროლი (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 და მე-7 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი).

გოგა  გულორდავა               თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე                  წევრი

ეკატერინე  იმედაძე              წევრი

ნათია კუკულაძე                   წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები