შპს „სო-ნეთ 2023“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 13, 2026 17:16
მიღების თარიღი ოქტომბერი 08, 2026
შპს „სო-ნეთ 2023“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესების თაობაზე
ავტორიზებული პირი: შპს „სო-ნეთ 2023“
სამართალდარღვევა: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „მ“ ქვეპუნქტებისა და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევა
წარმოების დაწყების საფუძველი: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 26-10-2073; 11.09.2026)
კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 8 ოქტომბერი
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 26-10-2073; 11.09.2026) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სო-ნეთ 2023“-ის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის მიზნით.
2. იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 26-10-2073; 11.09.2026) თანახმად, 2025 წლის 13 ოქტომბერს შპს „სო-ნეთ 2023“-ის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელდა რიგი ცვლილება: ა) შეიცვალა დამფუძნებელი, კერძოდ თორნიკე ლიპარტელიანმა (პ/ნ 61001069545) თავისი კუთვნილი 100%-იანი წილი სრულად გაასხვისა გოჩა ხოზრევანიძის (პ/ნ 61004066729) სასარგებლოდ; ბ) შეიცვალა დირექტორი - თორნიკე ლიპარტელიანის (პ/ნ 61001069545) ნაცვლად დირექტორად განისაზღვრა გოჩა ხოზრევანიძე (პ/ნ 61004066729); გ) შეიცვალა იურიდიული მისამართი - „ქალაქი ბათუმი, თედო სახოკიას ქუჩა, N43”-ის ნაცვლად განისაზღვრა „ქ. ბათუმი, ზღვისპირის ქ., N10ლ, ბინა 4”.
3. შპს „სო-ნეთ 2023“-ს ზემოაღნიშნული ტრანზაქციის განსახორციელებლად კომისიისგან წინასწარი თანხმობა არ მიუღია. ასევე, კომპანიამ განხორციელებული ცვლილებების შესახებ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ აცნობა კომისიას.
4. კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 26-10-2130; 16.09.2026) პასუხად, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (N 26-10-2196; 23.09.2026) ირკვევა, რომ დამფუძნებლის ცვლილება, ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე ახალ გარემოებას არ ქმნის, შესაბამისად შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნით, არ დგინდება ის აუცილებელი გარემოებები, რომლის თანახმადაც, საჭირო იქნება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
5. საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა დაინიშნა 2026 წლის 8 ოქტომბერს, 15:00 სთ-ზე, რის შესახებაც კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (N გ-26-03/4969; 02/10/2026). მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
6. კომისიის 2026 წლის 8 ოქტომბერის სხდომას ესწრებოდა შპს „სო-ნეთ 2023“-ის წარმომადგენელი გ. ხოზრევანიძე.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობის ან/და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო პირობების, აგრეთვე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება
9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
10. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი ავტორიზებული პირი ვალდებულია თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში. ამავე პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები.
12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს: - იურიდიული პირისთვის – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის სახელი და გვარი;
13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის რეგულირების ერთ-ერთი მიზანია რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბება;
14. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული კონცენტრაციის გარდა, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლებით დადგენილი წესით შეისწავლის იმ ოპერაციას, რომლითაც ხდება: ა) ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივის შეძენა; ბ) ორი ან ორზე მეტი პირის, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია, შერწყმის შედეგად გაერთიანება; გ) ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა, რის შედეგადაც შემძენი პირის მფლობელობაში ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან 5 პროცენტზე მეტი აღმოჩნდება;
15. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები არ გამოიყენება ავტორიზებული პირების წილის ან აქციების შეძენის შემთხვევაში, თუ შემძენი პირის ან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მიერ ერთობლივად ხდება ავტორიზებული პირის 5 პროცენტამდე წილის ან აქციების შეძენა;
16. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
17. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე.
18. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღების შემდეგ განახორციელოს ამ კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებები;
19. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. ადმინისტრაციული წარმოების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს;
20. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა;
21. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ერთ-ერთი საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
22. კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 26-10-2073; 11.09.2026);
23. კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 26-10-2130;16.09.2026);
24. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 26-10-2196; 23.09.2026);
25. შპს „სო-ნეთ 2023“-სთვის გაგზავნილი შეტყობინება კომისიის 2026 წლის 8 ოქტომბრის სხდომაზე მოწვევის შესახებ (N გ-26-03/4969; 02/10/2026);
26. შპს „სო-ნეთ 2023“-ის შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
27. შპს „სო-ნეთ 2023“-ის 2026 წლის 14 სექტემბრის განცხადება (კომისისაში რეგისტრაციის N შ-26-6/7535; თარიღი 15.09.2026);
28. შპს „სო-ნეთ 2023“-ის წარმომადგენლის გ. ხოზრევანიძის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2026 წლის 8 ოქტომბრის სხდომაზე.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
29. შპს „სო-ნეთ 2023“ (ს/კ 445685820) არის ელექტრონული ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი.
მტკიცებულება: მონაცემი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „სო-ნეთ 2023“-ის შესახებ.
30. 2025 წლის 13 ოქტომბერს შპს „სო-ნეთ 2023“-ის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელდა რიგი ცვლილება: ა) შეიცვალა დამფუძნებელი, კერძოდ თორნიკე ლიპარტელიანმა (პ/ნ 61001069545) თავისი კუთვნილი 100%-იანი წილი სრულად გაასხვისა გოჩა ხოზრევანიძის (პ/ნ 61004066729) სასარგებლოდ; ბ) შეიცვალა დირექტორი - თორნიკე ლიპარტელიანის (პ/ნ 61001069545) ნაცვლად დირექტორად განისაზღვრა გოჩა ხოზრევანიძე (პ/ნ 61004066729); გ) შეიცვალა იურიდიული მისამართი - „ქალაქი ბათუმი, თედო სახოკიას ქუჩა, N43”-ის ნაცვლად განისაზღვრა „ქ. ბათუმი, ზღვისპირის ქ., N10ლ, ბინა 4”.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 26-10-2073; 11.09.2026); მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „სო-ნეთ 2023“-ის შესახებ.
31. გადაწყვეტილების 30-ე პარაგრაფში მითითებული წილის გასხვისების თაობაზე კომპანიას კომისიისგან წინასწარი თანხმობა არ მიუღია და აღნიშნული ცვლილების თაობაზე არ უცნობებია კომისიისთვის კანონმდებლობით განსაზღვრულ 7 სამუშაო დღის ვადაში. ასევე, ავტორიზებულმა პირმა კომპანიის დირექტორისა და იურიდიული მისამართის ცვლილების შესახებ კომისისიას არ აცნობა ცვლილების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 26-10-2073; 11.09.2026).
32. შპს „სო-ნეთ 2023“-ის დამფუძნებლის ცვლილება, ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე ახალ გარემოებას არ ქმნის, შესაბამისად შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. ამასთან, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნით, არ დგინდება ის აუცილებელი გარემოებები, რომლის თანახმადაც, საჭირო იქნება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 26-10-2196; 23.09.2026).
33. შპს „სო-ნეთ 2023“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
მტკიცებულება: მონაცემი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „სო-ნეთ 2023“-ის შესახებ.
3. სამართლებრივი შეფასება
34. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება, ხოლო კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღების შემდეგ განახორციელოს ამ კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებები. კერძოდ, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
35. შესაბამისად, კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ კომისიის მიერ კანონით განსაზღვრული ამოცანები და ფუნქციები სათანადოდ შესრულდეს, შპს „სო-ნეთ 2023“-ს როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, მისი პარტნიორის წილის გასხვისებამდე წინასწარ უნდა ეცნობებინა კომისიისთვის, რათა კომისიას, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე აღნიშნული ტრანზაქციის შესაძლო გავლენა დაედგინა და შესაბამისად, მიეღო გადაწყვეტილება წილის შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიეღო გადაწყვეტილება, შეძენის გამოკვლევის თაობაზე, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
36. ამავდროულად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემების, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელისა და გვარის ცვლილების შემთხვევაში, ასევე, წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე, კომისიას წერილობით აცნობოს და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები.
37. როგორც კომისიის მიერ დადგინდა, შპს „სო-ნეთ 2023“-ს წილის გასხვისებამდე, კანონით განსაზღვრული წესით, არ მოუმართავს კომისიისთვის და არ მიუღია კომისიის წინასწარი თანხმობა. ამასთან, კომპანიას კანონით დადგენილ 7 სამუშაო დღის ვადაში კომისიისთვის არ უცნობებია წილის მფლობელის, იურიდიული მისამართისა და დირექტორის ცვლილების თაობაზე. შესაბამისად, კომპანიის მიერ კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე ავტორიზებული პირის წილის გასხვისებით, კომისიისთვის წილის მფლობელის, დირექტორისა და იურიდიული მისამართის ცვლილების თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილ 7 სამუშაო დღის ვადაში წარმოუდგენლობით, დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „მ“ ქვეპუნქტები, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.
IV. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
38. ზემოაღნიშნული დარღვევა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.
39. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „სო-ნეთ 2023“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა, მას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
40. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისიის წინასწარი თანხმობა სავალდებულოა, როდესაც ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა. ავტორიზებული პირის წილის ან აქციების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გაყიდვის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევ ავტორიზებულ პირს დააკისროს სპეციალური ღონისძიებები, მათ შორის, მოსთხოვოს წილის გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. კომისიის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენება უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ ფაქტობრივ და სამართლებრივ წინაპირობებს. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი არის ის ფაქტი - იცვლება თუ არა წილის ან აქციების გასხვისების შედეგად საბოლოო ბენეფიციარის წილობრივი მონაწილეობა ან/და გავლენა ავტორიზებულ პირში ან/და ასევე წილის ან აქციების გასხვისებით შესაძლებელია თუ არა ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის კონკურენტუნარიანობას მიადგეს საფრთხე. ამასთან, არ არის აუცილებელი დადგენილი იყოს კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების უტყუარობა, არამედ კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების რეალური საფრთხის არსებობაც კი საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ კომისიამ ავტორიზებულ პირს დააკისროს სპეციალური ღონისძიებები (მათ შორის კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებული წილის ან აქციების გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა). იმას, თუ რამდენად რეალურია საფრთხე და საერთოდ არსებობს თუ არა საფრთხე ავტორიზებული პირის წილის ან აქციების კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გასხვისებით დაზიანდეს ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო, სხვა ფაქტორებთან ერთად განაპირობებს წილის ან აქციების გასხვისებაში მონაწილე ავტორიზებული პირ(ებ)ის საქმიანობის არეალი, საბაზრო წილი, აბონენტების რაოდენობა.
41. როგორც კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (N 26-10-2196; 23.09.2026) დგინდება - განხორციელებული ტრანზაქცია ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე ახალ გარემოებას არ ქმნის, შესაბამისად, შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. ამასთან, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნით, არ დგება ის აუცილებელი გარემოებები, რომელთა თანახმადაც, საჭირო იქნება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. ამრიგად, არ იკვეთება შპს „სო-ნეთ 2023“-სთვის რაიმე სპეციალური ღონისძიების/ვალდებულების დაკისრების აუცილებლობა.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის და მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „მ“ ქვეპუნქტების, 25-ე მუხლის, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 27-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლებისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შპს „სო-ნეთ 2023“-ს მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „მ“ ქვეპუნქტებისა და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო;
2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „სო-ნეთ 2023“- სთვის ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (გ. ლუკავა) აღნიშნული გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სო-ნეთ 2023“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს შპს „სო-ნეთ 2023“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ანი ვაზაგაშვილი წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
