შპს „სისტემ 1“-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 02, 2026 14:49
მიღების თარიღი აგვისტო 27, 2026
შპს „სისტემ 1“-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე
ავტორიზებული პირი: შპს „სისტემ 1“
სამართალდარღვევა: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევა
ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათი (N26-10-1806; 06.08.2026) და სამსახურებრივი ბარათი (N26-10-1924; 21.08.2026)
კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 27 აგვისტო
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) ადმინისტრაციის მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათების (N26-10-1806; 06.08.2026; N26-10-1924; 21.08.2026) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სისტემ 1“-ის მიერ კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის მიზნით.
2. კომისიის ადმინისტრაციის მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათებიდან (N26-10-1806; 06.08.2026; N26-10-1924; 21.08.2026) ირკვევა, რომ შპს „სისტემ 1“-ს ერიცხება 2026 წლის აპრილის, მაისის და ივნისის თვეების რეგულირების საფასურის დავალიანება 126.79 ლარის ოდენობით.
3. საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა დაინიშნა 2026 წლის 27 აგვისტოს, რის შესახებაც შპს „სისტემ 1“-ს ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (Nგ-26-03/4498; 24.08.2026). კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
4. კომისიის 2026 წლის 27 აგვისტოს სხდომას ესწრებოდა შპს „სისტემ 1“-ის წარმომადგენელი გ. ყუფარაძე, რომელმაც დაადასტურა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი და აღნიშნა, რომ მსგავსი დარღვევა მომავალში არ განმეორდებოდა. მან ასევე, აღნიშნა, რომ შპს „სისტემ 1“-ს გადახდილი ჰქონდა ა/წ ივლისისა და აგვისტოს თვეების რეგულირების საფასურიც და ითხოვა ჩადენილი დარღვევის პატიება.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ამავე პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური“.
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური“.
7. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური“.
8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა“.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
9. კომისიის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათი (N26-10-1806; 06.08.2026);
10. კომისიის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N26-10-1924; 21.08.2026);
11. კომისიის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N26-10-1964; 26.08.2026)
12. შპს „სისტემ 1“-სთვის გაგზავნილი შეტყობინება (Nგ-26-03/4498; 24.08.2026) კომისიის 2026 წლის 27 აგვისტოს სხდომაზე მოწვევის შესახებ და შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
13. შპს „სისტემ 1“-ის შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
14. შპს „სისტემ 1“-ის წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
15. შპს „სისტემ 1“ (ს/ნ: 412748923) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირია. მტკიცებულება: მონაცემები შპს „სისტემ 1“-ის შესახებ კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
16. ადმინისტრაციული წარმოების დღისთვის შპს „სისტემ 1“-ს ერიცხებოდა 2026 წლის აპრილის, მაისის და ივნისის თვეების რეგულირების საფასურის დავალიანება 126.79 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება: კომისიის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათი (N26-10-1806; 06.08.2026) და სამსახურებრივი ბარათი (N26-10-1924; 21.08.2026); შპს „სისტემ 1“-ის წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.
17. შპს „სისტემ 1“-მა წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დროისთვის სრულად გადაიხადა რეგულირების საფასურის დავალიანება.
მტკიცებულება: კომისიის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N26-10-1964; 26.08.2026).
18. შპს „სისტემ 1“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
მტკიცებულება: მონაცემები შპს „სისტემ 1“-ის შესახებ კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
3. სამართლებრივი შეფასება
19. შპს „სისტემ 1“, როგორც ავტორიზებული პირი ვალდებულია, შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. შესაბამისად, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9- ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, შპს „სისტემ 1“ ვალდებულია კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და გადაიხადოს კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.
20. 2026 წლის აპრილის, მაისის და ივნისის თვეების რეგულირების საფასურის დავალიანების - 126.79 ლარის გადაუხდელობით, შპს „სისტემ 1“-ის მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტები და რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილება.
21. კომისიის მიერ დადგენილია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „სისტემ 1“-ის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/იდენტური სამართალდარღვევისთვის. შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ჩადენილ დარღვევას შეესატყვისება წერილობითი გაფრთხილება. ამავდროულად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას წერილობითი გაფრთხილების გამოყენებასთან დაკავშირებით.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
22. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამასთანავე, ამავე კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას დაცული უნდა იქნას საჯარო კერძო ინტერესების ბალანსი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით.
23. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, ორგანოს, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის გათვალისწინებული კანონმდებლობით.
24. კომისიის მიერ დადგინდა, რომ შპს „სისტემ 1“-მა, მართალია, ვადების დარღვევით, მაგრამ არსებული ვალდებულება სრულად შეასრულა. კერძოდ, ავტორიზებულმა პირმა რეგულირების საფასურის დავალიანება, წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებამდე, სრულად ჩარიცხა კომისიის ანგარიშზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ შპს „სისტემ 1“-ის მიმართ არ იქნეს გამოყენებული სანქციის სახედ წერილობითი გაფრთხილება. შესაბამისად, შპს „სისტემ 1“ ცნობილ უნდა იქნეს სამართალდამრღვევად და გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან, რითაც დაცული იქნება კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპი, ასევე, მიიღწევა ის მიზანი, რაც ზოგადად გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლებისა და VII თავის, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შპს „სისტემ 1“ ცნობილი იქნეს სამართალდამრღვევად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტების, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევის გამო.
2. შპს „სისტემ 1“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან.
3.გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნების დღიდან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „სისტემ 1“ -სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სისტემ 1“-სთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს „სისტემ 1“-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა.
7. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი).
ნათია კუკულაძე თავმჯდომარე - მ.შ.
ანი ვაზაგაშვილი წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
