წვდომის მენიუ

შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-26-18 / 386

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 02, 2026 14:15

მიღების თარიღი აგვისტო 27, 2026

შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ავტორიზებული პირი: შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“

სამართალდარღვევა:  „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და 62-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა.

ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 26-10-1876; 17.08.2026)

კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 27 აგვისტო

I. აღწერილობითი ნაწილი

1.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  (შემდგომში  - კომისია)  აპარატის იურიდიული დეპარტამენტის 2026 წლის 17 აგვისტოს N26-10/1876 მოხსენებითი ბარათის (შემდგომში   - მოხსენებითი   ბარათი)  საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მიერ კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის მიზნით.

2.  მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2026 წლის 27 მარტს შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ (ს/ნ 240885654) 10%-იანი წილის მფლობელის შპს „აქცეპტის“ (ს/ნ 206335143) საკუთრების სტრუქტურაში განხორციელდა ცვლილება. კერძოდ, ლერი კაპანაძემ თავისი კუთვნილი 80%-იანი წილი სრულად გაასხვისა ამავე კომპანიის 20%-იანი წილის მფლობელ კახა კობიაშვილის სასარგებლოდ. შპს „ტელე- რადიო კომპანია თრიალეთს“  აღნიშნული ტრანზაქციის განსახორციელებლად კომისიისგან წინასწარი თანხმობა არ აქვს მიღებული. კომპანიამ განხორციელებული ცვლილების თაობაზე ინფორმაცია კომისიაში წარმოადგინა 2026 წლის 14 აგვისტოს.

3.  კომისიის   აპარატის   იურიდიული   დეპარტამენტის ბარათის   (N26-10-1883; 18.08.2026) პასუხად, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და  ბაზრის  რეგულირების დეპარტამენტის   სამსახურებრივი   ბარათიდან   (N26-10-1936;  24.08.2026)  ირკვევა,  რომ  შპს  „ტელე- რადიო კომპანია თრიალეთის“ 10%-იანი წილის მფლობელის შპს „აქცეპტის“ (ს/ნ 206335143) საკუთრების სტრუქტურაში განხორციელებული ცვლილება ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე ახალ გარემოებას არ ქმნის, შესაბამისად შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. კომისიის აპარატის კონკურენციის  ხელშეწყობის  და  ბაზრის  რეგულირების  დეპარტამენტის დასკვნით, არ   დგინდება ის   აუცილებელი  გარემოებები, რომლის თანახმადაც, საჭირო იქნება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

4.  საკითხის  განსახილველად  კომისიის  სხდომა  დაინიშნა 2026  წლის  27 აგვისტოს,  რის  შესახებაც შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (Nგ-26-03/4478; 21.08.2026). კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

5. 2026  წლის  26  აგვისტოს,  შპს  „ტელე-რადიო  კომპანია  თრიალეთმა“  კომისიაში  წარმოადგინა წერილობითი პოზიცია (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/7205; 26.08.2026). წერილობითი პოზიციის თანახმად, ავტორიზებული პირი არ ეთანხმება მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლებს და მიაჩნია, რომ მას არ ჰქონდა სადავო ტრანზაქციის თაობაზე ინფორმაციის კომისიაში წარდგენის ვალდებულება. ავტორიზებული პირი აღნიშნავს, რომ 2026 წლის 27 მარტს ცვლილება განხორციელდა არა შპს "ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის" წილებში, არამედ უშუალოდ შპს "აქცეპტის" პარტნიორთა შემადგენლობაში. ამასთან, როგორც ცვლილებამდე, ისე ცვლილების შემდეგ, შპს „აქცეპტი“ დარჩა შპს "ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის" 10 %-იანი წილის მესაკუთრედ. შპს „ტელე-რადიო კომპანია   თრიალეთს" არ მიუღია მონაწილეობა აღნიშნული გარიგების დაგეგმვაში ან გადაწყვეტილების მიღებაში და წინასწარ  არ  ყოფილა  ინფორმირებული  აღნიშნული  გარიგების განზრახვის  შესახებ.  შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ განმარტებით, არ შეიძლება მას დაეკისროს ვალდებულება, წინასწარ აცნობოს კომისიას გარიგების შესახებ, რომლის არსებობის, დაგეგმვისა და პირობების შესახებაც მას ინფორმაცია არ გააჩნდა. მაუწყებლის აზრით, ასეთი ვალდებულების შესრულება არა მხოლოდ პრაქტიკულად შეუძლებელია, არამედ ის ეწინააღმდეგება სამართლებრივი განსაზღვრულობისა და განჭვრეტადობის პრინციპებს. ამასთანავე, წერილობით პოზიციაში მან მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ცვლილება თავად აღმოაჩინა და ინფორმაციის მიღებისთანავე მიაწოდა კომისიას. შპს „ტელე-რადიო თრიალეთმა“ თავის წერილობით პოზიციაში ითხოვა კომისიამ არ გამოიყენოს შპს ტელე- რადიო კომპანია "თრიალეთის" მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ან სხვა სანქცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით; სრულად და ობიექტურად გამოიკვლიოს, ჰქონდა თუ არა შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს" 2026 წლის 27 მარტამდე შპს "აქცეპტის" პარტნიორებს შორის დაგეგმილი გარიგების შესახებ ინფორმაცია; წარმოადგინოს კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთმა" აღნიშნული გარიგების შესახებ წინასწარ იცოდა ან ობიექტურად ჰქონდა მისი ცოდნის შესაძლებლობა; მკაფიოდ მიუთითოს კონკრეტული სამართლებრივი ნორმა, რომლის საფუძველზეც შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს" ეკისრებოდა ვალდებულება, წინასწარ შეეტყობინებინა კომისიისთვის მისი 10%-იანი წილის მფლობელი იურიდიული პირის პარტნიორებს შორის დაგეგმილი გარიგების შესახებ; შეფასებისას გაითვალისწინოს ის არსებითი გარემოება, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის" 10%-იანი წილი არ გასხვისებულა, შპს „აქცეპტი" დარჩა აღნიშნული წილის მესაკუთრედ, ხოლო შპს „ტელე- რადიო კომპანია თრიალეთი" არ ყოფილა გარიგების მხარე და წინასწარ არ ყოფილა ინფორმირებული მისი განხორციელების შესახებ; ასევე გაითვალისწინოს შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის" კეთილსინდისიერი ქმედება - ცვლილების დამოუკიდებლად გამოვლენა და კომისიისთვის მისი შეტყობინება.

6.  კომისიის 2026 წლის 27 აგვისტოს სხდომას არ ესწრებოდა შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ წარმომადგენელი. ავტორიზებულ პირს ეცნობა კომისიის შეტყობინებით 27 აგვისტოს სხდომის თაობაზე. „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ არ წარმოუდგენია შუამდგომლობა კომისიის სხდომის გადადების თაობაზე.   ავტორიზებულ პირს შეტყობინება გაეგზავნა კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ელექტრონული ფოსტის მისამართზე და აღნიშნული შეტყობინების ადრესატისთვის ჩაბარების ფაქტი დადასტურებულია ავტომატური საშუალებით, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-16 მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით. ამდენად, კომისიამ შეასრულა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაკისრებული ვალდებულება - დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე და შესაბამისად, უფლებამოსილი იყო განეხილა საკითხი ავტორიზებული პირის წარმომადგენლის დაუსწრებლად.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

7.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობის ან/და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

8.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო პირობების, აგრეთვე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის  პირობების დაცვის  ზედამხედველობა  და  მათი დარღვევის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

9.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

10. „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  44-ე  მუხლის  პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

11. „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-19  მუხლის  მე-2  პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია: შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია  თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის რეგულირების ერთ-ერთი მიზანია რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბება.

13. „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  25-ე  მუხლის  პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული კონცენტრაციის გარდა, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლებით დადგენილი წესით შეისწავლის იმ ოპერაციას, რომლითაც ხდება: ა) ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივის შეძენა; ბ) ორი ან ორზე მეტი პირის, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია, შერწყმის შედეგად გაერთიანება; გ) ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა, რის შედეგადაც შემძენი პირის მფლობელობაში ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან 5 პროცენტზე მეტი აღმოჩნდება.

14. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები არ გამოიყენება ავტორიზებული პირების წილის ან აქციების შეძენის შემთხვევაში, თუ შემძენი პირის ან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მიერ ერთობლივად ხდება ავტორიზებული პირის 5 პროცენტამდე წილის ან აქციების შეძენა.

15. „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  26-ე  მუხლის  პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

16. „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   26-ე   მუხლის   მე-3  პუნქტის შესაბამისად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე   უნდა   შეიცავდეს   შემდეგ   ინფორმაციას   შერწყმაში   ან   შეძენაში  მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ  პირსა  და მასთან ურთიერთდამოკიდებულ   (აფილირებულ)   პირს   შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე.

17. „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   26-ე   მუხლის   მე-7  პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი  შეტყობინების მიღების შემდეგ განახორციელოს ამ კანონის  27-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებები.

18. „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  27-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. ადმინისტრაციული წარმოების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

19. „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  45-ე  მუხლის  პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების     დარღვევის     შემთხვევაში     კომისია     უფლებამოსილია     დამრღვევი    წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.

20. ,,მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   451  მუხლის   მე-12   პუნქტის   ,,ა“  ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა.

21. „მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე  მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად, ,,მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და მის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა“.

22. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე  მუხლის   პირველი   პუნქტის   შესაბამისად, ,,ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია თავისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. იგი აგრეთვე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე“.

23. „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   71-ე   მუხლის   პირველი   პუნქტის  თანახმად, ,,მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს“.

24. „საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის   საქმიანობის   მარეგულირებელი   წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ერთ-ერთი საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

III. სამოტივაციო ნაწილი

1. გამოკვლეული მტკიცებულებები

25. კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 26-10-1876; 17.08.2026);

26. კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N26-10-1883; 18.08.2026);

27. კომისიის აპარატის   კონკურენციის   ხელშეწყობისა   და   ბაზრის   რეგულირების   დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი ((N26-10-1936; 24.08.2026););

28. შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება (Nგ-26-03/4478; 21.08.2026). კომისიის 2026 წლის 27 აგვისტოს სხდომაზე მოწვევის შესახებ და შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

29. შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება (Nგ-26-03/4510; 25.08.2026) თანდართული დამატებითი ადმინისტრაციული წარმოების მასალით და შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

30. შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ წერილობითი პოზიცია (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/7205; 26.08.2026);

31. შპს  „ტელე-რადიო  კომპანია  თრიალეთის“  შესახებ  მონაცემები  კომისიის  ავტორიზებულ  პირთა უწყებრივი რეესტრიდან და საჯარო რეესტრის სამეწარმეო და არასამეწარმეო პირთა რეესტრიდან.

II. დადგენილი ფაქტები

32. შპს „ტელე-რადიო კომპანია  თრიალეთი“  წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციებისა (ავტორიზაციის თარიღი: 16/02/2010) და მაუწყებლობის (ავტორიზაციის თარიღი: 14/07/2015) სფეროში ავტორიზებულ პირს.

მტკიცებულება: მონაცემი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ შესახებ“.

33. 2026  წლის  27  მარტს  შპს  „ტელე-რადიო  კომპანია  თრიალეთის“  (ს/ნ  240885654)  10%-იანი წილის მფლობელის შპს „აქცეპტის“ (ს/ნ 206335143) საკუთრების სტრუქტურაში განხორციელდა ცვლილება. კერძოდ, ლერი კაპანაძემ თავისი კუთვნილი 80%-იანი წილი სრულად გაასხვისა ამავე კომპანიის 20%- იანი წილის მფლობელ კახა კობიაშვილის   სასარგებლოდ. შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ კომპანიას აღნიშნული ტრანზაქციის განსახორციელებლად კომისიისგან წინასწარი თანხმობა არ აქვს მიღებული. კომპანიამ განხორციელებული ცვლილების თაობაზე ინფორმაცია კომისიაში წარმოადგინა 2026 წლის 14 აგვისტოს.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 26-10-1876; 17.08.2026); შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/7011; 14.08.2026);

34. განხორციელებული ტრანზაქცია ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე ახალ გარემოებას არ ქმნის და შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან, შესაბამისად, სახეზე არ არის ის აუცილებელი გარემოებები, რომელთა თანახმადაც საჭიროა შეძენის გამოკვლევა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად.

მტკიცებულება:   კომისიის   აპარატის   კონკურენციის   ხელშეწყობისა   და   ბაზრის   რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N26-10-1936; 24.08.2026);

35. შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება:    მონაცემები    შპს    „ტელე-რადიო    კომპანია    თრიალეთის“    შესახებ    კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

3. სამართლებრივი შეფასება

36. „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  25-ე  მუხლის  პირველი პუნქტის თანახმად, კომისიის წინასწარი თანხმობა სავალდებულოა, როდესაც ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა. ავტორიზებული პირის წილის ან აქციების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გაყიდვის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევ ავტორიზებულ პირს დააკისროს სპეციალური ღონისძიებები, მათ შორის, მოსთხოვოს წილის გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. კომისიის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენება უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ ფაქტობრივ და სამართლებრივ წინაპირობებს. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმს წარმოადგენს ის ფაქტი - იცვლება თუ არა წილის ან აქციების გასხვისების შედეგად საბოლოო ბენეფიციარის წილობრივი მონაწილეობა ან/და გავლენა ავტორიზებულ პირში ან/და ასევე წილის ან აქციების გასხვისებით შესაძლებელია თუ არა ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის კონკურენტუნარიანობას მიადგეს საფრთხე. ამასთან, კომისია აღნიშნავს  იმასაც,  რომ  არ  არის  აუცილებელი  დადგენილი  იყოს  კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების უტყუარობა, არამედ კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების რეალური საფრთხის არსებობაც კი საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ კომისიამ ავტორიზებულ პირს დააკისროს სპეციალური ღონისძიებები (მათ შორის კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებული წილის ან აქციების გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა). იმას თუ რამდენად რეალურია საფრთხე და საერთოდ არსებობს თუ არა საფრთხე ავტორიზებული პირის წილის ან აქციების კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გასხვისებით   დაზიანდეს  ელექტრონულ  საკომუნიკაციო  ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო, სხვა ფაქტორებთან ერთად განაპირობებს წილის ან აქციების გასხვისებაში მონაწილე ავტორიზებული პირ(ებ)ის საქმიანობის არეალი, საბაზრო წილი, აბონენტების რაოდენობა.

37. შესაბამისად,   კანონის   მოთხოვნებიდან   გამომდინარე,   იმისთვის,   რომ   კომისიის   მიერ  კანონით განსაზღვრული ამოცანები და ფუნქციები სათანადოდ შესრულდეს, შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, მისი დამფუძნებლის წილის გასხვისების განზრახვის თაობაზე წინასწარ უნდა ეცნობებინა კომისიისთვის, რათა კომისიას, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე აღნიშნული ტრანზაქციის შესაძლო გავლენა დაედგინა და შესაბამისად, მიეღო გადაწყვეტილება დამფუძნებლის წილის შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიეღო გადაწყვეტილება, შეძენის გამოკვლევის თაობაზე, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. 

38. „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ"   საქართველოს   კანონის 26-ე   მუხლის  შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება, ხოლო კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღების შემდეგ განახორციელოს ამ კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებები. კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

39. კომისია ვერ გაიზიარებს შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ 2026 წლის 26 აგვისტოს წერილობით პოზიციას.  როგორც  უკვე  აღინიშნა  ზემოთ,  შერწყმის  ან  წილის, აქციების  ან საოპერაციო  აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება. კანონმდებლობით აღნიშნული ვალდებულება  ვრცელდება  როგორც  პირდაპირი,  ისე  არაპირდაპირი გზით  წილის  გასხვისებაზე.

კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება (იხ. „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი). სწორედ ამ ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფას ემსახურება ავტორიზებული პირის მიერ როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი გზით წილის გასხვისების განზრახვის თაობაზე კომისიის წინასწარ ინფორმირება და კომისიისგან წინასწარი თანხმობის მოპოვება, რა დროსაც კომისია აფასებს წილის როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ გასხვისების შედეგებს ბაზარზე კონკურენტული გარემოსთან მიმართებით. კომისიის მიერ მისთვის კანონით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების სათანადოდ შესრულებისთვის, კერძოდ, რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილებისა და შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების, შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით, ასევე, აუცილებელია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედ ავტორიზებულ პირთა ურთიერთდამოკიდებულების    (აფილირებულობის) გამოვლენა, რაც შეუძლებელია პარტნიორთა წილების ან აქციების მფლობელების (ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრის/მესაკუთრეების ჩათვლით), ასევე, ბენეფიციარი მესაკუთრეების წილების/აქციების მოსალოდნელი ცვლილების შესახებ ინფორმაციის გარეშე. აქედან გამომდინარე, შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მიერ მითითებული გარემოებები ვერ იქნება მისი კანონისმიერი ვალდებულებისგან გათავისუფლების საფუძველი. ამასთანავე, კომისიის დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ავტორიზებული პირის წილის, როგორც პირდაპირი, ასევე, არაპირდაპირი გასხვისება საჭიროებს კომისიის თანხმობის მოპოვებას  წინასწარ  (იხ. შპს „ნიუტელკო ჯორჯიასთვის“ ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის დაკისრების  თაობაზე“  კომისიის  2026  წლის  13  აგვისტოს Nგ-26-18/376 გადაწყვეტილება; „სს ,,სილქნეტისთვის“  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის  დაკისრების   საკითხის   განხილვის თაობაზე“  კომისიის  2020  წლის  20   აგვისტოს  Nგ-20-18/648  გადაწყვეტილება; „შპს   „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/605 გადაწყვეტილება;  „შპს „რკინიგზის ტელეკომისთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების  თაობაზე“  კომისიის  2019  წლის  17   ოქტომბრის  Nგ-19-18/606 გადაწყვეტილება).

40. ბენეფიციარი მესაკუთრის  წილის  გაყიდვამდე,  აღნიშნული  განზრახვის  შესახებ  შპს  „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ კანონით განსაზღვრული წესით არ მოუმართავს კომისიისთვის და არ მიუღია კომისიის წინასწარი თანხმობა. ასევე, არც აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელების შემდეგ უცნობებია კომისიისთვის კანონით დადგენილ 7 დღიან ვადაში. გარდა ამისა, შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“ როგორც მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი ვალდებული იყო კომისიაში წარმოედგინა შესაბამისობის დეკლარაცია წილის მფლობელის ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში, თუმცა, აღნიშნული კანონისმიერი ვალდებულება მას არ შეუსრულებია.

41. შესაბამისად, კომპანიის მიერ, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე, ავტორიზებული პირის წილის გასხვისებითა და კომისიისთვის შესაბამისი ინფორმაციის კანონით დადგენილ ვადაში მიუწოდებლობით, დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19  მუხლის  მე-2  პუნქტის  „ბ“  და  „გ“  ქვეპუნქტები,  26-ე  მუხლის  პირველი  და  მე-2 პუნქტები და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451    მუხლის   მე-12 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი და 62-ე მუხლის პირველი პუნქტი.

4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

42. ზემოაღნიშნული დარღვევები „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის სანქცირების საფუძველია.

43. გამომდინარე  იქიდან,  რომ  შპს  „ტელე-რადიო  კომპანია  თრიალეთის“  მიმართ  ბოლო  ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით გათვალისწინებულია წერილობითი გაფრთხილება.

44. როგორც კომისიის  აპარატის  კონკურენციის ხელშეწყობისა  და  ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (N26-10-1936; 24.08.2026) დგინდება - განხორციელებული ტრანზაქცია ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე ახალ გარემოებას არ ქმნის, შესაბამისად, შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

45. ამასთან,  კომისიის  აპარატის კონკურენციის  ხელშეწყობისა  და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნით, არ დგება ის აუცილებელი გარემოებები, რომელთა თანახმადაც, საჭირო იქნება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. ამრიგად, არ იკვეთება შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის“ რაიმე სპეციალური ღონისძიების/ვალდებულების დაკისრების აუცილებლობა.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის   მე-13 და მე-14 პუნქტების, მე-16 მუხლის, ,,ელექტრონული   კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის და მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, 25-ე მუხლის, 26-ე მუხლის, 27-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლებისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, 62-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის, 70-ე  მუხლის  მე-2  პუნქტისა  და  71-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის  მე-12 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და 62-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;

2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64)    შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის“   ამ გადაწყვეტილების   ან მისი დამოწმებული ასლის  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) აღნიშნული გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა.

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის  აპარატის  იურიდიულ  დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

ნათია კუკულაძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ივანე მახარაძე წევრი

ანი ვაზაგაშვილი წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები