შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 24, 2026 17:37
მიღების თარიღი ივლისი 17, 2026
შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
ლიცენზიის მფლობელი: შპს „რადიო კომპანია პირველი რადიო“
სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევა
წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 26-10-1538; 06.07.2026)
კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 17 ივლისი
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 26-10-1538; 06.07.2026) საფუძველზე დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, მის მიერ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო.
2. მოხსენებითი ბარათის მიხედვით, მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი ზედამხედველობას უწევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მაუწყებლების ყოველწლიური ანგარიშების წარმოდგენის პროცესს. კერძოდ, კანონის თანახმად, ავტორიზებული პირები/ლიცენზიის მფლობელები ვალდებულნი არიან ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიაში წარმოადგინონ და საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსონ გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის/სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.
3. კომისიამ 2026 წლის 6 აპრილის Nგ-26-04/2269 წერილით მედიამომსახურების სფეროში მოქმედ ყველა ლიცენზიის მფლობელ და ავტორიზებულ პირს შეახსენა აღნიშნული ვალდებულების თაობაზე. რადგანაც, შპს „რადიო კომპანია პირველმა რადიომ“ ანგარიში და აუდიტის დასკვნა კანონით დადგენილ ვადაში კომისიაში არ წარმოადგინა, მაუწყებელს 2026 წლის 23 ივნისს გაეგზავნა Nგ-26-04/3750 წერილი და ეთხოვა არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ვადაში ანგარიშისა და აუდიტის დასკვნის კომისიაში წარმოდგენა.
4. კომპანიას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიში და აუდიტის დასკვნა კომისიაში არც ზემოთ აღნიშნული 3 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ არ წარმოუდგენია.
5. კომისიის 2026 წლის 17 ივლისის სხდომას არ ესწრებოდა შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ წარმომადგენელი. ვინაიდან, კომპანიას შეტყობინება ჩაბარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე, შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მიერ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე კომისიაში არ შემოსულა, კომისიის მიერ დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისთვის დაკისრებული ვალდებულება - დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე. შესაბამისად, კომისიამ საკითხი განიხილა შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ წარმომადგენლის დასწრების გარეშე.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ერთ-ერთი ფუნქციაა მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.
8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას წარუდგინოს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის/სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. მაუწყებელმა ანგარიშს უნდა დაურთოს აუდიტის დასკვნა.
9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.
10. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ (დანართი N1) მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „კომისიის გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით.“ ხოლო, ამავე მუხლის მე-9 პუნქტი მიხედვით, „კორესპონდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაში.“
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
11. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N26-10-1538; 06.07.2026);
12. კომისიის წერილი (Nგ-26-04/2269; 06.04.2026) მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირებს და ლიცენზიის მფლობელებს;
13. კომისიის წერილი შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ (N გ-26-04/3750; 23/06/2026);
14. შეტყობინება (N გ-26-03/3973; 13/07/2026) შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ კომისიის 2026 წლის 17 ივლისის სხდომაზე მოწვევის შესახებ და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
15. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ შესახებ მონაცემები.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
16. შპს „რადიო კომპანია პირველი რადიო“ (ს/კ 211323735) არის მაუწყებლობის სფეროში ლიცენზირებული პირი.
მტკიცებულება: მონაცემი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ შესახებ.
17. შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება არ შეუსრულებია კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. კერძოდ, გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ, ასევე, აუდიტის დასკვნა კომპანიას კომისიაში არ წარმოუდგენია 2026 წლის პირველ მაისამდე. კომპანიას აღნიშნული დოკუმენტაცია კომისიაში არც გადაწყვეტილების მიღების დღისთვის არ წარმოუდგენია.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 26-10-1538; 06.07.2026).
18. შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის პასუხისმგებლობის არცერთი სახე არ ყოფილა გამოყენებული.
მტკიცებულება: მონაცემი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ შესახებ.
3. სამართლებრივი შეფასება
19. შპს „რადიო კომპანია პირველი რადიო“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყოველი წლის 1 მაისამდე ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის/სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. მაუწყებელმა ანგარიშს უნდა დაურთოს აუდიტის დასკვნა.
20. შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ არ აქვს შესრულებული კანონისმიერი ვალდებულება - კომისიაში არ წარმოუდგენია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიში და აუდიტის დასკვნა. შესაბამისად, სახეზეა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევა.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
21. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევა მაუწყებლისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. აღსანიშნავია, რომ შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის გამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევისთვის მაუწყებელს უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
22. ამასთან, დარღვევის აღმოსაფხვრელად, შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ უნდა დაევალოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში კომისიაში წარმოადგინოს 2025 წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. მაუწყებელმა ანგარიშს უნდა დაურთოს აუდიტის დასკვნა.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-16 მუხლის მე-5 და მე-9 პუნქტებისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო;
2. შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ დაევალოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კომისიას წარუდგინოს 2025 წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ, ასევე აუდიტის დასკვნა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) გადაწყვეტილების შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (მ.რუხაძე) შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
7. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5, მე-6 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
