წვდომის მენიუ

ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-26-18 / 29

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 23, 2026 13:35

მიღების თარიღი იანვარი 22, 2026

ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ავტორიზებული პირი: ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“

სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტის დარღვევა

წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№ 25-10-2862, 24.12.2025)

კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 22 იანვარი, 15:00 საათი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში-კომისია) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (№25-10-2862, 24.12.2025) საფუძველზე,  კომისიაში  დაიწყო მარტივი  ადმინისტრაციული  წარმოება ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ მიერ  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტის შესაძლო დარღვევის გამო.

2. მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, „აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება (გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა), ხოლო, 12 პუნქტის მიხედვით, „ამ მუხლის მიზნებისთვის უცხოური ძალა არის:

ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;

ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;  

გ) იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული;

დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს  სამართლის ან/და  საერთაშორისო  სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.“ 

3.მოხსენებითი ბარათის თანახმად, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ, მაუწყებლების მიერ 2025 წლის მე-3 კვარტალში (ივლისი-სექტემბერი) შევსებული ფორმა 1.7-ის (მაუწყებლების შემოსავლების წყაროები) შესწავლის შედეგად, გამოვლინდა, რომ ამ პერიოდში ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმას” შემოსავლის სახით 32,541.60 ლარი მიღებული აქვს  (მომსახურების  სახე  -  სხვა)  იურიდიული პირისგან ,,დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ (NED) (521344831, ამერიკის შეერთებული შტატები).

4.  მოხსენებითი ბარათის მიხედვით, კომისიის 2025 წლის 2 დეკემბრის № გ-25-04/2831 წერილით ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმისგან“ გამოთხოვილ ინქა დეტალური ინფორმაცია გაწეული მომსახურებისა და ზემოაღნიშნული შემოსავლის შესახებ შესაბამის დოკუმენტებთან ერთად (ხელშეკრულება, ინვოისი და სხვა ფინანსური დოკუმენტი).

5. მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, 2025 წლის 9 დეკემბრის საპასუხო წერილით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-25-6/4971, 09.12.2025) ააიპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმამ“ კომისიას აცნობა, რომ ორგანიზაციას „დემოკრატიის ეროვნული ფონდისაგან“ (NED) საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებული ჰქონდა გრანტი 2025-2026 წლების განმავლობაში განსახორციელებელი აქტივობებისთვის. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში მაუწყებლების მიერ უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღებასთან დაკავშირებული შეზღუდვების ამოქმედების შედეგად, საგრანტო ხელშეკრულება შეწყდა, თუმცა 2025 წლის ივლისში, ააიპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ ანგარიშზე ჩაირიცხა საგრანტო თანხის ნაწილი.

6. მაუწყებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და თანდართული დოკუმენტების გათვალისწინებით, მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ მიერ მიღებული თანხა წარმოადგენს უცხოური ძალისგან პირდაპირ დაფინანსებას და იგი ვერ ჯდება იმ გამონაკლისში (კომერციული რეკლამა, ტელეშოპინგი, სპონსორობა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება), რომელიც განსაზღვრულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტით და ითხოვს რეაგირების განხორციელებას.

7. ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა დაინიშნა 2026 წლის 22 იანვარს, რის შესახებ კომპანიას გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება (№გ-26-03/130, 15.01.26). მაუწყებელს, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

8. კომისიის  2025 წლის 22 იანვრის სხდომაზე ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ დირექტორი, რომელმაც აღნიშნა, რომ ორგანიზაცია „დემოკრატიის ეროვნული ფონდისაგან“ (NED) საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებული ჰქონდა საგრანტო თანხის ნაწილი. ამჟამად, ფონდთან თანამშრომლობა შეჩერებულია.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

10. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი.

11. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში საქმიანობას არეგულირებს კომისია“. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ფუნქციებს მიეკუთვნება ,,მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება“.

12. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და მის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა“.

13.  ,,მაუწყებლობის     შესახებ“     საქართველოს     კანონის     451  მუხლის     მე-12     პუნქტის     ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია ,,დაიცვას მედიამომსახურებისა და   ვიდეოგაზიარების    პლატფორმის    მომსახურების    სფეროში    მოქმედი    საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა“.

14.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ,,კომისია ადგენს მედიამომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ელექტრონულ ფორმასა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ელექტრონულ ფორმას. მედიამომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ელექტრონულ ფორმაში, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მედიამომსახურების მიმწოდებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე. ამ ანგარიშგების ფორმაში გათვალისწინებული უნდა იქნეს აგრეთვე ინფორმაცია მედიამომსახურების მიმწოდებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მისი მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ელექტრონულ ფორმაში ასახული უნდა იყოს ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების, მიღებული შემოსავლების, მის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მონაცემები და კომისიის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია. მედიამომსახურების მიმწოდებელი, ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი კვარტლის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინოს კომისიას შესაბამისი ანგარიშგების ელექტრონული ფორმა“.

15. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს   კანონის 661 მუხლის 11 პუნქტის თანახმად,„აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება (გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა). ამასთანავე, აკრძალულია უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და   პროგრამაში   პროდუქტის   (საქონლის/მომსახურების)   განთავსებისა)  ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან/და თანადაფინანსება“.

16. ,,მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  661 მუხლის 12 პუნქტის  შესაბამისად,  ამ მუხლის მიზნებისთვის უცხოური ძალა არის:

ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;

ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;

გ) იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული; დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.

17. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 765  მუხლის თანახმად, ,,მაუწყებლის მიერ ამ კანონის 65-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 661  მუხლის 11  პუნქტის მოთხოვნების 2025 წლის 1 ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს ამ კანონით დადგენილი წესით. კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს შეუფარდოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია, რომელიც აღსასრულებლად არ მიექცევა. მაუწყებლის მიერ ამ კანონის 65-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 661 მუხლის 11 პუნქტის მოთხოვნების 2025 წლის 1 ივნისის შემდეგ დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს და მაუწყებელს შესაბამის სანქციას შეუფარდებს კანონით დადგენილი წესით“.

18. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს“.

19.  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით.“ ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე, ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“.

III. სამოტივაციო ნაწილი

1. შესწავლილი მტკიცებულებები

20. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№25-10-2862, 24.12.2025).

21. კომისიის 2025 წლის 2 დეკემბრის №გ-25-04/2831 და 12 დეკემბრის №გ-25-04/2930 წერილები.

22. ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ 2025 წლის 8 დეკემბრის   და 22 დეკემბრის წერილები (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-6/4971, 09.12.2025 და №შ-25-6/5112, 22.12.2025) თანდართული დოკუმენტაციით (,,დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან“ (NED) გაფორმებული ხელშეკრულება; „დემოკრატიის ეროვნული ფონდისგან“ (NED) ჩარიცხული თანხის ამსახველი ამონაწერი; ამონაწერი პირადი ანგარიშიდან; ხარჯების უწყისი).

23. 2016 წლის 11 თებერვლის №95/19 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში მაუწყებლების მიერ შევსებული ინფორმაცია.

24.  კომისიის შეტყობინება (№გ-26-03/130, 15.01.26) სხდომაზე მოწვევის თაობაზე  და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

25. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ შესახებ მონაცემები.

26.  ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“  დირექტორის  მიერ კომისიის 2025 წლის 22 იანვრის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

27.  ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“ წარმოადგენს რადიომაუწყებელს (B190 ლიცენზია).

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.

28. კომისიის   2016   წლის   11   თებერვლის   №95/19   გადაწყვეტილების   დანართი   №1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში მაუწყებლების მიერ შევსებული ინფორმაციის   მონიტორინგისას   გამოვლინდა,   რომ   2025   წლის   მე-3   კვარტალში  ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმას” დაფინანსების ერთ-ერთ წყაროდ, ფიზიკური/იურიდიული პირის ველში, მითითებული აქვს „ა(ა)იპ ,,დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ (NED) (52-1344831, ამერიკის შეერთებული შტატები).“

მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№25-10-2862, 24.12.2025); კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის №95/19 გადაწყვეტილების დანართი №1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7- ში მაუწყებლების მიერ შევსებული ინფორმაცია; ა(ა)იპ ,,ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ 2025 წლის 8 დეკემბრის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის № შ-25-6/4971, 09.12.2025).

29. კომისიის 2025 წლის 2 დეკემბრის № გ-25-04/2831 წერილით ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმისგან“ გამოთხოვილ იქნა ზემოაღნიშნულ დაფინანსებასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების შესახებ ინფორმაცია შესაბამის დოკუმენტებთან ერთად (ხელშეკრულება, ინვოისი და სხვა ფინანსური დოკუმენტი).

მტკიცებულება: კომისიის 2025 წლის 2 დეკემბრის № გ-25-04/2831 წერილი; კომისიის აპარატის მედიამომსახურებების  რეგულირების  დეპარტამენტის  მოხსენებითი  ბარათი  (№25-10-2862, 24.12.2025).

30. ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ განმარტებით, ამერიკული  ორგანიზაცია ,,დემოკრატიის ეროვნული ფონდისგან“ (NED), 2024-2025 წლების საგრანტო პროექტის ფარგლებში, 2025 წლის ივლისში ჩაერიცხა თანხა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით  დაწესებული   შეზღუდვების   ამოქმედების   შედეგად,   2025   წლის   აგვისტოდან ,,დემოკრატიის ეროვნული ფონდთან“ (NED) თანამშრომლობა შეჩერდა, თუმცა, გამომდინარე იქიდან,   რომ   პროექტი   დასასრულს   უახლოვდებოდა   და   ორგანიზაციას   აღარ   ექნებოდა ფონდისგან მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა, ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პირველი საგრანტო წლის ბოლო ტრანშის მიღების თაობაზე.

მტკიცებულება: ა(ა)იპ ,,ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ 2025 წლის 8 დეკემბრის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის № შ-25-6/4971, 09.12.2025); ა(ა)იპ ,,ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ დირექტორის მიერ კომისიის 2026 წლის 22 იანვრის სხდომაზე მიცემული ახსნა- განმარტება.

31. ,,დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ (NED) (521344831) დაფუძნებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, ,,დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ (NED) (521344831) წარმოადგენს იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული.    ამდენად,  ,,დემოკრატიის  ეროვნული  ფონდი“   (NED)  (521344831) ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად წარმოადგენს უცხო ძალას.

მტკიცებულება: ა(ა)იპ ,,ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ 2025 წლის 8 დეკემბრის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N შ-25-6/4971, 09.12.2025); ა(ა)იპ ,,ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმასა“ და ,,დემოკრატიის ეროვნული ფონდს“ (NED) (521344831) შორის დადებული №2024-0614 ხელშეკრულება; 2016 წლის 11 თებერვლის №95/19 გადაწყვეტილების დანართი №1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში მაუწყებლების მიერ შევსებული ინფორმაცია; კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№25-10-2862,  24.12.2025).

32. ა(ა)იპ    „ჟურნალისტთა    კავშირი    ხალხის    ხმის“    მიერ    კომისიაში    წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან და ანგარიშგების ფორმა 1.7-ში   მითითებული ინფორმაციის თანახმად, ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმამ” ,,დემოკრატიის ეროვნული ფონდისგან“ (NED) (521344831) 2025 წლის ივლისის თვეში შემოსავლის სახით მიიღო 32541.60 ლარი. შესაბამისად, ადგილი აქვს მაუწყებლის მიერ დაფინანსების მიღებას იმ იურიდიული პირისგან, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული. ამდენად, სახეზეა მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისაგან პირდაპირი დაფინანსების მიღება.

მტკიცებულება: ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ წერილები (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-6/4971, 09.12.2025 და №შ-25-6/5112,22.12.2025) თანდართული დოკუმენტაციით (,,დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან“ (NED) გაფორმებული ხელშეკრულება; „დემოკრატიის ეროვნული ფონდისგან“ (NED) ჩარიცხული თანხის ამსახველი ამონაწერი; ამონაწერი პირადი ანგარიშიდან; ხარჯების უწყისი).

33. კომისიის 2025 წლის 9 ოქტომბრის №გ-25-18/518 გადაწყვეტილებით ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმას“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტის დარღვევის, კერძოდ, უცხო ძალისაგან 2025 წლის 1 ივნისამდე დაფინანსების მიღების გამო, რომელიც, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 765 მუხლის თანახმად, აღსასრულებლად არ მიექცევა.

მტკიცებულება: კომისიის 2025 წლის 9 ოქტომბრის  №გ-25-18/518 გადაწყვეტილება.

3. სამართლებრივი შეფასება

34. ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები. „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება (გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა). ამასთანავე, აკრძალულია უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან/და თანადაფინანსება.

35. კომისიის  მიერ  დადგინდა,  რომ  ა(ა)იპ  „ჟურნალისტთა  კავშირი  ხალხის  ხმამ“  აშშ-ში დაფუძნებული ორგანიზაცია ,,დემოკრატიის ეროვნული ფონდისგან“ (NED) (521344831) 2025 წლის ივლისის თვეში მიიღო დაფინანსება 32,541.60 ლარის ოდენობით. ამავდროულად, ადგილი არ აქვს „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ დაფინანსების მიღების საგამონაკლისო შემთხვევას.

36. ამდენად, უცხოური ძალის - ,,დემოკრატიის ეროვნული ფონდისგან“ (NED) (521344831) დაფინანსების მიღებით ა(ა)იპ  „ჟურნალისტთა  კავშირი  ხალხის  ხმის“ მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661  მუხლის 11  პუნქტი, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს.

4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

37. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 765  მუხლის თანახმად, მაუწყებლის მიერ ამ კანონის 661 მუხლის 11 პუნქტის მოთხოვნების 2025 წლის 1 ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს ამ კანონით დადგენილი წესით. კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს შეუფარდოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია, რომელიც აღსასრულებლად არ მიექცევა. მაუწყებლის მიერ ამ კანონის 65-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 661 მუხლის 11 პუნქტის მოთხოვნების 2025 წლის 1 ივნისის შემდეგ დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს და მაუწყებელს შესაბამის სანქციას შეუფარდებს კანონით დადგენილი წესით.

38. კომისიის 2025 წლის 9 ოქტომბრის №გ-25-18/518 გადაწყვეტილებით ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმას“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება    „მაუწყებლობის    შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტის დარღვევის, კერძოდ, უცხო ძალისაგან 2025 წლისნ 1 ივნისამდე დაფინანსების მიღების გამო, რომელიც, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  765  მუხლის   თანახმად,   აღსასრულებლად   არ   მიექცევა.   აქედან   გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამავე კანონის 765  მუხლის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ა(ა)იპ ,,ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმას“ წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგენილი სამართალდარღვევისთვის უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 661 მუხლის 11 პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის  და 765 მუხლის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმას“ მიეცეს წერილობითი  გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტის დარღვევის გამო.

2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე.

3. გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,№64) ა(ა)იპ  „ჟურნალისტთა კავშირი   ხალხის   ხმისთვის“   გადაწყვეტილების   ან   მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

4. დაევალოს  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას  გადაწყვეტილების  ან  მისი  დამოწმებული ასლის ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (პ. ბერია) ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა.

6. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი).

7. კონტროლი   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   (გარდა   გადაწყვეტილების   სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-4 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

ვახტანგ  აბაშიძე          წევრი

ეკატერინე  იმედაძე      წევრი

ნათია კუკულაძე          წევრი

ივანე მახარაძე             წევრი

კახი ბექაური                თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები