წვდომის მენიუ

შპს „ჯი-დი-ეს თი-ვისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-26-18 / 24

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 22, 2026 16:53

მიღების თარიღი იანვარი 15, 2026

შპს „ჯი-დი-ეს თი-ვისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ავტორიზებული პირი: შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“

სამართალდარღვევა: „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების   დაცვის“  ბერნის კონვენციის 11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევა

წარმოების დაწყების საფუძველი: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 25-10-2877;25.12.2025)

კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 15 იანვარი

I.  აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N   25-10-2877; 25.12.2025) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯი-დი-ეს თი-ვისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღევის გამო.

2. მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის პერიოდული მონიტორინგისას შემოწმდა შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ სამაუწყებლო ბადე, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ 2025 წლის 29 ნოემბერს, 12:15 სთ. მაუწყებლის ეთერში განთავსდა მხატვრული ფილმი - „80 დღე მსოფლიოს გარშემო“, 30 ნოემბერს, 21:32 სთ. მხატვრული ფილმი - „სტაჟირება“, ხოლო 1 დეკემბერს, 17:00 სთ. სერიალი - „ექიმი ჰაუსი“, რომელთა მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულებები მაუწყებლის მიერ კომისიაში წარმოდგენილი არ არის.

3. მოხსენებითი  ბარათის თანახმად, კომისიამ 2025 წლის 3 დეკემბერს წერილით  (კომისიაში რეგისტრაციის N გ-24-04/2834) მიმართა შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ და მოსთხოვა 3 სამუშაო დღის ვადაში აუდიო-ვიზუალური პროდუქციის მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიისათვის წარმოდგენა.

4. მოხსენებითი  ბარათში  აღნიშნულია,  რომ  კომპანიამ  კომისიაში  წარმოადგინა  ახსნა-განმარტება, რომლის თანახმადაც მაუწყებელს შეძენილი ჰქონდა აღნიშნული პროდუქციის ჩვენების უფლებები, თუმცა შესაბამის ლიცენზიებს ვადა ჰქონდა გასული. აღსანიშნავია, რომ მხატვრული ფილმის - „80 დღე მსოფლიოს გარშემო“ და სერიალ - „ექიმი ჰაუსის“ შემთხვევაში, კომისიის პორტალზე არც ვადაგასული დოკუმენტაცია არ იყო ატვირთული. ზეპირი კომუნიკაციით მაუწყებელს ეთხოვა კომისიაში წარმოედგინა ის ვადაგასული დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც აუდიოვიზუალური პროდუქციის განთავსება ხდებოდა, თუმცა 2025 წლის 25 დეკემბრისთვის ეს დოკუმენტაციაც არ იყო წარმოდგენილი. გამომდინარე იქედან, რომ მაუწყებელმა ვერ წარმოადგინა ეთერში განთავსებული აუდიო-ვიზუალური პროდუქციის მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ მხრიდან ადგილი აქვს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევას.

5. შპს   „ჯი-დი-ეს   თი-ვისთვის“   ადმინისტრაციული   პასუხისმგებლობის   დაკისრების   თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2026 წლის 15 იანვარი, 15:00 საათი. აღნიშნულის თაობაზე შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“   გაეგზავნა შეტყობინება (N გ-26-03/49; 12/01/2026) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

6.  კომისიის 2026 წლის 15 იანვრის სხდომას ესწრებოდა შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ წარმომადგენელი ა. ვაზაგაშვილი. წარმომადგენლის განმარტებით, აუდიოვიზუალური პროდუქცია ეთერში განთავსდა ტექნიკური გაუგებრობის გამო. როგორც კი მაუწყებელმა კომისიისგან მიიღო მითითება, სამაუწყებლო ბადიდან ამოიღო შესაბამისი აუდიოვიზუალური მასალა. ა. ვაზაგაშვილის განმარტებით, რადგან ვადაგასული ხელშეკრულების წარმოდგენა რაიმე სამართლებრივ შედეგს ვერ დააყენებდა, მაუწყებელმა აღარ მოიძია და გამოაგზავნა ისინი კომისიაში. მაუწყებლის მიერ აუდიოვიზუალური მასალის საეთერო ბადიდან ამოღება მოხდა მყისიერად.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

7.  „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-3  მუხლის  პირველი  პუნქტის  თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

8. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-2 მუხლის „ს1“ პუნქტის თანახმად, მედიამომსახურება არის მედიამომსახურების მიმწოდებლის სარედაქციო პასუხისმგებლობით მიწოდებული მომსახურება/განხორციელებული საქმიანობა− აუდიოვიზუალური მედიამომსახურება და რადიომაუწყებლობა. ამავე მუხლის „ს2“ პუნქტის თანახმად კი აუდიოვიზუალური მედიამომსახურება   არის მედიამომსახურების   მიმწოდებლის   სარედაქციო პასუხისმგებლობით მიწოდებული მომსახურება, რომლის ან რომლის განუყოფელი ნაწილის ძირითადი მიზანია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით ფართო საზოგადოებისთვის პროგრამების მიწოდება მისი ინფორმირების, გართობის ან განათლების მიზნით. ასეთი აუდიოვიზუალური მედიამომსახურება არის ამ კანონით გათვალისწინებული ტელემაუწყებლობა ან გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურება, აგრეთვე აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია.

9.  „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-2   მუხლის   „ტ“   ქვეპუნქტის   თანახმად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და  რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;

10. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  70-ე  მუხლის  მე-2  პუნქტის  შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და მის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამავე კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტია „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

11.  „ლიტერატურული  და  მხატვრული  ნაწარმოებების  დაცვის  შესახებ“  ბერნის  კონვენციის  11bis მუხლისა და ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებით, ნება დართონ თავისი ნაწარმოებების ეთერით გადაცემაზე, ან ამ ნაწარმოებების საყოველთაო გაცნობაზე ნიშნების, ხმების ან გამოსახულებების უსადენო გადაცემის ნებისმიერი სხვა საშუალებით.

12.  „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციისა და ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების დასახელებულ დებულებებს შეესატყვისება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);

13. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული უფლებაა. კერძოდ, ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიატს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით. ამავე კანონის 42-ე მუხლის თანახმად, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით.

14.  „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი, რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა  ბაზის  დამამზადებლის  უფლებების  დამრღვევად,  რაც  ამავე  მუხლის  პირველი პუნქტის თანახმად, იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

15. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს;

16. საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  76-ე  მუხლის  პირველი  ნაწილის  „ბ“ ქვეპუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი;

17. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების”  (დანართი  N1)  მე-16  მუხლის  მე-5  პუნქტის  თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით.“. ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად „კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე, ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“.

III.   სამოტივაციო ნაწილი

1.  შესწავლილი მტკიცებულებები

18.  კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N25-10-2877; 25.12.2025);

19. მაუწყებლის  ეთერში აუდიოვიზუალური პროდუქციის განთავსების დამადასტურებელი ვიდეომასალა;

20.  კომისიის წერილი შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ (N გ-25-04/2834; 03/12/2025);

21. შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ 2025 წლის 10 დეკემბრის საპასუხო წერილი კომისიას (კომისისაში რეგისტრაციის N შ-25-6/4990; 10.12.25);

22.  მონაცემები შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ შესახებ კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრიდან;

23. შეტყობინება (N გ-26-03/49; 12/01/2026) შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ კომისიის 2026 წლის 15 იანვრის სხდომაზე მოწვევის შესახებ;

24. შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ წარმომადგენლის ა. ვაზაგაშვილის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2026 წლის 15 იანვრის სხდომაზე.

2.  დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

25.  შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“ (ს/კ 404947475) მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია. მტკიცებულება: მონაცემი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ შესახებ. 26.  2025 წლის 29 ნოემბერს, 12:15 სთ-ზე შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ ეთერში განთავსდა მხატვრული ფილმი - „80 დღე მსოფლიოს გარშემო“, 30 ნოემბერს, 21:32 სთ-ზე მხატვრული ფილმი - „სტაჟირება“, ხოლო 1 დეკემბერს, 17:00 სთ-ზე სერიალი - „ექიმი ჰაუსი“, რომელთა მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულებები მაუწყებლის მიერ კომისიაში წარმოდგენილი არ არის.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 25-10-2877; 25.12.2025); მაუწყებლის ეთერში აუდიოვიზუალური პროდუქციის განთავსების დამადასტურებელი ვიდეომასალა.

27. კომისიამ 2025 წლის 3 დეკემბერს წერილით (კომისიაში რეგისტრაციის N გ-24-04/2834) მიმართა შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ და ითხოვა 3 სამუშაო დღის ვადაში აუდიო-ვიზუალური პროდუქციის მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიისათვის წარმოდგენა.

მტკიცებულება: კომისიის წერილი შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ (N გ-25-04/2834; 03/12/2025).

28.  შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“, გადაწყვეტილების 26-ე პარაგრაფში დასახელებული აუდიოვიზუალური პროდუქციის ამავე პარაგრაფში (26-ე პარაგრაფი) მითითებულ დროს ეთერში განთავსებისას, არ გააჩნდა მოქმედი სანებართვო წერილობითი დოკუმენტაცია შესაბამის საავტორო უფლების მფლობელებთან.

მტკიცებულება: შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ 2025 წლის 10 დეკემბრის საპასუხო წერილი კომისიას (კომისისაში რეგისტრაციის N შ-25-6/4990; 10.12.25); შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ წარმომადგენლის ა. ვაზაგაშვილის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2026 წლის 15 იანვრის სხდომაზე.

29. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიმართ გამოყენებული არ ყოფილა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის.

მტკიცებულება: მონაცემი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ შესახებ.

3. სამართლებრივი შეფასება

30. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციისა და ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების დასახელებულ დებულებებს შეესატყვისება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და  ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა  სადენით ანდა   უმავთულო  კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). ამასთან, ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიატს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით. ხოლო, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით.

31. შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ ეთერში 2025 წლის 29 ნოემბერს, 12:15 სთ-ზე განთავსდა მხატვრული ფილმი - „80 დღე მსოფლიოს გარშემო“, 30 ნოემბერს, 21:32 სთ-ზე მხატვრული ფილმი - „სტაჟირება“, ხოლო 1 დეკემბერს, 17:00 სთ-ზე სერიალი - „ექიმი ჰაუსი“, რომელთა მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი არ არის. ზემოაღნიშნული აუდიოვიზუალური პროდუქციის სამაუწყებლო ბადეში განთავსებას „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ესაჭიროებოდა ნაწარმოების საავტორო უფლების მფლობელი პირის სანებართვო წერილობითი დოკუმენტაცია (ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტი), რაც მაუწყებელს არ მოუპოვებია და კომისიაში არ წარმოუდგენია. ამრიგად, შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიერ მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე აუდიოვიზუალური პროდუქციის განთავსებით დაირღვა „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის 11bis  მუხლი, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლები, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

32. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის 11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37- ე, 38-ე და 42-ე მუხლების დარღვევისათვის.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციის 11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 95-ე მუხლის, 98-ე და 99-ე მუხლების, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 42-ე და 58-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტების, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 71- ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის 11bis  მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო;

2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის  ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;

3. გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  თბილისის  საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „ჯი-დი-ეს თი-ვისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

4. დაევალოს  კომისიის  აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ჯი-დი-ეს  თი-ვისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ  ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (მ. რუხაძე) შპს „ჯი-დი-ეს თი-ვისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

6. კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  (გარდა  მე-4  და  მე-5  პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

კახი ბექაური                თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე           წევრი

ნათია კუკულაძე           წევრი

ივანე მახარაძე              წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები