წვდომის მენიუ

შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-26-18 / 166

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 20, 2026 12:44

მიღების თარიღი აპრილი 08, 2026

შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ავტორიზებული პირი: შპს „ტელეკომპანია პირველი“

სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  52-ე მუხლისპირველი პუნქტისა და 54-ე  მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების დარღვევა

წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი  ბარათი (N26-10-710; 23.03.2026)

კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 26 მარტი, 2 აპრილი და 8 აპრილი, 15:00 საათი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N26-10-730; 23.03.2026) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის გამო.

2. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათიდან N26-10-730;23.03.2026) ირკვევა, რომ  დეპარტამენტმა განახორციელა შპს „ტელეკომპანია პირველის“ მონიტორინგი. მონიტორინგს დაექვემდებარა მიმდინარე წლის 20 თებერვლიდან 11 მარტის ჩათვლით პერიოდში ეთერში გასული ახალი ამბების პროგრამები, შერჩევითად. ზემოაღნიშნული მონიტორინგის შედეგად დგინდება, რომ მაუწყებლის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე   მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტები და 52-ე მუხლის პირველი პუნქტი.

3. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ მიუკერძოებლობის პრინციპის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ზღუდავს მაუწყებლის შესაძლებლობას, ახალი ამბებისა და ცალკეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ან/და მიმდინარე მოვლენები გააშუქოს მიკერძოებულად, საკუთარი შეხედულების  მიხედვით.1კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. ამგვარი განმარტება ასევე გამომდინარეობს კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდანაც, რომლის მიხედვითაც, „იზღუდება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) პოზიციის გამოხატვა“.2

4.    კომისიის  აპარატის  მედიამომსახურებების  რეგულირების  დეპარტამენტის  მოხსენებით  ბარათში აღნიშნულია, რომ კომისიის მიერ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მაუწყებლის პოზიციის გამოხატვა ფასდება ინდივიდუალური გარემოებების ანალიზის გზით. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია იმის დადგენა, პოზიციას გამოხატავს თუ არა მაუწყებლის წარმომადგენელი და არის თუ არა გამოხატული რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიცია.3 კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით ასევე იკრძალება მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. შესაბამისად, შეზღუდულია არა მხოლოდ მაუწყებლის პოზიციის გამოხატვა, არამედ - მაუწყებლის პოზიციის შესაბამისად, პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების და საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება. მაუწყებელმა აღნიშნული საკითხების გაშუქებისას უნდა დაიცვას თვალსაზრისობრივი ნეიტრალიტეტი და რომელიმე მხარისთვის უპირატესობის მინიჭების გარეშე, მიუკერძოებლად და ნეიტრალურად გადმოსცეს მოვლენები.4

5. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის თანახმად, განსახილველ შემთხვევაში სადავო  ფრაზები გამოთქმულია მაუწყებლის 1კომისიის გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, გვ.16. 2განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N 07-3/29/11, გვ.2. 3 იხ. კომისიის 2025 წლის 3 ივლისის N გ-25-16/355 გადაწყვეტილება „შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“, კომისიის 2025 წლის 3 ივლისის N გ-25-16/354 გადაწყვეტილება „შპს „მთავარი არხის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“, კომისიის 2025 წლის 3 ივლისის N გ-25-16/353 გადაწყვეტილება „შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“. 4კომისიის გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, გვ.17-18.

წარმომადგენლების, ახალი ამბების პროგრამის წამყვანების/ჟურნალისტების მხრიდან. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას ის გარემოება, რომ ფრაზები მაუწყებელს შეერაცხება. ამავდროულად, კანონი უთითებს რომ მაუწყებელმა ახალი ამბები მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე არ უნდა გააშუქოს.  მოცემულ შემთხვევაში მაუწყებლის წამყვანების/ჟურნალისტების მიერ წარმოთქმული ხსენებული ფრაზები მათი კონტექსტის, გავრცელების ფორმის, შინაარსისა და ინტენსივობის გათვალისწინებით წარმოადგენს სწორედ მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე ახალი ამბების გაშუქებას. გასათვალისწინებელია, რომ მაუწყებლის წამყვანების/ჟურნალისტების მიერ წარმოთქმული სადავო ფრაზები გამოხატულია როგორც მათი საკუთარი მოსაზრებები და არა მესამე პირთა შეფასებები.

6. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებით ბარათის თანახმად, შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიმართ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ შპს „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში გასული ახალი ამბების გადაცემაში „პირველები“ გადაცემის წამყვანი/ჟურნალისტი ავრცელებს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2026 წლის 20 თებერვალი, დრო:11:08 საათი

„მსახიობებს აქვთ ეჭვი, რომ ოლიგარქის პარტიამ სიმბოლოებთანაც კი დაიწყო ბრძოლა. ჯერ ყველა დასაჯეს, ახლა კი მათ კვალსაც კი აქრობენ. „არ გამოგივათ ეს ჩვენი თავისუფალი ხელოვანების ღირსების საკითხია“ შეუთვალეს მეგობრის ბანერთან მოდარაჯე მსახიობებმა ივანიშვილის ხელისუფლებას.“

ბ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2026 წლის 20 თებერვალი, დრო: 15:15 საათი

„ანდრო ჭიჭინაძის ბანერი ჩამოხსნილია. სულ ცოტა ხნის წინ მსახიობები ავიდნენ თეატრში უფრო მეტი დეტალის გასარკვევად, თუმცა მათ ადგილზე არც ბანერი დახვდათ, არც მისი ჩამომხსნელები და მათ შორის არც ის გადაღება, რომელიც ამ ქმედებას დაედო საფუძვლად. ამიტომ ეჭვგარეშეა ახლა ყველასთვის, რომ ქართული ოცნება ამ ფორმით ცდილობს კრიტიკული ხმა ჩააცხროს, ჩააქროს და არ მიეცეს მათ შორის არავის იმის უფლება რომ გაიგოს სიმართლე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით,  იქიდან გამომდინარე რომ ეს ყველაფერი უკავშირდება სამთავრობო მედია რუსთავი 2-ის ახალ პროექტს, რომელიც 10 მარტიდან დაიწყება, როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილის გუნდმა გადაწყვიტა რომ სინდისის პატიმარი მსახიობის ბანერი გააქროს ფასადიდან იმისთვის რათა ალტერნატიული რეალობა შესთავაზოს მათ შორის ამ ტელევიზიის მაყურებელს.“

გ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2026 წლის 20 თებერვალი, დრო: 20:11 საათი

„და აქვე ჩნდება კითხვა სად იყვნენ აქამდე. ბოლოს სოციალურად დაუცველთა ბაზა პანდემიამდე, დაახლოებით 4 წლის წინ გადამოწმდა. მთელი ამ დროის განმავლობაში კი არავინ ცდილობდა გაეგო ვინ და რა კრიტერიუმების საფუძველზე იღებდა ბიუჯეტიდან ფულს. რეალობა არის ის, რომ სოციალურ დახმარებას ოცნება არჩევნებიდან არჩევნებამდე იყენებდა როგორც პოლიტიკურ ბერკეტს და ეს დღეს პრაქტიკულად თავად დაადასტურეს. რა გათვლა აქვს ახლა ივანიშვილის პარტიას ლიკა ჯანყარაშვილი აგრძელებს თემაზე საუბარს.“

დ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2026 წლის 20 თებერვალი, დრო: 20:32 საათი

„ბიძინა ივანიშვილის რეპრესიულ პოლიტიკასთან დაკავშირებით ევროპარლამენტი კიდევ ერთ უმწვავეს რეზოლუციას დაამტკიცებს. ევროპელი პოლიტიკოსები უკვე ამზადებენ ანგარიშს, რომელშიც გაწერილი იქნება ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც ივანიშვილი ბოლო პერიოდის განმავლობაში დგამს ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ეს ანგარიში რამდენიმე კვირაში ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე  დამტკიცდება,   რომელიც   შემდეგ   უკვე   ბუნებრივია ევროკომისიას რეაგირებისთვის გადაეცემა. ჩვენ ჩავწერეთ ექსკლუზიური ინტერვიუ ჰოლანდიელ ევროპარლამენტართან, რომელიც ასევე არის ამ რეზოლუციის მხარდამჭერი. თის როიტენი საუბრობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობაზე. როიტენი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს პირდაპირ, რომ ევროკავშირის რეაგირება ივანიშვილის პოლიტიკასთან დაკავშირებით არის დაგვიანებული და სანქციები, განსაკუთრებით ფინანსური სანქციები ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ჯერ კიდევ მაშინ უნდა დაეწესებინა ევროკომისიას, როდესაც დაამტკიცეს აგენტების შესახებ კანონი. ახლა მდგომარეობა გაცილებით უფრო მძიმეა, თუმცა ინტერვიუში ამბობს, რომ სავიზო სანქციები არ არის საკმარისი. აუცილებელია დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, მისი პრემიერის ირაკლი კობახიძეს კაბინეტის წევრები, მათი ოჯახის წევრები და სანქციები იყოს ისეთი მკაცრი, რომ მათზე მოახდინოს სერიოზული ფინანსური ზარალი. შესაბამისად ევროპარლამენტარები რეზოლუციითაც კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ევროკომისიას, რომ გაძლიერდეს წნეხი ივანიშვილის რეპრესიულ პოლიტიკაზე.“

ე) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2026 წლის 21 თებერვალი, დრო: 15:06 საათი

„პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ ნიკა ჯაფარიძემაც დატოვა თეატრი ეს არის მისი პროტესტის გამოხატვის მორიგი ფორმა, ამიტომ კიდევ ერთი ადამიანი მიემატათ იმ მსახიობებს, რომლებიც ცდილობენ რომ ასე დაუპირისპირდნენ ქართული ოცნების ძალადობრივ რეჟიმსა და პოლიტიკას.“

ვ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2026 წლის 21 თებერვალი, დრო: 15:10 საათი

„ეს ბანერი, ანდრო ჭიჭინაძის, უკვე წელიწადზე მეტია იყო გადმოფენილი ვასო აბაშიძის ახალი თეატრის აივნიდან და ამ ფორმით უდასტურებდნენ ეს ადამიანები სოლიდარობასა და მხარდაჭერას მათ დაკავებულ მეგობარს და დანარჩენ სინდისის პატიმრებს რადგან ქართული ოცნების მიერ მართულმა კულტურის სამინისტრომ საკუთარი მსახიობის ღირსების დაცვას არჩია ეს ბანერები მაშინ მსახიობებმაც საკადრისი პასუხი გასცეს ამ გადაწყვეტილებას და ამ ფორმით დაუპირისპირდნენ რეჟიმს.“

ზ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2026 წლის 25 თებერვალი, დრო: 20:30 საათი

„კობახიძე ნავთობტერმინალის დასანქცირებას არ გამორიცხავს. საკითხი ამოწურული არ არის. ივანიშვილის პრემიერი ადასტურებს, რომ ევროკავშირს ინფორმაცია მიაწოდეს, თუმცა სანქციები დღის წესრიგიდან არ მოხსნილა”.

თ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2026 წლის 25 თებერვალი, დრო: 20:43 საათი

„არ იქნება სამართალი - არ იქნება მშვიდობა. ფონად გესმით ეს შეძახილები. აქციის მონაწილეებს საერთოდ არ ჰქონდათ გეგმაში, რომ დღეს ტრადიციული საპროტესტო შეძახილები გაეჟღერებინათ, რადგან დღევანდელი დღე, მისი ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, არის აბსოლუტურად განსხვავებული, თუმცა ქართული ოცნების პოლიციამ პროტესტის ყოველდღიურ მონაწილეებს სხვა არჩევანი პრაქტიკულად აღარ დაუტოვა, რადგან მათ მაქსიმალურად შეავიწროვეს საპროტესტო მარშის არეალი”.

ი) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2026 წლის 27 თებერვალი, დრო: 20:00 საათი

“ბრიტანულმა სანქციებმა ბიძინა ივანიშვილიც კი აიძულა ჩრდილიდან გამოსულიყო. მისივე მართული ტელევიზიების დასანქცირება ოლიგარქისთვის მძიმე გზავნილია. ამიტომ საგანგებოდ შეკრიბა პარტიის პოლიტსაბჭო, სადაც  ერთადერთი საკითხი განიხილებოდა: როგორ გადაარჩინონ იმედი და პოსტვ. ივანიშვილის გამოჩენას ჰქონდა სხვა მიზანიც: დასანქცირებული ტელევიზიების გამხნევება.“

კ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2026 წლის 2 მარტი, დრო: 20:48 საათი

სიუჟეტის ავტორი ამბობს „დასავლეთის იზოლაციის პირობებში ოცნება არჩევანს დიქტატორებზე აკეთებს. ეკონომიკაშიც ირანის წილის ზრდა ამის ნიშანია. „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ ამ შეძახილებსაც კი ირანის პარლამენტში ირაკლი კობახიძე უპრობლემოდ ისმენდა და ტერორისტების გვერდითაც იდგა.“

ლ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2026 წლის 2 მარტი, დრო: 20:58 საათი

„დეპოლარიზაცია და საზოგადოებაში სიძულვილის შემცირება, ეს არის ის, რაც თითქოს ქართულ ოცნებას სურს. ბოლო კვირეებში ყველაზე ხშირად ამ ფრაზებს იყენებენ. ახლა ოცნებას ამის რეალური შანსი აქვს სინდისის 11 პატიმრის საქმეზე, რომელიც თეთრი ძაფით არის ნაკერი და განაჩენი უნდა გადაიხედოს.“

მ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2026 წლის 9 მარტი 20:08 საათი

„სტუდენტები, კურსდამთავრებულები და პროფესორ მასწავლებლები შეეცდებიან ხმა გააგონონ ოცნების მინისტრს. ყველა თანხმდება, რომ დაანონსებული რეფორმა სასწავლებლისთვის განაჩენის ტოლფასია, ამიტომ ივანიშვილის პარტიისგან დაანონსებული ცვლილების უკან წაღებას ითხოვენ.“

20:09 საათი - „ქართული ოცნების ეგრეთწოდებული განათლების რეფორმის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება“.

ნ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2026 წლის 9 მარტი

20:44 საათი - „აქტივისტებზე ნადირობის ღამე, დაკავების სერია თბილისის ცენტრში ამაღლების ქუჩაზე დაიწყო“.

20:44 საათი -  „თუმცა, ტერორი ღამის თბილისში ამით არ დასრულებულა.“

ო) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2026 წლის 11 მარტი

20:02 საათი - ჟურნალისტი ამბობს: „რომეო მიქაუტაძემ ღარიბაშვილთან ახლო კავშირები დაადასტურა, თუმცა ოცნების სუსის ექს შეფს გრიგოლ ლილუაშვილს გაემიჯნა.“

7. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის განმარტებით,  ზემოაღნიშნული მაგალითები წარმოადგენს მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში საკითხის გაშუქებას მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე, კერძოდ შემდეგი ფრაზები: „ოლიგარქის პარტიამ“,„ამიტომ ეჭვგარეშეა ახლა ყველასთვის, რომ ქართული ოცნება ამ ფორმით ცდილობს კრიტიკული ხმა ჩააცხროს, ჩააქროს და არ მიეცეს მათ შორის არავის იმის უფლება რომ გაიგოს სიმართლე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით“, „როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილის გუნდმა გადაწყვიტა, რომ სინდისის პატიმარი მსახიობის ბანერი გააქროს ფასადიდან იმისთვის რათა ალტერნატიული რეალობა შესთავაზობს მათ შორის ამ ტელევიზიის მაყურებელს“, „რეალობა არის ის, რომ სოციალურ დახმარებას  ოცნება არჩევნებიდან არჩევნებამდე იყენებდა როგორც პოლიტიკურ ბერკეტს“, „რეპრესიულ პოლიტიკასთან“, „ივანიშვილის რეპრესიულ პოლიტიკაზე“, „ქართული ოცნების ძალადობრივ რეჟიმსა და პოლიტიკას“, „დანარჩენ სინდისის პატიმრებს რადგან ქართული ოცნების მიერ მართულმა კულტურის სამინისტრომ“, „რეჟიმს“, „ივანიშვილის პრემიერი“, „ქართული ოცნების პოლიციამ“, „მისივე მართული ტელევიზიების დასანქცირება ოლიგარქისთვის მძიმე გზავნილია“, „ოცნება არჩევანს დიქტატორებზე აკეთებს“, „ამ შეძახილებსაც კი ირანის პარლამენტში ირაკლი კობახიძე  უპრობლემოდ ისმენდა  და  ტერორისტების  გვერდითაც  იდგა“,  „ახლა  ოცნებას  ამის რეალური შანსი აქვს სინდისის 11 პატიმრის საქმეზე, რომელიც თეთრი ძაფით არის ნაკერი და განაჩენი  უნდა  გადაიხედოს“,  „ოცნების მინისტრს“,  „ეგრეთწოდებული  განათლების  რეფორმის“, „აქტივისტებზე ნადირობის ღამე“, „თუმცა, ტერორი ღამის თბილისში ამით არ დასრულებულა“ და „ოცნების სუსის“ არის მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება, რითაც ადგილი აქვს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევას.

8. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის თანახმად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა.“ ამასთან, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებისას მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ბალანსის დაცვა თითოეულ პროგრამაში ან პროგრამების ციკლის განმავლობაში. მაუწყებელმა ყველა საგულისხმო მოსაზრება მიუკერძოებლად და არადისკრიმინაციულად უნდა წარმოაჩინოს. მიუკერძოებლობა მაუწყებლობის და ზოგადად მედიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია. მიუკერძოებლობის პრინციპი მოითხოვს, რომ მაუწყებელმა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები გააშუქოს სათანადო ობიექტურობით და უზრუნველყოს, რომ საჯარო დისკუსიის არცერთ მხარეს არ მიენიჭოს უპირატესობა.  ბალანსის მოთხოვნა გულისხმობს მაუწყებლის ვალდებულებას, რომ საზოგადოებას დაბალანსებულად და თანაბრად წარუდგინოს საკითხთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო მოსაზრება.

9. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ 2026 წლის 9 მარტს, შპს „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში 20:08 საათზე, ახალი ამბების გადაცემაში „პირველები“ სიუჟეტში - „აქცია ილიაუნის მხარდასაჭერად“ ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში ჩართვით ავრცელებს ინფორმაციას საპროტესტო აქციიდან, სადაც აქციის მონაწილეები განათლების რეფორმას აპროტესტებენ. შემდეგ, ჩასმულია რამდენიმე ჩანაწერი, სადაც აქციის არა ერთი მონაწილე აკეთებს კომენტარს განათლების რეფორმისადმი მათი დამოკიდებულების შესახებ. ეს კომენტარები არ წარმოადგენს პირდაპირ ეთერს. სიუჟეტში არ არის ალტერნატიული პოზიცია წარმოჩენილი, მაგ. განათლების სფეროს წარმომადგენლის ან მთავრობის წარმომადგენლის კომენტარი. გადმოცემულია მხოლოდ ერთი მხარის პოზიცია, რაც გულისხმობს, რომ სიუჟეტი არ იყო დაბალანსებული და არ იყო წარმოდგენილი საკითხთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო მოსაზრება.

10.  მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებით ბარათის თანახმად, 2026 წლის 9 მარტს, შპს „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში, 20:44 საათზე, ახალი ამბების გადაცემაში „პირველები“ სიუჟეტში - „ხალხის დაშინების და ტერორის გზა?“ საუბარია პირის დაკავებაზე, რომელსაც ნარკოტესტმა დადებითი უჩვენა, თუმცა შემდგომ პოლიციაში განმეორებითი ტესტი ჩაუტარეს და უარყოფითი პასუხის შემდეგ გაათავისუფლეს. სიუჟეტში წარმოდგენილია დაკავებული პირის პოზიცია, ასევე სამოქალაქო აქტივისტის და სხვა და სხვა სპეციალისტების პოზიცია, რომლებიც საუბრობდნენ პროტოკოლის დარღვევებზე და პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე. არ არის ალტერნატიული პოზიცია წარმოჩენილი, მაგ. პოლიციის კომენტარი. გადმოცემულია მხოლოდ ერთ მხარის კომენტარები. შესაბამისად, სიუჟეტი არ იყო დაბალანსებული და არ იყო წარმოდგენილი საკითხთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო მოსაზრება.

11. მედიამომსახურებების  რეგულირების  დეპარტამენტის  განმარტებით,  მოცემულ  შემთხვევაში მაუწყებელი არ იცავს მიუკერძოებლობის პრინციპს, რადგან ინფორმაციის გაშუქებისას ერთ მხარეს ანიჭებს უპირატესობას და ასევე,   არ იცავს ბალანსს - საკითხთან დაკავშირებით გადმოცემულია მხოლოდ ერთი მხარის პოზიცია. შესაბამისად, მაუწყებლის მხრიდან ადგილი აქვს კანონის 54-ე მუხლის 1-ელი და მე-4 პუნქტების დარღვევას.

12.  მედიამომსახურებების  რეგულირების  დეპარტამენტის  მოხსენებით  ბარათში  აღნიშნულია,  რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით და მიუკერძოებლად.“ შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიერ აღნიშნული საკანონმდებლო მოთხოვნის დარღვევის დასადასტურებლად დეპარტამენტი უთითებს შემდეგ გარემოებებზე:

ა) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 09.03.2026; დრო: 20:50 საათი.

შპს   „ტელეკომპანია   პირველის“   ეთერში   გასული   ახალი   ამბების   გადაცემაში   „პირველები“ ჟურნალისტი ამბობს: „გელაძის უწყებამ გვიან ღამით რეიდი მოაწყო ფილარმონიასთანაც. იქ ოთხი ადამიანი მხოლოდ იმის გამო გამოკეტეს, რომ კედელზე გიორგი ანწუხელიძის სტენსილს ხატავდნენ. საზოგადოებრივი ზეწოლის შემდეგ აქტივისტები გაათავისუფლეს [...].“ მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი უთითებს, რომ ამის შემდეგ არის ჩართვა თავად დაკავებული   პირის,   რომელიც   გაანთავისუფლეს,   რომელიც   თავად   აღნიშნავს,   რომ   ეს   არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რის გამოც ის იყო დაკავებული, რაზეც არაერთხელ აქვთ უკვე ჯარიმა  გამოწერილი. ასევე ამბობს, რომ ეს საქმე გადაეცემა მერიას. შესაბამისად სიუჟეტშივე ჩანს, რის გამო იყო დაკავებული პირი და რატომაც გაათავისუფლეს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსის  1502      მუხლის  თანახმად  „ქალაქ  თბილისის  მუნიციპალიტეტში სხვადასხვა  სახის  წარწერების,  ნახატების,  სიმბოლოების  თვითნებურად  შესრულება  შენობათა ფასადებზე,    ვიტრინებზე,    ღობეებზე,    სვეტებზე,    ხე-ნარგავებზე,    ფეხით    მოსიარულეთა    და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილებზე, პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება“  გამოიწვევს  დაჯარიმებას.  ამ  რეგულაციიდან  გამომდინარე  ცხადია,  რომ  ნებისმიერი წარწერის  ან  ნახატის  შესრულება  შენობის  ფასადზე  სამართალდარღვევაა,  ხოლო  მაუწყებელმა ინფორმაცია ისე წარმოაჩინა თითქოს პირები იმის გამო დააკავა პოლიციამ, რომ მათ ეროვნული გმირის - გიორგი ანწუხელიძის სტენსილი დახატეს. ამ რეგულაციიდან ისიც ცხადია, რომ ეს ქმედება მხოლოდ    ჯარიმით ისჯება  და  დაკავებულ პირებს    შესაბამისი პროცედურების შემდეგ გამოუშვებდნენ, ხოლო მაუწყებელმა ისე წარმოაჩინა ინფორმაცია, თითქოს ისინი საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად  გათავისუფლდნენ, ამასთან სიუჟეტში პროტესტი ან აქცია ამ პირების გათავისუფლების მიზნით ნაჩვენები არ ყოფილა. შესაბამისად, ინფორმაციის გავრცელებისას არ იყო დაცული ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და მაუწყებლის მხრიდან ადგილი აქვს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას.

ბ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 10.03.2026; დრო: 21:24  საათი.

შპს „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში გასული ახალი ამბების გადაცემაში „პირველები“ ჟურნალისტი ამბობს: „მოწმეები ბრალდებულებს ვერ ცნობენ, ხელი ვერცერთს დაადეს. თუმცა, პროკურორი მოსამართლის ნაცვლად ამბობს, რომ განაჩენი გამამტყუნებელი იქნება.“ შემდეგ არის ინტერვიუ პროკურორთან: „საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით ბრალდების მხარის პოზიცია არის ურყევი და უცვლელი. პირველ რიგში ბრალდების მხარეს საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გონივრული მოლოდინი აქვს გამამტყუნებელი განაჩენის.“

მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი უთითებს, რომ ინფორმაცია ისე არის წარმოჩენილი თითქოს პროკურორი მოსამართლის ნაცვლად აცხადებს გადაწყვეტილებას, შთაბეჭდილება იქნება თითქოს პროკურორმა წინასწარ იცის თუ რა იქნება გადაწყვეტილა, თუმცა სიუჟეტშივე ჩანს, პროკურორის განცხადებიდან, რომ ის მხოლოდ მის მოლოდინს აცხადებს იმის თაობაზე, რომ განაჩენი გამამტყუნებელი იქნება. ის, რომ ნებისმიერ მხარეს შესაძლოა მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მოლოდინი ჰქონდეს სრულიად ბუნებრივია, თუმცა ჟურნალისტმა პროკურორის ნათქვამის კონტექსტი შეცვალა და მისი ნათქვამი უარყოფითად წარმოაჩინა. შესაბამისად, სიუჟეტში ფაქტები ჯეროვანი სიზუსტის დაცვით არ არის წარმოდგენილი. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის შეფასებით, აღნიშნულ შემთხვევაში, აშკარაა, რომ მაუწყებლის მიერ არ იქნა ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე დაცული. შესაბამისად მაუწყებლის მხრიდან ადგილი აქვს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას.

13. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა დაინიშნა 2026 წლის 26 მარტს, რის შესახებაც მაუწყებელს ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (Nგ-26-03/1710;23.03.2026). ავტორიზებულ პირს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

14. კომისიის 2026 წლის 26 მარტს, კომისიამ დააკმაყოფილა შპს „ტელეკომპანია პირველის“ წერილობითი შუამდგომლობა (კომისიაში რეგისტრაციის NS-26-6/2963; 25.03.2026) კომისიის სხდომის გადადების თაობაზე და საკითხის განხილვა დანიშნა 2026 წლის 2 აპრილს, რის თაობაზეც მაუწყებელს ეცნობა კომისიის შეტყობინებით (Nგ-26-03/1848; 26.03.2026).

15. კომისიის 2026 წლის 2 აპრილის სხდომას ესწრებოდნენ შპს „ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენლები თ. მიგინეიშვილი და ნ. მელაძე. თ. მიგინეიშვილმა აღნიშნა, რომ მაუწყებლის გენერალური პოზიცია თითოეული სადავო განცხადების თაობაზე არის ის, რომ როდესაც კომისიას სურს კანონის დარღვევის იდენტიფიცირება მოახდინოს, აუცილებელია მხედველობაში იქნეს მიღებული  ყოველი განცხადების სრული კონტექსტი. მაუწყებლისთვის გაზიარებული მტკიცებულებებიდანაც ჩანს, რომ 6 წუთიანი სადავო სიუჟეტიდან მხოლოდ 20 წამიან სიუჟეტს აზიარებს კომისია, კონკრეტული დარღვევის დადასტურების მიზნით. ეს ნიშნავს, რომ კომისია თავიდანვე არასწორად ხედავს კონკრეტული დარღვევის იდენტიფიცირებისთვის აუცილებელ პირობებს. განცხადებებისა და სიტყვების გაჟღერება, რომლებიც საზოგადოებაში არის მყარად დამკვიდრებული ფორმით, ასევე, არის მოხსენიებული არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნებსა თუ რეზოლუციებში, გამოიყენება მუდმივად, როგორც საყოველთაოდ აღიარებული ფაქტი, ვერ ჩაითვლება კანონის დარღვევად.

16.  2026   წლის   20   თებერვალს,   11:08   სააათზე   განთავსებულ   სიუჟეტთან   დაკავშირებით,  შპს „ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომისიის მიერ სადავოდ არის გამხდარი ფრაზა „ოლიგარქის პარტია”. მისი განმარტებით, წამყვანი აჟღერებს განცხადებას, რომელიც უკავშირდება მსახიობებს. ეს არ არის მაუწყებლის მოსაზრება ან ჟურნალისტის შეფასება. თუ კომისია სიუჟეტის მხოლოდ 10 წამიან მონაკვეთს განიხილავდა, რომელიც მაუწყებელს გაუზიარა, ის ვერ ნახავდა მსახიობ ნანკა კალატოზიშვილის ინტერვიუს შემდგომში, სადაც ის ამბობს: „აი, სიმბოლოებსაც კი ებრძვიან. თავისუფლების სიმბოლოს. რაღაცა ერთგულების სიმბოლოს. ანდრო ძალიან აღიზიანებდათ, ეს ბანერი.“ ეს არის ნანკა კალატოზიშვილის ციტატა, რომელსაც შემდგომ იყენებს ჟურნალისტი.

17. 2026 წლის 20 თებერვალს, 15:15 საათზე განთავსებულ სიუჟეტში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით („ამიტომ ეჭვგარეშეა ახლა ყველასთვის, რომ ქართული ოცნება ამ ფორმით ცდილობს კრიტიკული ხმა ჩააცხროს, ჩააქროს და არ მიეცეს მათ შორის არავის იმის უფლება რომ გაიგოს სიმართლე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით...“; „როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილის გუნდმა გადაწყვიტა რომ სინდისის პატიმარი მსახიობის ბანერი გააქროს ფასადიდან იმისთვის რათა ალტერნატიული  რეალობა შესთავაზოს მათ შორის ამ ტელევიზიის მაყურებელს.“) მაუწყებლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თუ კომისია განცხადებას კონტექსტიდან ამოგლეჯილად შეხედავდა, მაშინ ის ერთი შეხედვით, შეიძლებოდა ჟურნალისტის ხატია სამხარაძის შეფასებად გამოჩენილიყო, რომელიც გულისხმობდა საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის, საკუთარ თავსაც, როცა ამბობდა, რომ „ეჭვგარეშეა ახლა ყველასთვის, რომ“ და ა.შ. მაგრამ, თუ მთლიან სიუჟეტს დეტალურად ნახავდა კომისია, რამდენიმე წამით ადრე, ჟურნალისტი საუბრობს ანდრო ჭიჭინაძის მეგობრებზე, მსახიობებზე, შესაბამისად, ყველა იქ მყოფ მსახიობს მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ ამ ფორმით მოქმედებები ნიშნავს კრიტიკული ხმის ჩახშობას. კერძოდ, სულ ცოტა ხნის წინ მსახიობები ავიდნენ თეატრში, უფრო მეტი დეტალის გასარკვევად, თუმცა, მათ ადგილზე არც ბანერი დახვდათ, არც მათი ჩამომხსნელი და მათ შორის, არც ის გადაღება, რაც ამ ქმედებას დაედო საფუძვლად. როცა მთლიან სიუჟეტს ნახავდა და გაანალიზებდა კომისია, დაინახავდა, რომ ჟურნალისტი ხატია სამხარაძე ამბობს, რომ „მსახიობები ახლაც რჩებიან ადგილზე და ისინი ამბობენ, რომ...“ და შემდგომ არის გაკეთებული მათი ნათქვამის პერიფრაზი. ასევე, „იხსენებენ იმ ფაქტსაც...“, „ფიქრობენ“ ანუ ყოველთვის არის მითითება მსახიობებზე. შესაბამისად, შეუძლებელია ჟურნალისტის მოსაზრებად ან „ტელეკომპანია პირველის“ მოსაზრებად ჩაითვალოს ის გაკეთებული განცხადებები, რომლებიც რეალურად ეკუთვნის მსახიობს და ასევე, ჩანს სიუჟეტში.

18.  სხვა სადავო განცხადებებთან დაკავშირებით, თ. მიგინეიშვილმა აღნიშნა, რომ მაგალითად, ფრაზები

„ოცნების სუსი,“ „ოცნების მინისტრი“ „ოლიგარქი“ და ა.შ., თუნდაც „სინდისის პატიმრები“ და სხვა ფრაზები, რომლებსაც კომისია მოიხსენიებს მოსაზრებებად, საინფორმაციო გამოშვებაში მოხსენიებული არის არა როგორც ეპითეტი ან აზრი, არამედ როგორც საერთაშორისო შეფასების ციტირება. საერთაშორისო შეფასების ციტირება კი მაუწყებლისთვის არის კონკრეტული დადგენილი ფაქტი. მაგალითად, ვენეციის კომისიის 2024 წლის დასკვნა პირდაპირ მიუთითებს, რომ მიღებული კანონმდებლობა ატარებს რეპრესიულ ხასიათს. ასევე, ევროპარლამენტის რეზოლუციებში, მაგალითისთვის, 2024 წლის 9 ოქტომბრის რეზოლუციაში საუბარია პირდაპირ დემოკრატიულ უკუსვლაზე, ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებაზე. შესაბამისად, მაუწყებელი ახდენს ამ დოკუმენტებში დაფიქსირებული სამართლებრივი ფაქტების ტრანსლირებას. მაგალითად, როდესაც საუბარია „ივანიშვილის პრემიერზე“ და ტერმინებზე, მაგალითად, „მისი მართული“, ეს არ არის არც ჟურნალისტის ვარაუდი და არც „ტელეკომპანია პირველის“ სარედაქციო პოლიტიკა. ეს არის საერთაშორისო დონეზე აღიარებული პოლიტიკური მოცემულობა, რომელიც არის ფაქტის სახით. მაგალითისთვის, ამის მტკიცებულებები არსებობს, რომლებიც საერთაშორისო დონეზე არის საჯაროდ გავრცელებული. შპს „ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის ბოლო პერიოდის ყველა რეზოლუცია, მათ შორის 2024, 2025 წლების და მათ შორის 2024 წლის 25 აპრილის რეზოლუცია, ბიძინა ივანიშვილს მოიხსენიებს როგორც პირს, რომელიც ფლობს გადამწყვეტ გავლენას ხელისუფლებაზე. როდესაც მაუწყებელი ამბობს „ივანიშვილის პრემიერი“, ის ეყრდნობა ამ დოკუმენტებით დადასტურებული ოლიგარქიული მმართველობის ფაქტს. ასევე, გამოყენებული ფრაზები „სინდისის პატიმრები“ და „აქტივისტებზე ნადირობა“ ეხება ადამიანების დაკავებას პოლიტიკური ნიშნით და მათზე ფიზიკური ანგარიშსწორებას, რაც დაფიქსირებულია საერთაშორისო ანგარიშებში. როდესაც კომისია აფასებს ამ განცხადებებს როგორც შეფასებებს, ის არ ითვალისწინებს 2024 წლის 9 ოქტომბრის რეზოლუციას დემოკრატიული უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეების შესახებ, 2026 წლის მარტის რეზოლუციას პოლიტიკური პატიმრების შესახებ, ვენეციის კომისიის დასკვნას, ეუთო/ოდირის დასკვნას, 2026 წლის იანვრის მოსკოვის მექანიზმის ამოქმედების ანგარიშს, 2026 წლის 12 მარტის მოხსენებით ბარათს ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებათა დარღვევის თაობაზე, ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის რეზოლუციებს და ა.შ. შესაბამისად, მაშინ როდესაც ეს ყველაფერო დოკუმენტური სახით არის დადასტურებული, მაშინ, როდესაც საზოგადოებამ ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის, ამ ფრაზების გამოყენება ვერ შეფასდება კერძო პირის, ჟურნალისტის ან კონკრეტულად მაუწყებლის პოზიციის გამოხატვად.

19. ინფორმაციის მიკერძოებულად წარმოდგენისა და ბალანსის დაუცველობის საკითხთან დაკავშირებით, შპს „ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ჟურნალისტები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოხდეს 3, 4 ან 5 წუთიან სიუჟეტებში და ეს სიუჟეტები იყოს მაქსიმალურად ინფორმირებული და მათ შორის, ბალანსი იყოს დაცული. ვიდეოს სახით სიუჟეტში მოხვდა პოლიციელის განმარტება, კერძოდ, ინფორმაცია, რომლის გაცემა მას შეეძლო იმ შემთხვევაში და ცალკე   მოსაზრებების გავრცელებაზე, როგორც წესი, პოლიციელები უარს აცხადებენ ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება საკითხს, რომ მთავრობის წარმომადგენლის კომენტარიც უნდა იყოს სიუჟეტში, მაგალითად, მაშინ, როცა საუბრობენ განათლების რეფორმაზე, მაუწყებლის წარმომადგენლის განმარტებით, „ტელეკომპანია პირველს“ არაერთხელ აქვს კომისიაში წარმოდგენილი განცხადება და საჯაროდაც აქვს განცხადება გაკეთებული, რომ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც არიან „ქართული ოცნების“ წევრები, მუდმივად უარს ამბობენ „ტელეკომპანია პირველთან“ კომუნიკაციაზე, ცალკე საკითხების ჩაწერაზე, „ტელეკომპანია პირველში“ ვიზიტებზე. ასევე, მაუწყებელი ოფიციალურად მიმართავდა მათ არჩევნების დროს როდესაც დებატები იყო ჩასატარებელი და მუდმივად უარს ეუბნებოდნენ. მნიშვნელოვან საკითხებზე ბალანსის დაცვის მიზნით, მაუწყებელი უგზავნიდა მათ განცხადებებს, რომლებიც ასევე წარმოდგენილია კომისიაში და ითხოვდა ტელეკომპანიაში მისვლას. ასეთ შემთხვევაშიც კი პასუხს არ სცემდნენ, შესაბამისად, აქაც არ დგინდება კანონის დარღვევა.

20.  ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნის დაუცველობასთან დაკავშირებით, 2026 წლის 10 მარტს,

20:50 საათზე განთავსებული   სიუჟეტის თაობაზე (ჟურნალისტი ამბობს: „გელაძის უწყებამ გვიან ღამით რეიდი მოაწყო ფილარმონიასთანაც. იქ ოთხი ადამიანი მხოლოდ იმის გამო გამოკეტეს, რომ კედელზე გიორგი  ანწუხელიძის  სტენსილს  ხატავდნენ.  საზოგადოებრივი ზეწოლის  შემდეგ აქტივისტები გაათავისუფლეს [...].“) შპს „ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენელის განმარტებით, როდესაც ჟურნალისტი ამბობს, რომ მხოლოდ ანწუხელიძის ნახატის დახატვის გამო დააკავეს პირი, ეს ეხება მხოლოდ ერთ ფაქტს, რადგან არავისთვის გასაკვირი არ იქნება, რომ ადამიანებს დღეს აკავებენ ტროტუარზე დგომის გამო, გზის გადაკეტვის   გამო და მათ ბონუსად ყოველთვის აქვთ პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობის მუხლი. შესაბამისად, როცა ჟურნალისტი ამბობს, რომ მხოლოდ ანწუხელიძის ნახატის დახატვის გამოა დაკავებული ეს პიროვნება, ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი ფაქტია, რომლის გამოც მას ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ასევე, როდესაც ჟურნალისტი  საზოგადოებრივ ზეწოლაზე საუბრობს, ფაქტია, რომ პიროვნების დაკავება მოხდა მხოლოდ ერთი ფაქტის გამო და როდესაც ჟურნალისტი ცალსახად ამბობს სიტყვას „შემდეგ“ და არა „შედეგად“, სიტყვა „შედეგად“ არის ის, რაც ასახავს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის, ხოლო როდესაც არის გამოყენებული სიტყვა „შემდეგ“, ეს ნიშნავს ქრონოლოგიას. კომისიამ ისე წარმოაჩინა თითქოს მაუწყებელი ქმნის განცდას, რომ მოჰყვა საზოგადოებრივი პროტესტი და ამის შედეგად გათავისუფლდა კონკრეტული პიროვნება. მსგავსი ტერმინი კი გამოყენებული არ არის სიუჟეტში. გამოყენებულია „საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ გაათავისუფლა...“. თუ ქრონოლოგიას შეხედავს კომისია, ნახავს, რომ პიროვნება ხატავს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას სჩადის, ამას მოჰყვება შემდგომ საზოგადოებრივი პროტესტი, რასაც ქრონოლოგიურად მოჰყვება ამ პიროვნების გათავისუფლება. თუ საუბარია იმაზე, თუ რატომ გათავისუფლდა კონკრეტული პიროვნება და იყო თუ არა მაუწყებლის მიზანი ინფორმაცია დაემალა, სადავო სიუჟეტში კონკრეტული პიროვნება, რომელიც დააკავეს და გაათავისუფლეს, სრულად ჰყვება რატომ გამოუშვეს. ის არ ამბობს, რომ საზოგადოებრივი პროტესტის გამო გამოუშვეს.

ამიტომ, რაც ისედაც ჩანს სიუჟეტში და ისედაც ახსნილია, გაუგებარია, ჯეროვანი სიზუსტის მუხლი როგორ უნდა იყოს დარღვეული.

21. 2026 წლის 10 მარტის სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც პროკურორის ინტერვიუს ეხება, თ. მიგინეიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დგინდება და ცხადდება საქართველოს სახელით ანუ პროკურორი ვერ აცხადებს მას. მან ასევე, მიუთითა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, ბრალდების მხარე არის გამომძიებელი და პროკურორი. ასევე მიუთითა 32-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პროკურორი სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას. ეს იქნება ეთერი, სასამართლო თუ ა.შ., პროკურორი მუდმივად ცდილობს დაასაბუთოს საკუთარი მტკიცებულებების სიძლიერე. როგორ შეიძლება სასამართლოს ნაცვლად პროკურორმა მიიღოს გადაწყვეტილება და ის აცხადებდეს განაჩენს. ამიტომ, განაჩენის გამოტანამდე, იმაზე საუბრისას, განაჩენი იქნება გამამართლებელი თუ გამამტყუნებელი, ჟურნალისტის მხრიდან სწორი პერიფრაზია და ფაქტების კონსტატაცია, რომ სასამართლოს მიერ, კერძოდ, მოსამართლის ნაცვლად ამბობს, რომ განაჩენი ასეთი იქნება. ჟურნალისტი არ აცხადებს, რომ პროკურორმა წინასწარ იცის თუ რა განაჩენს გამოაცხადებს სასამართლო. მაუწყებლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ახალ ამბებში გაკეთებული განცხადებები არ არის მოსაზრებები, ჯეროვან სიზუსტისა და მიკერძოებულობის საკითხთან დაკავშირებით, მან განაცხადა, რომ აქ უნდა დადგინდეს მაუწყებლის განზრახვა, მაშინ, როცა კომისიამ იცის წინაპირობები, თუ რატომ არ არის გავრცელებული ხოლმე კონკრეტული თანამდებობის პირების, „ქართული ოცნების“ წევრების კომენტარები კონკრეტულ სიუჟეტებში. ამიტომ, კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს ობიექტური კრიტერიუმებით და არ უნდა დაადგინოს არცერთ სადავო განცხადებასთან დაკავშირებით სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი.

22. კომისიის 2026 წლის 2 აპრილის სხდომაზე შპს „ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენელმა ნ. მელაძემ აღნიშნა, რომ დავით ჩხეიძის საქმის გაშუქების დროს, მაუწყებელმა არ წარმოაჩინა მეორე მხარის პოზიცია, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინსიტროს პოზიცია. მან მოუწოდა კომისიას წერილობით მიმართოს ყველა შესაბამის სამინისტროებს ან უწყებებს, რომელთა პასუხებსაც საჭიროებდა ის ახალი ამბები, რომელიც ეთერით გაშუქდა და პირველ რიგში, მათთან დააზუსტოს, იყო თუ არა მათი მხრიდან მზაობა, რომ ამ თემაზე წარმოჩენილიყო მათი პოზიცია და მაუწყებელმა დამალა თუ არა მათი პოზიცია. მან აღნიშნა, რომ შეეძლო წარმოედგინა არაერთი მტკიცებულება მიმოწერის სახით, რომელიც დაადასტურებდა, რომ ტვ პირველის ახალი ამბების სამსახურს ჰქონდა არაერთი, ათი, ასი და შეიძლება ათასი მცდელობა სხვადასხვა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეზე, როდესაც ცდილობდა მოეპოვებინა შესაბამისი მოპასუხე მხარის კომენტარი, განეთავსებინა ის ახალ ამბებთან ერთად. მაგრამ, ეს შეუძლებელი იყო, რადგან ისინი უარს აცხადებდნენ.   მან აღნიშნა, რომ ჟურნალისტს ჰქონდა მცდელობა მოეპოვებინა პოლიციის კომენტარი, მაგრამ, პასუხი არ იყო. მაუწყებლის წარმომადგენლის განმარტებით, თუ უწყება კომენტარს არ აკეთებს, ჟურნალისტი მის კომენტარს ვერ მოიგონებს და მის ნაცვლად ვერ ილაპარაკებს.

23. შპს „ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენელმა ასევე დასვა კითხვა, თუ მოქალაქის დაკავება ხდებოდა საქართველოს ეროვნული გმირის ანწუხელიძის სტენსილის დახატვის გამო, მაუწყებელს უნდა გაევრცელებინა ინფორმაცია, რომ დააკავეს მოქალაქე იქსი იმის გამო, რომ ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ქუჩაში დახატა სტენსილი. მისი შეფასებით, ეს ისტორია უკავშირდებოდა ანწუხელიძის სტენსილს და ამ ინფორმაციის გაშუქების გარეშე, ინფორმაციის ამგვარად გავრცელება იქნებოდა არაჯეროვანი გაშუქება და სიზუსტის დარღვევა.

24.  კონკრეტულ ფრაზებთან დაკავშირებით, შპს „ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საინფორმაციო სივრცეში არსებობს ცირკულირებადი ტერმინები და ეს ტერმინები არც ტვ პირველისა და არც ერთი კონკრეტული ადამიანის მოგონილი არ არის. ნ. მელაძის აზრით, უნდა გამართულიყო დამატებითი სამუშაო შეხვედრა, კომისიის მიერ სადავოდ მიჩნეული ტერმინების გავლისა და პრინციპებზე შეთანხმების მიზნით, თუ როგორ გამოეყენებინა ეს ტერმინები მაუწყებელს იმგვარად, რომ ის არ გამხდარიყო შემდეგი მოხსენებითი ბარათის ობიექტი.

25. 2026 წლის 7 აპრილს შპს „ტელეკომპანია პირველმა“ კომისიას წერილობით აცნობა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/3624; 07.04.2026) რომ სიუჟეტში მეორე მხარის პოზიციის მოპოვების მიზნით შესაბამის უწყებებთან შემდგარი კომუნიკაციის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვებისა და შენახვის პრაქტიკა არ ჰქონიათ. „ხალხის დაშინების და ტერორის გზა“ სიუჟეტთან დაკავშირებით, მაუწყებლის განმარტებით, ახალი ამბების სამსახურს ჰქონდა კომუნიკაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, თუმცა, უწყებას არ გაუვრცელებია კომენტარები საჯაროდ გავრცელებულ ბრალდებაზე. მაუწყებლის განცხადებით, აღნიშნული დასტურდება შსს-ს ვებგვერდით, სადაც 8 და 9 მარტს არ იძებნება არცერთი საჯარო განცხადება ამ თემაზე. „აქცია ილიაუნის მხარდასაჭერად“ სიუჟეტთან დაკავშირებით, მაუწყებელმა აღნიშნა, რომ ახალი ამბების სამსახურის მიერ მოხდა ქუჩაში მიმდინარე საპროტესტო აქციის გაშუქება და პირდაპირი ჩართვა განხორციელდა მსვლელობიდან, აქციის მონაწილეებთან შესახვედრად. მსვლელობის დასრულების შემდეგ განათლების სამინისტროდან არავინ გამოსულა და სამინისტროს არ გაუვრცელებია საპასუხო განცხადება ან განმარტება, რაც გადამოწმებადია სამინისტროს პრესსამსახურში.

26. კომისიის 2026 წლის 8 აპრილის სხდომაზე კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა კ. ქორიძემ წარმოადგინა დეპარტამენტის პოზიცია შპს „ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენელთა მიერ კომისიაში წარმოდგენილ მოსაზრებებსა თუ მტკიცებულებებზე. დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, სხდომაზე ტვ პირველის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომისიის მიერ დარღვევის იდენტიფიცირებისთვის აუცილებელია მხედველობაში იქნეს მიღებული ყოველი განცხადების სრული კონტექსტი. ასევე, მისი განმარტებით, მაუწყებლისთვის გაზიარებული მტკიცებულებებიდანაც ჩანს, რომ 6 წუთიანი სადავო სიუჟეტიდან მხოლოდ 20 წამიან სიუჟეტს უზიარებს კომისია, როგორც კონკრეტული დარღვევის დამადასტურებელს. დეპარტამენტის განმარტებით, ყველა დარღვევის იდენტიფიცირებისთვის მოხდა მთლიანი სიუჟეტების დეტალური განხილვა და განცხადებების სრული კონტექსტის ანალიზი. სიუჟეტებიდან მაუწყებლისთვის მოკლე ვიდეოების გაზიარება ემსახურება იმის დადასტურებას, რომ სადავო სიუჟეტები და სადავო ფრაზები კონკრეტულ თარიღში, მითითებულ საათზე ნამდვილად გავიდა ეთერში    და წარმოადგენს მტკიცებულებებს. ვინაიდან მონიტორინგის შედეგებთან დაკავშირებული გარკვეული ფაქტები სადაო გახადა მაუწყებლის წარმომადგენელმა, ამ სიუჟეტების კიდევ ერთხელ გადამოწმება მოხდა, რასთან დაკავშირებითაც დეპარტამენტის უფროსმა კომისიის სხდომაზე გააკეთა განმარტებები.

27. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, 2026 წლის 20 თებერვალს, 11:00 საათიან საინფორმაციო ახალ ამბებში „პირველები“ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, მაუწყებელმა სწორად აღნიშნა, რომ კომისიის მიერ სადავოდ არის გამხდარი ფრაზა „ოლიგარქის პარტია” და არა მთლიანი ფრაზა: „რა თქმა უნდა, მსახიობებს აქვთ ეჭვი, რომ ოლიგარქის პარტიამ სიმბოლოებთანაც კი  დაიწყო ბრძოლა. მაუწყებლის  განმარტებით,  წამყვანი აჟღერებს განცხადებას, რომელიც უკავშირდება მსახიობებს და ეს არ არის მაუწყებლის მოსაზრება ან ჟურნალისტის შეფასება. შემდეგ ციტატა მოყავს: „აი, სიმბოლოებსაც კი ებრძვიან. თავისუფლების სიმბოლოს. რაღაცა ერთგულების სიმბოლოს. ანდრო ძალიან აღიზიანებდათ.“ წარმომადგენლის მითითებით, ეს არის ნანკა კალატოზიშვილის ციტატა, რომელსაც შემდგომ იყენებს ჟურნალისტი. დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ სიუჟეტი დამონიტორინგებულია მთლიანად და ნანკა კალატოზიშვილი ტერმინს - „ოლიგარქის პარტია“ არსად იყენებს და ამას თავად მაუწყებლის მიერ სხდომაზე გაჟღერებული ზემოხსენებული ციტატაც მოწმობს. თუმცა, მაუწყებელი ცდილობს, რომ სადავოდ გამხდარი ფრაზა რესპოდენტის მოსაზრებად წარმოაჩინოს.

28. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, ანალოგიურად, 2026 წლის 20 თებერვლის 15:00 საათიან საინფორმაციო ახალ ამბებში გასულ სადავო სიუჟეტთან მიმართებით, მაუწყებლის პოზიციაა, რომ სადავო ფრაზები არის მსახიობების ნათქვამის პერიფრაზი და არა თავად ჟურნალისტის შეფასება.   დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ის რასაც მაუწყებელი მსახიობების ნათქვამს მიაწერს, მსახიობები ინტერვიუში საერთოდ არ ამბობენ. მაუწყებელი ცდილობს სადავო ფრაზები რესპოდენტების მოსაზრებად წარმოაჩინოს.

29. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, 2026 წლის 9 მარტის 20 საათიანი საინფორმაციო ახალ ამბებში „პირველები“ გასულ სიუჟეტთან „ხალხის დაშინების და ტერორის გზა?“  დაკავშირებით,  მაუწყებლის  წარმომადგენელმა სხდომაზე  განმარტა, რომ ინფორმაცია, რომლის გაცემა შეეძლო იმ შემთხვევაში პოლიციელს, ეს ვიდეოს სახით, როცა პოლიციელი განმარტებას აკეთებს, უკვე მოხდა სიუჟეტში. ასევე, მაუწყებლის მეორე წარმომადგენლის განცხადებით - „ჟურნალისტი რომ მიდის და მისდევს პოლიციელს და აქვს მცდელობა, ეს ნაჩვენები იყო და არსებობს ასევე.“ დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ სადავოდ გამხდარი სიუჟეტი კიდევ ერთხელ გადამოწმდა და პოლიციელის კომენტარი, ისევე როგორც ჟურნალისტის მცდელობა პოლიციელს დაუსვას კითხვები სიუჟეტში წარმოდგენილი არ არის.

30. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებების წარმოდგენა მაუწყებლის ინტერესებში შედის, ვინაიდან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კომისია საკუთარი მონიტორინგის საფუძველზე აკეთებს რეაგირებას შინაარსობრივი რეგულირების მოთხოვნებთან დაკავშირებულ დარღვევებზე, კომისიამ თავად გამოითხოვა მაუწყებლისგან მტკიცებულებები. კერძოდ, მტკიცებულებები, რომლებიც მოხსენებით ბარათში მითითებულ სავარაუდო მიუკერძოებლობის დარღვევას გამორიცხავდა. აღნიშნულის პასუხად, სიუჟეტთან „ხალხის დაშინების და ტერორის გზა?“ მიმართებით მაუწყებელმა განაცხადა, რომ შსს-ს ვებგვერდზე ამ საკითხთან დაკავშირებით საჯარო განცხადება არ გამოქვეყნებულა. ასევე, აღნიშნა, რომ მაუწყებელს უწყებასთან ჰქონდა კომუნიკაცია, თუმცა არ დაუკონკრეტებია კომუნიკაციის ფორმა და არც ამ კომუნიკაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებაა წარმოუდგენია. დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, მაუწყებელმა თავად უნდა მიმართოს და პროაქტიულად მოიპოვოს მეორე მხარის პოზიცია, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის საჯაროდ გამოქვეყნებული. ასევე, სტანდარტის მიხედვით ყველა ასეთ სიუჟეტში მაუწყებელმა უნდა განაცხადოს, რომ მათ ჰქონდათ ასეთი პოზიციის მოპოვების მცდელობა, განსაკუთრებით, თუ ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. რაც შეეხება მეორე სიუჟეტს „აქცია ილიაუნის მხარდასაჭერად“, მაუწყებელი აღნიშნავს, რომ სიუჟეტში პირდაპირი ჩართვა ხორციელდებოდა მსვლელობიდან და განათლების სამინისტროსაც არ გაუკეთებია საჯარო განცხადება. დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, სიუჟეტში ნამდვილად იყო პირდაპირი ჩართვა მსვლელობიდან, თუმცა იყო დამონტაჟებული და ჩაწერილი აქციის მონაწილეების კომენტარებიც. ეს სიუჟეტი მთლიანად პირდაპირი ჩართვა არ ყოფილა. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ჟურნალისტებს არ უთქვამთ, რომ მათ კომენტარის მოპოვების რაიმე მცდელობა ჰქონდათ.

31.  სადავო განცხადებებთან დაკავშირებით შპს „ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენელმა სხდომაზე აღნიშნა, რომ მაგალითად, ფრაზები „ოცნების სუსი,“ „ოცნების მინისტრი“ და სხვა, რომლებსაც კომისია მოიხსენიებს მოსაზრებებად, საინფორმაციო გამოშვებაში მოხსენიებული არის არა როგორც ეპითეტი ან აზრი, არამედ როგორც საერთაშორისო შეფასების ციტირება. მედიამომსახურებების რეგულირების  დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, სიუჟეტებში მაუწყებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მათი ფორმის, შინაარსისა და კონტექსტის გათვალისწინებით წარმოჩენილია როგორც მაუწყებლის პირადი მოსაზრება/დამოკიდებულება და არა როგორც საერთაშორისო შეფასების ციტირება. ციტირების შემთხვევაშიც, ეს უნდა ხდებოდეს ახალი ამბების გაშუქების ფარგლებში და არა გარკვეული დროის წინ გამოქვეყნებული დოკუმენტების მოშველიება კონკრეტული ტერმინების გამოყენების მიზნით.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

32. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

33. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ” ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი.

34. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციებია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.

35. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის,  კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა.

36. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,  მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით და მიუკერძოებლად.

37. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,  ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებისას მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ბალანსის დაცვა თითოეულ პროგრამაში ან პროგრამების ციკლის განმავლობაში იმ შემთხვევაში, თუ, პროგრამის ფორმატიდან გამომდინარე, ბალანსის დაცვა დაგეგმილია პროგრამების ციკლის  განმავლობაში,  ამის  შესახებ  აუდიტორიას  უნდა  ეცნობოს პროგრამის დაწყების პირველსავე დღეს.

38. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  54-ე  მუხლის  მე-5  პუნქტის  შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა.

39. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან  ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში  კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.

III. სამოტივაციო ნაწილი

1. შესწავლილი მტკიცებულებები

40.  კომისიის  აპარატის  მედიამომსახურებების  რეგულირების  დეპარტამენტის  მოხსენებითი  ბარათი (N26-10-710; 23.03.2026);

41. შპს „ტელეკომპანია პირველის“ ეთერით გასული სიუჟეტების ამსახველი ვიდეოჩანაწერები;

42. კომისიის შეტყობინება (Nგ-26-03/1710; 23.03.2026) კომისიის სხდომაზე მოწვევის თაობაზე და მისი შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

43. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელეკომპანია პირველის“ შესახებ მონაცემები; 44. შპს  „ტელეკომპანია  პირველის“  წერილობითი  შუამდგომლობა  (კომისიაში  რეგისტრაციის  Nშ-26- 6/2963; 25.03.26) თანდართული დოკუმენტით;

45. კომისიის შეტყობინება (Nგ-26-03/1848; 26.03.2026)  კომისიის სხდომაზე მოწვევის თაობაზე და მისი შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

46. შპს „ტელეკომპანია პირველის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/3624; 07.04.2026);

47. შპს „ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენლების მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა- განმარტებები;

48. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსის კ. ქორიძის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

49.  შპს „ტელეკომპანია პირველი“ არის მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი.

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელეკომპანია პირველის“ შესახებ.

50. შპს  „ტელეკომპანია  პირველის“  ეთერში  განთავსებულ  ახალი  ამბების  პროგრამაში  „პირველები“ ჟურნალისტებმა, მათ შორის გადაცემის წამყვანებმა  გაავრცელეს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2026 წლის 20 თებერვალი, დრო:11:08 საათი

„მსახიობებს აქვთ ეჭვი, რომ ოლიგარქის პარტიამ სიმბოლოებთანაც კი დაიწყო ბრძოლა. ჯერ ყველა დასაჯეს, ახლა კი მათ კვალსაც კი აქრობენ. „არ გამოგივათ ეს ჩვენი თავისუფალი ხელოვანების ღირსების საკითხია“ შეუთვალეს მეგობრის ბანერთან მოდარაჯე მსახიობებმა ივანიშვილის ხელისუფლებას.“

ბ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2026 წლის 20 თებერვალი, დრო: 15:15 საათი

„ანდრო ჭიჭინაძის ბანერი ჩამოხსნილია. სულ ცოტა ხნის წინ მსახიობები ავიდნენ თეატრში უფრო მეტი დეტალის გასარკვევად, თუმცა მათ ადგილზე არც ბანერი დახვდათ, არც მისი ჩამომხსნელები და მათ შორის არც ის გადაღება, რომელიც ამ ქმედებას დაედო საფუძვლად. ამიტომ ეჭვგარეშეა ახლა ყველასთვის, რომ ქართული ოცნება ამ ფორმით ცდილობს კრიტიკული ხმა ჩააცხროს, ჩააქროს და არ მიეცეს, მათ შორის, არავის იმის უფლება რომ გაიგოს სიმართლე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით,  იქიდან გამომდინარე რომ ეს ყველაფერი უკავშირდება სამთავრობო მედია რუსთავი 2-ის ახალ პროექტს, რომელიც 10 მარტიდან დაიწყება, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის გუნდმა გადაწყვიტა, რომ სინდისის პატიმარი მსახიობის ბანერი გააქროს ფასადიდან იმისთვის, რათა ალტერნატიული რეალობა შესთავაზოს, მათ შორის, ამ ტელევიზიის მაყურებელს.“

გ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2026 წლის 20 თებერვალი, დრო: 20:11 საათი

„და აქვე ჩნდება კითხვა სად იყვნენ აქამდე. ბოლოს სოციალურად დაუცველთა ბაზა პანდემიამდე, დაახლოებით 4 წლის წინ გადამოწმდა. მთელი ამ დროის განმავლობაში კი არავინ ცდილობდა გაეგო ვინ და რა კრიტერიუმების საფუძველზე იღებდა ბიუჯეტიდან ფულს. რეალობა არის ის, რომ სოციალურ დახმარებას ოცნება არჩევნებიდან არჩევნებამდე იყენებდა როგორც პოლიტიკურ ბერკეტს და ეს დღეს პრაქტიკულად თავად დაადასტურეს. რა გათვლა აქვს ახლა ივანიშვილის პარტიას ლიკა ჯანყარაშვილი აგრძელებს თემაზე საუბარს.“

დ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2026 წლის 20 თებერვალი, დრო: 20:32 საათი

„ბიძინა ივანიშვილის რეპრესიულ პოლიტიკასთან დაკავშირებით ევროპარლამენტი კიდევ ერთ უმწვავეს რეზოლუციას დაამტკიცებს. ევროპელი პოლიტიკოსები უკვე ამზადებენ ანგარიშს, რომელშიც გაწერილი იქნება ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც ივანიშვილი ბოლო პერიოდის განმავლობაში დგამს ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ეს ანგარიში რამდენიმე კვირაში ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამტკიცდება, რომელიც შემდეგ უკვე ბუნებრივია ევროკომისიას რეაგირებისთვის გადაეცემა. ჩვენ ჩავწერეთ ექსკლუზიური ინტერვიუ ჰოლანდიელ ევროპარლამენტართან, რომელიც ასევე არის ამ რეზოლუციის მხარდამჭერი. თის როიტენი საუბრობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობაზე. როიტენი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს პირდაპირ, რომ ევროკავშირის რეაგირება ივანიშვილის პოლიტიკასთან დაკავშირებით არის დაგვიანებული და სანქციები, განსაკუთრებით ფინანსური სანქციები ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ჯერ კიდევ მაშინ უნდა დაეწესებინა ევროკომისიას, როდესაც დაამტკიცეს აგენტების შესახებ კანონი. ახლა მდგომარეობა გაცილებით უფრო მძიმეა, თუმცა ინტერვიუში ამბობს, რომ სავიზო სანქციები არ არის საკმარისი. აუცილებელია დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, მისი პრემიერის ირაკლი კობახიძის კაბინეტის წევრები, მათი ოჯახის წევრები და სანქციები იყოს ისეთი მკაცრი, რომ მათზე მოახდინოს სერიოზული ფინანსური ზარალი. შესაბამისად ევროპარლამენტარები ამ რეზოლუციითაც კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ევროკომისიას, რომ გაძლიერდეს წნეხი ივანიშვილის რეპრესიულ პოლიტიკაზე.“

ე) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2026 წლის 21 თებერვალი, დრო: 15:06 საათი

„პირველ რიგში, მინდა გითხრათ რომ ნიკა ჯაფარიძემაც დატოვა თეატრი. ეს არის მისი პროტესტის გამოხატვის მორიგი ფორმა, ამიტომ, კიდევ ერთი ადამიანი მიემატათ იმ მსახიობებს, რომლებიც ცდილობენ რომ ასე დაუპირისპირდნენ ქართული ოცნების ძალადობრივ რეჟიმსა და პოლიტიკას.“

ვ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2026 წლის 21 თებერვალი, დრო: 15:10 საათი

„ეს ბანერი, ანდრო ჭიჭინაძის, უკვე წელიწადზე მეტია იყო გადმოფენილი ვასო აბაშიძის ახალი თეატრის აივნიდან და ამ ფორმით უდასტურებდნენ ეს ადამიანები სოლიდარობასა და მხარდაჭერას მათ დაკავებულ მეგობარს და დანარჩენ სინდისის პატიმრებს, რადგან ქართული ოცნების მიერ მართულმა კულტურის სამინისტრომ საკუთარი მსახიობის ღირსების დაცვას არჩია ეს ბანერები. მაშინ მსახიობებმაც საკადრისი პასუხი გასცეს ამ გადაწყვეტილებას და ამ ფორმით დაუპირისპირდნენ რეჟიმს.“

ზ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2026 წლის 25 თებერვალი, დრო: 20:30 საათი

„კობახიძე ნავთობტერმინალის დასანქცირებას არ გამორიცხავს. საკითხი ამოწურული არ არის. ივანიშვილის პრემიერი ადასტურებს, რომ ევროკავშირს ინფორმაცია მიაწოდეს, თუმცა, სანქციები დღის წესრიგიდან არ მოხსნილა”.

თ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2026 წლის 25 თებერვალი, დრო: 20:43 საათი

„არ იქნება სამართალი - არ იქნება მშვიდობა. ფონად გესმით ეს შეძახილები. აქციის მონაწილეებს საერთოდ არ ჰქონდათ გეგმაში, რომ დღეს ტრადიციული საპროტესტო შეძახილები გაეჟღერებინათ, რადგან დღევანდელი დღე, მისი ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, არის აბსოლუტურად განსხვავებული, თუმცა, ქართული ოცნების პოლიციამ პროტესტის ყოველდღიურ მონაწილეებს სხვა არჩევანი პრაქტიკულად აღარ დაუტოვა, რადგან მათ მაქსიმალურად შეავიწროვეს საპროტესტო მარშის არეალი”.

ი) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2026 წლის 27 თებერვალი, დრო: 20:00 საათი

“ბრიტანულმა სანქციებმა ბიძინა ივანიშვილიც კი აიძულა ჩრდილიდან გამოსულიყო. მისივე მართული ტელევიზიების დასანქცირება ოლიგარქისთვის მძიმე გზავნილია. ამიტომ საგანგებოდ შეკრიბა პარტიის პოლიტსაბჭო, სადაც  ერთადერთი საკითხი განიხილებოდა: როგორ გადაარჩინონ იმედი და პოსტვ. ივანიშვილის გამოჩენას ჰქონდა სხვა მიზანიც: დასანქცირებული ტელევიზიების გამხნევება.“

კ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2026 წლის 2 მარტი, დრო: 20:48 საათი

„დასავლეთის იზოლაციის პირობებში ოცნება არჩევანს დიქტატორებზე აკეთებს. ეკონომიკაშიც ირანის წილის ზრდა ამის ნიშანია. „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ ამ შეძახილებსაც კი ირანის პარლამენტში ირაკლი კობახიძე უპრობლემოდ ისმენდა და ტერორისტების გვერდითაც იდგა.“

ლ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2026 წლის 2 მარტი, დრო: 20:58 საათი

„დეპოლარიზაცია და საზოგადოებაში სიძულვილის შემცირება, ეს არის ის, რაც თითქოს ქართულ ოცნებას სურს. ბოლო კვირეებში ყველაზე ხშირად ამ ფრაზებს იყენებენ. ახლა ოცნებას ამის რეალური შანსი აქვს სინდისის 11 პატიმრის საქმეზე, რომელიც თეთრი ძაფით არის ნაკერი და განაჩენი უნდა გადაიხედოს.“

მ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2026 წლის 9 მარტი

20:08 საათი - „სტუდენტები, კურსდამთავრებულები და პროფესორ მასწავლებლები შეეცდებიან ხმა გააგონონ ოცნების მინისტრს. ყველა თანხმდება, რომ დაანონსებული რეფორმა სასწავლებლისთვის განაჩენის ტოლფასია, ამიტომ ივანიშვილის პარტიისგან დაანონსებული ცვლილების უკან წაღებას ითხოვენ.“

20:09 საათი - „ქართული ოცნების ეგრეთწოდებული განათლების რეფორმის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება“.

ნ) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2026 წლის 9 მარტი

20:44 საათი - „აქტივისტებზე ნადირობის ღამე, დაკავების სერია თბილისის ცენტრში ამაღლების ქუჩაზე დაიწყო“.

20:44 საათი -  „თუმცა, ტერორი ღამის თბილისში ამით არ დასრულებულა.“

ო) ინფორმაციის გავრცელების თარიღი: 2026 წლის 11 მარტი

20:02 საათი - ჟურნალისტი ამბობს: „რომეო მიქაუტაძემ ღარიბაშვილთან ახლო კავშირები დაადასტურა, თუმცა, ოცნების სუსის ექს შეფს გრიგოლ ლილუაშვილს გაემიჯნა.“

მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N26-10-710; 23.03.2026); სიუჟეტების ამსახველი ვიდეოჩანაწერები.

51.  2026 წლის 9 მარტს, 20:08 საათზე, შპს „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში ახალი ამბების გადაცემაში „პირველები“ სიუჟეტში - „აქცია ილიაუნის მხარდასაჭერად“ ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში ჩართვით ავრცელებს ინფორმაციას საპროტესტო აქციიდან, სადაც აქციის მონაწილეები განათლების რეფორმას აპროტესტებენ. შემდეგ, ჩასმულია რამდენიმე ჩანაწერი, სადაც აქციის არა ერთი მონაწილე აკეთებს კომენტარს განათლების რეფორმისადმი მათი დამოკიდებულების შესახებ. ეს კომენტარები არ წარმოადგენს პირდაპირ ეთერს. სიუჟეტში არ არის ალტერნატიული პოზიცია წარმოჩენილი.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N26-10-710; 23.03.2026); სიუჟეტების ამსახველი ვიდეოჩანაწერები.

52. 2026 წლის 9 მარტს, 20:44 საათზე, შპს „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში, ახალი ამბების გადაცემაში „პირველები“ სიუჟეტში - „ხალხის დაშინების და ტერორის გზა?“ საუბარია პირის დაკავებაზე, რომელსაც ნარკოტესტმა დადებითი უჩვენა, თუმცა, შემდგომ პოლიციაში განმეორებითი ტესტი ჩაუტარეს და უარყოფითი პასუხის შემდეგ გაათავისუფლეს. სიუჟეტში წარმოდგენილია დაკავებული პირის პოზიცია, ასევე სამოქალაქო აქტივისტის და სხვადასხვა სპეციალისტების პოზიცია, რომლებიც საუბრობდნენ პროტოკოლის დარღვევებზე და პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე. არ არის ალტერნატიული პოზიცია წარმოჩენილი. გადმოცემულია მხოლოდ ერთ მხარის კომენტარები.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N26-10-710; 23.03.2026); სიუჟეტების ამსახველი ვიდეოჩანაწერები.

53. 2026 წლის 9 მარტს, 20:50 საათზე, შპს „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში გასულ ახალი ამბების პროგრამაში „პირველები“ ჟურნალისტი ამბობს: „გელაძის უწყებამ გვიან ღამით რეიდი მოაწყო ფილარმონიასთანაც. იქ ოთხი ადამიანი მხოლოდ იმის გამო გამოკეტეს, რომ კედელზე გიორგი ანწუხელიძის სტენსილს ხატავდნენ. საზოგადოებრივი ზეწოლის შემდეგ აქტივისტები გაათავისუფლეს [...].“ აღნიშნულის შემდეგ არის გათავისუფლებული პირის ჩართვა, რომელიც თავად აღნიშნავს, რომ ეს არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რის გამოც ის იყო დაკავებული, რაზეც არაერთხელ აქვთ უკვე ჯარიმა გამოწერილი. ასევე ამბობს, რომ ეს საქმე გადაეცემა მერიას.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N26-10-710; 23.03.2026); სიუჟეტების ამსახველი ვიდეოჩანაწერები.

54.  2026 წლის 10 მარტს, 21:24 საათზე, შპს „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში გასულ ახალი ამბების პროგრამაში „პირველები“ ჟურნალისტი ამბობს: „მოწმეები ბრალდებულებს ვერ ცნობენ, ხელი ვერცერთს  დაადეს. თუმცა, პროკურორი მოსამართლის ნაცვლად ამბობს, რომ განაჩენი გამამტყუნებელი   იქნება.“  შემდეგ   ნაჩვენებია   ინტერვიუ   პროკურორთან,   რომელიც   აცხადებს: „საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით ბრალდების მხარის პოზიცია არის ურყევი და უცვლელი. პირველ რიგში ბრალდების მხარეს საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გონივრული მოლოდინი აქვს გამამტყუნებელი განაჩენის.“

მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N26-10-710; 23.03.2026); სიუჟეტების ამსახველი ვიდეოჩანაწერები.

55. შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ გამოყენებულა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის.

მტკიცებულება:  მონაცემები   კომისიის ავტორიზებული პირების უწყებრივი  რეესტრიდან შპს „ტელეკომპანია პირველის“ შესახებ.

III. სამართლებრივი შეფასება

3.1. მაუწყებლობის მიუკერძოებლობის რეგულირება

56. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით კომისიის მიერ აღსრულებას ექვემდებარება შინაარსობრივი მოთხოვნა, როგორიც არის მაუწყებლის მიუკერძოებლობა. მიუკერძოებლობა მაუწყებლობის და ზოგადად მედიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია. მიუკერძოებლობის პრინციპი მოითხოვს, რომ მაუწყებელმა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები გააშუქოს სათანადო ობიექტურობით და უზრუნველყოს, რომ საჯარო დისკუსიის არცერთ მხარეს არ მიენიჭოს უპირატესობა. მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა შესაძლებელია შესაბამისი სარედაქციო  ხერხების  გამოყენებით.  აღნიშნული  პრინციპის  ცალკეული  მოთხოვნები გაწერილია „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამის დებულებებში5.

57.  „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა. მიუკერძოებლობის პრინციპის უმთავრესი შემადგენელი კომპონენტია ბალანსის დაცვა. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის  დავის  გაშუქებისას  მაუწყებელმა  უნდა  უზრუნველყოს  ბალანსის  დაცვა  თითოეულ 5 კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაცია ,,გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა,  საგანგებო  ვითარების გაშუქება“. http://www.comcom.ge/ge/regulation/mediamomsaxureba/broadcasting/broadcasting-sakonsultacio-dokumentebi-da-sxva-masalebi/gzamkvlevi-mauwyeblobis-shinaarsobrivi-motxovnebis-taobaze.page- - გვ.15

პროგრამაში ან პროგრამების ციკლის განმავლობაში. მაუწყებელმა ყველა საგულისხმო მოსაზრება მიუკერძოებლად და არადისკრიმინაციულად უნდა წარმოაჩინოს. მიუკერძოებლობის პრინციპი ასევე მოითხოვს, რომ მაუწყებელმა გამოავლინოს მიუკერძოებლობა ახალი ამბებისა და ცალკეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში და არ გამოხატოს საკუთარი პოზიცია. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის განმარტებითი ბარათში მითითებულია, რომ „იზღუდება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) პოზიციის გამოხატვა.“6

58. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა.

59.  „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-3   მუხლის   პირველი პუნქტის მიხედვით, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. ამავე მუხლის მე-2  პუნქტის  თანახმად, კი - მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკისა და საქართველოსთვის იურიდიული ძალის მქონე სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.

60. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით კი - მედიაპლურალიზმის დაცვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აზრის გამოხატვის თავისუფლების რეალიზების, მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მომხმარებელთა და მეწარმეთა უფლებების დასაცავად შექმნილი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობა გარანტირებულია კანონით.

61. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის  თავისუფლებით  დაცულია  არა  მხოლოდ  ის  „ინფორმაცია“  და  „იდეები“,  რომლებიც 6 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N 07-3/29/11, 2 სასურველად არის მიღებული ან აღიქმება როგორც უწყინარი და ინდიფერენტული, არამედ - ისეთებიც, რომელიც შეურაცხმყოფელი, შემაწუხებელი და შოკისმომგვრელია სახელმწიფოსთვის ან მოსახლეობის რომელიმე ნაწილისთვის.7     ამასთან, კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა არ გამორიცხავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, როდესაც ილახება სხვა ადამიანის უფლებები და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესები.

62.  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები საზოგადოებისა და ინდივიდების მიერ ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების, აზრის ფორმირების ერთ-ერთი ცენტრალური, ფართომასშტაბიანი და ეფექტური პლატფორმაა. სწორედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შეუფერხებელი, ავტონომიური, ჯეროვანი და დამოუკიდებელი საქმიანობა განაპირობებს საზოგადოებისა და თითოეული ინდივიდის მიერ აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკულ და ეფექტურ რეალიზაციას.8   სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, ისეთ სენსიტიურ სექტორში, როგორიც არის აუდიოვიზუალური მედია, ჩაურევლობის ნეგატიურ მოვალეობასთან ერთად, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, შექმნას შესაბამისი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტურ პლურალიზმს.9

63. სტრასბურგის სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, მაუწყებლების გამოხატვის თავისუფლება შესაძლებელია ლეგიტიმურად შეიზღუდოს, როდესაც ეს აუცილებელია ინფორმაციის პლურალიზმის დასაცავად, აგრეთვე გავლენიან მედია პლატფორმებზე სამართლიანი და თანასწორი დემოკრატიული დისკურსის უზრუნველსაყოფად. 10 მაუწყებლის მიუკერძოებლობის პრინციპი ემსახურება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დემოკრატიული დებატის სანდოობის დაცვას იმგვარად, რომ არ მოხდეს სამაუწყებლო მედია პლატფორმების მიტაცება ვიწროპარტიული ინტერესების გამტარებელი ძლიერი ფინანსური ან გავლენიანი ჯგუფების მიერ. საერთაშორისო გამოცდილების  გათვალისწინებით,  მიუკერძოებლობის  პრინციპიდან  გამომდინარე ვალდებულებები ასრულებს უმთავრეს როლს, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მიუკერძოებელ და ზუსტ ინფორმაციაზე წვდომა და მოსაზრებებისა და პერსპექტივების ფართო სპექტრის გაცნობის შესაძლებლობა. ეს ვალდებულებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სათანადოდ ინფორმირებულ დემოკრატიულ დებატებს11.

64. ამავდროულად, სამაუწყებლო მედიას დემოკრატიულ საზოგადოებაში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდია მაუწყებლების როლი საზოგადოების ინფორმირებისა და საჯარო მმართველობის პროცესზე მეთვალყურის (“watchdog”) ფუნქციის შესრულებაში.12      სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,  რომ  სამაუწყებლო  მედიას  შეეძლოს  გამოიკვლიოს  და  გააშუქოს  ნებისმიერი 7 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, საჩივარი No. 5493/72, § 498 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-71,72, ასევე იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის №2/6/1311 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ ხახალევი და დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-589  ევროპის  ადამიანის  უფლებათა  სასამართლოს  გადაწყვეტილება  საქმეზე  „ცენტრო  ევროპა  7 ს.რ.ლ. და  დი  შტეფანო იტალიის წინააღმდეგ” [GC] - საჩივარი No. 38433/09, § 134. 10 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ANIMAL DEFENDERS INTERNATIONAL გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ [GC] - საჩივარი No 48876/08, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სიგმა რადიო ტელევიზია კვიპროსის წინააღმდეგ“, საჩივრები No. 32181/04 და 35122/05 11 Communications White Paper –  A  New Future for Communications, December 2000, https://webarchive.nationalarchives.gov.uk/20100407160140/http://www.culture.gov.uk/images/publication s/communicationswhitepaper_fullreport.pdf,  section  6.6.1,  Issue  369  of  Ofcom’s Broadcast  and  On  Demand  Bulletin  20 December 2018, 21 12  ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის 1994 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „იერსილდი დანიის წინააღმდეგ“, საჩივარი No.1589/89, საკამათო საკითხი, ასევე საზოგადოების წევრებს მისცეს შესაძლებლობა, გამოხატონ კრიტიკული მოსაზრებები საზოგადოებისთვის მნიშნელოვან  ამა თუ იმ საკითხზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამაუწყებლო მედიამ დაიცვას მიუკერძოებლობის პრინციპი, ზუსტად და მიუკერძოებლად გადასცეს ყველა ფაქტი და საგულისხმო მოსაზრება.

65. ყოველივე   ზემოაღნიშნულიდან   გამომდინარე,   ყოველ   კონკრეტულ   შემთხვევაში,   კომისია, გაითვალისწინებს მაუწყებლისა და აუდიტორიის გამოხატვის თავისუფლების დაცვის ინტერესს, რომ      მაუწყებელს     ჰქონდეს     ლეგიტიმური     შესაძლებლობა,     შეასრულოს     საზოგადოებრივი მეთვალყურის ფუნქცია და მწვავედ, კრიტიკულად გააშუქოს ნებისმიერი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენა და მოსაზრება. მეორე მხრივ, ასევე მხედველობაში მიიღება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ ინტერესი, რომ სამაუწყებლო მედიამ დაიცვას მიუკერძოებლობა და ხელი შეუწყოს ინფორმირებულ დემოკრატიულ დებატს.

3.2. ახალი ამბების/საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროგრამაში მაუწყებლის მოსაზრების გამოხატვის შეზღუდვა

66. როგორც აღინიშნა, მიუკერძოებლობის პრინციპის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონი ზღუდავს მაუწყებლის შესაძლებლობას, ახალი ამბებისა და ცალკეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ან/და მიმდინარე მოვლენები  გააშუქოს მიკერძოებულად, საკუთარი  შეხედულების მიხედვით. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. ამგვარი განმარტება ასევე გამომდინარეობს კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდანაც, რომლის მიხედვითაც, „იზღუდება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო  პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) პოზიციის გამოხატვა.“13

67. მაუწყებლის პოზიციის გამოხატვის შეზღუდვა ემსახურება მაუწყებლისა და საზოგადოებრივ- პოლიტიკური დისკურსის დაცვას, რათა აღიკვეთოს ვიწროპარტიული ინტერესების გამტარებელი ძლიერი ფინანსური ან გავლენიანი ჯგუფების მიერ მაუწყებლის მეშვეობით საზოგადოებრივ აზრზე არასათანადო ზემოქმედება. ამასთან, აღნიშნული დებულების მიზანია, არ დაუშვას მაუწყებლის მესაკუთრის მიერ მისი სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფა და მაუწყებლის გამოყენება მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე კონკრეტული ინტერესთა ჯგუფისთვის ხელსაყრელი მოსაზრებების გავრცელებისათვის, რაც საბოლოო ჯამში არასათანადო გავლენას ახდენს პოლიტიკურ დისკურსსა და დემოკრატიულ დებატზე.14 13  განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N 07-3/29/11, 2 14 კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაცია ,,გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება“. http://www.comcom.ge/ge/regulation/mediamomsaxureba/broadcasting/broadcasting-sakonsultacio-dokumentebi-da-sxva-masalebi/gzamkvlevi-mauwyeblobis-shinaarsobrivi-motxovnebis-taobaze.page- - გვ.17

68. ამასთან, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, მაუწყებლის მიერ რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვის შეზღუდვა ვრცელდება ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებზე (გარდა საავტორო პროგრამებისა). განსახილველ შემთხვევაში მაუწყებლის პოზიციის, მოსაზრების გამოხატვა მოხდა ახალი ამბების პროგრამაში. აღსანიშნავია, რომ არც მაუწყებელი ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ სადავო ფრაზები გავრცელდა ახალი ამბების პროგრამაში.

69. კომისიის მიერ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მაუწყებლის პოზიციის გამოხატვა შეფასდება ინდივიდუალური გარემოებების ანალიზის გზით. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია იმის დადგენა, პოზიციას გამოხატავს თუ არა მაუწყებლის წარმომადგენელი და არის თუ არა გამოხატული რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიცია.

70.  განსახილველ შემთხვევაში სადავო ფრაზები გამოთქმულია მაუწყებლის წარმომადგენლების, ახალი ამბების პროგრამის წამყვანების/ჟურნალისტების მხრიდან. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას ის გარემოება, რომ ფრაზები მაუწყებელს შეერაცხება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, სახეზე იყოს მოსაზრების გამოხატვა და არა ფაქტის კონსტატაცია. ამა თუ იმ ფაქტის გადმოცემა, ცხადია, არ მიიჩნევა პოზიციის გამოხატვად.

71. შპს „ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენელთა მიერ კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა- განმარტების თანახმად, სადავო ფრაზები ცალკეულ შემთხვევებში წარმოადგენდნენ მსახიობების მოსაზრებებს, რომლებიც გაშუქდა სიუჟეტში, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში - საერთაშორისო შეფასების ციტირებას და არა მაუწყებლისა და ჟურნალისტების მოსაზრებას. კომისიის მიერ დგინდება, რომ მაუწყებლის წარმომადგენლების, ახალი ამბების პროგრამის წამყვანების/ჟურნალისტების მიერ ახალი ამბების პროგრამაში „პირველები“ წარმოთქმულია შემდეგი სადავო ფრაზები: „ოლიგარქის პარტიამ“,  „ამიტომ ეჭვგარეშეა ახლა ყველასთვის, რომ ქართული ოცნება ამ ფორმით ცდილობს კრიტიკული ხმა ჩააცხროს, ჩააქროს და არ მიეცეს მათ შორის არავის იმის უფლება რომ გაიგოს სიმართლე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით“, „როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილის გუნდმა გადაწყვიტა, რომ სინდისის პატიმარი მსახიობის ბანერი გააქროს ფასადიდან იმისთვის, რათა ალტერნატიული  რეალობა შესთავაზოს მათ შორის ამ ტელევიზიის მაყურებელს“, „რეალობა არის ის, რომ სოციალურ დახმარებას ოცნება არჩევნებიდან არჩევნებამდე იყენებდა როგორც პოლიტიკურ ბერკეტს“, „რეპრესიულ პოლიტიკასთან“, „ივანიშვილის რეპრესიულ პოლიტიკაზე“, „ქართული ოცნების ძალადობრივ რეჟიმსა და პოლიტიკას“, „დანარჩენ სინდისის პატიმრებს, რადგან ქართული ოცნების მიერ მართულმა კულტურის სამინისტრომ“, „რეჟიმს“, „ივანიშვილის პრემიერი“, „ქართული ოცნების პოლიციამ“, „მისივე  მართული ტელევიზიების დასანქცირება ოლიგარქისთვის მძიმე გზავნილია“, „ოცნება არჩევანს დიქტატორებზე აკეთებს“, „ამ შეძახილებსაც კი ირანის პარლამენტში ირაკლი კობახიძე უპრობლემოდ ისმენდა და ტერორისტების გვერდითაც იდგა“, „ახლა ოცნებას ამის რეალური შანსი აქვს სინდისის 11  პატიმრის საქმეზე, რომელიც თეთრი ძაფით არის  ნაკერი და  განაჩენი უნდა გადაიხედოს“, „ოცნების მინისტრს“, „ეგრეთწოდებული  განათლების რეფორმის“, „აქტივისტებზე ნადირობის ღამე“, „თუმცა, ტერორი ღამის თბილისში ამით არ დასრულებულა“ და „ოცნების სუსის“ . აღნიშნული  ფრაზები,  მათი კონტექსტის, გავრცელების ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით,   წარმოადგენს მაუწყებლის მიერ    პირადი დამოკიდებულებისა და მოსაზრების საფუძველზე ახალი ამბების გაშუქებას. გასათვალისწინებელია, რომ მაუწყებლის წამყვანების/ჟურნალისტების მიერ წარმოთქმული სადავო ფრაზები გამოხატულია როგორც მათი საკუთარი მოსაზრებები, დამოკიდებულება და არა მესამე პირთა შეფასებები. შესწავლილი სიუჟეტებიდან ასევე, არ დგინდება საერთაშორისო შეფასებების ციტირების ფაქტიც. აღნიშნულთან დაკავშირებით მაუწყებელმა მხედველობაში უნდა მიიღოს, რომ საერთაშორისო შეფასებების ციტირება დასაშვებია, თუკი ახალ ამბებში ხდება ამ საერთაშორისო შეფასებების გაშუქება, ხოლო თუ საერთაშორისო შეფასება არ წარმოადგენს გასაშუქებელ ინფორმაციას და მასთან კავშირში არ არის, ამასთანავე, გამოიყენება მხოლოდ ახალ ამბებში განსაზღვრული ტერმინის გამოყენების გამართლების მიზნით, მაუწყებლის მიერ ვერ იქნება დაცული ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის კანონისმიერი მოთხოვნა.

72. ყოველივე  ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე,  მაუწყებლის  მიერ  ახალი  ამბების  პროგრამაში ინფორმაცია გაშუქებულია მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების, მოსაზრების საფუძველზე, რითაც დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა.

3.3. ახალი ამბების/საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროგრამაში მაუწყებლის მიერ ბალანსის დაცვა

73. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,   ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებისას მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ბალანსის დაცვა თითოეულ პროგრამაში ან პროგრამების ციკლის განმავლობაში. ბალანსის დაცვის მოთხოვნა მიუკერძოებლობის პრინციპის ცენტრალური კომპონენტია. მისი მიზანია, აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით არსებული თითოეული საგულისხმო მოსაზრება თანასწორად და დაბალანსებულად მიეწოდოს საზოგადოებას, რომელიც შემდგომ შეძლებს, ინფორმირებულად მიიღოს მონაწილეობა დემოკრატიულ პროცესებში, მათ შორის, საზოგადოებრივ დისკუსიასა და არჩევნებში. საზოგადოების თითოეულ წევრს უფლება აქვს, ჩართული იყოს დემოკრატიული მმართველობის პროცესში და უნდა ჰქონდეს წვდომა ყველა საგულისხმო მოსაზრებაზე, რომელიც მას მისცემს ინფორმირებული პოზიციის ჩამოყალიბების შესაძლებლობას. თითოეული მაუწყებლის ეთერში აუდიტორიას უნდა მიუწვდებოდეს ხელი ყველა საგულისხმო კონტრასტულ შეხედულებაზე, რათა შეძლოს დემოკრატიულ პროცესებში სრულყოფილად ჩართვა.

74. მიუკერძოებლობის პრინციპი და ბალანსის მოთხოვნა არ უზღუდავს მაუწყებელს შესაძლებლობას, გააშუქოს რომელიმე მოსაზრება იმ პირობით, რომ სიზუსტის დაცვით და ადეკვატურად იქნება ასახული ყველა სხვა ალტერნატიული შეხედულება. ბალანსის მოთხოვნა ვრცელდება ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებაზე. მოთხოვნა შეეხება პოლიტიკურ, ინდუსტრიულ ნებისმიერ სხვა საკითხზე არსებულ საკითხს, რომელზეც პოლიტიკოსებს, ინდუსტრიას ან/და საზოგადოების წევრებს აქვთ დისკუსია. ბალანსის მოთხოვნა გულისხმობს მაუწყებლის ვალდებულებას, რომ საზოგადოებას დაბალანსებულად და თანაბრად წარუდგინოს საკითხთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო მოსაზრება.

75. განსახილველ შემთხვევაში, 2026 წლის 9 მარტს, 20:08 საათზე, შპს „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში ახალი ამბების გადაცემაში „პირველები“ სიუჟეტში - „აქცია ილიაუნის მხარდასაჭერად“, სადაც ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში ჩართვით ავრცელებს ინფორმაციას საპროტესტო აქციიდან, ჩანაწერების სახით წარმოდგენილია მხოლოდ აქციის მონაწილეთა კომენტარები განათლების რეფორმის მიმართ მათი დამოკიდებულების შესახებ და არ არის წარმოჩენილი ალტერნატიული მოსაზრება (მაგალითად, ალტერნატიული შეხედულების მქონე განათლების სფეროს წარმომადგენლის, განათლების  სამინისტროს  ან  მთავრობის  წარმომადგენლის  მოსაზრება).  ასევე, 2026 წლის 9 მარტს, 20:44 საათზე, შპს „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში, ახალი ამბების გადაცემაში „პირველები“   სიუჟეტში  -  „ხალხის დაშინების და ტერორის გზა“ წარმოჩენილია მხოლოდ ნარკოტესტის შედეგების გამო დაკავებული და შემდგომ გათავისუფლებული პირის, სამოქალაქო აქტივისტისა და სხვადასხვა სპეციალისტის პოზიცია პროტოკოლის დარღვევისა და პოლიციის მხრიდან ზეწოლის საკითხზე და არ არის წარმოჩენილი ალტერნატიული პოზიცია (მაგალითად, პოლიციის კომენტარი). ასევე, სიუჟეტში არ არის წარმოდგენილი ჟურნალისტის მცდელობა დაუსვას შეკითხვები პოლიციელს.

76. შპს „ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენელთა მიერ კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა- განმარტების თანახმად, მაღალი თანამდებობის პირები, „ქართული ოცნების“ წევრები უარს აცხადებენ მაუწყებლისთვის ინტერვიუს მიცემაზე. ასევე, პოლიცია, როგორც წესი, უარს აცხადებს კომენტარის გაკეთებაზე. შპს „ტელეკომპანია პირველის“ განცხადებით (2026 წლის 7 აპრილის წერილი Nშ-26-6/3624) სიუჟეტში „აქცია ილიაუნის მხარდასაჭერად“ გაშუქებული საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს საპასუხო განცხადება ან განმარტება არ გაუვრცელებია და მსვლელობის დასრულების შემდეგ სამინისტროდან არავინ გამოსულა. ასევე, მაუწყებელი უთითებს, რომ სიუჟეტში პირდაპირი ჩართვა ხორციელდებოდა მსვლელობიდან. კომისია აღნიშნავს, რომ სიუჟეტში მართლაც ჰქონდა ადგილი პირდაპირ ჩართვას საპროტესტო მსვლელობიდან, თუმცა, სიუჟეტი იყო დამონტაჟებული და შეიცავდა აქციის მონაწილეების კომენტარების ვიდეოჩანაწერებს. ამასთანავე, სიუჟეტში ჟურნალისტებს არ უთქვამთ, რომ მათ ჰქონდათ ალტერნატიული მოსაზრების მოპოვების მცდელობა და მაუწყებელს არც კომისიაში წარმოუდგენია ასეთი მტკიცებულება.

77. ამასთანავე, შპს „ტელეკომპანია პირველის“ განმარტებით, სიუჟეტში - „ხალხის დაშინების და ტერორის გზა“ გაშუქებული ინფორმაციის თაობაზე მაუწყებელს, კერძოდ, ახალი ამბების სამსახურს ჰქონდა კომუნიკაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. თუმცა, უწყებას არ გაუვრცელებია განცხადება საჯაროდ გამოთქმულ ბრალდებაზე, რაც დასტურდება სამინისტროს ვებგვერდით, სადაც 8 და 9 მარტის მდგომარეობით არ იძებნება არცერთი საჯარო განცხადება ამ თემაზე. კომისია აღნიშნავს, რომ მაუწყებელს კომისიაში არ წარმოუდგენია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კომუნიკაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

78. კომისია აღნიშნავს, მიუკერძოებლობის პრინციპის დასაცავად საკმარისი არ არის სადავო საკითხთან დაკავშირებით ადამიანებისთვის, ორგანიზაციებისთვის, ინსტიტუტებისთვის ან ორგანოებისთვის პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობის მინიჭება (თუმცა შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიერ ვერც აღნიშნული შესაძლებლობის მინიჭების ფაქტი დადასტურდა). თუ სუბიექტები, რომელთა შეხედულების წარმოჩენა აუცილებელია პროგრამის მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად, რაიმე მიზეზით უარს აცხადებენ პროგრამაში მონაწილეობაზე ან/და საჯაროდ არ არის ხელმისაწვდომი მათი პოზიცია სადავო საკითხზე, მაუწყებელმა უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა მოიპოვოს და დაბალანსებულად გააშუქოს მათი მოსაზრებებიც, მათ შორის, პროაქტიულად მიმართოს ასეთ სუბიექტებს ალტერნატიული მოსაზრების მოპოვების მიზნით, ხოლო წარუმატებელი მცდელობის შემთხვევაში, სიუჟეტში განაცხადოს, რომ ჰქონდა ასეთი პოზიციის მოპოვების მცდელობა და გამოიყენოს სხვადასხვა სარედაქციო ხერხი, მიუკერძოებლობის დასაცავად (მაგალითისთვის იხ. კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაცია ,,გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება“ - გვ. 19).

79. ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე,  ორივე  განსახილველ  სიუჟეტში,  მაუწყებელი  არ  იცავს მიუკერძოებლობის პრინციპს, რადგან ინფორმაციის გაშუქებისას ერთ მხარეს ანიჭებს უპირატესობას და არ იცავს ბალანსს, რადგან საკითხთან დაკავშირებით გადმოცემულია მხოლოდ ერთი მხარის პოზიცია. შესაბამისად, სიუჟეტები არ იყო დაბალანსებული და არ იყო წარმოდგენილი საკითხთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო მოსაზრება. ამდენად, მაუწყებლის  მიერ დარღვეულიან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტები.

3.4. მაუწყებლის მიერ ჯეროვანი სიზუსტის დაცვის ვალდებულება

80. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებს მაუწყებლის ვალდებულებაზე, რომ ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით. ჯეროვანი სიზუსტე მაუწყებლობის და ზოგადად მედიის საქმიანობის უმთავრესი პრინციპია და პირდაპირ უკავშირდება მედიის დანიშნულებას - საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი, სათანადოდ გადამოწმებული ინფორმაცია. აღნიშნული პრინციპის მიზანია, აუდიტორიას ჰქონდეს ნდობა, რომ მაუწყებელი ახალ ამბებსა და ფაქტობრივ ინფორმაციას გადასცემს სათანადო სიზუსტით. ეს ნდობა მაუწყებლისა და აუდიტორიის ურთიერთობის ქვაკუთხედია.

81. დასახელებული საკანონმდებლო დებულება მიუთითებს „ახალ ამბებსა“ და „ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციაზე“. შესაბამისად, ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის მოთხოვნა ვრცელდება ნებისმიერ სამაუწყებლო პროგრამაზე, რომლითაც გადმოიცემა ახალი ამბები მიმდინარე მოვლენების შესახებ ან ფაქტებზე დაფუძნებული ნებისმიერი ინფორმაცია.

82.  2026 წლის 9 მარტს, 20:50 საათზე, შპს „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში გასულ ახალი ამბების პროგრამაში „პირველები“, მაუწყებელმა იმგვარად წარმოაჩინა ინფორმაცია თითქოს   პირები იმის გამო დააკავა პოლიციამ, რომ მათ კონკრეტული პირის, საქართველოს ეროვნული გმირის - გიორგი ანწუხელიძის სტენსილი დახატეს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1502-ე  მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილებზე, ხოლო ჟურნალისტის მიერ სიუჟეტი ისეა მომზადებული, თითქოს პირის დაკავება, კონკრეტული პიროვნების, საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სტენსილის დახატვამ გამოიწვია. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამავე სიუჟეტში, პირი, რომელიც აღნიშნული სამართალდარღვევის გამო იყო დაკავებული და შემდგომ გაათავისუფლეს, თავად აცხადებს, რომ მის მიერ ჩადენილი იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და მსგავსი ქმედებისთვის მას არაერთხელ დაეკისრა ჯარიმა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1502-ე    მუხლით აღნიშნული ქმედების ჩადენა იწვევს დაჯარიმებას. მაუწყებელმა კი, მომხდარი მოვლენის შესახებ ინფორმაცია იმგვარად წარმოაჩინა, თითქოს დაკავებული პირები საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად გაათავისუფლეს. მიუხედავად იმისა, რომ შპს „ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენელმა კომისიის სხდომაზე აღნიშნა, რომ როდესაც ჟურნალისტი საუბრობს საზოგადოებრივ ზეწოლაზე, ის აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ზეწოლის „შემდეგ“ აქტივისტები გაათავისუფლეს, ხოლო ტერმინი „შედეგად“ სიუჟეტში არ გამოყენებულა,  კომისია აღნიშნავს, რომ სიუჟეტში ტერმინის „შემდეგ“ გამოყენება არ ცვლის გავრცელებული ინფორმაციის კონტექსტს, რადგან აღნიშნული სიტყვის გამოყენების კონტექსტი ქმნიდა განცდას, რომ საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად გაათავისუფლეს აქტივისტები. ამასთან, სიუჟეტში პროტესტი ან აქცია ამ პირების გათავისუფლების მიზნით ნაჩვენები არ ყოფილა. შესაბამისად, ინფორმაციის გავრცელებისას არ იყო დაცული ფაქტის ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის მოთხოვნა.

83.  2026 წლის 10 მარტს, 21:24 საათზე, შპს „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში გასულ ახალი ამბების პროგრამაში „პირველები“ სიუჟეტში მაუწყებელმა ინფორმაცია იმგვარად წარმოაჩინა თითქოს პროკურორი მოსამართლის ნაცვლად აცხადებს გადაწყვეტილებას. გავრცელებული ინფორმაციით მაუწყებელი ქმნის შთაბეჭდილებას თითქოს პროკურორმა წინასწარ იცის თუ რა იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა სიუჟეტშივე ჩანს, პროკურორის განცხადებიდან, რომ ის მხოლოდ მის მოლოდინს გამოხატავს, რომ განაჩენი გამამტყუნებელი იქნება. ჟურნალისტმა პროკურორის ნათქვამის კონტექსტი შეცვალა და მისი ნათქვამი უარყოფითად წარმოაჩინა. შესაბამისად, სიუჟეტში ფაქტები ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნის დაცვით არ არის გადაცემული.

84. ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე,  მაუწყებლის  მიერ  დარღვეულია  „მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტი.

4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

85.  ამრიგად,  კომისიის  მიერ  დგინდება,  რომ  შპს  „ტელეკომპანია  პირველის“  მიერ  დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტი და 54-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტები. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე მუხლის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.

86. აღსანიშნავია, რომ შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამავე კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 54-ე მუხლის პირველის, მე-4 და მე-5 პუნქტების დარღვევისათვის შპს „ტელეკომპანია პირველს“ უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 52-ე მუხლის პირველი პუნქტის, 54-ე    მუხლის    პირველი,    მე-4    და    მე-5    პუნქტების,    71-ე    მუხლის    პირველი    პუნქტის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. შპს „ტელეკომპანია პირველს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის და 54-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების დარღვევის გამო.

2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება;

5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

6. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

გოგა  გულორდავა       თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე          წევრი

ნათია კუკულაძე          წევრი

ივანე მახარაძე             წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები