წვდომის მენიუ

შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-26-18 / 162

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 14, 2026 23:38

მიღების თარიღი აპრილი 08, 2026

შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

მაუწყებელი: შპს ,,ტელეიმედი“

სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევა

წარმოების დაწყების  საფუძველი: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№26-10-719,23.03.2026)

კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 2 და 8 აპრილი

I.  აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (№26-10-719,23.03.2026) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეიმედის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის მიზნით.

2. მოხსენებით ბარათში აღნიშნულია,  რომ შპს „ტელეიმედის“   ახალი ამბების პროგრამების „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, მიმდინარე წლის 25 თებერვლიდან 11 მარტის ჩათვლით პერიოდული მონიტორინგის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოვლინდა: ა) 25 თებერვალს, ახალი ამბების პროგრამაში -   „ქრონიკა“, 20:07 სთ-ზე, განთავსდა სიუჟეტი, სადაც ჟურნალისტი გადმოცემს: „დიდი ჟრიამულია გაბანკროტებულ ოპოზიციაშიც, მათგან მხოლოდ ბრალდებებს ვისმენთ და ვერაფერს მტკიცებულებების სახით, ზუსტად ისე, როგორც ბრიტანეთიდან“ (იხ. ვიდეოჩანაწერი ბმულზე   -  გაბანკროტებულიოპოზიცია.mp4);  ბ) 26 თებერვალს, ახალი ამბების პროგრამაში - ,,ქრონიკა“, 20:16 სთ-ზე, განთავსდა სიუჟეტი, სადაც ჟურნალისტი ამბობს: „ომს, როგორც შესაძლებლობის ფანჯარას საქართველოსთვის მხოლოდ უკრაინაში არ ითხოვდნენ. მეორე ფრონტისთვის ქვეყნიდანაც იბრძოდნენ. იდეის მხარდამჭერები იყვნენ არა მხოლოდ პოლიტიკოსები და აქტივისტები, ასევე პროპაგანდისტული ოპოზიციური არხების ჟურნალისტები და  სხვადასხვა  სფეროს  წარმომადგენლები“.  ნაციონალური მოძრაობის  წარმომადგენელი  ლაშა ფარულავა ამბობს: „დემოკრატიული ოპოზიცია მუდმივად ითხოვდა იმას, რომ არ დაზიანებულიყო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი“. ჟურნალისტი გადმოცემს: „ნაციონალურ მოძრაობაში პოლიტიკური ამნეზია მძიმე ფორმებს იღებს. პარტია, რომელიც ხელისუფლებისგან რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს უკრაინაში ქართველი მებრძოლების გაგზავნას ითხოვდა, დღეს საკუთარ განცხადებებს უარყოფს“ (იხ. ვიდეოჩანაწერი ბმულზე -  ნაციონალების პოლიტიკური ამნეზია.mp4); გ) 9 მარტს, ახალი ამბების პროგრამაში - ,,ქრონიკა“, 20:10 სთ-ზე, წამყვანი ამბობს: „საქართველოს მიმართ მძიმე და უსაფუძვლო ბრალდებების ავტორი ქვეყნიდან წავიდა. გივი თარგამაძემ პოლონეთიდან მისმა თანამოაზრე მხარდამჭერებმა კი თბილისიდან სცადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაცია და ამ გზით თარგამაძის დაბარების მიზეზის გადაფარვა (იხ. ვიდეოჩანაწერი ბმულზე -  უსაფუძვლობრალდებები.mp4)დ) 11 მარტს, ახალი ამბების პროგრამაში - ,,ქრონიკა“, 20:15 სთ-ზე, წამყვანი ამბობს: „გრიფით საიდუმლოდ დაფარულ და მრავალტომიან მძიმე საქმეს სააკაშვილის მხარდამჭერები და ოპოზიციის მედია ამ დრომდე ეგრეთწოდებულ   პიჯაკების   საქმედ   წარმოაჩენს   (იხ.   ვიდეოჩანაწერი   ბმულზე   -    ოპოზიციის მედია.mp4)

3. მოხსენებით ბარათში აღნიშნულია,  რომ მიუკერძოებლობის პრინციპის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ზღუდავს მაუწყებლის შესაძლებლობას, ახალი ამბებისა და ცალკეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ან/და მიმდინარე მოვლენები გააშუქოს მიკერძოებულად, საკუთარი შეხედულების მიხედვით.1  კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. ამგვარი განმარტება, ასევე გამომდინარეობს კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდანაც, რომლის მიხედვითაც, „იზღუდება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) პოზიციის გამოხატვა“.2

4. მოხსენებით ბარათში მითითებულია, რომ კომისიის მიერ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მაუწყებლის პოზიციის გამოხატვა ფასდება ინდივიდუალური გარემოებების ანალიზის გზით. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია იმის დადგენა, პოზიციას გამოხატავს თუ არა მაუწყებლის წარმომადგენელი და არის თუ არა გამოხატული რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიცია.3  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით, ასევე იკრძალება მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. შესაბამისად, შეზღუდულია არა მხოლოდ მაუწყებლის პოზიციის გამოხატვა, არამედ - მაუწყებლის პოზიციის შესაბამისად, პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების და საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება. მაუწყებელმა აღნიშნული საკითხების გაშუქებისას  უნდა  დაიცვას  თვალსაზრისობრივი ნეიტრალიტეტი და 1კომისიის გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, გვ.16. 2განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N 07-3/29/11, გვ.2.3  იხ. კომისიის 2025 წლის 3 ივლისის N გ-25-16/355 გადაწყვეტილება „შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“, კომისიის 2025 წლის 3 ივლისის N გ-25-16/354 გადაწყვეტილება „შპს „მთავარი არხის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“, კომისიის 2025 წლის 3 ივლისის N გ-25-16/353 გადაწყვეტილება „შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“.

რომელიმე მხარისთვის უპირატესობის მინიჭების გარეშე, მიუკერძოებლად და ნეიტრალურად გადმოსცეს მოვლენები.4

5. მოხსენებითი  ბარათის  მიხედვით,  განსახილველ  შემთხვევაში  სადავო  ფრაზები  გამოთქმულია მაუწყებლის წარმომადგენლების, ახალი ამბების პროგრამის წამყვანების/ჟურნალისტების მხრიდან. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას ის გარემოება, რომ ფრაზები მაუწყებელს შეერაცხება. ამავდროულად, კანონი  უთითებს რომ მაუწყებელმა ახალი ამბები მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე არ უნდა გააშუქოს. მოცემულ შემთხვევაში მაუწყებლის წამყვანების/ჟურნალისტების მიერ წარმოთქმული ზემოთ ხსენებული ფრაზები მათი კონტექსტის, გავრცელების ფორმის, შინაარსისა და ინტენსივობის გათვალისწინებით წარმოადგენს სწორედ მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე ახალი ამბების გაშუქებას. გასათვალისწინებელია, რომ მაუწყებლის წამყვანების/ჟურნალისტების მიერ წარმოთქმული სადავო ფრაზები გამოხატულია როგორც მათი საკუთარი მოსაზრებები და არა მესამე პირთა შეფასებები.

6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში საკითხი გაშუქებულია მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების  ან  მოსაზრების  საფუძველზე,  რითაც  ადგილი  აქვს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევას და ითხოვს შემდგომ რეაგირებას.

7.  კომისიის  2026  წლის  2 აპრილის სხდომაზე, შპს ,,ტელეიმედის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ნახეს ის სავარაუდო დარღვევები, რომელსაც შესაძლებელია ადგილი ჰქონოდა ახალი ამბების გადაცემაში და ეცდებიან მომავალში გაითვალისწინონ ის პრაქტიკა, რომელსაც დაადგენს კომისია.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

8. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-3  მუხლის  პირველი  პუნქტის  შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

9. „მაუწყებლობის  შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის  პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში საქმიანობას არეგულირებს კომისია“, ხოლო მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ფუნქციებს მიეკუთვნება ,,მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება“.

10. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-12 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ,,ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა“.

4კომისიის  გზამკვლევი  მაუწყებლობის  შინაარსობრივი  მოთხოვნების  თაობაზე  -  სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, გვ.17-18.

11.  „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  54-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის  შესაბამისად, ,,ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა”, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, ,,დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა“.

12.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 764 მუხლის თანახმად, მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე, 541, 542, 553, 56-ე და 564  მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს ამ კანონით დადგენილი წესით. კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს შეუფარდოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია, რომელიც აღსასრულებლად არ მიექცევა. მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე - 542, 553, 56-ე და 56 4 მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისის შემდეგ დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს და მაუწყებელს შესაბამის სანქციას შეუფარდებს კანონით დადგენილი წესით.

13. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.

III. სამოტივაციო ნაწილი

1. გამოკვლეული მტკიცებულებები

14.  კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№25-10-719, 23.03.26) ახალი ამბების პროგრამის - ,,ქრონიკა“ ამსახველი ვიდეოჩანაწერებით.

15.  კომისიის 2026 წლის 2 აპრილის სხდომაზე შპს ,,ტელეიმედის“ წარმომადგენლის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება.

16.  ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს ,,ტელეიმედის“  შესახებ.

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

17.  შპს „ტელეიმედი“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს.

მტკიცებულება: მონაცემი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

18.  შპს ,,ტელეიმედის“ ახალი ამბების პროგრამების „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, მიმდინარე წლის 25 თებერვლიდან 11 მარტის ჩათვლით ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოირკვა:

ა) 25 თებერვალს, ახალი ამბების პროგრამაში -  „ქრონიკა“, 20:07 სთ-ზე, განთავსდა სიუჟეტი, სადაც ჟურნალისტი გადმოცემს: „დიდი ჟრიამულია გაბანკროტებულ ოპოზიციაშიც, მათგან მხოლოდ ბრალდებებს ვისმენთ და ვერაფერს მტკიცებულებების სახით, ზუსტად ისე, როგორც ბრიტანეთიდან“ (იხ. ვიდეოჩანაწერი ბმულზე - გაბანკროტებული ოპოზიცია.mp4);

ბ) 26 თებერვალს, ახალი ამბების პროგრამაში - ,,ქრონიკა“, 20:16 სთ-ზე, განთავსდა სიუჟეტი, სადაც ჟურნალისტი ამბობს: „ომს, როგორც შესაძლებლობის ფანჯარას საქართველოსთვის მხოლოდ უკრაინაში არ ითხოვდნენ. მეორე ფრონტისთვის ქვეყნიდანაც იბრძოდნენ. იდეის მხარდამჭერები იყვნენ არა მხოლოდ პოლიტიკოსები და აქტივისტები, ასევე პროპაგანდისტული ოპოზიციური არხების ჟურნალისტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები“. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ლ. ფარულავა ამბობს: „დემოკრატიული ოპოზიცია მუდმივად ითხოვდა იმას, რომ არ დაზიანებულიყო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი“. ჟურნალისტი გადმოცემს: „ნაციონალურ მოძრაობაში პოლიტიკური ამნეზია მძიმე ფორმებს იღებს. პარტია, რომელიც ხელისუფლებისგან რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს უკრაინაში ქართველი მებრძოლების გაგზავნას ითხოვდა, დღეს საკუთარ  განცხადებებს  უარყოფს“  (იხ. ვიდეოჩანაწერი  ბმულზე  -   ნაციონალების პოლიტიკური ამნეზია.mp4);

გ)  9 მარტს, ახალი ამბების პროგრამაში - ,,ქრონიკა“, 20:10 სთ-ზე, წამყვანი ამბობს: „საქართველოს მიმართ მძიმე და უსაფუძვლო ბრალდებების ავტორი ქვეყნიდან წავიდა. გივი თარგამაძემ პოლონეთიდან, მისმა თანამოაზრე მხარდამჭერებმა კი თბილისიდან სცადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაცია და ამ გზით თარგამაძის დაბარების მიზეზის გადაფარვა“ (იხ. ვიდეოჩანაწერი ბმულზე - უსაფუძვლო ბრალდებები.mp4);

დ) 11 მარტს, ახალი ამბების პროგრამაში - ,,ქრონიკა“, 20:15 სთ-ზე, წამყვანი ამბობს: „გრიფით საიდუმლოდ დაფარულ და მრავალტომიან მძიმე საქმეს სააკაშვილის მხარდამჭერები და ოპოზიციის მედია ამ დრომდე ეგრეთწოდებულ პიჯაკების საქმედ წარმოაჩენს“ (იხ. ვიდეოჩანაწერი ბმულზე - ოპოზიციის მედია.mp4).

19.  მტკიცებულება:    კომისიის    აპარატის    მედიამომსახურებების    რეგულირების    დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№25-10-719, 23.03.26); შპს ,,ტელეიმედის“ ეთერში 25, 26 თებერვალსა და 9 და 11 მარტს განთავსებული ახალი ამბების - ,,ქრონიკა“ ამსახველი ვიდეოჩანაწერები.

20.  შპს „ტელეიმედის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: მონაცემი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

3. სამართლებრივი შეფასება

3.1. მაუწყებლობის მიუკერძოებლობის რეგულირება

21. „მაუწყებლობის  შესახებ"  საქართველოს  კანონში  2025  წლის  1  აპრილის  კანონით (დოკუმენტის N394-IIმს-XIმპ) შესული ცვლილებით კომისიის მიერ აღსრულებას დაექვემდებარა შინაარსობრივი მოთხოვნა, როგორიც არის მაუწყებლის მიუკერძოებლობა. მიუკერძოებლობა მაუწყებლობის და ზოგადად მედიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია. მიუკერძოებლობის პრინციპი მოითხოვს, რომ მაუწყებელმა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები გააშუქოს სათანადო ობიექტურობით და უზრუნველყოს, რომ საჯარო დისკუსიის არცერთ მხარეს არ მიენიჭოს უპირატესობა. მიუკერძოებლობის პრინციპი ასევე მოითხოვს, რომ მაუწყებელმა გამოავლინოს მიუკერძოებლობა ახალი ამბებისა და ცალკეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში და არ გამოხატოს საკუთარი პოზიცია. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის განმარტებითი ბარათში მითითებულია, რომ „იზღუდება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) პოზიციის გამოხატვა.“5

22. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. კანონი უშვებს ამ პრინციპიდან გადახვევას და მაუწყებლის პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობას საავტორო პროგრამებში.

23. „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-3   მუხლის   პირველი პუნქტის მიხედვით, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების  შესახებ“ და  „საავტორო  და  მომიჯნავე უფლებების  შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კი - მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკისა და საქართველოსთვის იურიდიული ძალის მქონე სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.

24. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით კი - მედიაპლურალიზმის დაცვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აზრის გამოხატვის თავისუფლების რეალიზების, მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მომხმარებელთა და მეწარმეთა უფლებების დასაცავად შექმნილი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობა გარანტირებულია კანონით.

25. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ ის „ინფორმაცია“ და „იდეები“, რომლებიც სასურველად არის მიღებული ან აღიქმება როგორც უწყინარი და ინდიფერენტული, არამედ - ისეთებიც, რომელიც შეურაცხმყოფელი, შემაწუხებელი და შოკისმომგვრელია სახელმწიფოსთვის ან მოსახლეობის რომელიმე ნაწილისთვის.6 ამასთან, სასამართლო პრაქტიკა არ გამორიცხავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, როდესაც ილახება სხვა ადამიანის უფლებები და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესები.

5 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N 07-3/29/11, 2

6 ევროპის ადამიანის  უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, საჩივარი No. 5493/72, § 49 26. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები საზოგადოებისა და ინდივიდების მიერ ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების, აზრის ფორმირების ერთ-ერთი ცენტრალური, ფართომასშტაბიანი და ეფექტური პლატფორმაა. სწორედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შეუფერხებელი, ავტონომიური, ჯეროვანი და დამოუკიდებელი საქმიანობა განაპირობებს საზოგადოებისა და თითოეული ინდივიდის მიერ აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკულ და ეფექტურ რეალიზაციას.7 სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, ისეთ სენსიტიურ სექტორში, როგორიც არის აუდიოვიზუალური მედია, ჩაურევლობის ნეგატიურ მოვალეობასთან ერთად, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, შექმნას შესაბამისი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტურ პლურალიზმს.8

27. სტრასბურგის  სასამართლოს  დამკვიდრებული  პრაქტიკის  მიხედვით,  მაუწყებლების გამოხატვის თავისუფლება შესაძლებელია ლეგიტიმურად შეიზღუდოს, როდესაც ეს აუცილებელია ინფორმაციის პლურალიზმის დასაცავად, აგრეთვე გავლენიან მედია პლატფორმებზე სამართლიანი და თანასწორი დემოკრატიული დისკურსის უზრუნველსაყოფად.9 მაუწყებლის მიუკერძოებლობის პრინციპი ემსახურება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დემოკრატიული დებატის სანდოობის დაცვას იმგვარად, რომ არ მოხდეს სამაუწყებლო მედია პლატფორმების მიტაცება ვიწროპარტიული ინტერესების გამტარებელი ძლიერი ფინანსური ან გავლენიანი ჯგუფების მიერ. საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, მიუკერძოებლობის პრინციპიდან გამომდინარე ვალდებულებები ასრულებს უმთავრეს როლს, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მიუკერძოებელ და ზუსტ ინფორმაციაზე წვდომა და მოსაზრებებისა და პერსპექტივების ფართო სპექტრის გაცნობის შესაძლებლობა. ეს ვალდებულებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სათანადოდ ინფორმირებულ დემოკრატიულ დებატებს.10

28. ამავდროულად, სამაუწყებლო მედიას დემოკრატიულ საზოგადოებაში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდია მაუწყებლების როლი საზოგადოების ინფორმირებისა და საჯარო მმართველობის პროცესზე მეთვალყურის (“watchdog”) ფუნქციის შესრულებაში.11 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სამაუწყებლო მედიას შეეძლოს გამოიკვლიოს და გააშუქოს ნებისმიერი საკამათო საკითხი, ასევე საზოგადოების წევრებს მისცეს შესაძლებლობა, გამოხატონ კრიტიკული მოსაზრებები საზოგადოებისთვის მნიშნელოვან ამა თუ იმ საკითხზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამაუწყებლო მედიამ დაიცვას მიუკერძოებლობის პრინციპი, ზუსტად და მიუკერძოებლად გადასცეს ყველა ფაქტი და საგულისხმო მოსაზრება.

29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, კომისია, გაითვალისწინებს მაუწყებლისა და აუდიტორიის გამოხატვის თავისუფლების დაცვის ინტერესს, რომ მაუწყებელს ჰქონდეს ლეგიტიმური შესაძლებლობა, შეასრულოს საზოგადოებრივი მეთვალყურის ფუნქცია და მწვავედ, კრიტიკულად გააშუქოს ნებისმიერი 7 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე ,,შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-71,72, ასევე იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის №2/6/1311 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ ხახალევი და დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-58 8 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ცენტრო ევროპა 7 ს.რ.ლ. და დი შტეფანო იტალიის წინააღმდეგ” [GC] - საჩივარი No. 38433/09, § 134.

9 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ANIMAL DEFENDERS INTERNATIONAL გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ [GC] - საჩივარი No 48876/08, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სიგმა რადიო ტელევიზია კვიპროსის წინააღმდეგ“, საჩივრები No. 32181/04 და 35122/05

10 Communications White Paper –  A  New Future for Communications, December 2000, https://webarchive.nationalarchives.gov.uk/20100407160140/http://www.culture.gov.uk/images/publications/communicationswhitepa per_fullreport.pdf, section 6.6.1, Issue 369 of Ofcom’s Broadcast and On Demand Bulletin 20 December 2018, 21 11 ევროპის  ადამიანის  უფლებათა სასამართლოს  დიდი  პალატის  1994  წლის  23  სექტემბრის  გადაწყვეტილება  საქმეზე„იერსილდი დანიის წინააღმდეგ“, საჩივარი No. 1589/89, საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენა და მოსაზრება. მეორე მხრივ, ასევე მხედველობაში მიიღება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ ინტერესი, რომ სამაუწყებლო მედიამ დაიცვას მიუკერძოებლობა და ხელი შეუწყოს ინფორმირებულ დემოკრატიულ დებატს.

3.2. ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებლის მოსაზრების გამოხატვის შეზღუდვა

30. როგორც აღინიშნა, მიუკერძოებლობის პრინციპის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონი ზღუდავს მაუწყებლის შესაძლებლობას, ახალი ამბებისა და ცალკეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ან/და მიმდინარე მოვლენები გააშუქოს მიკერძოებულად, საკუთარი შეხედულების მიხედვით. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. ამგვარი განმარტება ასევე გამომდინარეობს კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდანაც, რომლის მიხედვითაც, „იზღუდება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო   პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) პოზიციის გამოხატვა“.12

31. ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების გამოხატვის შეზღუდვა ემსახურება მაუწყებლისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკურსის დაცვას, რათა აღიკვეთოს ვიწროპარტიული ინტერესების გამტარებელი ძლიერი ფინანსური ან გავლენიანი ჯგუფების  მიერ მაუწყებლის მეშვეობით საზოგადოებრივ აზრზე არასათანადო ზემოქმედება. ამასთან, აღნიშნული დებულების მიზანია, არ დაუშვას მაუწყებლის მესაკუთრის მიერ მისი სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფა და მაუწყებლის გამოყენება მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე კონკრეტული ინტერესთა ჯგუფისთვის ხელსაყრელი მოსაზრებების გავრცელებისათვის, რაც საბოლოო ჯამში არასათანადო გავლენას ახდენს პოლიტიკურ დისკურსსა და დემოკრატიულ დებატზე.13

32. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ფრაზები  გამოთქმულია მაუწყებლის წარმომადგენლების, ახალი ამბების პროგრამის წამყვანების/ჟურნალისტების მხრიდან. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას ის გარემოება, რომ ფრაზები მაუწყებელს შეერაცხება.14  ამავდროულად,   კანონი  უთითებს რომ მაუწყებელმა ახალი ამბები მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე არ უნდა გააშუქოს.

33. მოცემულ შემთხვევაში, მაუწყებლის წამყვანების/ჟურნალისტების მიერ წარმოთქმული ფრაზების - „გაბანკროტებულ ოპოზიციაშიც“; ,,პროპაგანდისტული ოპოზიციური არხების ჟურნალისტები“; „ნაციონალურ მოძრაობაში პოლიტიკური ამნეზია მძიმე ფორმებს იღებს’’;12  განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N 07-3/29/11, 2 13 კომისიის გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, გვ. 17 14 კომისიის 2025 წლის 3 ივლისის Nგ-25-16/355 გადაწყვეტილება ,,შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება   დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე; კომისიის 2025 წლის 3 ივლისი Nგ-25-16/353 გადაწყვეტილება ,,შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“ ,,მძიმე და უსაფუძვლო ბრალდებების ავტორი“; „ოპოზიციის მედია“ - გამოყენებით ახალი ამბების გადაცემა, მათი კონტექსტის, გავრცელების ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით წარმოადგენს მაუწყებლის პირადი დამოკიდებულებისა და მოსაზრების საფუძველზე ახალი ამბების გაშუქებას.

34.  ყოველივე  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  მაუწყებლის  მიერ  დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა.

4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

35.  ამრიგად,   კომისიის  მიერ  დგინდება,   რომ  მაუწყებლის  მხრიდან  დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტი. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე მუხლის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.

36. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 764 მუხლის მიხედვით, მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე, 541, 542, 553, 56-ე და 564 მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს ამ კანონით დადგენილი წესით. კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს შეუფარდოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია, რომელიც აღსასრულებლად არ მიექცევა. მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე-542, 553, 56-ე და 564 მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისის შემდეგ დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს და მაუწყებელს შესაბამის სანქციას შეუფარდებს კანონით დადგენილი წესით.

37.  ვინაიდან, შპს „ტელეიმედის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იგივე/მსგავსი ხასიათის დარღვევისათვის  პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ  ყოფილა, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აღნიშნულ დარღვევას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით შეესატყვისება წერილობითი გაფრთხილება. შესაბამისად, დარღვევის აღმოფხვრისა და ანალოგიური დარღვევების შემდგომი გამეორების პრევენციის მიზნით, კომისია მიიჩნევს, რომ კომპანიას მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 764 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად:

გადაწყვიტა:

1. შპს ,,ტელეიმედს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო.

2. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.comcom.ge გამოქვეყნებისთანავე.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების   ან    მისი   დამოწმებული ასლის შპს ,,ტელეიმედისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის განმავლობაში.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების მხარეებისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე  (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (პ. ბერია) შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.

6. კონტროლი   გადაწყვეტილების   შესრულებაზე (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-5 პუნქტების გარდა) დაევალოს  კომისიის  აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

გოგა  გულორდავა       თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე           წევრი

ნათია კუკულაძე          წევრი

ივანე მახარაძე              წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები