წვდომის მენიუ

შპს „ქართული-ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-26-18 / 118

გამოქვეყნების თარიღი მარტი 23, 2026 11:36

მიღების თარიღი მარტი 12, 2026

შპს „ქართული-ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ავტორიზებული პირი: შპს „ქართული-ტვ“

სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 62-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა

წარმოების დაწყების  საფუძველი:    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 26-10-572; 06.03.2026)

კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 12 მარტი

I.  აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  (შემდგომში - კომისია) აპარატის  იურიდიული  დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 26-10-572; 06.03.2026) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ქართული-ტვ“-ის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის გამო.

2. კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებით ბარათში (N 26-10-572; 06.03.2026) აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად, ავტორიზებული/ლიცენზირებული პირი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და არაუგვიანეს პირველი თებერვლისა კომისიას წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების ავტორიზაციის შესახებ; გ) მედიამომსახურების მიმწოდებელ და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელ სუბიექტებში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან 5%-ზე მეტის ფლობის შესახებ. ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას კომისიას წარუდგენს არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა. ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი აგრეთვე ვალდებულია გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია, თუ მისი წილის ან აქციების მფლობელი, დამფუძნებელი, სხვა წევრი, ხელმძღვანელი, შემომწირველი ან მათი ოჯახის წევრი იმავდროულად ფლობს: ა) მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში სხვა ავტორიზებული პირის წილს ან აქციებს; ბ) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილს ან აქციებს; გ) საინფორმაციო სააგენტოში წილს ან აქციებს. ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი შესაბამისობის დეკლარაციას აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე.

3. მოხსენებითი  ბარათის თანახმად, მედიამომსახურებაზე ავტორიზებულ/ლიცენზირებულ პირებს კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარმოდგენის მიზნით 2026 წლის 13 იანვარს  გაეგზავნათ  Nგ-26-03/80    წერილი.  მიუხედავად  ამისა  რიგ  კომპანიებს,  მათ  შორის, შპს „ქართული-ტვ“-ს ზემოაღნიშნული ინფორმაცია კომისიაში 2026 წლის 6 მარტის მდგომარეობით კვლავ არ წარმოუდგენია.

4. მოხსენებითი ბარათის თანახმად, დამატებით, შპს „ქართული-ტვ“-ის (ს/კ412676199) სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში 2026 წლის 9 თებერვალს განხორციელდა ცვლილება, კერძოდ შეიცვალა დირექტორი: მარინე იმედაძის (პ/ნ 01004011427) ნაცვლად დირექტორად განისაზღვრა ალექსანდრე კასრაძე (პ/ნ 01022001647). განხორციელებული ცვლილების შესახებ არ აცნობა კომისიას.

5. შპს  „ქართული-ტვ“-ის  მიერ  კანონმდებლობის  შესაძლო  დარღვევის  საკითხის  განსახილველად, კომისიის სხდომა დაინიშნა 2026 წლის 12 მარტს, 15:00 საათზე, რის შესახებაც კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (N გ-26-03/1313; 09/03/2026). ამავე შეტყობინებით კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

6. შპს „ქართული-ტვ“-იმ 2026 წლის 12 მარტს - გადაწყვეტილების მიღებამდე, კომისიაში წარმოადგინა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია ხარვეზით (კომისიაში რეგისტრაციის N შ-26-6/2435; თარიღი 12.03.2026). კერძოდ, ხარვეზულია მაუწყებლის მიერ წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციის მე-5 პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია, რომელიც შეეხება ინფორმაციას ავტორიზებული პირის ბენეფიციარი მესაკუთრეების და მათ საკუთრებაში არსებული წილების თაობაზე.

7. კომისიის 2026 წლის 12 მარტის სხდომას ესწრებოდა შპს „ქართული-ტვ“-ის წარმომადგენელი ა. კასრაძე.

II.  მარეგულირებელი კანონმდებლობა

8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;

 

9.    „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-3  მუხლის  პირველი  პუნქტის  შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

10. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ერთ-ერთი ფუნქციაა: მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;

11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების ავტორიზაციის შესახებ; გ) მედიამომსახურების მიმწოდებელ და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელ სუბიექტებში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან 5%-ზე მეტის ფლობის შესახებ;

12. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  61-ე  მუხლის  მე-2  პუნქტის  თანახმად, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას კომისიას წარუდგენს არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი აგრეთვე ვალდებულია გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია, თუ მისი წილის ან აქციების მფლობელი, დამფუძნებელი, სხვა წევრი, ხელმძღვანელი, შემომწირველი ან მათი ოჯახის წევრი იმავდროულად ფლობს: ა) მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში სხვა ავტორიზებული პირის წილს ან აქციებს; ბ) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილს ან აქციებს; გ) საინფორმაციო სააგენტოში წილს ან აქციებს. ასევე, მე-4 პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი შესაბამისობის დეკლარაციას აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე;

13. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია თავისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. იგი აგრეთვე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე;

14. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს;

15. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის  მარეგულირებელი  წესების”  (დანართიN1)  მე-16  მუხლის  მე-5  პუნქტის  თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით“. ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად „კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე, ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“.

III.  სამოტივაციო ნაწილი

1. შესწავლილი მტკიცებულებები

16. კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N26-10-572; 06.03.2026);

17.  მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ქართული-ტვ“-ის შესახებ მონაცემები;

18.  კომისიის წერილი ტელერადიომაუწყებლობაზე ავტორიზებულ/ლიცენზირებულ პირებს (N გ-26-03/80; 13/01/2026);

 

19.  შეტყობინება (N გ-26-03/1313; 09/03/2026) შპს „ქართული-ტვ“-ის კომისიის 2026 წლის 12 მარტის სხდომაზე მოწვევის შესახებ;

20. შპს „ქართული-ტვ“-ის წერილი კომისიას (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/2435; თარიღი 12.03.2026);

21. შპს „ქართული-ტვ“-ის წარმომადგენლის ა.კასრაძის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2026 წლის 12 მარტის სხდომაზე.

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

22. შპს  „ქართული-ტვ“  (ს/კ  412676199)  არის  მაუწყებლობის  სფეროში  ავტორიზებული  პირი (მაუწყებლობის სახე - ტელემაუწყებლობა).

მტკიცებულება: კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს „ქართული- ტვ“-ის შესახებ.

23.  შპს „ქართული-ტვ“-ს კომისიაში არ წარმოუდგენია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე  მუხლის  პირველი  პუნქტით  გათვალისწინებული  ინფორმაცია  არაუგვიანეს  2026 წლის  1 თებერვლისა.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 26-10-572; 06.03.2026).

24. შპს „ქართული-ტვ“-იმ 2026 წლის 12 მარტს - გადაწყვეტილების მიღებამდე, კომისიაში წარმოადგინა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია ხარვეზით. კერძოდ, ხარვეზულია მაუწყებლის მიერ წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციის მე-5 პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია, რომელიც შეეხება ინფორმაციას ავტორიზებული პირის ბენეფიციარი მესაკუთრეების და მათ საკუთრებაში არსებული წილების თაობაზე.

მტკიცებულება: შპს „ქართული-ტვ“-ის წერილი კომისიას (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/2435; თარიღი 12.03.2026); შპს „ქართული-ტვ“-ის წარმომადგენლის ა.კასრაძის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2026 წლის 12 მარტის სხდომაზე.

25. შპს „ქართული-ტვ“-ის (ს/კ 412676199) სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში 2026 წლის 9 თებერვალს განხორციელდა ცვლილება, კერძოდ შეიცვალა დირექტორი: მარინე იმედაძის (პ/ნ 01004011427) ნაცვლად დირექტორად განისაზღვრა ალექსანდრე კასრაძე (პ/ნ 01022001647). განხორციელებული ცვლილების შესახებ არ აცნობა კომისიას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 26-10-572; 06.03.2026);    მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „ქართული-ტვ“-ის შესახებ მონაცემები.

26.  შპს „ქართული-ტვ“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: მონაცემი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ქართული- ტვ“-ის შესახებ.

3. სამართლებრივი შეფასება

27.  საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შპს „ქართული-ტვ“, როგორც მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი, ვალდებული იყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია კომისიაში წარმოედგინა არაუგვიანეს 2026 წლის 1 თებერვლისა. მაუწყებელმა აღნიშნული ვალდებულება არ შეასრულა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში.

28. ამასთანავე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია თავისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. იგი აგრეთვე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე. კომპანიამ დირექტორის ცვლილების შესახებ არ აცნობა კომისიას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში.

29. ამდენად, შპს „ქართული-ტვ“-ის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის არაუგვიანეს 2026 წლის 1 თებერვლისა და დირექტორის ცვლილების შესახებ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შესაბამისი ინფორმაციის კომისიაში წარმოუდგენლობით დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და 62-ე მუხლის პირველი პუნქტი.

4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

30. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.

31. ვინაიდან, შპს „ქართული-ტვ“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იგივე/მსგავსი ხასიათის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომისია მოცემულ შემთხვევაში მიზანშეწონილად მიიჩნევს კომპანიას მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

32. ამავდროულად, ვინაიდან კომპანიამ 2026 წლის 12 მარტს - გადაწყვეტილების მიღებამდე, კომისიაში წარმოადგინა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია ხარვეზით (ხარვეზულია - მაუწყებლის მიერ წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაცია), შესაბამისად, სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „ქართული-ტვ“-ს უნდა დაევალოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესაბამისობის დეკლარაციის კომისიაში წარმოდგენა, გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლებისა და VII თავის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის, 62-ე მუხლის პირველი პუნქტის, 71-ე მუხლისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „ქართული-ტვ“-ს მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 62-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.

2. შპს „ქართული-ტვ“-იმ უზრუნველყოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისობის დეკლარაციის კომისიაში წარმოდგენა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე  (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე.

4. გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  თბილისის  საქალაქო  სასამართლოს  ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „ქართული- ტვ“-სთვის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

5.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ.გასვიანი)  გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ქართული-ტვ“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (მ. რუხაძე) შპს „ქართული-ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.

7. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

8. კონტროლი  გადაწყვეტილების  სარეზოლუციო  ნაწილის  მე-3  და  მე-5  პუნქტების  შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი).

გოგა  გულორდავა            თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე               წევრი

ივანე მახარაძე                   წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები