წვდომის მენიუ

შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ მ. კობერიძის, კ. ჯაფარიძისა და გ. ფაჩუაშვილის საჩივრის განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: გ-26-16 / 67

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 17, 2026 16:37

მიღების თარიღი თებერვალი 12, 2026

შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ მ. კობერიძის, კ. ჯაფარიძისა და გ. ფაჩუაშვილის საჩივრის განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

მომჩივანი მხარე: მარიამ კობერიძე, კონსტანტინე ჯაფარიძე და გიორგი ფაჩუაშვილი.

მოპასუხე: შპს „ტელეიმედი“.

დავის  საგანი:  შპს  „ტელეიმედისთვის“  კანონმდებლობის  დარღვევისთვის  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების დაკისრება.

კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 5 და 12 თებერვალი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1. მომჩივანის პოზიცია

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში-კომისია) შპს ,,ტელეიმედის“ წინააღმდეგ საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-9/443,16.01.26) მომართეს მარიამ კობერიძემ, კონსტანტინე ჯაფარიძემ და გიორგი ფაჩუაშვილმა (შემდგომში - მომჩივანები/საჩივრის ავტორები).

2. საჩივარში აღნიშნულია, რომ 2025 წლის 12 ოქტომბერს,  21:23:24  სთ-ზე,  ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განთავსებულ გადაცემაში - „იმედის კვირა“ გავიდა სიუჟეტი სათაურით „ექსტრემიზმი განათლების ნაცვლად“, ხოლო, 19 ოქტომბერს, 20:18:29 სთ-ზე, განთავსდა სიუჟეტი სახელწოდებით „ევროკომისიის როლი ხელოვნურ პროტესტში“. აღნიშნული სიუჟეტები, მაუწყებელმა, ასევე, განათავსა თავის ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში (facebook)1.

https://www.imedi.ge/ge/video/206250/eqstremizmi-ganatlebis-natsvlad#!?from=1760227200&page=1&to=1760227200&type=2https://www.imedi.ge/ge/video/206907/evrokomisiis-roli-khelovnur-protestshi#!?from=1760832000&page=1&to=1760832000&type=2https://www.facebook.com/reel/1158166576244056

https://www.facebook.com/reel/1160245035446302

3.  საჩივარში მითითებულია, რომ 2025 წლის 12 ოქტომბრის სიუჟეტში ჟურნალისტი აცხადებს:,,უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების კურატორობით სტუდენტურ ბანაკებსა თუ ,,ფრანკლინის კლუბის”  ე.წ. საგანმანათლებლო  ცენტრებში  ახალგაზრდების  გადამზადების  ფაქტებს „იმედის კვირა“ თვეზე მეტია გიყვებათ. ჩვენი რეპორტაჟებიდან იგებდით, როგორ ხდებოდა ძალადობრივ პროცესებში მონაწილეობისთვის სტუდენტების იდეოლოგიური მომზადება. როგორ უღვივებდნენ სიმპათიებს ტერორისტული ან ექსტრემისტული ქმედებების მიმართ და როგორ ატრენინგებდნენ ახალგაზრდების კონკრეტულ ჯგუფებს სამართალდამცველებთან შეტაკებისთვის ...“. ჟურნალისტის განცხადება აღწერილია კადრებით, რომელიც გადაღებულია საგანმანათლებლო დაწესებულებაში - „ფრანკლინის კლუბის“ ფინალურ პრეზენტაციაზე და რომელშიც, სხვა სტუდენტებთან ერთად, მკაფიოდ ჩანან საჩივრის ავტორები მარიამ კობერიძე, კონსტანტინე ჯაფარიძე და გიორგი ფაჩუაშვილი. ამასთან, გიორგი ფაჩუაშვილის სახელი და გვარი საპრეზენტაციო ფაილზეა გამოტანილი, შესაბამისად, მისი ვინაობა დადგენადია და იგი იდენტიფიცირდება არა მხოლოდ ვიზუალური მონაცემებით, არამედ სახელისა და გვარის მეშვეობითაც.

4. საჩივრის მიხედვით, 2025 წლის 19 ოქტომბრის სიუჟეტში საჩივრის ავტორების კადრების გამოქვეყნებამდე (20:18:18), ჟურნალისტი აცხადებს, რომ „მომავლის აკადემია ალექსანდრე ზიბზიბაძემ დააფუძნა ... . ,,ფრანკლინის კლუბში“ სწორედ მას ჰქონდა ჩაბარებული ახალგაზრდების დატრენინგება პროვოკაციების მოწყობაში, ჰყავდა 2000-მდე რეკრუტირებული ახალგაზრდა“. ხოლო კადრებს მოსდევს ციტატა - „იმედის კვირამ“ არაერთი სიუჟეტი მოამზადა „ფრანკლინის კლუბზე“, დატრენინგებულ ძალადობრივ ჯგუფებზე, რომელთა მთავარი ამოცანა ქაოტური მდგომარეობის შექმნა, პროვოკაციების მოწყობა და სამართალდამცავებზე თავდასხმა იყო ...“

5. საჩივრის ავტორების განცხადებით,  სიუჟეტების შინაარსი და ვიზუალური ნაწილი საჩივრის ავტორებს პირდაპირ უკავშირებენ ძალადობრივ ან ექსტრემისტულ ქმედებებს. ასეთი ფორმით გაშუქებამ შექმნა ცრუ და დამაზიანებელი წარმოდგენა საჩივრის ავტორების შესახებ, რაც სერიოზულად შეეხო მათ პირად და პროფესიულ რეპუტაციას. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სიუჟეტების ფონად გამოყენებულია საპროტესტო აქციების კადრები, რომელთაც არავითარი კავშირი არ აქვთ საჩივრის ავტორებთან. ამგვარი მონტაჟით მაყურებელში იქმნება მცდარი ასოციაცია, თითქოს ავტორები მონაწილეობდნენ ძალადობრივ აქციებში, რაც მათი დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. მაუწყებელმა არცერთ ეტაპზე არ მიმართა საჩივრის ავტორებს პოზიციის მოსასმენად და არ შეეცადა, გაემყარებინა თავისი მტკიცებები ობიექტური და გადამოწმებული ფაქტებით.

6. საჩივრის ავტორების განმარტებით, გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით აღიარებულ ფუნდამენტურ უფლებას, თუმცა იგი არ არის შეუზღუდავი. აღნიშნული უფლება თავისი ბუნებით მოითხოვს პასუხისმგებლიან გამოყენებას და მისი რეალიზაცია გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დასაშვებ შეზღუდვებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის წინააღმდეგობაში მოდის სხვა ფუნდამენტურ უფლებებთან ან საზოგადოებრივად მნიშვნელოვან ინტერესებთან. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ინტერესთა სამართლიანი ბალანსის დაცვა, რათა დაცული იქნეს როგორც გამოხატვის თავისუფლება, ისე სხვა პირთა პიროვნული ან საზოგადოებრივი უფლებები. ანალოგიური მიდგომას  ავითარებს კომისია Nგ-25-16/392 გადაწყვეტილებაში, საქმეზე ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წინააღმდეგ მოქალაქე ლევან მამფორიას საჩივრის განხილვის შესახებ, სადაც მიუთითებს, რომ ,,მთელ რიგ შემთხვევებში, დადგენილი წინაპირობების არსებობისას, სხვა ფუნდამენტურ უფლებებთან და ინტერესებთან შეპირისპირებისას, ინტერესთან ბალანსის დასაცავად დასაშვებია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა’’.

7. საჩივარში აღნიშნულია,  რომ  თანამედროვე  ინფორმაციულ  საზოგადოებაში  მასმედია წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს ინსტრუმენტს, რომელიც გავლენას ახდენს როგორც საზოგადოებრივი აზრის  ჩამოყალიბებაზე, ისე კონკრეტული პიროვნებების შესახებ საზოგადოებაში არსებული აღქმის ფორმირებაზე. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჟურნალისტური საქმიანობისას - განსაკუთრებით კი ფართო აუდიტორიისთვის ინფორმაციის გავრცელებისას - პროფესიული და ეთიკური სტანდარტების მკაცრი დაცვა. ინფორმაციის გაშუქებისას აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს სიზუსტე, ობიექტურობა და კონტექსტის შესაბამისობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოქალაქეთა რეპუტაციის ან ღირსების დაზიანება. თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების პირობებში მასმედიის როლი განსაკუთრებით საყურადღებო ხდება, რადგან მას შეუძლია მნიშვნელოვნად გავლენა მოახდინოს როგორც პირის კერძო, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, ჩამოაყალიბოს სხვებში მის მიმართ წარმოდგენა და აღძრას რეპუტაციული ზიანი.

8. საჩივრის მიხედვით, 2025 წლის 1 აპრილიდან მოქმედი ცვლილებების თანახმად,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით კომისიის კონტროლის საგნად განისაზღვრა ისეთი შინაარსობრივი მოთხოვნა, როგორიცაა ფაქტების ჯეროვანი სიზუსტე. კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს სათანადო სიზუსტითა და სანდოობით. ჯეროვანი სიზუსტე წარმოადგენს როგორც მაუწყებლობის, ისე მთლიანად მედიის საქმიანობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება მედიის ძირითად დანიშნულებას - საზოგადოებისთვის ზუსტი, გადამოწმებული და სანდო ინფორმაციის მიწოდებას. ამ პრინციპის დაცვა უზრუნველყოფს საზოგადოების ნდობას მედიის მიმართ და წარმოადგენს მაუწყებელსა და აუდიტორიას შორის ურთიერთობის მთავარ საფუძველს. სწორედ ნდობის შენარჩუნება და ფაქტობრივ სიზუსტეზე დაყრდნობილი მაუწყებლობა არის ის ბირთვი, რომელზეც დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიის რეპუტაცია და პასუხისმგებლობა დგას. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლთან მიმართებით, ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნა არ გულისხმობს მაუწყებლის აბსოლუტურ ვალდებულებას, რომ ეთერში გადაცემული ყველა ფაქტობრივი ინფორმაცია იყოს სრულად და უპირობოდ ზუსტი. კანონის თანახმად, მაუწყებლის პასუხისმგებლობა ვრცელდება იმაზე, რომ მან გასწიოს სათანადო და გონივრული ძალისხმევა ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველსაყოფად, შეამოწმოს წყაროები და დაიცვას ფაქტების გადამოწმების სტანდარტები. ,,ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წინააღმდეგ მოქალაქე ლევან მამფორიას საჩივრის განხილვის შესახებ“ კომისიის გადაწყვეტილებაში (Nგ-25-16/392) მითითებულია, რომ ,,მაუწყებელი ვალდებულია, გასწიოს სათანადო ძალისხმევა გადაცემული ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველსაყოფად’’.

9. მომჩივანთა განმარტებით, ტელეკომპანია „იმედმა“ ვერ/არ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა შესაძლო საშუალება და ზომა, რაც უზრუნველყოფდა გადაცემულ ინფორმაციაში ფაქტების სიზუსტესა და უტყუარობას. შესაბამისად, მაუწყებელმა ვერ შეასრულა იმ ხარისხის სიფრთხილის ვალდებულება, რომელიც მოეთხოვება ჟურნალისტურ საქმიანობასა და მაუწყებლობის კანონით დადგენილ სტანდარტებს. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ ,,ახალი ამბებისა და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველსაყოფად მაუწყებლის გაწეული ძალისხმევა უნდა იყოს „ჯეროვანი“ და შეესატყვისებოდეს გაშუქებული საკითხის ბუნებას, პროგრამისა და მაუწყებლის კატეგორიას, მასალის მიმართ აუდიტორიის მოლოდინს და ინფორმირების დონეს’’ შესაბამისად, მაღალი აქტუალობის საკითხის   გაშუქება   მაუწყებელს   მეტად  ვალდებულს ხდის მოახდინოს ფაქტების ,,ჯეროვანი’’ გადამოწმება, რათა არ იქნას დარღვეული ადამიანის პირადი ცხოვრება და არ მიადგეს რეპუტაციული ზიანი. ,, მაუწყებელი გულისხმიერებით უნდა მოეკიდოს ისეთი ფაქტობრივი ინფორმაციის გავრცელებას, რომელმაც, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს ადამიანის პირად ცხოვრებასა და რეპუტაციაზე.’’

10. საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მომზადებული სიუჟეტები ქმნის საჩივრის ავტორების მცდარ, შეურაცხმყოფელ და რეპუტაციას შემლახავ ასოცირებას „უცხო ქვეყნების გავლენებთან“. სიუჟეტში ავტორები წარმოჩენილნი არიან, როგორც ძალადობრივ ქმედებებში „დატრენინგებული“ პირები, რომელთა მიზნად ჟურნალისტი ასახელებს პროვოკაციების მოწყობასა და სამართალდამცავებზე თავდასხმას. აღნიშნული ნარატივი აჩენს მცდარ შთაბეჭდილებას, თითქოს საჩივრის ავტორები რეალურად იყვნენ ჩართული ან მზად იყვნენ ჩართულიყვნენ ძალადობრივ და ექსტრემისტულ ქმედებებში. მსგავსი ინტერპრეტაცია იწვევს მათ მიმართ უარყოფით საზოგადოებრივ დამოკიდებულებას და სერიოზულად ზიანს აყენებს მათ რეპუტაციასა და ღირსებას. სიუჟეტში წარმოდგენილი ინფორმაცია არ ემყარება დადასტურებულ ფაქტებს. მაუწყებელმა არ წარმოადგინა არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა აღნიშნული ბრალდებების სიზუსტესა და სანდოობას. მიუხედავად კანონის მოთხოვნისა, ტელეკომპანია „იმედს“ არ მიუღია არცერთი გონივრული ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეთერში გასული ინფორმაცია ყოფილიყო ფაქტობრივად სწორი და გადამოწმებული. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ მაუწყებელმა არ მიმართა საჩივრის ავტორებს, რათა მოესმინა მათი პოზიცია სიუჟეტში გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით. ასევე, არ განხორციელებულა დამოუკიდებელი გადამოწმება ან დამატებითი კვლევა, რომელიც დაადასტურებდა ან უარყოფდა ამ ბრალდებების რეალურობას.

11. მომჩივანთა განცხადებით, მაუწყებელმა ვერ უზრუნველყო ფაქტების სიზუსტითა და მიუკერძოებლობით გადმოცემა და არ გამოიყენა კანონით მოთხოვნილი ზომები ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. აღნიშნული ქმედებით დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 1-ლი და 2-ე პუნქტები. ასევე, ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-13 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება - გამოიყენოს ყველა ხელმისაწვდომი და გონივრული საშუალება იმისათვის, რომ უზრუნველყოს ეთერში გასული ინფორმაციის წყაროს სანდოობა და ფაქტობრივი სიზუსტე. ამავე ნორმებით აკრძალულია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს აშკარად მცდარ, გადაუმოწმებელ ან შეცდომაში შემყვან მონაცემებს.

12. საჩივარში  აღნიშნულია,  რომ  სიუჟეტებში  დარღვეულია  „მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლით დადგენილი პრინციპები, რომლის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და ბალანსის პრინციპების დაცვა თითოეული პროგრამის ან პროგრამების ციკლის განმავლობაში. აღნიშნული ნორმა გარანტიას აძლევს აუდიტორიას, რომ მაუწყებლის მიერ გაშუქებული ინფორმაცია წარმოდგენილი იქნება მრავალმხრივი და დაბალანსებული ფორმით, სხვადასხვა მხარის პოზიციის გათვალისწინებით. სიუჟეტის შინაარსი აშკარად სცილდება ფაქტობრივი ინფორმაციის სამართლიანად და ობიექტურად გადმოცემის მიზანს/ვალდებულებას. აღნიშნული სიუჟეტი არღვევს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპს, რადგან მასში ნათლად იკვეთება მხოლოდ ერთი, წინასწარ ჩამოყალიბებული პოზიცია, რომელიც მიზანმიმართულად ასახავს „ფრანკლინის კლუბთან“ დაკავშირებულ სტუდენტებს ნეგატიურ კონტექსტში.

13. საჩივრის ავტორების განცხადებით, მაუწყებელს არ დაუბალანსებია სიუჟეტი საპირისპირო მოსაზრებებით, საჩივრის ავტორებისთვის არ მიუცია პოზიციის  გაჟღერების შესაძლებლობა გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით. შედეგად, მაუწყებელმა ვერ უზრუნველყო საზოგადოებისთვის ობიექტური და სამართლიანი ინფორმაციის მიწოდება რაც არღვევს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის, ასევე ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-18 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს. ჟურნალისტის თითოეული მტკიცება, მაგ. „როგორ ატრენინგებდნენ ახალგაზრდების კონკრეტულ ჯგუფებს სამართალდამცველებთან შეტაკებისთვის...“ ან „რომელთა მთავარი ამოცანა ქაოტური მდგომარეობის შექმნა, პროვოკაციების მოწყობა და სამართალდამცავებზე თავდასხმა იყო ...“, წარმოდგენილია როგორც დადასტურებული ფაქტი, თითქოს ჩვენ, სტუდენტები, ვეთანხმებოდით მსგავს ტრენინგებში მონაწილეობას, რომელიც ორიენტირებულია ძალადობრივ ქმედებებზე. ამავდროულად, სიუჟეტის სტრუქტურა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საჩივრის ავტორებმა, რეალურად, განვახორციელეთ მსგავსი ქმედებები, რაც ქმნის ცრუ და შეუსაბამო წარმოდგენას მაყურებლისთვის. ამრიგად, მაუწყებელმა ვერ უზრუნველყო ფაქტობრივი ცნობების და ჟურნალისტის სუბიექტური ინტერპრეტაციის მკაფიო გამიჯვნა, რაც ეწინააღმდეგება მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მეორე პუნქტისა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც მაუწყებელს ახალი ამბების პროგრამაში ევალება ფაქტისა და მოსაზრების მკაფიო გამიჯვნა.

14. საჩივარში  აღნიშნულია,  რომ  სიუჟეტებით  დარღვეულია  ,,მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს კანონის 54¹ მუხლი და ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპი. მაუწყებლების მიერ ახალი ამბებისა და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელებისას დადგენილი სტანდარტების შეფასებისას აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს ადამიანის რეპუტაციის დაცვის ლეგიტიმური ინტერესი. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. აღნიშნული კონსტიტუციური გარანტია მოიცავს პირადი ცხოვრების მრავალ კომპონენტს, მათ შორის ადამიანის რეპუტაციის დაცვის უფლებას, რომელიც ადამიანის ღირსების განუყოფელი ნაწილია. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, რეპუტაციაზე ისეთი თავდასხმა, რომელიც უშლის ხელს პირადი ცხოვრების განხორციელებას ან ზიანს აყენებს პიროვნულ ღირსებას, განიხილება როგორც კონვენციით გარანტირებული პირადი ცხოვრების უფლების დარღვევა.

15.  მომჩივანთა განმარტებით, სიუჟეტებში წარმოდგენილი ცრუ და გადაუმოწმებელი ცნობები ქმნის მცდარ წარმოდგენას, თითქოს საჩივრის ავტორები ჩართულნი იყვნენ ძალადობრივ და ექსტრემისტულ ქმედებებში, რაც მათი პირადი ცხოვრების, ღირსებისა და რეპუტაციის დაცვის უფლების უხეშ შეზღუდვას წარმოადგენს. მაუწყებლის ქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით გარანტირებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპს და ასევე არღვევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ უფლებას. სიუჟეტში გამოყენებული კადრები გადაღებულია „ფრანკლინის კლუბის“ დახურულ საგანმანათლებლო ღონისძიებაზე („ფინალური პრეზენტაცია“) და თავდაპირველად აღებული იყო მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის. მაუწყებლის მიერ აღნიშნული კადრების გამოყენება მონაწილეთა თანხმობის გარეშე, მით უმეტეს კონტექსტში, რომელიც მათ უკავშირებს ძალადობას და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებს, წარმოადგენს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას. მაუწყებელმა არ გამოიყენა გონივრული ზომები, რათა უზრუნველეყო, რომ ეს მასალა არ გამხდარიყო პირადი ცხოვრების უფლებაზე უსაფუძვლო შეზღუდვის საშუალება.

16.  მომჩივანთა განცხადებით, მაუწყებელმა დაარღვია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლი, რომელიც კრძალავს სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელებას. იდენტიფიცირებადი სტუდენტების საჯაროდ ძალადობასთან დაკავშირება ზრდის მათი უსაფრთხოებისკენ მიმართულ რისკებს, ონლაინ ძალადობის, მუქარის, ჩაგვრის, სტიგმის და ზიანის რეალურ საფრთხეს. მაუწყებლის მიერ იდენტიფიცირებადი სტუდენტების საჯაროდ ძალადობასთან ან ტერორიზმთან დაკავშირება წარმოადგენს განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, ვინაიდან, ასეთი კონტენტი არა მხოლოდ სიძულვილის ენის ელემენტებს შეიცავს, არამედ ქმნის მტრულ და საფრთხის შემცველ სოციალურ გარემოს კონკრეტული პირების მიმართ. აღნიშნული პრაქტიკა აძლიერებს დეჰუმანიზაციისა და კოლექტიური ბრალის დაკისრების ნარატივს, რაც საზოგადოებაში აღვივებს აგრესიას და ამართლებს ძალადობრივ დამოკიდებულებებს.

17.  საჩივარში აღნიშნულია, რომ გასულ სიუჟეტებთან დაკავშირებით რეაგირების მოხდენის მიზნით, მომჩივანებმა მიმართეს ტელეკომპანიის თვითრეგულირების ორგანოს, რომელმაც მიიღო დაუსაბუთებული გადაწყვეტილება. მომჩივანთა განცხადებით, წინამდებარე საჩივრით არ   საჩივრდება  თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილება, თუმცა განმარტავენ, თუ რატომ არის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი. თვითრეგულირების ორგანომ ორ ძირითად არგუმენტზე დაყრდნობით გადაწყვიტა, რომ მაუწყებელს არ დაურღვევია კანონმდებლობის მოთხოვნები. პირველი - სიუჟეტი ეხებოდა არა კონკრეტულ პირებს, არამედ ორგანიზაციებს და მეორე - განმცხადებლების გამოჩენა ხდებოდა ძალიან მცირე ქრონომეტრაჟით (3 წამამდე).

18.  მომჩივანთა განცხადებით, თვითრეგულირების ორგანომ სათანადოდ არ შეაფასა და არ შეისწავლა სიუჟეტების ტექსტი, რომელსაც მიზანში ამოღებული არა მხოლოდ ორგანიზაციები, არამედ სტუდენტებიც ჰყავდათ: ,,რეპორტაჟებიდან მაყურებელი იგებდა, თუ როგორ მიმდინარეობდა სტუდენტების იდეოლოგიური მომზადება ძალადობრივ პროცესებში მონაწილეობისთვის, როგორ უღვივებდნენ მათ სიმპათიებს ტერორისტული ან ექსტრემისტული ქმედებების მიმართ და როგორ ტარდებოდა ტრენინგები სამართალდამცველებთან შეტაკებისთვის სპეციალურად შერჩეული ახალგაზრდების ჯგუფებთან”. „იმედის კვირამ“ არაერთი სიუჟეტი მოამზადა „ფრანკლინის კლუბზე“, დატრენინგებულ ძალადობრივ ჯგუფებზე, რომელთა მთავარი ამოცანა ქაოტური მდგომარეობის შექმნა, პროვოკაციების მოწყობა და სამართალდამცავებზე თავდასხმა იყო...“. აღნიშნული ტექსტის და მასში გამოთქმული ბრალდებების სრულფასოვანი შეფასების გარეშე, ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვერ აკმაყოფილებს ფაქტობრივი გარემოებების ობიექტური ანალიზისა ლოგიკური დასაბუთების მოთხოვნებს. ამავდროულად, თვითრეგულირების ორგანოს არ შეუფასებია, ის ფაქტი, რომ კადრები სოციალურ ქსელსა თუ მედიაში უკვე გავრცელებული იყო კონკრეტული მიზნებისთვის, ეს ტელეკომპანიას a priori აძლევს თუ არა მათი განსხვავებული მიზნებისთვის დამუშავების უფლებას. მოცემულ შემთხვევაში საჩივრის ავტორების გამოსახულებები თავდაპირველად გადაღებულ იქნა „ფრანკლინის კლუბის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, თუმცა, აღნიშნული კადრები შემდგომ გამოყენებულ იქნა სრულიად განსხვავებული მიზნისთვის, კერძოდ, საჩივრის ავტორების დისკრედიტაციისა და მათი ექსტრემიზმთან, ტერორიზმთან და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირების მიზნებისთვის.

19. საჩივრის ავტორთა განმარტებით, თვითრეგულირების ორგანოს არგუმენტი გადაცემის ქრონომეტრაჟთან დაკავშირებით, იმ მტკიცებასთან ერთად, რომ სიუჟეტში ,,პირადი ცხოვრების შემცველი არცერთი ინფორმაცია, მათ შორის არც პერსონალური მონაცემი არ გაჟღერებულა „იმედის კვირის“ ჟურნალისტების მხრიდან“, მკაფიოდ წარმოაჩენს ორგანოს უუნარობას სწორი სამართლებრივი ინტერპრეტაცია გაუკეთოს, როგორც ,,პერსონალურ მონაცემის”, ასევე, ადამიანის პირადი ცხოვრების ფუნდამენტურ უფლების არსს. თვითრეგულირების ორგანოს მტკიცება იმის თაობაზე, რომ სიუჟეტში „პერსონალური მონაცემები არ გაჟღერებულა“ მცდარია, რადგან კანონის მიხედვით, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება პერსონალურ მონაცემს წარმოადგენს. ამ შემთხვევაში, კადრებში ჩანდა, განმცხადებელთა ვიზუალური გამოსახულება და სახელი და გვარი. სახის ვიზუალური გამოსახულება, რომელიც იძლევა ინდივიდის უნიკალურ იდენტიფიცირებას, მკაცრი დაცვის საგანია. ასევე, „ფრანკლინის კლუბთან“ კუთვნილება შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირებულ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემად. ამავდროულად, ტელეკომპანიამ გამოიგონა მონაცემები განმცხადებელთა ძალადობრივ და ექსტრემისტულ ქმედებებთან კავშირის შესახებ. რაც შეეხება გადაწყვეტას იმის თაობაზე, რომ სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვის შესახებ კანონის მოთხოვნები არ დარღვეულა, ორგანომ საერთოდ არ დაასაბუთა რას ეყრდნობა ეს გადაწყვეტა. ამ საკითხის გადაწყვეტამდე ორგანოს მხედველობაში უნდა მიეღო ის ფაქტი, რომ იდენტიფიცირებადი სტუდენტების საჯაროდ ძალადობასთან დაკავშირება ზრდის მათი უსაფრთხოებისკენ მიმართულ რისკებს, ონლაინ ძალადობის, მუქარის, ჩაგვრის, სტიგმის და ზიანის რეალურ საფრთხეს.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანების მოთხოვნაა: შპს ,,ტელეიმედს“ ,,მაუწყებლობის  შესახებ“   საქართველოს კანონის 52-ე, 54, 541 და 552 მუხლების, ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-13 მუხლის, მე-18 მუხლის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის   ,,გ“   ქვეპუნქტის   და   31-ე  მუხლის დარღვევის გამო დაეკისროს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და დაევალოს:

  ამოიღოს     სადავო     სიუჟეტები     სატელევიზიო     ეთერიდან,     ტელეკომპანიის ოფიციალური ვებგვერდიდან და სოციალური ქსელიდან.

 უარყოს განმცხადებელთა შესახებ გავრცელებული არაზუსტი, გადაუმოწმებელი და რეპუტაციის შემლახავი ინფორმაცია იმავე გადაცემაში და იმავე ფორმატით, რომელშიც აღნიშნული სიუჟეტები გავრცელდა.

 შეიკავოს   თავი   მსგავსი   შინაარსის   და   ფორმის   კადრების   ან   ინფორმაციის გამოყენებისგან მომავალში, მათ შორის სხვა სატელევიზიო სიუჟეტებსა და ონლაინ მასალებში.

  აეკრძალოს ტელეკომპანია „ტელეიმედს“ სადავო კადრების გამოყენება ნებისმიერ სხვა სიუჟეტში, გადაცემაში ან ონლაინ პოსტში, რომელმაც შესაძლოა კვლავ შექმნას საჩივრის ავტორთა დისკრედიტაციის შთაბეჭდილება.

21. კომისიის 2026 წლის 5 თებერვლის მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდა    მარიამ კობერიძე (ამავდროულად გ. ფაჩუაშვილის და კ. ჯაფარიძის წარმომადგენელი)   და გ. ფაჩუაშვილისა და კ. ჯაფარიძის წარმომადგენელი თამარ გურჩიანი, რომელმაც აღნიშნა, რომ ტელეკომპანია „იმედი" არის მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი და როგორც მაუწყებელი, ვალდებულია დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, მათ შორის, 52-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები. 2025 წლის პირველი აპრილის ცვლილებების თანახმად, კომისიის მიერ აღსრულებას ექვემდებარება ისეთი შინაარსობრივი მოთხოვნა, როგორიც არის ჯეროვანი სიზუსტე. ვინაიდან, ისინი დავობენ სიუჟეტში ჯეროვანი სიზუსტის სტანდარტის დაუცველობას, დავის საგანი უკავშირდება კომისიის მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას. მან, ასევე აღნიშნა, რომ საჩივარი წარმოდგენილია უფლებამოსილი სუბიექტების მიერ, ვინაიდან, სიუჟეტმა მათ კანონიერ ინტერესზე პირდაპირი და უშუალო გავლენა მოახდინა, რაც, სადავოდ არ გაუხდია არც ტელეკომპანია „იმედს", რომელმაც განიხილა მომჩივანთა საჩივარი და 2025 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა იგი. წარმომადგენელის განმარტებით, მომჩივანები საკმაოდ იდენტიფიცირებადი არიან გადაცემაში და როგორც კერძო პირები დავობენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 1-ელი და მე-2 პუნქტების დარღვევაზე, რადგან ტელეკომპანია „იმედმა" სიუჟეტში ფაქტზე დაფუძნებული ინფორმაცია სრული სიზუსტით და მიუკერძოებლად არ გადასცა და ყველა გონივრული ზომა არ მიიღო, რათა არ დაეშვა შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება.

22. მომჩივანთა წარმომადგენელმა, ასევე, აღნიშნა, რომ მომჩივანებს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება არ მიეცათ, რის შესახებ საუბარია თვითრეგულირების ორგანოს წინაშე წარდგენილ საჩივარში და თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, რომელსაც ისინი არ ასაჩივრებენ. მან განმარტა, რომ მომჩივანებს პროგრამის ეთერში გასვლის შემდგომაც აქვთ მაუწყებლის ეთერის გამოყენების უფლება მის ეთერში განთავსებული არასწორი ფაქტის უარყოფის მიზნით. შესაბამისად, საჩივრის ავტორები დავობენ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლებაზეც. რადგანაც მაუწყებელმა მომჩივანებს არ მისცა პასუხის უფლების   საშუალება, ახლა ისინი ფიქრობენ კომისიის წინაშე დააყენონ საკითხი, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლება მიიღონ ტელეკომპანია „იმედისგან“. ასევე, ითხოვენ ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას და პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემას. აგრეთვე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფის დადგენას, ვინაიდან, საზოგადოების კანონიერი ინტერესების გარეშე მოქმედებდა ტელეკომპანია „იმედი“. აგრეთვე, მომჩივანები ითხოვენ დადგინდეს, რომ გამოყენებული იყო სიძულვილის ენა, ვინაიდან, მათი კადრები მრავალჯერ იყო გადაცემაში ნაჩვენები და იყო სიძულვილის ენა განსხვავებული შეხედულების   მქონე   ადამიანების   მიმართ,   რომლის   მიზანიც   იყო   ძალადობისა   და სიძულვილის წაქეზება ამ კონკრეტული ჯგუფის, ამ კონკრეტული ადამიანების მიმართ. მომჩივანთა წარმომადგენელმა, ასევე აღნიშნა, რომ მარიამ კობერიძე დააკონკრეტებდა იმ მუხლებს, რომელიც დარღვეულია მაუწყებლის მიერ.

23. კომისიის 2026 წლის 5 თებერვლის მოსამზადებელ სხდომაზე მარიამ კობერიძემ აღნიშნა, რომ სიუჟეტში გამოყენებული კადრები გადაღებულია საგანმანათლებლო ღონისძიებაზე და ემსახურებოდა მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებს. კადრები წლებია ნეგატიური კონტექსტით ცირკულირებს ტელევიზია „იმედის“ ეთერში, რის გამოც საჩივრით მიმართეს კომისიას. მიმართვამდე მათ ამოწურეს ის შესაძლებლობა, რასაც თვითრეგულირების ორგანოში გასაჩივრების მექანიზმი ჰქვია. ის, არის დაინტერესებული პირი, ვინაიდან, უშუალოდ არის დაზარალებული ამ სიუჟეტების გამო. მან, ასევე აღნიშნა, რომ ფაქტის ჯეროვანი სიზუსტესა და   მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით ქალბატონმა თამარმა ამომწურავად ისაუბრა, ხოლო,  პირადი ცხოვრების უფლებასთან დაკავშირებით, თვლის, რომ ამ შემთხვევაში მათი პირადი ცხოვრების უფლება რელევანტურობას არ კარგავს იქიდან გამომდინარე, რომ სიუჟეტები უშუალოდ და პირდაპირ გავლენას ახდენს მათ რეპუტაციაზე, რაც კონსტიტუციურად დაცული უფლებაა. ასევე განმარტა, რომ სიუჟეტებმა და სიუჟეტებში გაჟღერებულმა კომენტარებმა, რომლებსაც თავის მხრივ, ჰქონდა არა მოსაზრების, არამედ ფაქტების მსგავსი ფორმულირება და ფაქტად იყო თითოეული გაჟღერებული, ზიანი მიაყენა მათ პიროვნულ ღირსებას და ეს არის როგორც კონსტიტუციით, ისე კონვენციით გარანტირებული უფლება, რომლის დაცვის შესაძლებლობაც მათ უნდა ჰქონდეთ. სიუჟეტებში წარმოდგენილი ცრუ და გადაუმოწმებელი ცნობები ქმნის მცდარ წარმოდგენას, თითქოს, საჩივრის ავტორები ჩართულები არიან ძალადობრივ და ექსტრემისტულ ქმედებებში, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული მათ პირად ცხოვრებასთან, ღირსებასთან და რეპუტაციასთან.

24. მარიამ კობერიძემ განმარტა, რომ მათი გამოსახულებების შემცველი   კადრების ტელეკომპანიის ეთერში გავრცელების   შემდეგ, ეს კადრები კვლავ არის დარჩენილი ონლაინ სივრცეში და სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე, როგორიც არის myvideo.ge და ასე შემდეგ. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტი ერთხელ უკვე გავიდა ტელევიზიის ეთერის მეშვეობით, მისი მოძებნა გარკვეული დროის განმავლობაში, კვლავ იყო შესაძლებელი. ამიტომ აქვთ მოთხოვნა სადავო სიუჟეტების სატელევიზიო ეთერიდან ამოღების თაობაზე. რაც შეეხება მოთხოვნას - ,,შეიკავოს თავი მსგავსი შინაარსის და ფორმის კადრების ან ინფორმაციის გამოყენებისგან მომავალში, მათ შორის სხვა სატელევიზიო სიუჟეტებსა და ონლაინ მასალებში“ -   აქ გულისხმობენ უშუალოდ მათი ვიზუალური გამოსახულებების, მათ შორის მათი სახელებისა და გვარების შესახებ ინფორმაციის გაშუქებას, მით უფრო, იმ მადისკრედიტებელ კონტექსტში, რა კონტექსტშიც ეს ტელეკომპანია „იმედმა“ გააშუქა.

25. კომისიის 2026 წლის 5 თებერვლის მოსამზადებელ სხდომაზე, მომჩივანებმა დააზუსტეს ის ნორმები, რომელიც მომჩივანთა განმარტებით სიუჟეტის განთავსებით დაირღვა მაუწყებლის მიერ და საჩივრის მოთხოვნა ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: შპს ,,ტელეიმედის“ მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 54-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 541  მუხლის პირველი პუნქტისა და 552 მუხლის პირველ პუნქტის, ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-13 მუხლის, მე-18 მუხლის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტისა და 31-ე მუხლის დარღვევის გამო შპს               ,,ტელეიმედს“    დაეკისროს    კანონით    გათვალისწინებული    ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და დაევალოს:

  ამოიღოს სადავო სიუჟეტები სატელევიზიო ეთერიდან, ტელეკომპანიის ოფიციალური ვებგვერდიდან და სოციალური ქსელიდან.

 უარყოს განმცხადებელთა შესახებ გავრცელებული არაზუსტი, გადაუმოწმებელი და რეპუტაციის შემლახავი ინფორმაცია იმავე გადაცემაში და იმავე ფორმატით, რომელშიც აღნიშნული სიუჟეტები გავრცელდა.

  შეიკავოს   თავი   მსგავსი   შინაარსის   და   ფორმის   კადრების   ან   ინფორმაციის გამოყენებისგან მომავალში, მათ შორის სხვა სატელევიზიო სიუჟეტებსა და ონლაინ მასალებში.

 აეკრძალოს ტელეკომპანია „ტელეიმედს“ სადავო კადრების გამოყენება ნებისმიერ სხვა სიუჟეტში, გადაცემაში ან ონლაინ პოსტში, რომელმაც შესაძლოა კვლავ შექმნას საჩივრის ავტორთა დისკრედიტაციის შთაბეჭდილება.

  მომჩივანებისთვის პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემა.

26. კომისიის 2026 წლის 5 თებერვლის მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ტელეიმედის“ წარმომადგენელი, რომელმაც აღნიშნა, აღნიშნული მუხლების დარღვევის საკითხის განხილვა, წარმოადგენს კომისიის უფლებამოსილებას, ხოლო, დაინტერესებული პირის დადგენის დროს უნდა შეფასდეს, რომ სიუჟეტი ეხებოდა არა მომჩივანებს, არამედ ,,ფრანკლინის კლუბის“ საქმიანობას.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

27. „მაუწყებლობის  შესახებ"  საქართველოს  კანონის  მე-5  მუხლის  პირველი  პუნქტის შესაბამისად, „მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში საქმიანობას არეგულირებს კომისია“. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ფუნქციებს მიეკუთვნება „მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება“, ხოლო „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „მედიამომსახურების ან/და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“.

28. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ,,მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, აგრეთვე სალიცენზიო პირობებისა და ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს კომისიას“, ხოლო მე-7 პუნქტის   შესაბამისად, ,,საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს“.29.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა. კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-5 მუხლის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული მხარე არის ,,ნებისმიერი პირი, რომელსაც ეხება ან რომელიც ნახსენებია პროგრამაში ან მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებაში“.

30.  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით და მიუკერძოებლად, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. ამავე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული   პირის მოთხოვნის   შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად მაუწყებელს დაავალოს დაინტერესებული პირისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემა.

31. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  54-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის შესაბამისად, ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ფაქტისა და მოსაზრების მკაფიო გამიჯვნა.

32.  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 541 მუხლის პირველის პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფა, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ ადამიანის პირად ცხოვრებაში ან/და იურიდიული პირის საქმიანობაში ჩარევა შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მიზნად ისახავს საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას, არის ამ მიზნის მიღწევის პროპორციული საშუალება და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს.

33. ,,მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის 552 მუხლის პირველი  პუნქტის შესაბამისად, აკრძალულია ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც ახდენს პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, სქესის, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ადგილის ან ასაკის ნიშნის მიხედვით ძალადობის ან სიძულვილის წაქეზებას (სიძულვილის ენა), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის კონტექსტის გათვალისწინებით და არ არსებობს სიძულვილის ენის გავრცელების განზრახვა. პროგრამა ან რეკლამა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ამ პუნქტით გათვალისწინებული სიძულვილის ენის შემცველად მხოლოდ მისი შეურაცხმყოფელი ან კრიტიკული შინაარსის გამო, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, აკრძალულია ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც შეიცავს ტერორიზმისკენ მოწოდებას.

34. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 59-ე მუხლის მოთხოვნების, აგრეთვე იმ ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევაზე რეაგირება, რომლებიც მხოლოდ ქცევის კოდექსით არის დადგენილი, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში, ხოლო მე-5 პუნქტის შესაბამისად, ,,მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54-ე - 542, 552  და 553  - 564  მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო“.

35. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 764  მუხლის თანახმად, მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე, 541, 542, 553, 56-ე და 564 მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს ამ კანონით დადგენილი წესით. კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს შეუფარდოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია, რომელიც აღსასრულებლად არ მიექცევა. მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე - 542, 553, 56-ე და 564   მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისის შემდეგ დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს და მაუწყებელს შესაბამის სანქციას შეუფარდებს კანონით დადგენილი წესით.

36. კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა უზრუნველყოს ინფორმაციის წყაროს და ფაქტების სიზუსტე, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია მიაწოდოს აუდიტორიას სანდო და ზუსტი ინფორმაცია, არ დაუშვას ცრუ ამ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. ამავე კოდექსის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პოლიტიკური მოვლენების თავისუფალი და მიუკერძოებელი გაშუქების უზრუნველსაყოფად, მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მიუკერძოებლობა არ გულისხმობს თითოეული შეხედულებისთვის თანაბარი დროის დათმობას, არამედ მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ყველა მნიშვნელოვანი მოსაზრების სათანადო წარმოჩენა, ხოლო მე-3 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კოდექსი ეყრდნობა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პატივისცემის უზრუნველყოფას, გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას საზოგადოებრივ ინტერესსა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპებს შორის ბალანსის დაცვის საფუძველზე. მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს სიძულვილს ან არატოლერანტობას რასის, ენის, სქესის, რელიგიური კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური, გეოგრაფიული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე.

37. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე უნდა შეწყდეს თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის მომენტისთვის გასულია ამ კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი ვადები. ამავე კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს  შესაბამისი ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან არაუგვიანეს 3 თვისა, ხოლო როცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დენადია – მისი გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 3 თვისა.

38. კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 44-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კომისია სადავო საკითხებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში. განცხადება დავის განხილვის შესახებ მიიღება, თუ მისი მოთხოვნა არ სცილდება კომისიის უფლებამოსილებების ფარგლებს, ხოლო  45-ე მუხლის  მე-6 პუნქტის თანახმად, ,,მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, ან განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, თუ განმცხადებელი/საჩივრის ავტორი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტს“.

39. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  177-ე  მუხლის  მე-4  ნაწილის შესაბამისად, ,,ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს“.

III. სამოტივაციო ნაწილი

40. მოქმედი  კანონმდებლობის მიხედვით თუ  დავის  საგანი  უკავშირდება  კომისიის მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, კომისია უფლებამოსილია მიიღოს საჩივარი განსახილველად და დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება. შესაბამისად, კომისიამ უნდა შეაფასოს საჩივარში დასმული საკითხები განეკუთვნება თუ არა მის უფლებამოსილებას და საჩივარი წარდგენილია თუ არა უფლებამოსილი სუბიექტის მიერ.

41.  „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ფუნქციებს მიეკუთვნება მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი.

42. „მაუწყებლობის  შესახებ"  საქართველოს  კანონის 52-ე მუხლი ადგენს  მაუწყებლის ვალდებულებას დაიცვას გადაცემული ფაქტების ჯეროვანი სიზუსტე და უზრუნველყოს დაინტერესებულ  პირთათვი   პასუხის  უფლება  კანონით  დადგენილი  წესით.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლი ადგენს მაუწყებლის მიერ სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვის სტანდარტს, 541 მუხლი - პირადი ცხოვრების უფლების ხელშეუხებლობას. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 552  მუხლის შესაბამისად აკრძალულია სიძულვილის ენა კრძალავს ძალადობის წაქეზებას.

43. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ,,მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54-ე - 542, 552  და 553  - 564  მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო“.

44.  მარიამ კობერიძე, კონსტანტინე ჯაფარიძე და გიორგი ფაჩუაშვილი სადავოდ ხდიან 2025 წლის 12 და 19 ოქტომბერს, შპს ,,ტელეიმედის“ ეთერში, გადაცემაში ,,იმედის კვირა“ გასულ სიუჟეტებში, რომელიც, ასევე განთავსდა მაუწყებლის ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში (Facebook), მათ შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. კერძოდ:

ა)   2025 წლის 12 ოქტომბერს გასულ სიუჟეტში აჩვენებენ   ,,ფრანკლინის კლუბის“ პრეზენტაციაზე გადაღებულ კადრს, სადაც ჩანან მარიამ კობერიძე, კონსტანტინე ჯაფარიძე, ხოლო გიორგი ფაჩუაშვილი სახელის და გვარის მითითებით, რა დროსაც ჟურნალისტი აკეთებს შემდეგ განცხადებას: ,,უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების კურატორობით სტუდენტურ ბანაკებსა თუ ,,ფრანკლინის კლუბის“ ე.წ. საგანმანათლებლო ცენტრებში ახალგაზრდების გადამზადების ფაქტებს „იმედის კვირა“ თვეზე მეტია გიყვებათ. ჩვენი რეპორტაჟებიდან იგებდით, როგორ ხდებოდა ძალადობრივ პროცესებში მონაწილეობისთვის სტუდენტების იდეოლოგიური მომზადება. როგორ უღვივებდნენ სიმპათიებს ტერორისტული ან ექსტრემისტული ქმედებების მიმართ და როგორ ატრენინგებდნენ ახალგაზრდების კონკრეტულ ჯგუფებს სამართალდამცველებთან შეტაკებისთვის ...“.

ბ) 2025 წლის 19 ოქტომბერს გასულ სიუჟეტში აჩვენებენ   ,,ფრანკლინის კლუბის“ პრეზენტაციაზე გადაღებულ კადრს, სადაც ჩანან მარიამ კობერიძე, კონსტანტინე ჯაფარიძე, ხოლო გიორგი ფაჩუაშვილი სახელის და გვარის მითითებით. კადრის ჩვენებამდე ჟურნალისტი  ამბობს:  ,,  ...  მომავლის  აკადემია ალექსანდრე  ზიბზიბაძემ  დააფუძნა  ... ,,ფრანკლინის კლუბში“ სწორედ მას ჰქონდა ჩაბარებული ახალგაზრდების დატრენინგება პროვოკაციების მოწყობაში, ჰყავდა 2000-მდე რეკრუტირებული ახალგაზრდა“, ხოლო, კადრის გასვლის შემდეგ: „იმედის კვირამ“ არაერთი სიუჟეტი მოამზადა „ფრანკლინის კლუბზე“, დატრენინგებულ ძალადობრივ ჯგუფებზე, რომელთა მთავარი ამოცანა ქაოტური მდგომარეობის შექმნა, პროვოკაციების მოწყობა და სამართალდამცავებზე თავდასხმა იყო...“.

45. საჩივრის ავტორთა განცხადებით, სიუჟეტებში განთავსებულია კადრები, სადაც ჩანან საჩივრის ავტორები და ერთ-ერთის სახელი და გვარი. სიუჟეტებში ჟურნალისტის მიერ გაკეთებული განცხადებები მათ წარმოაჩენს როგორც უცხო სუბიექტების გავლენის ქვეშ მყოფ, იდეოლოგიურად  მართულ პირებს, რომლებიც    ძალადობრივ    ქმედებებში მონაწილეობის მიზნით გადიან ტრენინგებსა და იდეოლოგიურ დამუშავებას. სიუჟეტების შინაარსი და ვიზუალური ნაწილი მათ პირდაპირ უკავშირებს ძალადობრივ ქმედებებთან და იქმნება მცდარი ასოციაცია, თითქოს ისინი მონაწილეობდნენ ძალადობრივ აქციებში, რაც არა მხოლოდ სიძულვილის ენის ელემენტებს შეიცავს, არამედ ქმნის მტრულ გარემოს მათ მიმართ. მომჩივანები, ასევე განმარტავენ, რომ მაუწყებელმა არცერთ ეტაპზე არ მიმართა საჩივრის ავტორებს პოზიციის მოსასმენად და არ შეეცადა გადაემოწმებინა ფაქტები. ამასთან, საგანმანათლებლო მიზნებისთვის გადაღებული კადრის სიუჟეტში მათი თანხმობის გარეშე განთავსებით, მით უმეტეს კონტექსტში, რომელიც მათ უკავშირებს ძალადობასა და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებს, წარმოადგენს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას. მომჩივანთა განცხადებით, ზემოაღნიშნული სიუჟეტების განთავსებით, მაუწყებლის მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, 54-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, 541 მუხლის პირველი და 552 მუხლის პირველი პუნქტი.

46. შპს  ,,ტელეიმედი“  მაუწყებლობის  სფეროში  ავტორიზებული  პირია  და  როგორც მაუწყებელი, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591  მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვალდებულია ეთერში, ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში ინფორმაციის განთავსებისას დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის ცალკეული ნორმების, მათ შორის, 52-ე, 54-ე, 541  და 552 მუხლების მოთხოვნები. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ მარიამ კობერიძის, კონსტანტინე ჯაფარიძისა და გიორგი ფაჩუაშვილის საჩივრის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში.

47. კომისიის მიერ, ასევე უნდა შემოწმდეს რამდენად არიან მომჩივანები საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილი, დაინტერესებული პირები. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი განმარტებულია, როგორც ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა. კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-5 მუხლის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი პირი, რომელსაც ეხება ან რომელიც ნახსენებია პროგრამაში ან მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებაში.

48. კომისიის  მიერ  შემუშავებული  რეკომენდაციის2    მიხედვით,  ,,მაუწყებლის  ეთერში პროგრამის განთავსებით შესაძლებელია დაირღვეს შემდეგი პირის ან პირთა ჯგუფის უფლებები: ა) პროგრამის მონაწილეების - პირის ან პირთა ჯგუფის, რომელსაც უშუალოდ მიემართება პროგრამა, რომელიც მოხსენიებული არიან პროგრამაში, რომელთა ხმა ან გამოსახულება არის გამოყენებული პროგრამაში, რომელთა სახელი, სახელწოდება ან ბრენდული დასახელებაა პროგრამაში მოხსენიებული და ა.შ.“.

49. მომჩივანების  მიერ  მითითებული,  შპს  ,,ტელეიმედის“  ეთერში,  ვებგვერდზე  და სოციალური ქსელში გავრცელებულ სიუჟეტში განთავსებულია კადრი საჩივრის ავტორების გამოსახულებით და ერთ-ერთის სახელი და გვარის მითითებით.     მომჩივანთა განცხადებით, აღნიშნული კადრის განთავსებით და სიუჟეტში გაკეთებული განცხადებებით დაირღვა მათი კანონიერი ინტერესი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ მომჩივანები წარმოადგენენ საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილ პირებს.

50. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება 2 კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაცია ,,გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება“.        http://www.comcom.ge/ge/regulation/mediamomsaxureba/broadcasting/broadcasting-sakonsultacio-dokumentebi-da-sxva-masalebi/gzamkvlevi-mauwyeblobis-shinaarsobrivi-motxovnebis-taobaze.page

დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან არაუგვიანეს 3 თვისა, ხოლო როცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დენადია – მისი გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 3 თვისა.

51. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საჩივარი 2025 წლის 19 ოქტომბერს მაუწყებლის ეთერში, ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში განთავსებულ სიუჟეტთან დაკავშირებით მიღებულ უნდა იქნეს განსახილველად და დავის   განხილვის დღედ  განისაზღვროს  2026 წლის 26 თებერვალი.

52. ერთ-ერთი სადავო სიუჟეტი მაუწყებლის ეთერში, ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში განთავსდა 2025 წლის 12 ოქტომბერს. მომჩივანებმა კომისიას საჩივრით მიმართეს 2026 წლის 16 იანვარს, სიუჟეტის განთავსების დღიდან 3 თვის შემდეგ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე უნდა შეწყდეს თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის მომენტისთვის გასულია ამ კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი ვადები. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია მოკლებულია შესაძლებლობას 2025 წლის 12 ოქტომბერს მაუწყებლის ეთერში, ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში განთავსებულ სიუჟეტთან დაკავშირებით საჩივარი მიიღოს განსახილველად.

53.  ამასთან, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს უნდა დაევალოს განსახილველად მიღებულ ნაწილში საჩივარში მითითებული გარემოებების შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების, 591 მუხლის მე-5 პუნქტისა და 764 მუხლის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლისა და 232-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და   კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად:

გადაწყვიტა:

1. შპს ,,ტელეიმედის“ წინააღმდეგ მარიამ კობერიძის, კონსტანტინე ჯაფარიძისა და გიორგი ფაჩუაშვილის საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-26-9/443,16.01.26) შპს ,,ტელეიმედის“ გადაცემაში - „იმედის კვირა“ 2025 წლის 19 ოქტომბერს განთავსებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განსახილველად იქნეს მიღებული.

2. შპს ,,ტელეიმედის“ წინააღმდეგ მარიამ კობერიძის, კონსტანტინე ჯაფარიძისა და გიორგი ფაჩუაშვილის საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის  №შ-26-9/443,16.01.26) შპს ,,ტელეიმედის“ გადაცემაში - „იმედის კვირა“ 2025 წლის 12 ოქტომბერს განთავსებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განსახილველად არ იქნეს მიღებული.

3. დავის განხილვა დაინიშნოს 2026 წლის 26 თებერვალს, 15:00 საათზე.

4. გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  გადაწყვეტილების  სარეზოლუციო  ნაწილის  კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.

5. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა  კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების  ან  მისი  დამოწმებული ასლის მარიამ კობერიძისთვის, კონსტანტინე ჯაფარიძისთვის, გიორგი ფაჩუაშვილისთვის და შპს ,,ტელეიმედისთვის“  ჩაბარების დღიდან ერთი თვის  განმავლობაში,  ხოლო  დანარჩენ ნაწილში ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

6. დაევალოს  კომისიის  აპარატის  მედიამომსახურებების  რეგულირების  დეპარტამენტს  (კ. ქორიძე) საჩივარში მითითებული გარემოებების შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა.

7. დაევალოს  კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ.გასვიანი)  წინამდებარე გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის მარიამ კობერიძისთვის, კონსტანტინე ჯაფარიძისთვის და გიორგი ფაჩუაშვილისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ- გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 და მე-7 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

ვახტანგ  აბაშიძე          წევრი

ეკატერინე  იმედაძე     წევრი

ნათია კუკულაძე         წევრი

ივანე მახარაძე            წევრი

გოგა  გულორდავა      თავმჯდომარე

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები