წვდომის მენიუ

შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიმართ მოქალაქე მარიამ ნადირაძის საჩივრის განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: გ-26-16 / 463

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 21, 2026 12:06

მიღების თარიღი ოქტომბერი 15, 2026

შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიმართ მოქალაქე მარიამ ნადირაძის საჩივრის განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

მომჩივანი მხარე: მარიამ ნადირაძე

მოპასუხე: შპს „ტელეკომპანია პირველი“

დავის საგანი: შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის, 54-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტების დარღვევის  დადგენა და კანონმდებლობის დარღვევისთვის  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.

კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 8 ოქტომბერი, 15 ოქტომბერი, 15:00 საათი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-9/7438 08.09.2026; Nშ-26-9/7857 01.10.2026) მიმართა ფიზიკურმა პირმა მარიამ ნადირაძემ შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ და მოითხოვა მაუწყებლის ეთერში განთავსებული სიუჟეტის შესაბამისობის შეფასება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა    და მაუწყებელთა ქცევის კოდექსით დადგენილ ფაქტობრივი სიზუსტის, სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და პასუხის უფლების სტანდარტებთან მიმართებაში.

2. მოქალაქე: მ. ნადირაძის საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში მიმდინარე წლის 5 სექტემბერს განთავსდა სპეციალური გამოშვება გოგინავების ოჯახზე და სიუჟეტი შეიცავდა ტყუილსა და დეზინფორმაციას.

3. საჩივრის ავტორმა კომისიისგან მოითხოვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტისა (ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე) და 54-ე მუხლის პირველი (სამართლიანობა და მიუკერძოებლობა), მე-2 (ფაქტისა და მოსაზრების მკაფიო გამიჯვნა), მე-4 (ბალანსის დაცვა), მე-7 (ჯეროვანი სამართლიანობა და პატივისცემა) და მე-8 პუნქტების (პასუხის უფლება) შესაბამისად, მაუწყებლისთვის დარღვევის დადგენა და შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.

4. შპს „ტელეკომპანია პირველმა“  2026 წლის 8 ოქტომბერს კომისიაში წარმოადგინა წერილობითი პოზიცია საჩივრის განსახილველად მიღების საკითხთან დაკავშირებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/7939). შპს „ტელეკომპანია პირველის“ წერილობით პოზიციაში აღნიშნულია შემდეგი: 1. არ იქნეს მიღებული განსახილველად საჩივარი იმ ნაწილში, რომელშიც საჩივრის ავტორი შესაბამისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე მოქმედებს სხვა პირის/პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. 2. არ იქნეს მიღებული განსახილველად პასუხის უფლებასთან დაკავშირებული მოთხოვნა, ვინაიდან წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება მაუწყებლისათვის კანონით დადგენილი წესითა და ვადაში შესაბამისი მოთხოვნით მიმართვა და მაუწყებლის მიერ ამ მოთხოვნაზე უარის თქმა. 3. არ იქნეს მიღებული განსახილველად საჩივრის ის ნაწილი, რომელიც თავისი შინაარსით მოითხოვს კომისიისგან კერძო-სამართლებრივი/ქონებრივი დავის გადაწყვეტას ან ისეთი საკითხების გადაწყვეტას, რომელიც სცდება კომისიის კომპეტენციას.

5. შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიმართ მოქალაქე მარიამ ნადირაძის საჩივართან დაკავშირებით, კომისიის მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2026 წლის 8 ოქტომბერს, თუმცა მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, კომისიის სხდომა გადაიდო 2026 წლის 15 ოქტომბრისთვის.

6. 2026 წლის 15 ოქტომბერს საჩივრის ავტორმა მ. ნადირაძემ ელექტრონული ფოსტის საშუალებით აცნობა კომისიას, რომ უარს აცხადებდა დავის გაგრძელებაზე და მოითხოვა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა. კომისია მომჩივან მხარეს ასევე დაუკავშირდა საჩივარში მითითებულ სატელეფონო ნომერზე, რა დროსაც მხარემ დაადასტურა დავის შეწყვეტის სურვილი (შედგა სატელეფონო საუბრის აქტი).

7. 2026 წლის 15 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდნენ საჩივრის ავტორი მ. ნადირაძე და მოპასუხე მხარე შპს „ტელეკომპანია პირველი“. მხარეებს არ წარმოუდგენიათ შუამდგომლობა სხდომის სხვა დროისთვის გადადების თაობაზე. ვინაიდან, მხარეებს შეტყობინება   სხდომაზე მოწვევის თაობაზე, ჩაბარდათ კანონით დადგენილი წესით, კომისიის მიერ შესრულდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაკისრებული ვალდებულება - დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე. ამასთან, სახეზეა მხარეთა მხრიდან განმეორებითი გამოუცხადებლობის ფაქტი. ამდენად, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მხარეთა დასწრების გარეშე.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით,„მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას მაუწყებლის თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას“.

9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 პუნქტის მიხედვით,  „მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, აგრეთვე სალიცენზიო პირობებისა და ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს კომისიას“.

10.  „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-7   პუნქტის   თანახმად,   „საჩივრის მიღებიდან 7  სამუშაო  დღის  განმავლობაში  კომისია  იღებს  დასაბუთებულ  გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს“.

11. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451  მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „დავის განხილვის დაწყებისას კომისია ეკითხება მხარეებს, ხომ არ სურთ დავის მორიგებით დამთავრება. მხარეები უფლებამოსილი არიან დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვონ დავის მორიგებით დამთავრება. კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილებით დაამტკიცოს მორიგება ან არ დაეთანხმოს მორიგებას და მიიღოს სხვა გადაწყვეტილება, თუ მხარეთა მორიგება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. განმცხადებელი/საჩივრის ავტორი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე. მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის/საჩივრის ავტორის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის წარმოების შეწყვეტის თაობაზე“.

III. სამართლებრივი შეფასება

12. კომისიამ დაადგინა, რომ მოქალაქე მარიამ ნადირაძე უარს აცხადებს საჩივრის განხილვაზე და ითხოვს საჩივრის განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, განმცხადებელი/საჩივრის ავტორი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. შესაბამისად, უნდა შეწყდეს შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიმართ მოქალაქე მარიამ ნადირაძის საჩივრის (Nშ-26-9/7438 08.09.2026;Nშ-26-9/7857 01.10.2026) განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე - 98-ე მუხლების და VII თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიმართ მოქალაქე მ.ნადირაძის საჩივრის (Nშ-26-9/743808.09.2026; Nშ-26-9/7857 01.10.2026) განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება.

2.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს  კომისიის ოფიციალურ  ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (გ. ლუკავა) წინამდებარე გადაწყვეტილების მხარეებისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

5. გადაწყვეტილების   შესრულებაზე   კონტროლი   დაევალოს   კომისიის   ადმინისტრაციას     (გ. ლუკავა).

ნათია კუკულაძე           თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე      წევრი

ივანე მახარაძე              წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები