სს „გლობალ ერთის“ წინააღმდეგ შპს „მაგთიკომის“ განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 18, 2026 10:14
მიღების თარიღი აგვისტო 13, 2026
სს „გლობალ ერთის“ წინააღმდეგ შპს „მაგთიკომის“ განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
განმცხადებელი: შპს „მაგთიკომი“
მოპასუხე: სს „გლობალ ერთი“
დავის საგანი: ურთიერთჩართვიდან გამომდინარე დავალიანების გადაუხდელობა
კომისიის მოსამზადებელი სხდომის თარიღი: 2026 წლის 13 აგვისტო, 15:00 საათი.
I. აღწერილობითი ნაწილი
1. განმცხადებლის პოზიცია
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) განცხადებით (03.08.2026 Nშ-26-6/6755) მიმართა შპს „მაგთიკომმა“. განმცხადებლის ინფორმაციით, სს „გლობალ ერთსა“ და შპს „მაგთიკომს“ შორის არსებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების საფუძველზე, სს „გლობალ ერთის“ დავალიანებამ 2026 წლის 27 ივლისის მდგომარეობით შეადგინა 67,228.53 ლარი, კომპანიას არ გაუხდია აღნიშნული დავალიანება და ასევე დადასტურებული აქვს ანგარიშ-ფაქტურები.
2. შპს „მაგთიკომმა“ სს „გლობალ ერთს“ წერილობით მიმართა დავალიანების გადახდის მოთხოვნით და შეატყობინა არ გადახდის შემთხვევაში შესაძლო შედეგების თაობაზე, თუმცა, მოთხოვნას რეაგირება არ მოჰყოლია. ამდენად, განმცხადებელი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ითხოვს კომისიის თანხმობას შპს „მაგთიკომსა“ და სს „გლობალ ერთს“ შორის არსებული ურთიერთჩართვის შეჩერებაზე - დავალიანების სრულად გადახდამდე.
3. სს „გლობალ ერთმა“ 2026 წლის 11 აგვისტოს, კომისიას წერილობით აცნობა (Nშ-26-6/6916), რომ შპს „მაგთიკომის“ მიმართ არსებული დავალიანება კომპანიას დაფარული აქვს სრულად და წარადგინა შესაბამისი მტკიცებულებები.
4. შპს „მაგთიკომმა“ 2026 წლის 12 აგვისტოს წერილობით აცნობა (Nშ-26-6/6936) კომისიას, რომ სს „გლობალ ერთმა“ დაფარა შპს „მაგთიკომის“ წინაშე, ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება და იშუამდგომლა კომისიის წინაშე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ძირითად ფუნქციებს მიეკუთვნება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“, ხოლო ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად - „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება“;
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები“;
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით“;
8. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ამოცანებია „ავტორიზებული პირების დისკრიმინაციის დაუშვებლობა და მათი თანასწორუფლებიანობა; მსურველი ავტორიზებული პირების მოთხოვნით ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან არადისკრიმინაციული დაშვება ან/და ურთიერთჩართვა“;
9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით;
10. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „დავა განიხილება შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, კომისიის სხდომაზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ისინი“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „პირველი პუნქტით განსაზღვრული შეჯიბრებითობის პრინციპი არ ზღუდავს კომისიას, საქმის გარემოებათა გასარკვევად საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და გამოითხოვოს მტკიცებულებები;
11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „მხარეები უფლებამოსილი არიან დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვონ საქმის მორიგებით დამთავრება“. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, „განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე“.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. გამოკვლეული მტკიცებულებები
12. შპს „მაგთიკომის“ განცხადება (03.08.2026 Nშ-26-6/6755);
13. შპს „მაგთიკომსა“ და სს „გლობალ ერთს“ შორის 2014 წლის 4 ნოემბერს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება;
14. შპს „მაგთიკომისა“ და სს „გლობალ ერთის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და საჯარო რეესტრის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
15. შპს „მაგთიკომი“ და სს „გლობალ ერთი“ არიან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები;
მტკიცებულება: კომპანიების თაობაზე მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.
16. შპს „მაგთიკომსა“ და სს „გლობალ ერთს“ შორის 2014 წლის 4 ნოემბერს გაფორმებულია ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გადასახდელი დავალიანების გადახდის მოთხოვნით შპს „მაგთიკომს“ მიმართული აქვს სს „გლობალ ერთისთვის“ წერილობით;
მტკიცებულება: შპს „მაგთიკომსა“ და სს „გლობალ ერთს“ შორის 2014 წლის 4 ნოემბერს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება; შპს „მაგთიკომის“ წერილი სს „გლობალ ერთს“;
17. სს „გლობალ ერთმა“ დაფარა შპს „მაგთიკომის“ მიმართ არსებული დავალიანება და შპს „მაგთიკომმა“ იშუამდგომლა კომისიის წინაშე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
მტკიცებულება: შპს „მაგთიკომისა“ და სს „გლობალ ერთის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილობითი პოზიციები.
3. სამართლებრივი შეფასება
18. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამასთან, კომისიის კომპეტენციას მიეკუთვნება ავტორიზებულ პირებს შორის დავის განხილვა ურთიერთჩართვის საკითხებზე. ამდენად, კომისია არის საკითხის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო.
19. თავის მხრივ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი მხარეებს ანიჭებს უფლებამოსილებას დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მორიგდნენ. ამასთან, თუ განმცხადებელმა უარი თქვა მოთხოვნაზე ან მოპასუხემ ცნო მოთხოვნა, კომისია უფლებამოსილია შეწყვიტოს წარმოება.
20. როგორც შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი განცხადებით დგინდება, განმცხადებელი უარს ამბობს მოთხოვნაზე, შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს სს „გლობალ ერთთან“ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე შპს „მაგთიკომის“ განცხადების (03.08.2026 Nშ-26-6/6755) საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი).
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
ანი ვაზაგაშვილი წევრი
