წვდომის მენიუ

შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ გურანდა მაჩაიძის საჩივრის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის თაობაზე

ნომერი: გ-26-16 / 25

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 23, 2026 13:56

მიღების თარიღი იანვარი 22, 2026

შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ გურანდა მაჩაიძის საჩივრის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის თაობაზე

მომჩივანი მხარე: გურანდა მაჩაიძე

მოწინააღმდეგე მხარე: შპს „ტელეკომპანია პირველი“

დავის  საგანი: პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება

სხდომის გამართვის თარიღი: 2026 წლის 15 და 22 იანვარი

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნულ  კომისიას  (შემდგომში  „კომისია“)  საჩივრით (კომისიაში  რეგისტრაციის Nშ-26-6/45;08.01.2026) მიმართა გურანდა მაჩაიძემ შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიერ მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და მოითხოვა მაუწყებლისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.

2. საჩივრის თანახმად, შპს „ტელეკომპანია პირველმა“ საინფორმაციო გამოშვებებში 2024 წლის 27 სექტემბერს შესახებ ინფორმაციასთან ერთად, უკანონოდ გაამჟღავნა მომჩივანის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები. კერძოდ, შპს „ტელეკომპანია პირველის“ 2025 წლის 29 სექტემბრის სიუჟეტებში გავრცელდა ინფორმაცია „ვრცელდება ინფორმაცია, რომ ...  და  ჩვენი  ინფორმაციით რამდენიმე  დღის  წინ

3. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“,„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის, შესაბამისი მუხლების მოთხოვნათა დარღვევის საფუძვლით, მომჩივანმა 2025 წლის 13 იანვარს მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შეწყვიტა მომჩივანის პერსონალური მონაცემების გამჟღავნების კანონიერების შესწავლა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, თუმცა, მომჩივანის განმარტებით, სამსახურმა მაუწყებელს განუმარტა მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით მისაღებ ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებზე.

4. მომჩივანი აღნიშნავს, რომ მოცემულ  შემთხვევაში,   შპს   „ტელეკომპანია  პირველს“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის (ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება) მოთხოვნები რომ შეესრულებინა და მის მიერ წყაროდან მიღებული ინფორმაცია  გადაემოწმებინა (  (0:00:41  წთ  – 0:00:60 წთ), (0:00:28 -0:00:32 წთ)), აღმოაჩენდა, რომ მის მიერ მოპოვებული ინფორმაცია იყო მცდარი და თავად წყაროს მიერ კანონდარღვევით მოპოვებული და გავრცელებული. ეს გარემოება კი ავტომატურად გამორიცხავდა   შპს   „ტელეკომპანია   პირველის“   მიერ   მომჩივანის  განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაციის საჯარო გამჟღავნების საფუძველსაც და მას არ მოუწევდა       მაუწყებლისთვის       იმის       ახსნა, რომ კონფიდენციალურობის     პრინციპი    უპირობოა; საჯარო ინტერესის გამართლება პრაქტიკულად შეუძლებელია პირადი მონაცემების გამჟღავნებისას; ინფორმაციის გავრცელება, რომელიც იძლევა იდენტიფიცირების საშუალებას, წარმოადგენს პირადი ცხოვრების საიდუმლოების დარღვევას და ამგვარი ინფორმაციის გადაცემა ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში არ არის გამართლებული, თუ არ არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც აღემატება პირის კონფიდენციალურობის უფლებას; მედიის თავისუფლებასთან მიმართებაში ჟურნალისტის უფლებები დაცულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია წარმოადგენს  საზოგადოებრივ  ინტერესს  და  ჟურნალისტი  მოქმედებს კეთილსინდისიერად, თუმცა ამ უფლებას ზღუდავს პირადი ცხოვრების დაცულობა (von Hannover v. Germany, 2004).

5. შესაბამისად,  მომჩივანის  განმარტებით, შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიერ  მისი განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაციის საჯარო გამჟღავნება მოხდა საქართველოს  სამოქალაქო  კოდექსის,  საქართველოს  სისხლის  სამართლის  კოდექსის,, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, მაუწყებელთა ქცევის კოდექსისა და ჟურნალისტური ეთიკის ნორმების უხეში დარღვევით, როგორც მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის შემადგენელი, რომელიც ცალსახად არ წარმოადგენდა საზოგადოებრივ ინტერესს, ვინაიდან, უკიდურეს შემთხვევაში, არსებობდა საზოგადოების კანონიერი ინტერესის მისი პირადი ცხოვრების უფლების ნაკლებად მზღუდავი საშუალებით მიღწევის გონივრული შესაძლებლობაც დაბალანსებული ინფორმაციის გავრცელებით (მაგ. „ვრცელდება ინფორმაცია, რომ    **** “).

6. საჩივარში ასევე, აღნიშნულია, რომ შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო, მოხდა მომჩივანის პირადი ცხოვრების საიდუმლოების უხეში ხელყოფა, საზოგადოების თვალში მისი და მისი ოჯახის დისკრედიტაცია და შეილახა მისი რეპუტაცია.

7. მომჩივანის განმარტებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა დენადია და რის დასადასტურებლად მომჩივანს წარმოდგენილი აქვს ამონაბეჭდი სოციალური ქსელის გვერდიდან (“Facebook”).

8. მომჩივანის მოთხოვნა: შპს „ტელეკომპანია პირველს” შეეფარდოს „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქცია, ამავე კანონის 541  მუხლის (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) დარღვევის გამო. დამამძიმებელი გარემოების (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 35-ე მუხლი - სამართალდარღვევის დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენა) გათვალისწინებით.

9.    კომისიის  2026  წლის  15  იანვრის  მოსამზადებელ  სხდომაზე  გამოცხადდა  მომჩივანი გურანდა მაჩაიძე და შპს „ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენელი თორნიკე მიგინეიშვილი. კომისიამ 2026 წლის 15 იანვრის საოქმო გადაწყვეტილებით, დააკმაყოფილა მომჩივანის წერილობითი  შუამდგომლობა (კომისიაში  რეგისტრაციის N6-26-9/258;14.01.2026) და საჩივრის დასაშვებობის საკითხი განიხილა დახურულ სხდომაზე.

10.  მომჩივანმა   კომისიის   სხდომაზე   დააზუსტა, რომ საჩივარში   მითითებული   სადავო სიუჟეტები  შპს  „ტელეკომპანია  პირველის“  მიერ  ეთერში  განთავსდა  2024  წლის  29 სექტემბერს. გ. მაჩაიძემ მხარი დაუჭირა საჩივარს და აღნიშნა, რომ „ტელეკომპანია პირველის" მიერ მისი განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაციის საჯარო გამჟღავნება მოხდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსისა“ და ჟურნალისტური ეთიკის ნორმების უხეში დარღვევით. მომჩივანმა ასევე, აღნიშნა, რომ საჩივარში მითითებული გარემოებების  გათვალისწინებით, საკითხის განხილვა შედიოდა კომისიის კომპეტენციაში. ამასთანავე, მომჩივანის განმარტებით, ის წარმოადგენდა დაინტერესებულ პირს, რადგან მაუწყებელმა უკანონოდ გაამჟღავნა მისი პერსონალური მონაცემები. მისი განცხადებით, პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით კანონდარღვევა იყო. ამასთანავე, როდესაც სადავო სიუჟეტში აღნიშნეს, რომ ეს  აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ შეიძლება სრულიად საქართველოს 3 მილიონმა მოსახლეობამ სახელითა და გვარით არ გაიცნო, მაგრამ საზოგადოების იმ დიდი ნაწილისთვის, რომელიც მას ძალიან კარგად იცნობს და ასევე, ავტორიტეტითაც სარგებლობს ამ საზოგადოების ძალიან ფართო წრეებში, ძალიან ადვილად იდენტიფიცირებადი გახდა.

11.  შპს „ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენელმა თ. მიგინეიშვილმა აღნიშნა, რომ კომისია არ იყო უფლებამოსილი განეხილა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფის საკითხის თაობაზე საჩივარი, ვინაიდან, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 563 მუხლის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილი იყო განეხილა მხოლოდ არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემების კომერციული მიზნით გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული საკითხები. სხვა შემთხვევაში, აღნიშნული საკითხის განხილვის უფლებამოსილება აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს. შპს „ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენლის განმარტებით, მომჩივანი ასევე, არ წარმოადგენდა დაინტერესებულ პირს, რადგან სიუჟეტში არ არის არც ერთი დოკუმენტი ნაჩვენები იმისა, თუ ვინ არის - არც პირადი ნომერი, არც კონკრეტული საკითხი, რომლითაც მისი იდენტიფიცირება შესაძლებელი იქნებოდა საზოგადოებისთვის, როგორც ერთადერთი პიროვნებისა. გარდა ამისა, მომჩივანი არ არის საერთოდ ნახსენები სახელით და გვარით. შესაბამისად, იმ ფაქტის გათვალისწინებითაც კი, თუ ეს ყველაფერი დადასტურდებოდა, ვერ მიადგებოდა პირდაპირი და უშუალო ზიანი მომჩივანს, იმიტომ რომ საზოგადოებისთვის  ის  უბრალოდ,  არ  იყო  ცნობილი,  ისევე როგორც კონკრეტული პიროვნება არ იყო ცნობილი.

12. კომისიის 2026 წლის 15 იანვრის სხდომაზე კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა კონსტანტინე ქორიძემ დაადასტურა, რომ საჩივარში მითითებული სადავო სიუჟეტები შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიერ ეთერში განთავსდა 2024 წლის 29 სექტემბერს.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

13. „მაუწყებლობის  შესახებ"  საქართველოს  კანონის  მე-5  მუხლის  პირველი  პუნქტის შესაბამისად, „მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში საქმიანობას არეგულირებს კომისია“. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ფუნქციებს მიეკუთვნება „მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება“, ხოლო „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „მედიამომსახურების ან/და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“.

14. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების (გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა), აგრეთვე სალიცენზიო პირობებისა და ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მიმართოს კომისიას.“ (2025 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) ამავე მუხლის მე-7 პუნქტის  შესაბამისად, „საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს.“

15. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა“.

16.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევაზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში“, ხოლო ამავე მუხლის  მე-2 პუნქტის  შესაბამისად,  ამ კანონის 52-ე,  54-ე,  56-ე  და  59-ე  მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული საკითხების, აგრეთვე ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება დაუშვებელია, გარდა ამ კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით  გათვალისწინებული  შემთხვევისა.“(2025  წლის  1  აპრილამდე მოქმედი რედაქცია).

17.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს   კანონის   მე-14   მუხლის   პირველი   პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას მაუწყებლის თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

18. კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული  ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 44-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კომისია სადავო საკითხებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში. განცხადება დავის განხილვის შესახებ მიიღება, თუ მისი მოთხოვნა არ სცილდება კომისიის უფლებამოსიელებების ფარგლებს, ხოლო 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „მოსამზადებელ  სხდომაზე  კომისია  იღებს  გადაწყვეტილებას  დავის  განხილვის დღის დანიშვნის შესახებ. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, ან განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, თუ განმცხადებელი/საჩივრის ავტორი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტს“.

III. სამოტივაციო ნაწილი

19. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით თუ დავის  საგანი  უკავშირდება  კომისიის მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, კომისია უფლებამოსილია მიიღოს საჩივარი განსახილველად და დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება. შესაბამისად, კომისიამ უნდა შეაფასოს საჩივარში დასმული საკითხები განეკუთვნება თუ არა მის უფლებამოსილებას და საჩივარი წარდგენილია თუ არა უფლებამოსილი სუბიექტის მიერ.

20. „მაუწყებლობის  შესახებ"  საქართველოს  კანონში  2025  წლის  1  აპრილის  კანონით (დოკუმენტის N394-IIმს-XIმპ) შესული ცვლილებით ახლებურად მოწესრიგდა მაუწყებლობის მიმართ წაყენებული შინაარსობრივი მოთხოვნები და მათი აღსრულების წესი. კერძოდ, კანონში შესული ცვლილებებით ახლებურად მოწესრიგდა ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის  გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის ან/და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქება, პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანი პირის დაცვის ცალკეული საკითხები და დადგინდა, რომ დასახელებული შინაარსობრივი მოთხოვნების დარღვევის საკითხებზე კომისიას აქვს სამართლებრივი რეაგირების უფლებამოსილება.

21. მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების ახლებურად  დაწესების გარდა, 2025 წლის 1 აპრილის კანონით დადგინდა ამ მოთხოვნების აღსრულების ახალი წესი. კერძოდ, 2025 წლის 1 აპრილის კანონის ძალაში შესვლამდე შინაარსობრივი მოთხოვნების დიდი ნაწილი აღსრულდებოდა მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ და მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილების სასამართლოში, კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება არ დაიშვებოდა. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში 2025 წლის 1 აპრილს შესული ცვლილებების გათვალისწინებით ახლებურად ჩამოყალიბდა კანონის მე-14 და 591 მუხლები და დადგინდა, რომ კომისიას აქვს სამართლებრივი რეაგირების უფლებამოსილება ისეთი შინაარსობრივი მოთხოვნების დარღვევის საკითხებზე, როგორებიც არის ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის ან/და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქება,  პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანი პირის დაცვის ცალკეული საკითხები. ამრიგად, 2025 წლის 1 აპრილის კანონის ამოქმედებით   მაუწყებლებისათვის კარგად ცნობილი,   კომისიის   2009   წლის   12   მარტის  №2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული შინაარსობრივი მოთხოვნები გადავიდა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში და დაწესდა აღნიშნული მოთხოვნების კომისიის მიერ აღსრულების წესი.

22. 2025 წლის 1 აპრილს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილების შედეგად, კომისიის მიერ აღსრულებას დაექვემდებარა  ისეთი შინაარსობრივი მოთხოვნა, როგორიც არის პირადი  ცხოვრების ხელშეუხებლობა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 541 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ ადამიანის პირად ცხოვრებაში ან/და იურიდიული პირის საქმიანობაში ჩარევა შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მიზნად ისახავს საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას, არის ამ მიზნის მიღწევის პროპორციული საშუალება და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს. აღნიშნული მუხლი ასევე, ადგენს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის სხვა მოთხოვნებს მაუწყებლების მიმართ.

23.  განსახილველ  შემთხვევაში  მომჩივანი  სადავოდ  ხდის  შპს  „ტელეკომპანია  პირველი“ ეთერში 2024 წლის 29 სექტემბერს გასულ სიუჟეტებს და მიაჩნია, რომ ამ სიუჟეტებში მის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით, მაუწყებელმა დაარღვია მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. სადავო სიუჟეტების 2024 წლის 29 სექტემბერს განთავსების ფაქტი    დადასტურებულია    მხარეთა  ახსნა-განმარტებებით,      მომჩივანის      მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით   და ასევე, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა- განმარტებით.

24. ამდენად, კომისიის მიერ დადგენილია, რომ მომჩივანის მიერ სადავოდ გამხდარი სიუჟეტები შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიერ ეთერში განთავსდა 2024 წლის 29 სექტემბერს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მიღებამდე (მიღების თარიღი: 2025 წლის 1 აპრილი; დოკუმენტის N394-IIმს-XIმპ). „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. 2025 წლის 1 აპრილს მიღებული კანონი (დოკუმენტის N394-IIმს-XIმპ) არ ადგენს უკუძალას. შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 541 მუხლით მაუწყებლებისთვის დადგენილი მოთხოვნა არსებობს 2025 წლის პირველი აპრილის შემდეგ და იგი ვრცელდება მაუწყებლის მხოლოდ ისეთ ქმედებაზე, რომელიც განხორციელდა აღნიშნული თარიღის შემდეგ.

25.  იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავოდ არის გამხდარი მაუწყებლის ეთერში 2024 წლის 29 სექტემბერს გასული სიუჟეტები, საქმე ეხება ისეთ ქმედებას, რომელიც მაუწყებლის მიერ განხორციელდა 2025 წლის პირველ აპრილამდე, ანუ იმ დროს, როდესაც არ მოქმედებდა კანონის მოქმედი რედაქციის 541 მუხლი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში კომისია მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს აღნიშნული ქმედების კანონის იმ ნორმასთან შესაბამისობა, რომელიც არ არსებობდა ამ ქმედების განხორციელების მომენტში. აქედან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში კომისიას არ აქვს უფლებამოსილება განიხილოს მაუწყებლის მიერ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფასთან დაკავშირებული საკითხები და ამ საფუძვლით მაუწყებლის წინააღმდეგ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა.

26. მომჩივანის მიერ საჩივარში მითითებული სადავო სიუჟეტების განთავსების პერიოდში (29.09.2024) მოქმედი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტისა და 591 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების გათვალისწინებით, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფასთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა შესაძლებელი იყო განხორციელებულიყო მხოლოდ მაუწყებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე შექმნილი თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.

27. ყოველივე  ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე,  საჩივარში  დაყენებული  მოთხოვნის განხილვა და გადაწყვეტა არ განეკუთვნება კომისიის უფლებამოსილებებს. ამდენად, კომისიას მიაჩნია, რომ გურანდა მაჩაიძეს უარი უნდა ეთქვას საჩივრის განსახილველად მიღებაზე.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-14 მუხლის, 591 მუხლის, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 44-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ გურანდა მაჩაიძის საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/45; 08.01.2026) არ იქნას მიღებული განსახილველად;

2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე  (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გურანდა მაჩაიძისა და შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის გურანდა მაჩაიძისა და შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე    (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

კახი ბექაური          თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე       წევრი

ნათია კუკულაძე       წევრი

ივანე მახარაძე           წევრი

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები