წვდომის მენიუ

სს „სილქნეტის“ წინააღმდეგ შპს „სისტემ ნეტის“ საჩივრის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: გ-26-16 / 165

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 15, 2026 11:07

მიღების თარიღი აპრილი 02, 2026

სს „სილქნეტის“ წინააღმდეგ შპს „სისტემ ნეტის“ საჩივრის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

მომჩივანი: შპს „სისტემ ნეტ“

მოპასუხე: სს „სილქნეტი“

დავის საგანი: ინტერნეტ რესურსებთან (ქეშ-სერვერებთან) დაშვების უზრუნველყოფა

კომისიის მოსამზადებელი სხდომის თარიღი: 2026 წლის წლის 26 მარტი, 2 აპრილი, 15:00 საათი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ  კომისიას სს „სილქნეტის“  წინააღმდეგ საჩივრით (13.03.2026 Nშ-26-6/2533) მიმართა შპს „სისტემ ნეტმა“. საჩივარში აღნიშნულია, რომ სს „სილქნეტსა“ და შპს „სისტემ ნეტს“ შორის გაფორმებულია გაფართოებული ურთიერთჩარათვის ხელშეკრულება BGP-ის (Border Gateway Protocol) გამოყენებით.

2. საჩივარში  აღნიშნულია,  რომ  შპს  „სისტემ  ნეტმა“  მიმართა  სს  „სილქნეტს“  ქეშ-სერვერებზე დაშვების თაობაზე, რაზეც მხარეებს შორის გაფორმდა ინტერნეტ რესურსებთან დაშვების მომსახურების ხელშეკრულება.

3. საჩივრის თანახმად, შპს „სისტემ ნეტ“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელიც ფლობს დამოუკიდებელ ავტონომიურ სისტემას (AS ნომერი: 34797) და ახორციელებს ინტერნეტ მომსახურების მიწოდებას. შპს „სისტემ ნეტის“ ქსელში სს „სილქნეტის“ ქეშ-სერვერებზე დაშვების პროცესის ტექნიკური იმპლემენტაციისას წარმოიშვა  ტექნიკური პრობლემები. სს „სილქნეტმა“ მიაწოდა ლოკალური ტრაფიკი, როგორც ჩვეულებრივ კორპორატიულ აბონენტს, რაც პროვაიდერისთვის არ იყო ტექნიკურად მისაღები, რადგან პროვაიდერებს შორის მოქმედებს BGP. ამის შემდგომ კომპანიამ   მოითხოვა სატესტო რეჟიმში  ქეშ-სერვერებზე   BGP-ით დაშვება. ვინაიდან, ქეშირებულ სერვერებზე დაშვება ხელშეკრულებით მოხდა, ახალი 10G ლინკით (პირინგით შეერთების დამოუკიდებლად) ქეშირებული ტრაფიკი გადანაწილდა, როგორც ახალ ჩართვაში, ასევე პირინგისთვის გამოყოფილ არხშიც. ტესტირების შედეგად შპს „სისტემ ნეტის“ აბონენტების სრული წვდომა მოხდა სს „სილქნეტში“ არსებულ ქეშირებულ სერვერებთან და არანაირი ხარვეზი არ გამოვლენილა. აღნიშნული კონფიგურაციით სამომავლო მუშაობაზე კომპანია სს „სილქნეტმა“ უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს მოდელი ეწინააღმდეგება მათ შიდა კორპორატიულ პოლიტიკას და აღნიშნულ სერვისს შპს „სისტემ ნეტს“ მიაწვდიდა BGP-ის გარეშე /30 IP მისამართის გამოყოფით.

4. შპს „სისტემ ნეტის“ განმარტებით, მხოლოდ /30 IP მისამართის გამოყოფით და BGP-ის გარეშე აღნიშნული სერვისის ეფექტურად მიწოდება პრაქტიკულად შეუძლებელია. Point-to-point ტიპის/30 subnet უზრუნველყოფს მხოლოდ ორ სამუშაო IP მისამართს და ძირითადად გამოიყენება მხოლოდ ფიზიკური ან ლოგიკური კავშირის დასამყარებლად ორ როუტერს შორის. ასეთ შემთხვევაში, თუ დინამიკური როუტინგის პროტოკოლი (BGP) არ გამოიყენება, ქსელებს შორის ტრაფიკის მარშრუტიზაცია შესაძლებელია მხოლოდ სტატიკური მარშრუტების მეშვეობით. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული სერვისები (მაგ. Google, Meta/Facebook, Cloudflare, Akamai და სხვა CDN/Cache ინფრასტრუქტურები) იყენებენ მრავალ Anycast და Unicast IP პრეფიქსს, რის გამო მათი სრულყოფილი მიწოდება საჭიროებს ასობით ან ათასობით პრეფიქსის მარშრუტიზაციას. ასეთი მოცულობის მარშრუტების სტატიკური წესით დამატება და ადმინისტრირება ოპერატორულ დონეზე არარეალისტურია, რადგან: 1. მნიშვნელოვნად იზრდება ქსელის ადმინისტრირების სირთულე; 2. პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება მარშრუტების მუდმივი განახლება, როდესაც პრეფიქსები იცვლება; 3. არ არსებობს ავტომატური failover და route convergence მექანიზმები; 4. იზრდება კონფიგურაციის შეცდომების და სერვისის შეფერხების რისკი; 5. მნიშვნელოვნად უარესდება ქსელის მასშტაბურობა და სტაბილურობა.

5. მომჩივანი საჩივრის სამართლებრივ საფუძვლად უთითებს კომისიის 2015 წლის 29 იანვრის N57/9 გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ დადგინდნენ შპს „კავკასუს ონლაიანი“ და სს „სილქნეტი“. ამ გადაწყვეტილების ფარგლებში აღნიშნულ პირებს დაეკისრათ სპეციფიკური ვალდებულებები, მათ შორის დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება, შემდეგი კონკრეტული პირობებით: ა) ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირებმა უზრუნველყონ ინტერნეტის გლობალურ ქსელთან დაშვების მსურველი (აქცეპტანტი) ავტორიზებული პირისათვის მიწოდება იმგვარი არადისკრიმინაციული და ერთგვაროვანი პირობებით (მათ შორის ტარიფებით, ხარისხით, მიწოდების ვადებით), რომლებიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე საკუთარი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის, აფილირებული ან/და სხვა ავტორიზებული პირებისათვის; კომისიის 2019 წლის 14 მაისის Nგ-19-9/285 გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა კომისიის 2015 წლის 29 იანვარის N57/9 გადაწყვეტილებაში, რომლითაც ინტერნეტის გლობალურ ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე სს „სილქნეტს“ და შპს „კავკასუს ონლაინს“ დაევალათ ინტერნეტის გლობალურ ქსელთან და საქართველოში განთავსებულ ინტერნეტის რესურსებთან მათ შორის, ქეშირებულ კონტენტზე დაშვების უზრუნველყოფა საკუთარი ქსელის ტექნიკურად დასაშვებ ნებისმიერ წერტილში.

6. მომჩივანი  ასევე  უთითებს  „ინტერნეტმომსახურების  მიწოდების  ხარისხის  განსაზღვრისა  და შემოწმების წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2018 წლის 10 მაისის N4 დადგენილების, მე-4 მუხლს (ტრაფიკის მართვა), რომლის თანახმად, არ შეიძლება ტრაფიკ მენეჯმენტი, კერძოდ, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის უფლება და შესაძლებლობა, მომსახურების მეშვეობით მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და კონტენტი, ისარგებლოს და თავად მიაწოდოს აპლიკაციები და მომსახურებები, ისარგებლოს მომხმარებლის მიერ არჩეული ტერმინალური მოწყობილობით, განურჩევლად pg. 4 მომხმარებლის, ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებლის ადგილსამყოფელისა ან ინფორმაციის, კონტენტის, აპლიკაციის ან მომსახურების ადგილმდებარეობის, წარმომავლობის ან დანიშნულების ადგილისა.

7. ზემოაღნიშნული  დასაბუთების  საფუძველზე  შპს  „სისტემ  ნეტი“  ითხოვს  კომისიამ  დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება და დაავალოს სს „სილქნეტს“, უზრუნველყოს შპს „სისტემ ნეტის“ დაშვება ქეშ-სერვერებზე, პროვაიდერებს შორის მოქმედ BGP პროტოკოლით. იმ ტექნიკური გადაწყვეტით, რომელიც უზრუნველყოფს ქსელის სტაბილურობას და რომელიც უკვე წარმატებით გამოიცადა ტესტირების რეჟიმში.

8. სს „სილქნეტის“ წინააღმდეგ შპს „სისტემ ნეტის“ საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვის მიზნით დაინიშნა კომისიის მოსამზადებელი სხდომა 2026 წლის 26 მარტს 15:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე ეცნობათ მხარეებს, გაეგზავნათ შეტყობინებები და განემარტათ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, უფლება აქვთ კომისიას წარუდგინონ მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, გაეცნონ ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, მოითხოვონ ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების ასლები.

9. კომისიის 2026 წლის 26 მარტის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „სისტემ ნეტის“ წარმომადგენელი ლ. ამაშუკელი და სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი მ. ვაშაკიძე. მხარეებმა განაცხადეს, რომ საჩივრის განხილვა შედის კომისიის კომპეტენციაში.

10. შპს „სისტემ ნეტის“ საჩივრის კომისიის მიერ განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, კომისიის სხდომა გადაიდო 2026 წლის 2 აპრილის სხდომისთვის.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-11მუხლის მე-3 პუნქტის    „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად,  კომისიის  ძირითად  ფუნქციებს მიეკუთვნება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ   ავტორიზებულ  პირთა  შორის, აგრეთვე  მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი  დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“, ხოლო ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების  ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური  და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება“.

12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  „კომისია  ავტორიზებულ პირებს  შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით  მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში“.

13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2003  წლის  27  ივნისის№1დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის    მარეგულირებელი  წესების“ 45-ე  მუხლის  პირველი პუნქტის მიხედვით, „განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას“.

14. .„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „მხარეები უფლებამოსილი არიან დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვონ საქმის მორიგებით დამთავრება“. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, „განმცხადებელი უფლებამოსილია   უარი   განაცხადოს   განცხადებაზე,   ხოლო   მეორე   მხარე   უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის    მოთხოვნა.  ამ   შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

III. სამოტივაციო ნაწილი

1. გამოკვლეული მტკიცებულებები

15. შპს „სისტემ ნეტის“ საჩივარი „სილქნეტის“ წინააღმდეგ (კომისიაში რეგისტრაციის (13.03.2026 Nშ-26-6/2533) თანდართული დოკუმენტაციით.

16. 2026 წლის 26 მარტს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე შპს „სისტემ ნეტისა“ და სს „სილქნეტის“ წარმომადგენლების მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებები.

17. შპს „სისტემ ნეტის“ წერილი (02.04.2026 Nშ-26-6/3441)  საჩივრის გამოთხოვის თაობაზე.

18.შპს „სისტემ ნეტისა“ და სს „სილქნეტის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და საჯარო რეესტრის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

19. შპს „სისტემ  ნეტი“ 2010 წლის  5 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს  და  მას ავტორიზაცია გავლილი აქვს    ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი)  ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.3 ძირითადი   საკომუტაციო   ქსელის   შესაბამისი   ელემენტებითა   და საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.5    მაგისტრალური საკომუნიკაციო  ციფრული  სისტემის  (უსადენო)  გატარების  საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.6 საკომუნიკაციო   საკანალიზაციო   არხებით   უზრუნველყოფა; A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით  უზრუნველყოფა; B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება; WiFi მომსახურება; ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება B.F.3 მონაცემთა გადაცემა; B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

მტკიცებულება: შპს „სისტემ ნეტის“  შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.

20. სს „სილქნეტი“ 2010  წლის 10  მარტიდან  არის  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი და 2010, 2011, 2012, 2015, 2016 და 2018 წლებში ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სხვადასხვა სახეებზე: A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებით და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა; A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; A.S.1 თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და  საშუალებებით უზრუნველყოფა; B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება; B.F.3 მონაცემთა გადაცემა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი; B.F.6 გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand); B.M.1  მოძრავი  საკომუნიკაციო  სისტემების  აბონენტების  სატელეფონო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა; B.S.2 ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით; B.S.3 თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება; B.S.4 თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება).

მტკიცებულება: სს „სილქნეტის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.

21. შპს „სისტემ ნეტმა“ სს „სილქნეტის“ წინააღმდეგ მიმართა კომისიას საჩივრით და მოითხოვა სს „სილქნეტს“ დაევალოს შპს „სისტემ ნეტის“ ქეშ-სერვერებზე დაშვება პროვაიდერებს შორის მოქმედ BGP-ის შესააბამისად;

მტკიცებულება: შპს „სისტემ ნეტის“ საჩივარი (13.03.2026 Nშ-26-6/2533);

22. 2026 წლის 2 აპრილს შპს ,,სისტემ ნეტმა“ წერილობით (02.04.2026 Nშ-26-6/3441) მიმართა კომისიას, აცნობა, რომ მხარეები მორიგდნენ და მოითხოვა შპს „სისტემ ნეტის“ საჩივრის (13.03.2026 Nშ-26-6/2533) საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.

მტკიცებულება: შპს „სისტემ ნეტის“ წერილი (02.04.2026 Nშ-26-6/3441) კომისიას საჩივრის გამოთხოვის თაობაზე.

3. სამართლებრივი შეფასება

23. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  კომისია  ავტორიზებულ  პირებს  შორის  წარმოშობილ  დავებს  წყვეტს საქართველ ოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამასთან, კომისიის კომპეტენციას მიეკუთვნება ავტორიზებულ პირებს შორის დავის განხილვა ურთიერთჩართვის/დაშვების საკითხებზე. ამდენად, კომისია არის საკითხის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო.

24. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი მხარეებს ანიჭებს უფლებამოსილებას, დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მორიგდნენ. ამასთან, თუ განმცხადებელმა უარი თქვა მოთხოვნაზე ან მოპასუხემ ცნო მოთხოვნა, კომისია უფლებამოსილია შეწყვიტოს წარმოება.

25. ვინაიდან, შპს  „სისტემ ნეტი“ უარს ამბობს საჩივრის განხილვაზე, ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  შეწყდეს სს „სილქნეტის“ წინააღმდეგ   შპს „სისტემ ნეტის“ საჩივრის (13.03.2026 Nშ-26-6/2533) საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას წინამდებარე გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სისტემ ნეტისთვის“ და სს „სილქნეტისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ბ. გასვიანი).

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე  (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების   ან  მისი დამოწმებული  ასლის შპს „სისტემ ნეტისთვის“ და სს  „სილქნეტისთვის“  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

5. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის   ადმინისტრაციას   (ბ. გასვიანი).

გოგა  გულორდავა           თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე              წევრი

ეკატერინე  იმედაძე          წევრი

ივანე მახარაძე                  წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები