შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ (ს/კ212678093) დამფუძნებლის წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 07, 2026 10:57
მიღების თარიღი სექტემბერი 03, 2026
შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ (ს/კ212678093) დამფუძნებლის წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია“) 2026 წლის 1 სექტემბერს განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის შ-26-6/7284) მიმართა შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ დირექტორმა კომპანიის პარტნიორის, ფიზიკური პირის, თამარ ღვინიანიძის კუთვნილი 70%-იანი წილიდან 21%-ის მეორე პარტნიორზე, შპს „პანორამა ჯგუფი საქართველოს“ (ს/ნ 405371832) სასარგებლოდ გასხვისებაზე წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე.
შპს „ტელერადიოკომპანია რიონი“ 2015 წლის 14 ივლისიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.T.1 ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა
ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა
B.T.1 ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი
ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი
ასევე, კომპანია 2015 წლის 14 ივლისიდან წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს:
მაუწყებლობის ავტორიზაციის მონაცემები


კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ პარტნიორები არიან: თამარ ღვინიანიძე - 70% შპს „პანორამა ჯგუფი საქართველო” - 30%
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ტელერადიოკომპანია რიონი” და მისი დამფუძნებელი თამარ ღვინიანიძე ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან.
კომპანიის 30%-იანი წილის მფლობელი იურიდიული პირი - შპს „პანორამა ჯგუფი საქართველო” - არ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების ან მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს.
ამასთან, კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან არ იკვეთება შპს „პანორამა ჯგუფი საქართველოს” აფილირება კომისიაში ავტორიზებულ კომპანიებთან. ამასთან, შპს „პანორამა ჯგუფი საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, შოთა თოდაძე, წარმოადგენს შპს „ტელერადიოკომპანია რიონის” დირექტორს.
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, კომპანია ეწევა მულტიპლექსით მომსახურებას. აღნიშნული მომსახურებიდან 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის მარტის პერიოდში მიღებული შემოსავალი შეადგენს 9,820 ლარს და მისი საბაზრო წილი ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არის 0,17%. კომპანია, ასევე, ეწევა საქმიანობას მაუწყებლობის სფეროში და 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის ივნისის პერიოდში მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 264,754 ლარი. ამასთან, შპს „ტელერედიოკომპანია რიონის“ მიერ კომისიაში გამოგზავნილი განცხადების შესაბამისად, შპს „პანორამა ჯგუფი საქართველოს“ აღნიშნულ პერიოდში არ უფიქსირდება შემოსავალი.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მიხედვით, კომისია ამავე კანონის 26-27-ე მუხლებით დადგენილი წესით განიხილავს ისეთ კონცენტრაციას, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში არ ექცევა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონცენტრაციების კონტროლის მექანიზმის ფარგლებში, მაგრამ აკმაყოფილებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ წინაპირობებს. შესაბამისად, კომისია მოცემულ შემთხვევაში განცხადებაში აღნიშნულ ტრანზაქციას განიხილავს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე - 27-ე მუხლებით დადგენილი წესით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებისა და ზემოთ მოყვანილი ინფორმაციიდან გამომდინარე, აღნიშნული ტრანზაქცია, კერძოდ, დამფუძნებლის წილის ცვლილება, ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე ახალ გარემოებას არ ქმნის, შესაბამისად შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
შესაბამისად, არ არსებობს წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ, მიზანშეწონილია, კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“ მისი დამფუძნებლის, ფიზიკური პირის, თამარ ღვინიანიძის კუთვნილი წილიდან 21%-ის გასხვისებაზე შპს „პანორამა ჯგუფი საქართველოს“ სასარგებლოდ;
2. განემარტოს შპს „ტელერადიოკომპანია რიონს”, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ტელერადიოკომპანია რიონი” ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
3. ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „ტელერადიოკომპანია რიონი” ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის კომპანიისთვის გაგზავნა (ბ. გასვიანი);
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის კომპანიისთვის ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კომპანიისთვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ანი ვაზაგაშვილი წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
