სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 18, 2026 10:05
მიღების თარიღი აგვისტო 13, 2026
სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის შესაბამისად, კომისიის 2026 წლის 18 ივნისის Nგ-26-10/275 გადაწყვეტილებით გამოცხადდა სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსი. ამავე გადაწყვეტილებით დამტკიცდა სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი და პირობები და საკონკურსო საბჭოს შემადგენლობა.
2. გადაწყვეტილების შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირის საკონკურსო განაცხადის მიღების ვადად განისაზღვრა 2026 წლის 25 ივნისის 10 საათიდან 2026 წლის 27 ივლისის 18:00 საათამდე. ხოლო, საკონკუსრო საბჭოს უფლებამოსილების ვადად განისაზღვრა საბჭოს პირველი სხდომიდან ორი კვირა - 2026 წლის 28 ივლისის 10:00 საათიდან 10 აგვისტოს 18:00 საათამდე.
3. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადები კომისიაში წარმოადგინეს შემდეგმა კომპანიებმა:
ა) „Solutions For Telecom Limited“ (ონტარიოს ბიზნეს კორპორაცია, რეგისტრირებული ონტარიო, კანადაში საიდენტიფიკაციო ნომერი 2205251. იურიდიული მისამართი: 42 Lambert St., Hamilton, Ontario, L8V 4N7 Canada (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი: 27 ივლისი; შ-26-11/6619; დრო: 11:47 სთ);
ბ) „Mediafon Datapro“ (კერძო შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია, რეგისტრირებული ლიეტუვაში, საიდენტიფიკაციო ნომერი: 304065322, იურიდიული მისამართი: ოლიმპიელების ქუჩა 1-33, LT-09235, ვილნიუსი, ლიეტუვის რესპუბლიკა) (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი: 27 ივლისი; №შ-26-11/6625 ; დრო: 15:03 სთ.);
4. კომისიის 2026 წლის 18 ივნისის Nგ-26-10/275 გადაწყვეტილების შესაბამისად, საკონკურსო განაცხადები და თანდართული დოკუმენტაცია გადაეცა საკონკურსო საბჭოს.
5. საკონკურსო საბჭოს მიერ 2026 წლის 7 აგვისტოს მიღებულ იქნა დასკვნა (თან ერთვის), საკონკურსო წინადადებათა შეფასების თაობაზე (შემდგომში „საკონკურსო საბჭოს დასკვნა“), რომლის შესაბამისადაც, საკონკურსო საბჭოს მიერ, კომისიის 2026 წლის 18 ივნისის გ-26-10/275 გადაწყვეტილებით დადგენილი „საკონკურსო პირობების“ შესაბამისად შეფასებულ იქნა კონკურსში მონაწილეთა საკონკურსო განაცხადებები და თანდართული დოკუმენტაცია.
6. საკონკურსო საბჭოს დასკვნაში აღნიშნულია, რომ:
6.1. „Solutions For Telecom Limited“- ის მიერ კომისიაში წარმოდგენილია:
ა) სათანადო წესით დამოწმებული, კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია ორიგინალ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანით (დაცულია „საკონკურსო პირობების“ 3.2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი);
ბ) წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი ქართულ და ინგლისურ ენებზე (დაცულია „საკონკურსო პირობების“ 3.2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი);
გ) ოფიციალური დადასტურება, რომ კომპანია („Solutions For Telecom Limited“) არ წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს ან/და ავტორიზებულ პრებთან „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 პუნქტით გათვალისწინებულ ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს (დაცულია „საკონკურსო პირობების“ 3.2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი);
დ) დოკუმენტაცია, რომ კომპანია შეესაბამება „საკონკურსო პირობების“ 1.1 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კერძოდ, კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი „საკონკურსო პირობების“ 3.2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის დანერგვისა და ადმინისტრირების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ე) ოფიციალური დადასტურება იმისა, რომ კომპანიის მიერ შემოთავაზებული მონაცემთა ბაზის სისტემის/პროგრამული უზრუნველყოფა არის „Solutions For Telecom Limited“-ის საკუთრება (დაცულია „საკონკურსო პირობების“ 3.2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი);
ვ) ოფიციალური დადასტურება, რომ აღნიშნული კომპანია, დამოუკიდებლად, ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირები არ იმყოფებიან ლიკვიდაციის ან/და რეორგანიზაციის პროცესში და მათ ან მათთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირების მიმართ არ არის აღძრული გაკოტრების საქმე (დაცულია „საკონკურსო პირობების“ 1.2 პუნქტი);
ზ) საბანკო გარანტია 40000 (ორმოცი ათასი) ლარის ოდენობით, რომელიც ძალაშია 2026 წლის 17 სექტემბრამდე (დაცულია „საკონკურსო პირობების“ 3.2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი);
თ) „საკონკურსო პირობების“ საკვალიფიკაციო და ტექნიკური დოკუმენტაცია დალუქული კონვერტით. ასევე, სატარიფო პირობები დალუქული კონვერტით (დაცულია „საკონკურსო პირობების“ 6.1.1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი);
ი) „საკონკურსო პირობების“ 4.8 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების ოფიციალური დადასტურება.
6.2. „Mediafon Datapro“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილია:
ა) სათანადო წესით დამოწმებული, კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია ორიგინალ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანით (დაცულია „საკონკურსო პირობების“ 3.2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი);
ბ) წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი ქართულ და ინგლისურ ენებზე (დაცულია „საკონკურსო პირობების“ 3.2 პუნქტის
„ბ“ ქვეპუნქტი);
გ) ოფიციალური დადასტურება, რომ კომპანია („Mediafon Datapro“) არ წარმოადგენს
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს ან/და ავტორიზებულ პირებთან „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 პუნქტით გათვალისწინებულ ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს (დაცულია
„საკონკურსო პირობების“ 3.2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი);
დ) დოკუმენტაცია, რომ კომპანია შეესაბამება „საკონკურსო პირობების“ 1.1 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კერძოდ, კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი „საკონკურსო პირობების“ 3.2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის დანერგვისა და ადმინისტრირების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ე) ოფიციალური დადასტურება კომპანიის მიერ შემოთავაზებული მონაცემთა ბაზის სისტემა/პროგრამული უზრუნველყოფა არის „Mediafon Datapro“-ს საკუთრება (დაცულია „საკონკურსო პირობების“ 3.2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი);
ვ) ოფიციალური დადასტურება, რომ აღნიშნული კომპანია, დამოუკიდებლად, ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირები არ იმყოფებიან ლიკვიდაციის ან/და რეორგანიზაციის პროცესში და მათ ან მათთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირების მიმართ არ არის აღძრული გაკოტრების საქმე (დაცულია „საკონკურსო პირობების“ 1.2 პუნქტი);
ზ) საბანკო გარანტია 40000 (ორმოცი ათასი) ლარის ოდენობით, რომელიც ძალაშია 2026 წლის 22 სექტემბრამდე (დაცულია „საკონკურსო პირობების“ 3.2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი);
თ) „საკონკურსო პირობების“ საკვალიფიკაციო და ტექნიკური დოკუმენტაცია დალუქული კონვერტით. ასევე, სატარიფო პირობები დალუქული კონვერტით (დაცულია „საკონკურსო პირობების“ 6.1.1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი);
ი) „საკონკურსო პირობების“ 4.8 პუნქტით გათვალისწინებული ოფიციალური დადასტურება.
7. 2026 წლის 29 ივლისის საკონკურსო საბჭოს სხდომაზე წევრები დეტალურად გაეცნენ კონკურსანტების საკონკურსო წინადადების ტექნიკურ პირობებს. საკონკურსო საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ ორივე კომპანიის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური შემოთავაზება შეესაბამება „საკონკურსო პირობების“ მე–4 მუხლის მოთხოვნებს.
8. საკონკურსო საბჭოს დასკვნის შესაბამისად, 2026 წლის 7 აგვისტოს სხდომაზე, საკონკურსო საბჭოს მიერ საბოლოოდ განხილულ იქნა ორივე კონკურსანტის („Solutions For Telecom Limited“- ი და „Mediafon Datapro“) საკვალიფიკაციო და ტექნიკური დოკუმენტაცია. „Solutions For Telecom Limited“- ისა და „Mediafon Datapro“ დისკვალიფიკაციას საკონკურსო საბჭოს არცერთმა წევრმა არ დაუჭირა მხარი. შესაბამისად, კომპანიები, საკონკურსო კომისიის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დაშვებულ იქნენ კონკურსის მომდევნო ეტაპზე.
9. 2026 წლის 7 აგვისტოს საკონკურსო საბჭოს სხდომაზე გაიხსნა საკონკურსო წინადადების სატარიფო პირობები, საკონკურსო განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის თარიღისა და ნომრის რიგითობის მიხედვით. „Solutions For Telecom Limited“- -ის მიერ წარმოდგენილი სატარიფო პირობები წარმოდგენილ იქნა საკონკურსო პირობების დანართი N1-ს სახით და შეადგინა 147000 (ასორმოცდა შვიდი ათასი) ევრო დღგ-ს გარეშე. ხოლო, „Mediafon Datapro“ -ს მიერ წარმოდგენილი სატარიფო პირობები წარმოდგენილ იქნა საკონკურსო პირობების დანართი N1- ს სახით და შეადგინა 186 999,00 (ას ოთხმოცდაექვსი ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი) ევრო დღგ-ს გარეშე.
10. წარმოდგენილი სატარიფო პირობები გამოქვეყნდა საკონკურსო საბჭოს თავმჯდომარის მიერ სხდომაზე წევრებისთვის გასაცნობად. კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი სატარიფო პირობები შეესაბამება „საკონკურსო პირობების“ მე–5 მუხლის მოთხოვნებს.
11. „საკონკურსო პირობების“ 6.26 პუნქტის თანახმად, საკონკურსო წინადადების შეფასების ძირითადი კრიტერიუმია საკონკურსო წინადადების სატარიფო პირობები და კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდება კონკურსში მონაწილე ის პირი, რომელიც წარმოადგენს პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის დანერგვისა და მისი ადმინისტრირებისთვის განსაზღვრულ ფიქსირებული წლიური საფასურის ყველაზე ნაკლებ ოდენობას.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონკურსო საბჭომ, კონკურსში მონაწილე პირთა შეფასების შედეგების გათვალისწინებით, ერთხმად, დაასკვნა, რომ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში, კომისიის 2026 წლის 18 ივნისის Nგ-26-10/275 გადაწყვეტილებით დამტკიცებული სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის შესარჩევი „საკონკურსო პირობების“ 6.26 პუნქტის მიხედვით გამარჯვებულად უნდა გამოცხადდეს „Solutions For Telecom Limited“-ი.
13. კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-8 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კომისია საკონკურსო საბჭოს დასკვნის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ და აფორმებს მასთან ხელშეკრულებას სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე.
14. კომისიის 2026 წლის 18 ივნისის გ-26-10/275 გადაწყვეტილებით დამტკიცებული სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის და პირობების 7.2 პუნქტის თანახმად, კომისია კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის კონკურსში გამარჯვებულს კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების დამოწმებულ ასლს, სადაც სავალდებულო წესით განისაზღვრება:
ა) საკონკურსო პირობების 7.1 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების გაფორმების ბოლო თარიღი;
ბ) ხელშეკრულების გაფორმებისა და მონაცემთა ბაზის სისტემის დანერგვის უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის ბოლო ვადა;
გ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა, რომელიც განისაზღვრება კონკურსში გამარჯვებულთან ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 2032 წლის 2 აპრილის ჩათვლით;
დ) ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრატორისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოების ოდენობას:
დ.ა) არასაპატიო მიზეზით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, ადმინისტრატორისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობას, რომელიც შეადგენს ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 20%; (პატივსადებად ჩაითვლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლით განსაზღვრული გარემოებები);
დ.ბ) მონაცემთა ბაზის სისტემის შექმნისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისთვის და მონაცემთა ბაზის სისტემის ტესტირებისთვის განსაზღვრული ვალდებულებათა შესრულების ვადის გადაცილებისათვის - ყოველი გადაცილებული დღისათვის ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.5% ოდენობით;
დ.გ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში - საანგარიშო თვის მთლიანი შემოსავლის (საქართველოში, NPCDB სისტემის ადმინისტრირების ფარგლებში მიღებული შემოსავლის) (დღგ–ს ჩათვლით) 0.1% ოდენობით, ვალდებულების შეუსრულებლობის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
15. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თანხმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სააბონენტო ნომრების მონაცემთა ცენტრალური ბაზის სისტემის გამოყენებითა და საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობა (ტრანსლირება) კომისიის მიერ დამტკიცებული სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების შესაბამისად.
16. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორი არის კომისიის მიერ, საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებთან ერთობლივად, კონკურსის საფუძველზე შერჩეული პირი, რომელიც ახორციელებს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირებას და ცენტრალიზებული მეთოდით კოორდინაციას უწევს სააბონენტო ნომრის პორტირების პროცესს;
17. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შერჩევა ხორციელდება კონკურსის წესით;
18. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორს, კომისია, საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებთან ერთობლივად, შეარჩევს კონკურსის საფუძველზე.
19. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-8 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, კომისია საკონკურსო საბჭოს დასკვნის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ და აფორმებს მასთან ხელშეკრულებას სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე.
III. სამოტივაციო ნაწილი
20. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შერჩევა წარმოადგენს კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ კომისიის უფლებამოსილებას.
21. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ავტორიზებულ პირებს ავალდებულებს უზრუნველყონ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობა სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის სისტემის გამოყენებით. აღნიშნული ნორმა მიზნად ისახავს მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე კონკურენტული გარემოს ხელშეწყობას, რაც შეუძლებელია ცენტრალური ბაზის ეფექტიანი და უწყვეტი ფუნქციონირების გარეშე.
22. „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შერჩევა ხორციელდება კონკურსის წესით, კომისიისა და შესაბამისი ავტორიზებული პირების ერთობლივი მონაწილეობით. შესაბამისად, ადმინისტრატორის განსაზღვრის მიზნით კონკურსი ჩატარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
23. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ 2026 წლის 18 ივნისის გ-26-10/275 გადაწყვეტილებით გამოცხადდა სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსი. ამავე გადაწყვეტილებით დამტკიცდა სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი და პირობები და საკონკურსო საბჭოს შემადგენლობა.
24. საკონკურსო საბჭოს დასკვნით კონკურსში მონაწილე პირთა შეფასების შედეგების გათვალისწინებით, საკონკურსო საბჭომ ერთხმად დაასკვნა, რომ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში, კომისიის 2026 წლის 18 ივნისის Nგ-26-10/275 გადაწყვეტილებით დამტკიცებული სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის შესარჩევი „საკონკურსო პირობების“ 6.26 პუნქტის მიხედვით გამარჯვებულად უნდა გამოცხადდეს „Solutions For Telecom Limited“-ი.
25. კომისია საკონკურსო საბჭოს დასკვნის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ და აფორმებს მასთან ხელშეკრულებას სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში, საკონკურსო საბჭოს 2026 წლის 7 აგვისტოს დასკვნის საფუძველზე, გამარჯვებულად უნდა გამოცხადდეს „Solutions For Telecom Limited“-ი და ამ უკანასკნელთან უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე.
27. ამასთან, კომისია წინამდებარე გადაწყვეტილებით, კომისიის 2026 წლის 18 ივნისის გ-26-10/275 გადაწყვეტილებით დამტკიცებული სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის და პირობების 7.2 პუნქტის გათვალისწინებით, სავალდებულო წესით განსაზღვრავს ხელშეკრულების გაფორმებისა და მოქმედების ვადას, საბანკო გარანტიის წარმოდგენის ბოლო ვადასა და ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრატორისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოების ოდენობას ამავე წესით დადგენილი პირობებით.
28. ასევე, კომისია აღნიშნავს, რომ „საკონკურსო პირობის“ 3.12 პუნქტის გათვალისწინებით, კონკურსში მონაწილე პირს, გარდა კონკურსში გამარჯვებულისა, საბანკო გარანტია უბრუნდება კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. ამდენად, „Mediafon Datapro”-ს წარმოდგენილი საბანკო გარანტია უნდა დაუბრუნდეს 10 სამუშაო დღის ვადაში.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
29. კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-8 მუხლის მე-10 პუნქტის, კომისიის 2026 წლის 18 ივნისის გ-26-10/275 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საკონკურსო პირობების“ 2.6, 3.12, 6.26, 6.29, 7.1, 7.2, 7.3 და 7.4 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ცნობად იქნას მიღებული საკონკურსო საბჭოს 2026 წლის 7 აგვისტოს დასკვნა და აღნიშნული დასკვნა მიჩნეულ იქნას წინამდებარე გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;
2. სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს „Solutions For Telecom Limited ”-ი;
3. ხელშეკრულების გაფორმების ბოლო თარიღად განისაზღვროს 2026 წლის 25 სექტემბერი;
4. უზრუნველყოს „Solutions For Telecom Limited”-მა წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, „საკონკურსო პირობების“ 7.2.2 და 7.3 პუნქტების შესაბამისად ხელშეკრულების გაფორმებისა და მონაცემთა ბაზის სისტემის დანერგვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში მოქმედი ბანკის მიერ გაცემული გამოუთხოვადი და უპირობო 8-თვიანი საბანკო გარანტიის 36 750 (ოცდათექვსმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი) ევროს ოდენობით, ან მისი ეკვივალენტის ოდენობით ლარში (საბანკო გარანტიის წარმოდგენის დღისთვის არსებული ოფიციალური კურსის მიხედვით) წარმოდგენა;
5. საკონკურსო პირობების 7.2.3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვროს კონკურსში გამარჯვებულთან ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 2032 წლის 2 აპრილის ჩათვლით;
6. ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრატორისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს ხელშეკრულებით, შემდეგი პირობებით:
ა) ხელშეკრულების არასაპატიო მიზეზით შეწყვეტის შემთხვევაში, ადმინისტრატორს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 20%-ის ოდენობით. პირგასამტეხლო გადაიხდება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარში), გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ევროს მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად. აღნიშნული თანხა ირიცხება კომისიის ანგარიშზე, კომისიის მიერ შესაბამისი მოთხოვნის წარდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.
ბ) მონაცემთა ბაზის სისტემის შექმნისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისთვის და მონაცემთა ბაზის სისტემის ტესტირებისთვის განსაზღვრული ვალდებულებათა შესრულების ვადის გადაცილებისთვის - ყოველი გადაცილებული დღისთვის ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.5% ოდენობით.
გ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში - საანგარიშო თვის მთლიანი შემოსავლის (საქართველოში, NPCDB სისტემის ადმინისტრირების ფარგლებში მიღებული შემოსავლის) (დღგ–ს ჩათვლით) 0.1% ოდენობით, ვალდებულების შეუსრულებლობის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
7. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფს (თ. გოშუა):
ა) „Solutions For Telecom Limited”- ს მიერ საბანკო გარანტიის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ, 10 დღის ვადაში, გამარჯვებულთან სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე ხელშეკრულების პროექტის გაგზავნის უზრუნველყოფა;
ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 სამუშაო დღისა, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე კონკურსში გამარჯვებულსა და კომისიას შორის ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა;
8. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანს):
ა) „Mediafon Datapro”-ს მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტიის 10 სამუშაო დღის ვადაში უკან დაბრუნების უზრუნველყოფა დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;
ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების კონკურსში მონაწილეთათვის გაგზავნის უზრუნველყოფა;
9. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნების დღიდან;
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N64) ერთი თვის ვადაში;
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე).
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ანი ვაზაგაშვილი წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
