წვდომის მენიუ

მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, კომისიის 2025 წლის 22 მაისის №გ-25-8/231 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №1 (პაკეტი/კომბინირებული) აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: გ-25-8 / 325

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 27, 2025 15:32

მიღების თარიღი ივნისი 27, 2025

მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, კომისიის 2025 წლის 22 მაისის  №გ-25-8/231 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №1 (პაკეტი/კომბინირებული) აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2025 წლის 22 მაისის №გ-25-8/231 გადაწყვეტილებით, მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადდა 11 აუქციონი. აღნიშნული 11 აუქციონიდან პირველი აუქციონის ჩატარების თარიღად 2025 წლის 27 ივნისის 12:00 საათი განისაზღვრა, ხოლო ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება 2025 წლის 2 ივნისის 09:00 საათიდან 16 ივნისის 17:00 საათამდე მიმდინარეობდა. კომისიის 2025 წლის 22 მაისის  №გ-25-8/231 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №1 აუქციონის ლოტი ითვალისწინებს შემდეგ რადიოსიხშირულ სპექტრს: 10 მჰც (2X5 მჰც) სიხშირული რესურსი, Uplink 703–733 მჰც და Downlink 758–788 მჰც რესურსის ფარგლებში; 50 მჰც სიხშირული რესურსი 3400-3800 მჰც რესურსის ფარგლებში. ამავე გადაწყვეტილების მე-15 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტის თანახმად აღნიშნულ აუქციონში მონაწილეობის უფლება ეზღუდება პირს, რომელიც დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად უკვე ფლობს ან აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში გახდება 700 მჰც სიხშირული რესურსის 20 მჰც–ზე მეტის მფლობელი, ხოლო 3400-3800 მჰც სიხშირული დიაპაზონის ფარგლებში 100 მჰც–ზე მეტის მფლობელი.

კომისიის 2025 წლის 22 მაისის №გ-25-8/231 გადაწყვეტილებით გამოცხადებული№1 აუქციონისთვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვრა 37182 672 (ოცდაჩვიდმეტი მილიონ ასოთხმოცდაორი ათას ექვსასსამოცდათორმეტი) ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%- ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 1 859 134 (ერთი მილიონ  რვაასორმოცდაცხრამეტი ათას ასოცდათოთხმეტი) ლარს;

კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად კომისიაში განცხადება წარმოადგინა მხოლოდ სს „სილქნეტმა“ (ს/კ204566978) (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-7/2437, 12.06.25). განაცხადის შესაბამისად, კომპანიას სურს მონაწილეობა მიიღოს N1 ან/და N2 აუქციონ(ებ)ში, Uplink 703–733 მჰც და Downlink 758– 788 მჰც დიაპაზონის ფარგლებში 10 მჰც (2X5 მჰც) სიხშირული რესურსის და 3400-3800 მჰც დიაპაზონში 50 მჰც სიხშირული რესურსის მოპოვების მიზნით. განცხადებაზე თანდართულია ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მინდობილობა ლევან ბუჩუკურზე და თეა ტყეშელაშვილზე, სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარის) გადახდის დამადასტურებელი ორი საგადახდო დავალება (სულ 2000 ლარის) და რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%–ის (3 718 268 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალება.

კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონი გაიმართა კომისიის 2025 წლის 27 ივნისის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ სს „სილქნეტის“ უფლებამისილი წარმომადგენელი თეა ტყეშელაშვილი. სხდომაზე თეა ტყეშელაშვილმა დაადასტურა კომისიის 2025 წლის 22 მაისის №გ-25-8/231 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №1 (პაკეტი/კომბინირებული) აუქციონში მონაწილეობის სურვილი. კომისიის სააუქციონო სხდომაზე აღინიშნა, რომ სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან ასევე სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილია 2025 წლის 22 მაისის  №გ-25-8/231 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №1 აუქციონის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 37 182 672 (ოცდაჩვიდმეტი მილიონ ასოთხმოცდაორი ათას ექვსასსამოცდათორმეტი) ლარის 10%–ის (3 718 268 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალება №1749467703.

კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონის დაწყებამდე შემოწმდა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოების არსებობა. 2025 წლის 22 მაისის  №გ-25-8/231 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №1 აუქციონში მონაწილეობის უფლება ეზღუდება პირს, რომელიც დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში გახდება 700 მჰც სიხშირული რესურსის 20 მჰც–ზე მეტის მფლობელი, ხოლო 3400-3800 მჰც სიხშირული დიაპაზონის ფარგლებში 100 მჰც–ზე მეტის მფლობელი. სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით სს „სილქნეტი“ 700 ან 3400-3800 მჰც სიხშირულ დიაპაზონში არ ფლობს სიხშირულ რესურსს. გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის 2025 წლის 22 მაისის №გ-25-8/231 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №1 აუქციონის ლოტი ითვალისწინებს 10 მჰც (2X5 მჰც) სიხშირულ რესურსს, Uplink 703–733 მჰც და Downlink 758–788 მჰც რესურსის ფარგლებში და 50 მჰც სიხშირულ რესურსს 3400-3800 მჰც რესურსის ფარგლებში კომისიის 2025 წლის 22 მაისის  №გ-25-8/231 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №1 აუქციონში სს „სილქნეტის“ გამარჯვების შემთხვევაში იგი გახდება 700 მჰც სიხშირულ დიაპაზონში სულ 10 მჰც რესურსის მფლობელი, ხოლო 3400-3800 მჰც სიხშირულ დიაპაზონში სულ 50 მჰც რესურსის მფლობელი. შესაბამისად სხდომაზე არ გამოვლენილა აუქციონში სს „სილქნეტის“ მონაწილეობის მიღების დამაბრკოლებელი გარემოება.

„რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ მე-51  მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში.

კომისიის სხდომაზე გამოცხადდა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური (37 182 672 ლარი) და აუქციონის ბიჯის ოდენობა (1 859 134 ლარი), რაც ჩაითვალა აუქციონის დასაწყისად. სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა თეა ტყეშელაშვილმა აუქციონისთვის განსაზღვრული, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის - 39 041 806 (ოცდაცხრამეტი მილიონ ორმოცდაერთი ათას რვაასექვსი) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2025 წლის 22 მაისის  №გ-25-8/231 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ე.კ) ქვეპუნქტის თანახმად ამავე გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №1 აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს განსაზღვრული აქვს ლიცენზიით განსაზღვრულ მომსახურებებზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საბითუმო  დაშვების ვალდებულება.  ამავე  ქვეპუნქტის შენიშვნის   თანახმად აუქციონში გამარჯვებული პირი  უფლებამოსილია, აუქციონში გამარჯვებისთანავე მოითხოვოს ამ სიხშირულ რესურსზე ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების მოხსნა. ასეთ შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, სიხშირული რესურსის მისაღებად გადაიხადოს ის თანხა, რომლის გადახდაც მას მოუწევდა აღნიშნული სიხშირული რესურსის მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის საბითუმო დაშვების ვალდებულების  გარეშე გამოტანის შემთხვევაში.

კომისიის 2025 წლის 22 მაისის  №გ-25-8/231 გადაწყვეტილების თანახმად აუქციონის ფარგლებში კომბინირებული/ცალკე მდგომი ლოტებისთვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური გაანგარიშდა კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფორმულის შესაბამისად, ბენჩმარკინგის მეთოდოლოგიით შეფასებული 1 მჰც რესურსის სავარაუდო ღირებულების საფუძველზე, სადაც რადიოსიხშირული რესურსის სავარაუდო ღირებულების პროცენტული ფასდაკლება განსაზღვრული იყო მაქსიმალური 20% - ის ოდენობით სალიცენზიო MVNO დაშვების ვალდებულების გათვალისწინებით. ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე კომისიის სხდომაზე სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა თეა ტყეშელაშვილმა მოითხოვა აუქციონით გათვალისწინებულ სიხშირულ რესურსზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საბითუმო დაშვების ვალდებულების მოხსნა. შესაბამისად გადაანგარიშდა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური და აუქციონის ბიჯი. რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისმა საფასურმა  მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის საბითუმო  დაშვების ვალდებულების გარეშე შეადგინა 46 478 340 (ორმოცდაექვსი მილიონ ოთხასსამოცდათვრამეტი ათას სამასორმოცი) ლარი, აუქციონის ბიჯმა 2 323 917 (ორი მილიონ სამასოცდასამი ათას ცხრაასჩვიდმეტი) ლარი, ხოლო სს „სილქნეტის“ მიერ გადასახდელმა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურმა 48 802 257 (ორმოცდარვა მილიონ რვაასორი ათას ორასორმოცდაჩვიდმეტი) ლარი. კომისიის სხდომაზე სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა თეა ტყეშელაშვილმა აღნიშნული თანხის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის,„რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ და კომისიის 2025 წლის 22 მაისის  №გ-25-8/231 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კომისიის 2025 წლის 22 მაისის  №გ-25-8/231 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №1 აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდეს სს „სილქნეტი“ (ს/კ204566978), რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 48 802 257.00 (ორმოცდარვა მილიონ რვაასორი ათას ორასორმოცდაჩვიდმეტი) ლარი.

2. უზრუნველყოს სს „სილქნეტმა“ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 48 802 257.00 (ორმოცდარვა მილიონ რვაასორი ათას ორასორმოცდაჩვიდმეტი) ლარის 30%-ს - 14 640 677.10 (თოთხმეტი მილიონ ექვსასორმოცი ათას ექვსასსამოცდაჩვიდმეტი ლარი და ათი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 3 718 268.00 (სამი მილიონ შვიდასთვრამეტი ათას ორასსამოცდარვა) ლარი ანუ  - 10 922 409.10 (ათი მილიონ ცხრაასოცდაორი ათას ოთხასცხრა ლარი და ათი თეთრი) ლარის გადახდა ერთი თვის ვადაში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში-ა/ა-N200122900

ბანკი: სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი: TRESGE22

საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: N300773402

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ს – 34 161 579.90 (ოცდათოთხმეტი მილიონ ასსამოცდაერთი ათას ხუთასსამოცდაცხრამეტი და 90) ლარის გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

4. სს „სილქნეტი“ ვალდებულია  რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-სა და გადახდილ ბეს შორის სხვაობის - 10 922 409.10 (ათი მილიონ ცხრაასოცდაორი ათას ოთხასცხრა ლარი და ათი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე  რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-სა და გადახდილ ბეს შორის სხვაობის - 10 922 409.10 (ათი მილიონ ცხრაასოცდაორი ათას ოთხასცხრა ლარი და ათი თეთრი) ლარის, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

5. სს „სილქნეტის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენზიის მაძიებელს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი) სს „სილქნეტის“ მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის 3 718 268.00 (სამი მილიონ შვიდასთვრამეტი ათას ორასსამოცდარვა) საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნება და სს „სილქნეტისთვის” გაგზავნა;

8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) სს „სილქნეტისთვის” ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-2, მე-6 და მე-7 პუნქტების გარდა) შესრულებაზე დაევალოს აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ  აბაშიძე           თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე      წევრი

ნათია კუკულაძე           წევრი

ივანე მახარაძე               წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები