წვდომის მენიუ

შპს „RMG Gold“-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-25-7 / 306

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 16, 2025 10:57

მიღების თარიღი ივნისი 12, 2025

შპს „RMG Gold“-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

განმცხადებელი: შპს „RMG Gold“

კომისიის სხდომის თარიღი: 12.06.2025

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს„RMG Gold“-მა  (რეგისტრირებულია  ბოლნისის რაიონის  სასამართლოს  მიერ  რეგ.  № 23/4-6,16/08/1995; ს.კ. №225359947) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-7/2325, 03.06.25) ქ. თბილისში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში, თეთრიწყაროს და დმანისის მუნიციპალიტეტებში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში   ორი სიხშირის მინიჭების მოთხოვნის თაობაზე.

2. სიხშირეები გათვალისწინებულია მადნის მოპოვების პროცესში თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს „RMG Gold“-ს მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაავტორიზებული საქმიანობისთვის.

II. სამოტივაციო ნაწილი

3. კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი იხდის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს.

4. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად  არაავტორიზებულ პირს, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის (გარდა რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის გამოყენების მიზნით), კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დროებით − 1 წლის ვადით, რისთვისაც პირი წინასწარ იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა ერთ სიხშირეზე შეადგენს 1000 ლარს.

5. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „RMG Gold“-მა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტში ჩარიცხა 2000 ლარი.

6. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის,„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N 13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71  მუხლის მე-3 პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და   29-ე მუხლის საფუძველზე,   კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს „RMG Gold“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება № F 3284 შემდეგი პირობებით: სიხშირეები - 152.100 მჰც და 157.350 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში, თეთრიწყაროს და დმანისის მუნიციპალიტეტებში, ერთი წლის ვადით - 2025 წლის 12 ივნისიდან 2026 წლის 12 ივნისამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

2. შპს „RMG Gold“-ს მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

3. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით მონიტორინგის განხორციელება დაევალოს კომისიის  აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს   (ა. ქარუმიძე).

4. დაევალოს შპს „RMG Gold“-ს გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს თანდართული ფორმის შევსება და კომისიის ოფიციალურ მეილზე (reestri@comcom.ge) გადმოგზავნა; ცვლილების შემთხვევაში ინფორმაცია გადმოგზავნილ უნდა იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, შპს „RMG Gold“-სთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან.

6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ქ. სულიაშვილი) შპს „RMG Gold“-სთვის მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა.

7. დაევალოს კომისიის  აპარატის ადმინისტრაციას:

ა) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში (ნ. დევდარიანი);

ბ) გადაწყვეტილების შპს „RMG Gold“-სთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;.

8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) გადაწყვეტილების შპს „RMG Gold“-სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური              თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე          წევრი

ეკატერინე  იმედაძე      წევრი

ნათია კუკულაძე           წევრი

ივანე მახარაძე               წევრი

       

 

 

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები