„მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილებების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 13, 2025 12:06
მიღების თარიღი ოქტომბერი 09, 2025
„მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილებების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 9 ოქტომბერი, 15:00 სთ
I.აღწერილობითი ნაწილი
1.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2025 წლის 18 სექტემბრის №12/7895 წერილით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (შემდგომში - კომისია) შემოვიდა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის კორესპონდენცია, რომლის თანახმადაც, 2025 წლის 26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო და 2025 წლის 3 ივლისიდან ამოქმედდა საქართველოს კანონების პაკეტი, რის შედეგადაც უზრუნველყოფილ იქნა საქართველოს რიგი საკანონმდებლო აქტების ტერმინოლოგიური და შინაარსობრივი ხასიათის შესაბამისობა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან. ცვლილებების შედეგად, შესაბამის საკანონმდებლო აქტებში შეიცვალა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ღირსების შემლახავი და დისკრიმინაციული ტერმინოლოგია. ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ზემოაღნიშნული წერილით შესაბამის ორგანოებს ეთხოვათ მათ მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ხსნებულ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა გონივრულ ვადაში.
2.წინამდებარე წერილის დანართში მოცემულია კანონმდებლობაში არსებული ჩასანაცვლებელი დისკრიმინაციული და მისი ჩამნაცვლებელი არადისკრიმინაციული ტერმინების შესახებ ინფორმაცია. დანართის შესაბამისად, ტერმინი „მოხუცი“ არის დისკრიმინაციული ხასიათის ტერმინი, რომელიც უნდა ჩანაცვლდეს არადისკრიმინაციული ტერმინით - „ხანდაზმული“.
3.„მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილების (შემდგომში - მაუწყებელთა ქცევის კოდექსი) 56-ე მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მოცემულია ტერმინი „მოხუცები“. ვინაიდან, ზემოთ დასახელებული დანართის შესაბამისად, ტერმინი „მოხუცები“ მიიჩნევა დისკრიმინაციული ხასიათის ტერმინად, ის უნდა ჩანაცვლდეს არადისკრიმინაციული ტერმინით - „ხანდაზმულები“. ასევე, ამავე ქვეპუნქტში ტერმინს - „შეზღუდული შესაძლებლობების პირები“ უნდა დაემატოს სიტყვა „მქონე“ („შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები“).
4. ამდენად, შემუშავებულია „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილებების პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს კომისიის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში დისკრიმინაციული ტერმინის არადისკრიმინაციული ტერმინით ჩანაცვლებას.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისიის დადგენილება არის ნორმატიული სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღება ამ კანონის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ასევე, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღება კანონმდებლობით კომისიისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
6. „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ნორმატიული აქტია ეროვნული კომისიის დადგენილება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ნორმატიულ აქტებს იღებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
7. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლი ითვალისწინებს ნორმატიული აქტის მიღების წესს. ამასთან, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტში ცვლილების (ცვლილების (ცვლილებების) ან/და დამატების (დამატებების) ) შეტანა ხდება მხოლოდ იმავე სახის ნორმატიული აქტით. იგი იმ ნორმატიული აქტის განუყოფელი ნაწილია, რომელშიც შეტანილ იქნა ცვლილება.
8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესები. ამავე კოდექსის 1061 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების უფლების მქონე კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება ამავე ორგანოს გადაწყვეტილებით.
9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს ცნობა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ.
10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ყველას აქვს უფლება, წარადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრება 20 დღის განმავლობაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ განცხადების ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის საჯარო გაცნობისათვის წარდგენის დღიდან.
11. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.
III. სამოტივაციო ნაწილი
12. დადგენილების მიღება მიზნად ისახავს კომისიის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში „მაუწყებელთა ქცევის კოდექსში“ ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილების შეტანას, რაც უზრუნველყოფს დისკრიმინაციული ტერმინის არადისკრიმინაციული ტერმინით ჩანაცვლებას.
13. აღნიშნული ცვლილების განხორციელება მნიშვნელოვანია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ამრიგად, მიზანშეწონილია დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილებების მიღების მიზნით.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე, 1061 და 1065 მუხლების, ამავე კოდექსის VII და IX თავების, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილებების მიღების მიზნით;
2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2025 წლის 20 ნოემბერს 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვროს 3 თვე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოაქვეყნოს: ა) ცნობა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, ბ) წინამდებარე გადაწყვეტილება, გ) მომზადებული დადგენილების პროექტი და დ) განმარტებითი ბარათი;
5. ამ გადაწყვეტილების პირველ პუნქტში მითითებული დადგენილების პროექტთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეების მიერ მოსაზრების წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2025 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით. მოსაზრებების კომისიაში წარმოდგენა უნდა განხორციელდეს წერილობით, კომისიის შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. N50/18 ან კომისიის ელექტრონულ მისამართზე post@comcom.ge;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
7. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
8. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარატამენტს (ი. ბუთბაია).
ვახტანგ აბაშიძეთავმჯდომარე - მ.შ.
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი