წვდომის მენიუ

შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: გ-25-20 / 198

გამოქვეყნების თარიღი მაისი 07, 2025 14:30

მიღების თარიღი მაისი 01, 2025

შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (შემდგომში “კომისია”) 2025 წლის 17 აპრილს შპს „მაგთიკომმა“ წერილით №ED-25/04/17-012 (კომისიაში    რეგისტრაციის    №შ-25-6/1599) წარმოადგინა  2024 წლის  ინდივიდუალური  ფინანსური  ანგარიშგება,  „მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. შპს „მაგთიკომმა“ ამავე წერილით მოითხოვა აღნიშნული ფინანსური ანგარიშგების ნაწილის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა. შპს „მაგთიკომის“ წერილში   აღნიშნულია,   რომ   კომპანიის   მიერ   წარმოდგენილი   ინფორმაცია წარმოადგენს კომერციული ფასეულობის მქონე ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს შპს „მაგთიკომის“ ინტერესებს,

1.ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი და კაპიტალის ცვლილებების უწყისი;

2.დეტალიზებული ფინანსური ინფორმაცია;

3.კომპანიის  საოპერაციო რისკების მართვა.

კომპანია აცხადებს,  რომ  ჩამოთვლილი  ინფორმაციის  გაანალიზების  შემთხვევაში  კონკურენტ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცემათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია შპს „მაგთიკომში“ არსებული ფულადი სახსრების მოძრაობაზე, ფინანსური რისკების თაობაზე, ინფორმაცია თითოეული ბიზნეს- მიმართულებების მიხედვით  შემოსავლებზე, თვითღირებულებებზე  და  მომგებიანობაზე,  რაც წარმოადგენს კომპანიისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას და რომლის გამჟღავნების შემთხვევაში, კონკურენტ კომპანიებს მიეცემათ შესაძლებლობა განსაზღვრონ შპს „მაგთიკომის“ კონკრეტული მომსახურების გაწეული დანახარჯები, მიღებული შემოსავლები, კომპანიის როგორც საოპერაციო ისე ფინანსური  ძლიერი  და  სუსტი  მხარეები, ასევე  ის  სტრატეგია,  რომელიც  გააჩნია  (წლების მანძილზე) შპს   „მაგთიკომს“   და   შესაძლოა აღნიშნული   ინფორმაცია   გამოიყენონ   საკუთარი მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებისას. მოცემულ შემთხვევაშიც, აუდიტორული კომპანია KPMG-ის მიერ  აუდირებული  და  დამოწმებული    ფინანსური    ანგარიშგება    წარმოადგენს კომერციული ფასეულობის მქონე ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს შპს „მაგთიკომის“ კონკურენტუნარიანობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს „მაგთიკომი“ ითხოვს  2025 წლის  17 აპრილის  განცხადების  №1  დანართში  წარმოდგენილი  ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272  მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კომერციული საიდუმლოება განიმარტება, როგორც ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ინფორმაციის წარდგენისას პირი ვალდებულია მიუთითოს, რომ ეს ინფორმაცია მისი კომერციული საიდუმლოებაა. საჯარო დაწესებულება ვალდებულია 10 დღის ვადაში კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნიოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინფორმაციის ღიაობის ვალდებულება დადგენილია კანონით. თუ ინფორმაციის წარდგენისას საჯარო დაწესებულება არ მიიჩნევს ამ ინფორმაციას კომერციულ საიდუმლოებად, იგი იღებს გადაწყვეტილებას მისი ღიაობის თაობაზე, რასაც დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის პირს. გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ ინფორმაცია ხდება ღია, თუ პირმა, რომლის საკუთრებაცაა ეს ინფორმაცია, ამ ვადის გასვლამდე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით – სასამართლოში არ გაასაჩივრა ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საჯარო დაწესებულებას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტაცია და მიიჩნევს, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია, შინაარსობრივად ნაწილობრივ შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და ფინანსური ხასიათის უფლებამოვალეობების შესახებ. აგრეთვე სხვა პირობებს, რომელთა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგების ის ნაწილი, რომლის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა მოთხოვნილია კომპანიის მიერ მოიცავს როგორც დეტალურ ფინანსურ, ასევე განზოგადებულ ინფორმაციას. კომისია მიიჩნევს, რომ აღნიშნულ პუნქტებში მოცემული განზოგადებული ინფორმაცია მიღებულ შემოსავლებსა და გაწეულ ხარჯებზე ან ინფორმაცია, რომელიც წარმოდგენილია კომისიის საერთო სტატისტიკური ანგარიშგების 1.8 („ფინანსური მაჩვენებლები“) ელექტრონულ ფორმაში და საჯაროა, არ შეიძლება იქნას ცნობილი კომერციულ საიდუმლოებად და იგი უნდა დარჩეს ღიად.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სუბიექტი (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა) ვალდებულია მისთვის ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება    მმართველობის ანგარიშგება    სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგინოს აუდიტის ზედამხედველობის ხოლო, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახური ვალდებულია სუბიექტების მიერ წარდგენილი ანგარიშგებები (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგებები) და აუდიტორული დასკვნები, გარდა მეოთხე კატეგორიის საწარმოების ანგარიშგებებისა, გამოაქვეყნოს მათი წარდგენიდან 1 თვის ვადაში. ზემოაღნიშნული ანგარიში ქვეყნდება reportal.ge-ზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის  მარეგულირებელი   წესების”   მე-19   მუხლის   მე–4   პუნქტის   შესაბამისად,   ასევე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნა და მის მიერ 2025 წლის 17 აპრილის №ED-25/04/17-012 წერილის (კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-6/2438) დანართით წარმოდგენილი 2024 წლის აუდირებული ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტით გათვალისწინებული ინფორმაცია (გარდა ამ ინფორმაციის იმ ნაწილისა, რომელიც წარმოადგენს განზოგადებულ ინფორმაციას მიღებულ შემოსავლებსა და გაწეულ ხარჯებზე ან ინფორმაციას, რომელიც წარმოდგენილია კომისიის საერთო სტატისტიკური ანგარიშგების 1.8 ელექტრონულ ფორმაში და საჯაროა) ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად;

2. შპს „მაგთიკომის“ მიერ 2025 წლის 17 აპრილის №ED-25/04/17-012 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-6/2438) წარმოდგენილი ინფორმაცია, გარდა ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემებისა (რომელიც მიჩნეულ იქნა კომერციულ საიდუმლოებად) დარჩეს ღიად;

3.  ინფორმაცია შპს „მაგთიკომის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „მაგთიკომის“ მიერ  ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ კომისიისთვის მომართვიდან „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადამდე;

4. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია გახდეს ღია კანონმდებლობის შესაბამისად წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ;

5.  დაევალოს   კომისიის   ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

6.  დაევალოს  კომისიის  ადმინისტრაციას  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შპს „მაგთიკომისთვის“  გაგზავნა  და  კომისიის  ოფიციალურ  ვებ  გვერდზე  (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ბ. გასვიანი);

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

8. წინამდებარე გადაწყვეტილების  მე-2  და  მე-4  პუნქტები  შეიძლება  გასაჩივრდეს შპს „მაგთიკომის“ მიერ,   თბილისის   საქალაქო   სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში, რაც შპს „მაგთიკომმა“ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომისიას;

9.  გადაწყვეტილება, გარდა მისი მე-2 და მე-4 პუნქტებისა, სხვა დაინტერესებულ პირთა მიერ, შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები