შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 09, 2025 15:29
მიღების თარიღი დეკემბერი 04, 2025
შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
ავტორიზებული პირი: შპს „მთავარი არხი“.
სამართალდარღვევა: „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევა.
წარმოების დაწყების საფუძველი: ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წერილი (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/4879, 1.12.25).
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 4 დეკემბერი, 15:00 საათი.
I. აღწერილობითი ნაწილი
1. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში - სამსახური) წერილის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/4879, 1.12.25) საფუძველზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (შემდგომში - კომისია) დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „მთავარი არხის“ მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის საკითხის განხილვის თაობაზე.
2. სამსახურის წერილის მიხედვით, კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებულ რიგ სუბიექტებს, მათ შორის, შპს „მთავარ არხს“ სამსახურისთვის არ წარუდგინია 2024 წლის საანგარიშგებო პერიოდის ანგარიშგება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
3. შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2025 წლის 4 დეკემბერი, 15:00 საათი, რის შესახებ კომპანიას გაეგზავნა შეტყობინება (Nგ-25-03/2808, 1.12.25) საფოსტო გზავნილისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილ მისამართებზე . შეტყობინებით კომპანია მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
4. კომისიის 2025 წლის 4 დეკემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „მთავარი არხის“ წარმომადგენელი. ავტორიზებულ პირს კომისიაში არ წარმოუდგენია შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე. კომისიის შეტყობინება (Nგ-25-03/2808; 01.12.2025) ავტორიზებულ პირს გაეგზავნა და ჩაბარდა 2025 წლის პირველ დეკემბერს შპს „მთავარი არხის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი და კომისიის უწყებრივ რეესტრში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე (მიღებულია ავტომატური საშუალებით დადასტურება). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით შეასრულა და საკითხი განიხილა ავტორიზებული პირის წარმომადგენლის დაუსწრებლად.
5. კომისიის 2025 წლის 4 დეკემბრის სხდომაზე, სამსახურის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შპს „მთავარ არხს“ არ წარუდგენია სამსახურისთვის 2024 წლის ანგარიშგება.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
6. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სუბიექტი (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა) ვალდებულია მისთვის ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგინოს სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით.
7. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მეორე და მესამე კატეგორიების საწარმოები ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებენ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის (IFRS for SMEs) შესაბამისად. ამასთანავე, მათ უფლება აქვთ, გამოიყენონ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS).
8. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონისა და მის საფუძველზე მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს რეგულირებისადმი/ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის მიმართ გამოსაყენებელ სანქციებს განსაზღვრავს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო.
9. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მარეგულირებელი ორგანო განმარტებულია როგორც „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, საქართველოში მოქმედი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო.
10. „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს მიეკუთვნება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
11. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახური ვალდებულია ამ კანონის, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის ერთდროულად ან/და ცალ-ცალკე, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სდპ-ის, პირველი, მეორე, მესამე ან მეოთხე კატეგორიის საწარმოს მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები: დ.ა) წერილობითი გაფრთხილება; დ.ბ) ფულადი ჯარიმა; დ.გ) სდპ-ის შემთხვევაში − მისი მმართველობითი ორგანოს წევრისთვის სდპ-ში ამ კანონით გათვალისწინებული თავისი ფუნქციების შესრულების დროებით, არაუმეტეს 3 წლით აკრძალვა.
12. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების წარმოებისა და კონსოლიდაციის წესების, მე-7 მუხლის, მე-8 მუხლის, მე-9 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებისა და მე-16 მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობა ან/და აუდიტორული შემოწმების ჩატარებისათვის თავის არიდება გამოიწვევს სუბიექტის დაჯარიმებას: ა) მეოთხე კატეგორიის საწარმოსი – 500 ლარის ოდენობით; ბ) მესამე კატეგორიის საწარმოსი – 1 000 ლარის ოდენობით; გ) მეორე კატეგორიის საწარმოსი – 5 000 ლარის ოდენობით; დ) პირველი კატეგორიის საწარმოსი და სდპ-ისა – 10 000 ლარის ოდენობით;
13. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სამსახურმა შეიძლება სუბიექტის მიმართ ფულადი ჯარიმის ნაცვლად წერილობითი გაფრთხილება გამოიყენოს. სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 1 თვეზე ნაკლები, სუბიექტის მიერ წერილობითი გაფრთხილებით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობამ შესაძლებელია გამოიწვიოს სუბიექტის დაჯარიმება. სუბიექტის მიერ ფულადი ჯარიმის დაკისრებისას დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობამ შესაძლებელია გამოიწვიოს სუბიექტისთვის დაკისრებული ფულადი ჯარიმის ოდენობის გაორმაგება. სუბიექტის მიერ ზედიზედ ორ საანგარიშგებო პერიოდში ანგარიშგების წარუდგენლობის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია სუბიექტისთვის გაორმაგებული ფულადი ჯარიმის დაკისრების შემდეგ იგი დააჯარიმოს აგრეთვე საწარმოს კატეგორიისთვის განსაზღვრული ჯარიმის ხუთმაგი ოდენობით.
14. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია ამ კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა. ამ შემთხვევაში უფლებამოსილი პირი აღნიშნული საქმის განხილვის შედეგებზე დაყრდნობით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
15. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით“. ხოლო, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „კორესპონდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე, ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
16. სამსახურის 2025 წლის პირველი დეკემბრის N16/84573 წერილი კომისიას თანდართული დოკუმენტაციით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/4879, 01.12.2025).
17. სამსახურის 2025 წლის 23 ოქტომბრის N16/75030 წერილი კომისიას (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/4437, 23.10.2025).
18. შპს „მთავარი არხისთვის“ შეტყობინების (Nგ-25-03/2808; 01.12.2025) გაგზავნისა და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
19. სამსახურის წარმომადგენლის მიერ კომისიის 2025 წლის 4 დეკემბრის სხდომაზე გაკეთებული გამარტება.
20. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „მთავარი არხის“ შესახებ მონაცემები.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
21. შპს „მთავარ არხს“, რომელიც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენს მესამე კატეგორიის საწარმოს, 2025 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით და არც გადაწყვეტილების მიღების დღისთვის, სამსახურისთვის არ წარუდგენია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული 2024 წლის საანგარიშგებო პერიოდის ანგარიშგება.
მტკიცებულება: სამსახურის წერილი კომისიას თანდართული დოკუმენტაციით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/4879, 1.12.25); სამსახურის წარმომადგენლის მიერ კომისიის 2025 წლის 4 დეკემბრის სხდომაზე გაკეთებული განმარტება.
22. კომისიის 2025 წლის 24 ივლისის Nგ-25-3/396 გადაწყვეტილებით, კანონმდებლობის დარღვევის გამო, შპს ,,მთავარ არხს“ შეუჩერდა ავტორიზაცია დარღვევის აღმოფხვრამდე.
მტკიცებულება: კომისიის 2025 წლის 24 ივლისის Nგ-25-3/396 გადაწყვეტილება ,,შპს ,,მთავარი არხისთვის“ ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე.“
3. სამართლებრივი შეფასება
23. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შპს „მთავარი არხი“ ვალდებულია ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგინოს სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით.
24. კომისიის 2025 წლის 24 ივლისის Nგ-25-3/396 გადაწყვეტილებით კანონმდებლობის დარღვევის გამო, შპს ,,მთავარ არხს“ შეუჩერდა ავტორიზაცია დარღვევის აღმოფხვრამდე, რაც არ გამორიცხავს შპს ,,მთავარი არხისთვის“ ავტორიზაციის შეჩერებამდე კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზაციის შეჩერება ნიშნავს ავტორიზებული საქმიანობის აკრძალვას მის განახლებამდე. არცერთი საკანონმდებლო ნორმა არ ადგენს, რომ ავტორიზაციის შეჩერებით ხდება შეჩერებამდე არსებული ვალდებულებების გაუქმება ან გადავადება. ავტორიზაციის შეჩერება არ იწვევს ავტორიზაციის შეჩერებამდე არსებული ვალდებულებების უგულებელყოფას და არც მათი შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას გამორიცხავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავტორიზაციის შეჩერების მექანიზმი, შესაძლოა, ბოროტად იქნეს გამოყენებული და გახდეს კანონისმიერი ვალდებულებების შესრულებისაგან და კანონმდებლობის დარღვევისთვის პასუხისმგებლობისაგან თავიდან აცილების მექანიზმი, რაც არ არის ავტორიზაციის შეჩერების დამდგენი საკანონმდებლო ნორმების მიზანი (იხ. კომისიის 2023 წლის 12 ოქტომბრის Nგ-23-18/474 გადაწყვეტილება ,,შპს ,,თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ“).
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „მთავარი არხის“ მიერ, სამსახურში „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული 2024 წლის საანგარიშო პერიოდის ანგარიშგების არაუგვიანეს 2025 წლის პირველ ოქტომბრის ჩათვლით წარუდგენლობით, დარღვეულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი, რაც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად აღნიშნული სუბიექტის კომისიის მიერ სანქცირების საფუძველია.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
26. აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევისთვის მესამე კატეგორიის საწარმოს მიმართ სანქციის სახით შესაძლოა გამოყენებულ იქნას, მათ შორის, წერილობითი გაფრთხილება. ასევე, ამავე კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შეუსრულებლობა გამოიწვევს მესამე კატეგორიის საწარმოს 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. ამავე კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი „ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სამსახურმა შეიძლება სუბიექტის მიმართ ფულადი ჯარიმის ნაცვლად წერილობითი გაფრთხილება გამოიყენოს“.
27. ვინაიდან, შპს „მთავარი არხის“ მიერ დარღვეულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი (2024 წლის საანგარიშგებო პერიოდის ანგარიშგების სამსახურისთვის წარუდგენლობა), კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
28. ამასთან, დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „მთავარ არხს“ უნდა დაევალოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში 2024 წლის საანგარიშო პერიოდის ანგარიშგების წარდგენა ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-8 პუნქტის, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 27-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „მთავარ არხს“ (ს.კ. 404574518) მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო.
2. შპს „მთავარმა არხმა“ უზრუნველყოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში 2024 წლის საანგარიშო პერიოდის ანგარიშგების წარდგენა ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „მთავარი არხისთვის“ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) გადაწყვეტილების შპს „მთავარი არხისთვის“ და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა, და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (პ. ბერია) შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა.
7. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 და მე-6 პუნქტებისა), ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
