წვდომის მენიუ

შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-25-18 / 594

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 09, 2025 14:43

მიღების თარიღი დეკემბერი 04, 2025

შპს  „ტელეიმედისთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ავტორიზებული პირი: შპს „ტელეიმედი“.

სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  55-ე  მუხლის  პირველი პუნქტი.

წარმოების დაწყების   საფუძველი:   კომისიის    აპარატის    მედიამომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№25-10-2586, 28.11.2025) თანდართული დოკუმენტაციით.

კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 4 დეკემბერი, 15:00 საათი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1.   საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში   - კომისია)  აღნიშნავს,  რომ კომისიის აპარატის მედიმომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (№25-10-2586, 28.11.2025) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის მიზნით.

2. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  55-ე  მუხლის  თანახმად,  საერთო მაუწყებლები ვალდებულნი არიან გადასცენ წინასაარჩევნო დებატები მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. დეპარტამენტის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ შპს „ტელეიმედის“ ეთერში 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას წინასაარჩევნო დებატები განთავსებული არ ყოფილა.

3. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2025 წლის 28 ოქტომბერს კომისიამ წერილობით (№გ-25-04/2569) მიმართა მაუწყებელს აღნიშნულ საკითხზე  განმარტების  წარმოდგენის  მიზნით.  მაუწყებლის  განმარტებით,  მან  ვერ უზრუნველყო კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულება იმ მიზეზით, რომ საქართველოში რეგისტრირებული ოპოზიციური პარტიები „ტელეიმედის“ მიმართ გამოირჩევიან სიძულვილის ენით, შეურაცხმყოფელი  და  მიზანმიმართული  აგრესიის  გამოხატვით.  შესაბამისად,  არსებული ვითარების გათვალისწინებით,  „ტელეიმედისთვის“   ობიექტურად  შეუძლებელი  იყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის შესაბამისად პოლიტიკური დებატების ჩატარებისა და პარტიების წარმომადგენლების მოწვევის უზრუნველყოფა.

4. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ წინასაარჩევნო დებატების განუთავსებლობით შპს „ტელეიმედის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების დარღვევას და ითხოვს შემდგომ რეაგირებას.

5. შპს ,,ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა კომისიაში დაინიშნა 2025 წლის 4 დეკემბერს, 15:00 საათზე, რის შესახებ შპს ,,ტელეიმედს“ გაეგზავნა    შეტყობინება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მაუწყებელს, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98- ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

6.  კომისიის 2025 წლის 4 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ტელეიმედის“ წარმომადგენელი, რომელმაც აღნიშნა, რომ მაუწყებელმა ვერ უზრუნველყო კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულება იმ მიზეზით, რომ ოპოზიციური პარტიები „ტელეიმედის“ მიმართ გამოირჩევიან სიძულვილის ენით და ითხოვა კომისიას გადაწყვეტილების მიღებისას გაეთვალისწინებინა აღნიშნული გარემოება.

7. კომისიის 2025 წლის 4 დეკემბრის სხდომაზე მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა კ. ქორიძემ აღნიშნა, რომ, ხშირ შემთხვევაში მაუწყებლის მოწვევაზე პარტიები უარს ამბობენ, ან ვერ ახერხებენ მისვლას წინასაარჩევნო პერიოდის რთული გრაფიკის გამო. თუმცა, მაუწყებელს, თავის მხრივ, ევალება, რომ ყველა უფლებამოსილი პარტია მოიწვიოს და შემდეგ წარმოადგინოს კომისიაში მტკიცებულებები, რომ მათ ეს მოწვევა გააგზავნეს, ან აღნიშნულის შესახებ განაცხადონ პირდაპირ ეთერში. ბევრმა მაუწყებელმა წარმოადგინა მტკიცებულება პარტიების მიწვევის შესახებ, თუმცა პარტიები არ მივიდნენ. რამდენიმე მაუწყებელმა დებატები გამართა, თუმცა ყველა უფლებამოსილი პარტია არ მონაწილეობდა დებატებში, დებატებში მონაწილობაზე უარის თქმის გამო. აღნიშნულის თაობაზე მაუწყებლებმა კომისიაში წარმოადგინეს მტკიცებულებები. ეს იყო სწორედ ის ვალდებულება, რაც მაუწყებელს ჰქონდა შესასრულებელი, რაც, ამ შემთხვევაში, ტელეკომპანია „იმედს“ არ გაუკეთებია. მან საერთოდ არ მოიწვია ეს პარტიები დებატებზე.

II.  მარეგულირებელი კანონმდებლობა

8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციებია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება“.

9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია ,,დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა“.

10. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს“, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, ,,საერთო მაუწყებელმა მისი მომსახურების ზონაში საარჩევნო კამპანიის დროს, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წინასაარჩევნო დებატები არადისკრიმინაციულად უნდა გადასცეს. ამასთანავე, აღნიშნული მაუწყებელი ვალდებულია წინასაარჩევნო დებატებში მოიწვიოს ყველა სხვა პოლიტიკური პარტია, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში დებატებში მონაწილე პარტიის მსგავსი ან მასზე უკეთესი შედეგი აჩვენეს“.

11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული/გავრცელებული პროგრამის, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა.

12. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს“.

13. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის  მარეგულირებელი  წესების”  (დანართი  N1)  მე-16  მუხლის  მე-5  პუნქტის  თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით“, ხოლო, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად „კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე, ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“.

III. სამოტივაციო ნაწილი

1.    შესწავლილი მტკიცებულებები

14.   კომისიის   აპარატის   მედიამომსახურებების   რეგულირების   დეპარტამენტის   მოხსენებითი ბარათი (N25-10-2586, 28.11.2025).

15. კომისიის 2025 წლის 28 ოქტომბრის №გ-25-04/2569 წერილი შპს ,,ტელეიმედს“.

16. შპს ,,ტელეიმედის“ წერილი კომისიას (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-6/4568, 3.11.25).

17. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს „ტელეიმედის“ შესახებ.

2.  დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

18. შპს „ტელეიმედი“ წარმოადგენს კერძო საერთო მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს (BR-264, 15.07.2015).

მტკიცებულება: კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემები

19. შპს „ტელეიმედის“ ეთერში 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას წინასაარჩევნო დებატები განთავსებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№25-10-2586, 28.11.2025); შპს ,,ტელეიმედის“  წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-6/4568, 3.11.2025).

20. შპს    „ტელეიმედი“   თავის   წერილში   ადასტურებს იმას, რომ 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას წინასაარჩევნო დებატები მის ეთერში არ განთავსებულა, ვინაიდან, მან ვერ უზრუნველყო კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულება იმ მიზეზით, რომ საქართველოში რეგისტრირებული ოპოზიციური  პარტიები „ტელეიმედის“ მიმართ გამოირჩევიან სიძულვილის ენით, შეურაცხმყოფელი და მიზანმიმართული აგრესიის გამოხატვით. შესაბამისად,   არსებული   ვითარების გათვალისწინებით, „ტელეიმედისთვის“ ობიექტურად შეუძლებელი იყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის საფუძველზე პოლიტიკური დებატების ჩატარებისა და პარტიების წარმომადგენლების მოწვევის უზრუნველყოფა.

მტკიცებულება: შპს ,,ტელეიმედის“  წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-6/4568, 3.11.2025).

21. შპს ,,ტელეიმედის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელეიმედის“ შესახებ.

3.    სამართლებრივი შეფასება

22. შპს „ტელეიმედი“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს ,,ტელეიმედი“ ვალდებულია გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში.

23. კომისიის მიერ დადგინდა, რომ შპს „ტელეიმედის“ ეთერში 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას წინასაარჩევნო დებატები არ განთავსებულა, რითაც შპს „ტელეიმედის“ მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის   55-ე მუხლის პირველი პუნქტი.

4.    პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

24.   „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.

25. როგორც დადგინდა, შპს „ტელეიმედის“ მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტი. ამასთან, კომპანიას, ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/ანალოგიური ხასიათის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა არ დაკისრებია. აქედან გამომდინარე, კანონმდებლობის შესაბამისად, შპს ,,ტელეიმედს“ უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, 55-ე მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს  „ტელეიმედს“  მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.

2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა   კოლეგიაში   (მისამართი:   ქ.   თბილისი,   დავით   აღმაშენებლის   ხეივანი   №64)   შპს „ტელეიმედისთვის“ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს ,,ტელეიმედისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (პ. ბერია) შპს ,,ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა.

6. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-5 და მე-6 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები