შპს „ფონექთისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 09, 2025 14:36
მიღების თარიღი დეკემბერი 04, 2025
შპს „ფონექთისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
ავტორიზებული პირი: შპს „ფონექთი“
სამართალდარღვევა: „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევა
წარმოების დაწყების საფუძველი: ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წერილი (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში რეგისტრაციის N შ-25-6/4879; 01.12.2025)
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 4 დეკემბერი
I.აღწერილობითი ნაწილი
1.ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში „სამსახური“) წერილის (კომისიაში რეგისტრაციის N შ-25-6/4879; 01.12.2025) საფუძველზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (შემდგომში „კომისია“) დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ფონექთის“ მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის საკითხის განხილვის თაობაზე.
2.სამსახურის წერილისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიის მონაცემებით დგინდება, რომ შპს „ფონექთს“ (ძველი დასახელება - შპს „დათაჰაუს გლობალ“; ს/კ 402129344) სამსახურისთვის არ წარუდგინია 2024 წლის საანგარიშგებო პერიოდის ანგარიშგება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
3.შპს „ფონექთისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2025 წლის 4 დეკემბერი, 15:00 საათი. აღნიშნულის შესახებ შპს „ფონექთს“ გაეგზავნა შეტყობინება (N გ-25-03/2811; 01/12/2025) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
4. კომისიის 2025 წლის 4 დეკემბრის სხდომას ესწრებოდა შპს „ფონექთის“ წარმომადგენელი ა. აღაიაროვი, რომელმაც აღნიშნა, რომ ის ამჟამად არ იმყოფება საქართველოში და ითხოვა ერთ თვიანი ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად.
5. კომისიის 2025 წლის 4 ოქტომბრის სხდომას ესწრებოდა სამსახურის წარმომადგენელი გ. ჯმუხაძე.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
6. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სუბიექტი (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა) ვალდებულია მისთვის ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგინოს სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით.
7. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მეოთხე კატეგორიის საწარმოები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებენ სამსახურის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
8. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონისა და მის საფუძველზე მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს რეგულირებისადმი/ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის მიმართ გამოსაყენებელ სანქციებს განსაზღვრავს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო.
9. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მარეგულირებელი ორგანო განმარტებულია როგორც „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, საქართველოში მოქმედი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო.
10. „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს მიეკუთვნება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
11. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახური ვალდებულია ამ კანონის, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის ერთდროულად ან/და ცალ-ცალკე, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა: დ) სდპ-ის, პირველი, მეორე, მესამე ან მეოთხე კატეგორიის საწარმოს მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები: დ.ა) წერილობითი გაფრთხილება; დ.ბ) ფულადი ჯარიმა; დ.გ) სდპ-ის შემთხვევაში − მისი მმართველობითი ორგანოს წევრისთვის სდპ-ში ამ კანონით გათვალისწინებული თავისი ფუნქციების შესრულების დროებით, არაუმეტეს 3 წლით აკრძალვა.
12. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების წარმოებისა და კონსოლიდაციის წესების, მე-7 მუხლის, მე-8 მუხლის, მე-9 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებისა და მე-16 მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობა ან/და აუდიტორული შემოწმების ჩატარებისათვის თავის არიდება გამოიწვევს სუბიექტის დაჯარიმებას: ა) მეოთხე კატეგორიის საწარმოსი – 500 ლარის ოდენობით; ბ) მესამე კატეგორიის საწარმოსი – 1 000 ლარის ოდენობით; გ) მეორე კატეგორიის საწარმოსი – 5 000 ლარის ოდენობით; დ) პირველი კატეგორიის საწარმოსი და სდპ-ისა – 10 000 ლარის ოდენობით.
13. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სამსახურმა შეიძლება სუბიექტის მიმართ ფულადი ჯარიმის ნაცვლად წერილობითი გაფრთხილება გამოიყენოს. სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 1 თვეზე ნაკლები, სუბიექტის მიერ წერილობითი გაფრთხილებით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობამ შესაძლებელია გამოიწვიოს სუბიექტის დაჯარიმება. სუბიექტის მიერ ფულადი ჯარიმის დაკისრებისას დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობამ შესაძლებელია გამოიწვიოს სუბიექტისთვის დაკისრებული ფულადი ჯარიმის ოდენობის გაორმაგება. სუბიექტის მიერ ზედიზედ ორ საანგარიშგებო პერიოდში ანგარიშგების წარუდგენლობის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია სუბიექტისთვის გაორმაგებული ფულადი ჯარიმის დაკისრების შემდეგ იგი დააჯარიმოს აგრეთვე საწარმოს კატეგორიისთვის განსაზღვრული ჯარიმის ხუთმაგი ოდენობით.
14. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია ამ კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა. ამ შემთხვევაში უფლებამოსილი პირი აღნიშნული საქმის განხილვის შედეგებზე დაყრდნობით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
15. სამსახურის წერილი კომისიას თანდართული დოკუმენტაციით (კომისიაში რეგისტრაციის N შ-25-6/4879; 01.12.2025);
16. სამსახურის წერილი კომისიას (კომისიაში რეგისტრაციის N შ-25-6/4437; 23.10.2025);
17. შეტყობინება (N გ-25-03/2811; 01/12/2025) შპს „ფონექთს“ კომისიის 2025 წლის 4 დეკემბრის სხდომაზე მოწვევის შესახებ და აღნიშნული შეტყობინების გაგზავნის დამადასტურებელი მტკიცებულება;
18. კომისიის მიერ სამსახურისთვის გაგზავნილი შეტყობინება (N გ-25-03/2823; 02/12/2025) კომისიის 2025 წლის 4 დეკემბრის სხდომაზე მოწვევის შესახებ;
19. მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ფონექთის“ შესახებ;
20. შპს „ფონექთის“ წარმომადგენლის ა. აღაიაროვის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2025 წლის 4 დეკემბრის სხდომაზე.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
21. შპს „ფონექთი“ (ს/კ 402129344) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირია. მტკიცებულება: მონაცემი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ფონექთის“ შესახებ.
22. შპს „ფონექთის“ ძველი დასახელება იყო შპს „დათაჰაუს გლობალ“. კომპანიამ დასახელება შეიცვალა 2025 წელს.
მტკიცებულება: მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ფონექთის“ შესახებ;
23. შპს „ფონექთი“ არის მეოთხე კატეგორიის საწარმო.
მტკიცებულება: სამსახურის წერილი კომისიას თანდართული დოკუმენტაციით (კომისიაში რეგისტრაციის N შ-25-6/4879; 01.12.2025).
24. შპს „ფონექთს“ 2025 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით და არც გადაწყვეტილების მიღების დღისთვის სამსახურისთვის არ წარუდგენია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგება (2024 წლის საანგარიშგებო პერიოდის ანგარიშგება).
მტკიცებულება: სამსახურის წერილი კომისიას თანდართული დოკუმენტაციით (კომისიაში რეგისტრაციის N შ-25-6/4879; 01.12.2025); შპს „ფონექთის“ წარმომადგენლის ა. აღაიაროვის ახსნა- განმარტება გაკეთებული კომისიის 2025 წლის 4 დეკემბრის სხდომაზე.
3. სამართლებრივი შეფასება
25. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შპს „ფონექთი“ ვალდებულია ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგინოს სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით. ამასთან, შპს „ფონექთი“ კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებული სუბიექტია, შესაბამისად, კომპანიის მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევაზე რეაგირებას ახორციელებს კომისია.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ფონექთის“ მიერ, სამსახურში „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული 2024 წლის საანგარიშო პერიოდის ანგარიშგების არაუგვიანეს 2025 წლის პირველი ოქტომბრის ჩათვლით წარუდგენლობით, დარღვეულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი, რაც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად აღნიშნული სუბიექტის კომისიის მიერ სანქცირების საფუძველია.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
27. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევისთვის მეოთხე კატეგორიის საწარმოს მიმართ სანქციის სახით შესაძლოა გამოყენებულ იქნას, მათ შორის, წერილობითი გაფრთხილება. ასევე, ამავე კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შეუსრულებლობა გამოიწვევს მეოთხე კატეგორიის საწარმოს 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. ამავე კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი „ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სამსახურმა შეიძლება სუბიექტის მიმართ ფულადი ჯარიმის ნაცვლად წერილობითი გაფრთხილება გამოიყენოს“.
28. არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომისია მოცემულ შემთხვევაში მიზანშეწონილად მიიჩნევს შპს „ფონექთის“ მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ იქნეს წერილობითი გაფრთხილება და განესაზღვროს ერთთვიანი ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-8 პუნქტის, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 27-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ფონექთს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო;
2. შპს „ფონექთმა“ უზრუნველყოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში 2024 წლის საანგარიშო პერიოდის ანგარიშგების წარდგენა ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) გადაწყვეტილების შპს „ფონექთისა“ და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „ფონექთისთვის“ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი);
7. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტებისა), ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
