წვდომის მენიუ

შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-25-18 / 560

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 27, 2025 15:59

მიღების თარიღი ნოემბერი 20, 2025

შპს „ტელეკომპანია  მედია მონიტორინგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ავტორიზებული პირი: შპს „ტელეკომპანია  მედია მონიტორინგი“

სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის,  კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევა

წარმოების დაწყების საფუძველი: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N25-10-2310;30.10.2025)

კომისიის სხდომის თარიღი: 2020 წლის 20 ნოემბერი, 15:00 საათი

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N25-10-2310;30.10.2025) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად,  კომისიაში  დაიწყო  მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია  მედია მონიტორინგის“ მიერ  კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის გამო.

2. მოხსენებითი ბარათის (N25-10-2310; 30.10.2025) თანახმად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი, ავტორიზებული მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია/რადიო ვალდებულია ცესკოს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით, კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-60 დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში გადასცეს ინფორმაცია ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად საეთერო დროის ტარიფების შესახებ. ამ პუნქტში აღნიშნული შესაბამისი პირი ვალდებულია კენჭისყრამდე 50-ე დღიდან დაიწყოს რეკლამის განთავსება შემდეგი  პირობების დაცვით: მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადოს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყოველკვირეულად გადასცეს შემდეგი ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობით არის გამოყოფილი საეთერო დრო, 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, გაწეული მომსახურება.

3. მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო რეკლამისათვის საეთერო დროის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადოს ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის ტარიფები და ყოველკვირეულად შეავსოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ელექტრონული ანგარიშგების ფორმა 11.1, 11.2 და 11.3 (დანართი №1), ელექტრონული ანგარიშგების პორტალზე, კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.comcom.ge, ამავე დანართში მითითებული ვადების შესაბამისად. ფორმაში 11.3 მიეთითება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ მაუწყებელმა რომელი არხის მეშვეობით, რომელ თარიღში, რომელ საარჩევნო სუბიექტს, რა ტიპის მომსახურება (უფასო/ფასიანი რეკლამა) გაუწია და შესაბამისი შემოსავალი.

4. მოხსენებითი ბარათის (N25-10-2310;30.10.2025) მიხედვით, შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგმა“ 2025 წლის 8 აგვისტოს კომისიაში წარმოადგინა ინფორმაცია ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისთვის საეთერო დროის ტარიფების შესახებ, ხოლო 1-ელ სექტემბერს - ტარიფის შესახებ განახლებული ინფორმაცია. შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებული იყო დანართში მითითებული ვადების შესაბამისად შეევსო ფორმა 11.3. მაუწყებლის მიერ არ არის შევსებული აღნიშნული ფორმა  2025 წლის 15 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის პერიოდისთვის.

5. შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგის“ მიერ შესაძლო დარღვევის თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2025 წლის 20 ნოემბერი, 15:00 საათი. აღნიშნულის თაობაზე შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგს“ გაეგზავნა შეტყობინება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

6. კომისიის  2025 წლის 20 ნოემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგის“ წარმომადგენელი, თუმცა კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა, დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით - მხარეს ჩაბარდა კომისიის შეტყობინება (რომელიც, ასევე, საჯაროდ იყო გამოქვეყნებული კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე) და შუამდგომლობა საკითხის გადადების შესახებ წარმოდგენილი არ ყოფილა. ამდენად, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის განხილვა შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგის“ წარმომადგენლის დაუსწრებლად და გადაწყვეტილება მიიღო იმავე სხდომაზე.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

7. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-3  მუხლის  პირველი  პუნქტის  თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და  რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;

9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და მის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა;

10. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი, ავტორიზებული მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია/რადიო ვალდებულია ცესკოს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით, კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-60 დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში გადასცეს ინფორმაცია ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად საეთერო დროის ტარიფების შესახებ. ეს ტარიფები ძალაში შედის კენჭისყრამდე 50-ე დღიდან. შესაბამისი ტარიფის შეცვლა დასაშვებია ერთხელ, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 35-ე კალენდარული დღისა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. ტარიფის შეცვლის შემთხვევაში ახალი ტარიფი ეგზავნება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით.

11. კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია დაიცვას შემდეგი პირობა: წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო რეკლამისათვის საეთერო დროის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადოს  ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის ტარიფები და ყოველკვირეულად შეავსოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ელექტრონული ანგარიშგების ფორმა 11.1, 11.2 და 11.3 (დანართი №1), ელექტრონული ანგარიშგების პორტალზე, კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.comcom.ge, ამავე დანართში მითითებული ვადების შესაბამისად; დანართში მითითებული ვადის მიხედვით, მაუწყებელმა ფორმა 11.3. უნდა შეავსოს ივსება საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 7 კალენდრულ დღეში, ხოლო საანგარიშო პერიოდი წარმოადგენს კალენდრულ კვირას (ორშაბათი-კვირა).

12. მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაიცვას მედია მომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ    საქართველოს    კანონმდებლობაში    ცვლილებების    შეტანის    შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

13. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან   ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს;

14. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული  წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

15. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების  თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის   N1 დადგენილებით   დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის  მარეგულირებელი  წესების”  (დანართი  N1)  მე-16  მუხლის  მე-5  პუნქტის თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით“, ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“.

III. სამოტივაციო ნაწილი

1. შესწავლილი მტკიცებულებები

16. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N25-10-2310; 30.10.2025) თანდართული დოკუმენტაციით;

17. შპს „ტელეკომპანია  მედია მონიტორინგისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება  კომისიის 2025 წლის 20 ნოემბრის სხდომაზე მოწვევის შესახებ და ამ შეტყობინებების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

18. შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგის წერილი კომისიას პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და აღნიშნული რეკლამის განთავსების ტარიფების შესახებ (08.08.2025 Nშ-25-6/3294);

19. შპს   „ტელეკომპანია   მედია   მონიტორინგის   წერილი   კომისიას   პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების განახლებული ტარიფების შესახებ (01.09.2025 Nშ-25-6/3642);

20. მონაცემები შპს „ტელეკომპანია  მედია მონიტორინგის“ შესახებ კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

21. შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგი“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია. მტკიცებულება: მონაცემი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელეკომპანია  მედია მონიტორინგის“ შესახებ.

22. შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგმა“ 2025 წლის 8 აგვისტოს კომისიაში წარმოადგინა ინფორმაცია ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და განთავსების საეთერო დროის ტარიფების შესახებ, ხოლო 1 სექტემბერს - ტარიფის შესახებ განახლებული ინფორმაცია.

მტკიცებულება: შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგის წერილები კომისიას (08.08.2025 Nშ-25-6/3294; 01.09.2025 Nშ-25-6/3642);

23. შპს „ტელეკომპანია მედია მინიტორინგის“ მიერ არ არის შევსებული კომისიის ელექტრონული ანგარიშგების ფორმა 11.3.,  2025 წლის 15 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის პერიოდისთვის.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N25-10-2310; 30.10.2025);

24. შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგს“ კომისიის 2025 წლის 20 ნოემბრის სხდომის თაობაზე შეტყობინება ჩაბარდა 2025 წლის 17 ნოემბერს.

მტკიცებულება: შეტყობინებების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

25. შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგს“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი/ანალოგიური სამართალდარღვევისთვის.

მტკიცებულება: მონაცემი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგის“ შესახებ.

3. სამართლებრივი შეფასება

26. შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგი“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში  მოქმედი  კანონმდებლობით, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები. საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი, ავტორიზებული მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია/რადიო ვალდებულია ცესკოს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით, კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-60 დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში გადასცეს ინფორმაცია ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად საეთერო დროის ტარიფების შესახებ. ამ პუნქტში აღნიშნული შესაბამისი პირი ვალდებულია კენჭისყრამდე 50-ე დღიდან დაიწყოს რეკლამის განთავსება შემდეგი პირობების დაცვით: მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადოს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყოველკვირეულად გადასცეს შემდეგი ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობით არის გამოყოფილი საეთერო დრო, 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, გაწეული მომსახურება. კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია დაიცვას შემდეგი პირობა: წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო რეკლამისათვის საეთერო დროის საქართველოს წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო რეკლამისათვის საეთერო დროის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს  საარჩევნო  კოდექსი“  შესაბამისად  გამოყოფის  შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადოს  ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის ტარიფები და ყოველკვირეულად შეავსოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ელექტრონული ანგარიშგების ფორმა 11.1, 11.2 და 11.3 (დანართი №1), ელექტრონული ანგარიშგების პორტალზე, კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.comcom.ge, ამავე დანართში მითითებული ვადების შესაბამისად.

27.  შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგს“ ყოველკვირეულად უნდა შეევსო კომისიის ელექტრონულ პორტალზე ფორმა 11.3. მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში. მაუწყებელმა აღნიშნული ვალდებულება არ შეასრულა 2025 წლის 11 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის პერიოდში, შესაბამისად, შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგის“ მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.

3. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

28. შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგის“ მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.

29. ვინაიდან, შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგს“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი/ანალოგიური სამართალდარღვევისთვის, მაუწყებელს უნდა დაეკისროს წერილობითი გაფრთხილება.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის და კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. შპს „ტელეკომპანია  მედია მონიტორინგს“ დაეკისროს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის,  კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“   მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის  დარღვევის გამო;

2. დაევალოს კომისიის  აპარატის ადმინისტრაციას (ბ.გასვიანი) გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელეკომპანია  მედია მონიტორინგისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ  ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნების დღიდან;

4. გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  თბილისის  საქალაქო  სასამართლოს  ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი:   ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის  ხეივანი, №64) შპს „ტელეკომპანია  მედია მონიტორინგისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) შპს „ტელეკომპანია მედია  მონიტორინგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

6. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტისა) დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი).

ვახტანგ  აბაშიძე       თავმჯდომარე  - მ.შ.

ნათია კუკულაძე       წევრი

ივანე მახარაძე          წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები