შპს „ტვ 25“- ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ავტორიზებული
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 09, 2025 12:45
მიღების თარიღი ოქტომბერი 02, 2025
შპს „ტვ 25“- ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ავტორიზებული პირი: შპს „ტვ 25“(ს/კ: 245414680)
სამართალდარღვევა: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „მ“ ქვეპუნქტების, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და 62-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა.
წარმოების დაწყების საფუძველი: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის 2025 წლის 18 სექტემბრის N25-10-2027 მოხსენებითი ბარათი.
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 2 ოქტომბერი, 15:00 საათი.
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) აპარატის იურიდიული დეპარტამენტის 2025 წლის 18 სექტემბრის N25-10-2027 მოხსენებითი ბარათის (შემდგომში - მოხსენებითი ბარათი) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტვ 25“-ის მიერ კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის მიზნით.
2. მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2025 წლის 1 ივლისს, კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. კერძოდ, კომპანიის 51% წილის მფლობელმა ჯ. ვერძაძემ, კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების გარეშე, თავისი წილი სრულად გაასხვისა ნ. ჯიჯავაძეზე. ასევე, კომპანიამ შეიცვალა იურიდიული მისამართი: ქ. ბათუმი, ეგ. ნინოშვილის ქ. N1- ის ნაცვლად იურიდიული მისამართი გახდა ქ. ბათუმი, ალექსანდრე პუშკინის ქუჩა, N168, მე-2 სართული, კომერციული ფართი N5-1. კომპანიას ზემოაღნიშნული ცვლილებების შესახებ კომისიისთვის არ უცნობებია.
3. საკითხის განხილვა დაინიშნა 2025 წლის 9 ოქტომბერს, 15:00 საათზე, რის შესახებ კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (Nგ-25-03/2334, 29.09.25) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
4. 2025 წლის 1 ოქტომბერს, შპს ,,ტვ 25“-მა კომისიას წერილობით (კომისიაში რეგისტრაცია: N25-6/4162, 1.10.25) მიმართა, სადაც განმარტავს, რომ შპს „ტვ 25“-ის 51%-იანი წილი არ გასხვისებულა 2024 წლის ნოემბერში, არამედ „ტვ 25“-ის 51%-იანი წილის მფლობელის, ჯ. ვერძაძის გარდაცვალების გამო, ტელევიზიის 51%-იანი წილი მემკვიდრეობით მიიღო მისმა მეუღლემ ნ. ჯიჯავაძემ. ამავე დროს, იურიდიული და სხვა პროცედურების გამარტივების მიზნით, ტელევიზიის იურიდიულ მისამართად განისაზღვრა მისი ფაქტობრივი მისამართი, საიდანაც ტელევიზია 10 წელია მაუწყებლობს. შპს ,,ტვ 25“ ითხოვს კომისიამ არ მიიღოს მემკვიდრეობის მიღების შედეგად კომპანიაში მომხდარი 51%-იანი წილის ცვლილება როგორც მათ მიერ წილის ცვლილების შეუტყობინებლობად, ვინაიდან, ეს მოხდა არა უპასუხისმგებლობით და მიზანმიმართულად, არამედ მათი სათანადოდ არაინფორმირებულობის გამო. კომპანიამ ვერ გაითვალისწინა, რომ ეს ცვლილებები შესაძლოა განხილულიყო როგორც წილის გასხვისება და მისამართის ცვლილება.
5. კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის 2025 წლის 29 სექტემბრის N25-10-2106 სამსახურებრივი ბარათით, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია განხორციელებული ტრანზაქცია თავსებადი იყო თუ არა ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან, თუ არსებობდა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით შეძენის გამოკვლევის საფუძველი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. კომისიის 2025 წლის 2 ოქტომბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ტვ 25“-ის დირექტორი და კონსულტანტი, რომლებმაც მხარი დაუჭირეს შპს ,,ტვ 25“-ის 2025 წლის 1 ოქტომბრის წერილში დაფიქსირებულ პოზიციას.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობის ან/და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას“.
8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, „კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო პირობების, აგრეთვე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება“.
9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას“.
10. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად“.
11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები“. ხოლო, ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, „ავტორიზებული პირი ვალდებულია, თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში“.
12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები;“ ამასთან, ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს ავტორიზაციის დეკლარაციაში მისათითებელ ინფორმაციას იურიდიული პირისთვის. კერძოდ, მითითებული უნდა იყოს „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის სახელი და გვარი“.
13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის რეგულირების ერთ-ერთი მიზანია რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილება“. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „კომისიის ერთ-ერთი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბება“.
14. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „კომისია, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული კონცენტრაციის გარდა, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლებით დადგენილი წესით შეისწავლის იმ ოპერაციას, რომლითაც ხდება: ა) ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივის შეძენა; ბ) ორი ან ორზე მეტი პირის, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია, შერწყმის შედეგად გაერთიანება; გ) ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა, რის შედეგადაც შემძენი პირის მფლობელობაში ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან 5 პროცენტზე მეტი აღმოჩნდება“. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები არ გამოიყენება ავტორიზებული პირების წილის ან აქციების შეძენის შემთხვევაში, თუ შემძენი პირის ან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მიერ ერთობლივად ხდება ავტორიზებული პირის 5 პროცენტამდე წილის ან აქციების შეძენა“.
15. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე“. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება“.
16. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე“.
17. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, „კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღების შემდეგ განახორციელოს ამ კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებები“.
18. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“.
19. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო, კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა“.
20. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ატორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა.
21.,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ,,მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და მის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა“.
22. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია თავისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. იგი აგრეთვე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე“.
23. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს“.
24. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ერთ-ერთი საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
II. სამოტივაციო ნაწილი
1. გამოკვლეული მტკიცებულებები
25. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის 2025 წლის 18 სექტემბრის N25-10-2027 მოხსენებითი ბარათი.
26. კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის 2025 წლის 29 სექტემბრის N25-10-2106 სამსახურებრივი ბარათი.
27. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის 2025 წლის 1 ოქტომბრის N25-10- 2130 სამსახურებრივი ბარათი.
28. შპს ,,ტვ 25“-ის წერილი (კომისიაში რეგისტრაცია: N 25-6/4162, 1.10.25).
29. შპს „ტვ 25“-ისთვის გაგზავნილი კომისიის 2025 წლის 29 სექტემბრის შეტყობინება (Nგ-25- 03/2334) და შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
30. კომისიის 2025 წლის 9 ოქტომბრის სხდომაზე, შპს „ტვ 25“-ის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება.
31. შპს ,,ტვ 25“-ის შესახებ მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და საჯარო რეესტრის სამეწარმეო და არასამეწარმეო პირთა რეესტრიდან.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
32. შპს „ტვ 25“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციებისა(ავტორიზაციის თარიღი: 20.04.2016) და მაუწყებლობის (ავტორიზაციის თარიღი: 14.07.2015) სფეროში ავტორიზებულ პირს.
მტკიცებულება: შპს „ტვ 25“-ის შესახებ მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
33. 2025 წლის 1 ივლისს, შპს ,,ტვ 25“-ის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. კერძოდ, კომპანიის 51% წილის მფლობელმა ჯ. ვერძაძემ, კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების გარეშე, თავისი წილი სრულად გაასხვისა ნ. ჯიჯავაძეზე. ასევე, კომპანიამ შეიცვალა იურიდიული მისამართი: ქ. ბათუმი, ეგ. ნინოშვილის ქ. N1-ის ნაცვლად იურიდიული მისამართი გახდა ქ. ბათუმი, ალექსანდრე პუშკინის ქუჩა, N168, მე-2 სართული, კომერციული ფართი N5-1. კომპანიას ზემოაღნიშნული ცვლილებების შესახებ კომისიისთვის არ უცნობებია.
მტკიცებულება: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის 2025 წლის 18 სექტემბრის N25-10/2027 მოხსენებითი ბარათი; შპს „ტვ 25“-ის შესახებ მონაცემები საჯარო რეესტრის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
34. განხორციელებული ტრანზაქცია ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე ახალ გარემოებას არ ქმნის და შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან, შესაბამისად, სახეზე არ არის ის აუცილებელი გარემოებები, რომელთა თანახმადაც საჭიროა შეძენის გამოკვლევა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის 2025 წლის 1 ოქტომბრის N25-10-2130 სამსახურებრივი ბარათი.
35. შპს „ტვ 25“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
3. სამართლებრივი შეფასება
36. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება, ხოლო კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღების შემდეგ განახორციელოს ამ კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებები. კერძოდ, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
37. ამდენად, შპს „ტვ 25“-ს, მისი წილის გასხვისების განზრახვის თაობაზე წინასწარ უნდა ეცნობებინა კომისიისთვის, რათა კომისიას დაედგინა აღნიშნული ტრანზაქციის შესაძლო გავლენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე და მიეღო გადაწყვეტილება წილის შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ ან დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება შეძენის გამოკვლევის თაობაზე ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით. კანონმდებლობით კომისიისთვის მინიჭებული ეს უფლებამოსილება ემსახურება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენტული ბაზრის სტრუქტურის შენარჩუნებასა და კონკურენციის მნიშვნელოვნად შემზღუდველი კონცენტრაციების თავიდან აცილებას.
38. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლები მიუთითებს ავტორიზებული პირის წილის ან აქციების „შეძენაზე“ და არ აკონკრეტებს შეძენის რომელიმე ფორმას. შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო ნორმების გრამატიკული განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენაში მოიაზრება ნებისმიერი ფორმით შეძენა. გარდა ამისა, როგორც აღინიშნა, კონცენტრაციების კონტროლის მიზანია კონკურენციის მნიშვნელოვნად შემზღუდველი კონცენტრაციების თავიდან აცილება. ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენამ, შესაძლებელია, წარმოშვას კონკურენციის მნიშვნელოვნად შეზღუდვის რისკები იმის მიუხედავად, თუ რომელი ფორმით ხდება ეს. კერძოდ, შესაძლებელია, ბაზრის რომელიმე სეგმენტზე კონკურენციის კუთხით პრობლემური იყოს ნებისმიერი ფორმით შეძენა, იქნება ეს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ჩუქების საფუძველზე, კანონით ან ანდერძით მემკვიდრეობის გზით, თუ კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე სხვა ფორმით (იხ. კომისიის 2023 წლის 27 აპრილის Nგ-23-18/21 გადაწყვეტილება ,,შპს „ახალი ქსელებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“).
39. კომისია აქვე განმარტავს, რომ წილის შეძენის განზრახვა გარკვეული ქმედების განხორციელების ნების გამოხატვას გულისხმობს, მათ შორის, სამკვიდროს მიღების ნების გამოვლენასაც. სამკვიდრო ქონების მიღება პირის უფლებაა და არა ვალდებულება. შესაბამისად, მემკვიდრეობის მისაღებად აუცილებელია სამკვიდროს მისაღებად ნების გამოხატვა. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ პირი მემკვიდრეობით იძენს ავტორიზებული პირის წილს/აქციას და ეს ტრანზაქცია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ექვემდებარება კონცენტრაციების კონტროლს, ავტორიზებული პირი ვალდებულია ტრანზაქციის განხორციელებამდე თანხმობის მისაღებად მიმართოს კომისიას (იხ. კომისიის 2023 წლის 27 აპრილის Nგ-23-18/21 გადაწყვეტილება ,,შპს „ახალი ქსელებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“).
40. როგორც კომისიის მიერ დადგინდა, შპს „ტვ 25“-ის ტრანზაქციის განხორციელებამდე კანონით განსაზღვრული წესით არ მოუმართავს კომისიისთვის და არ მიუღია კომისიის წინასწარი თანხმობა წილის გასხვისებაზე. ამასთან, კომპანიას კანონით დადგენილ ვადაში, კომისიისთვის არ უცნობებია არც წილის გასხვისების და არც კომპანიის იურიდიული მისამართის ცვლილების თაობაზე.
41. შესაბამისად, კომპანიის მიერ, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე, ავტორიზებული პირის წილის გასხვისებითა და კომისიისთვის შესაბამისი ინფორმაციის კანონით დადგენილ ვადაში მოუწოდებლობით, დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „მ“ ქვეპუნქტები, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი და 62-ე მუხლის პირველი პუნქტი.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
42. ზემოაღნიშნული დარღვევები „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის სანქცირების საფუძველია.
43. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ტვ 25“-ის მიმართ ბოლოერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით გათვალისწინებულია წერილობითი გაფრთხილება.
44. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისიის წინასწარი თანხმობა სავალდებულოა, როდესაც ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა. ავტორიზებული პირის წილის ან აქციების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გაყიდვის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევ ავტორიზებულ პირს დააკისროს სპეციალური ღონისძიებები, მათ შორის, მოსთხოვოს წილის გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. კომისიის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენება უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ ფაქტობრივ და სამართლებრივ წინაპირობებს. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი არის ის ფაქტი - იცვლება თუ არა წილის ან აქციების გასხვისების შედეგად საბოლოო ბენეფიციარის წილობრივი მონაწილეობა ან/და გავლენა ავტორიზებულ პირში ან/და ასევე წილის ან აქციების გასხვისებით შესაძლებელია თუ არა ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის კონკურენტუნარიანობას მიადგეს საფრთხე. ამასთან, არ არის აუცილებელი დადგენილი იყოს კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების უტყუარობა, არამედ კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების რეალური საფრთხის არსებობაც კი საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ კომისიამ ავტორიზებულ პირს დააკისროს სპეციალური ღონისძიებები (მათ შორის კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებული წილის ან აქციების გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა). იმას თუ რამდენად რეალურია საფრთხე და საერთოდ არსებობს თუ არა საფრთხე ავტორიზებული პირის წილის ან აქციების კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გასხვისებით დაზიანდეს ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო, სხვა ფაქტორებთან ერთად განაპირობებს წილის ან აქციების გასხვისებაში მონაწილე ავტორიზებული პირ(ებ)ის საქმიანობის არეალი, საბაზრო წილი, აბონენტების რაოდენობა.
45. როგორც კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან დგინდება, განხორციელებული ტრანზაქცია ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე ახალ გარემოებას არ ქმნის და ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე. ამდენად, აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
46. ამასთან, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნით, არ დგება ის აუცილებელი გარემოებები, რომელთა თანახმადაც, საჭიროა შეძენის გამოკვლევის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად. ამრიგად, არ იკვეთება შპს „ტვ 25“-ისთვის რაიმე სპეციალური ღონისძიების/ვალდებულების დაკისრების აუცილებლობა.
V. სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის და მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „მ“ ქვეპუნქტების, 25-ე მუხლის, 26-ე მუხლის, 27-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლებისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, 62-ე მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შპს „ტვ 25“-ს (ს/კ245414680) მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „მ“ ქვეპუნქტების, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და 62-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.
2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „ტვ 25“- ისთვის ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) აღნიშნული გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტვ 25“-ისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (პ. ბერია) შპს „ტვ 25“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა.
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი