სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 26, 2025 16:17
მიღების თარიღი სექტემბერი 18, 2025
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
მაუწყებელი: სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“ სამართალდარღვევა: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა
წარმოების დაწყების საფუძველი: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N25-10-1980,12.09.2025)
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 18 სექტემბერი, 15:00 საათი
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 25-10-1980, 12.09.2025) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლი მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მის მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ (შემდგომში - საარჩევნო კოდექსი) 50-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღევის გამო.
2. მოხსენებით ბარათში მითითებულია, რომ საარჩევნო კოდექსით დადგენილი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფის წესების თანახმად, მაუწყებელი, რომელიც გეგმავს ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის ეთერში განთავსებას ვალდებულია აცნობოს კომისიას მის მიერ გამოყოფილი გრაფიკისა და ტარიფების შესახებ. კერძოდ, კოდექსის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი ან ავტორიზებული მაუწყებლები, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია/რადიო ვალდებულნი არიან კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნების მიზნით კომისიას გადასცენ ინფორმაცია ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად საეთერო დროის ტარიფების შესახებ. კომისიისათვის აღნიშნული ინფორმაციის გაგზავნა უნდა მოხდეს კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-60 დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.
3. კომისიამ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ მიერ დადგენილი ტარიფების შესახებ ინფორმაცია (წერილის ნომერი №02-19/268, თარიღი: 12.08.2025) მიიღო კანონით განსაზღვრული ვადის გადაცილებით, კერძოდ 2025 წლის 13 აგვისტოს. მისი წარმოდგენის ბოლო ვადა იყო 2025 წლის 10 აგვისტო (კენჭისყრამდე 55-ე დღე). საარჩევნო კოდექსის 931 მუხლის თანახმად, მაუწყებლის მიერ საეთერო დროის ტარიფების შესახებ მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადებში კომისიისათვის მიუწოდებლობის შემთხვევაში მაუწყებელს ეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიომ“ დაარღვია კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულება.
4. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2025 წლის 18 სექტემბერი, 15:00 საათი. აღნიშნულის თაობაზე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას და რადიოს“ გაეგზავნა შეტყობინება (Nგ-25-03/2213; თარიღი: 15/09/2025) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
5. კომისიაში შემოვიდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ 2025 წლის 17 სექტემბრის N02-19/298 წერილი (კომისიაში რეგისტრაციი Nშ-25-6/3884, თარიღი:17.09.2025), რომლითაც წარმოდგენილია მაუწყებლის პოზიცია კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საარჩევნო კოდექსით დადგენილი წინასაარჩევნო კამპანიის საინფორმაციო უზრუნველყოფის წესების შესაძლო დარღვევას, კერძოდ, მაუწყებლის მიერ ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების ტარიფების შესახებ ინფორმაციის დაგვიანებით წარმოდგენას. წერილის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ დარღვევის ფაქტი წარმოადგენს ფორმალურ ადმინისტრაციულ გადაცდომას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და საარჩევნო კანონმდებლობის პრინციპების თანახმად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა ეფუძნებოდეს არა მხოლოდ ფორმალური დარღვევის კონსტატაციას, არამედ სამართალდარღვევის არსის, მისი სუბიექტური მხარის, შედეგებისა და სხვა რელევანტური გარემოებების ყოვლისმომცველ შეფასებას.
6. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ 2025 წლის 17 სექტემბრის N02-19/298 წერილის თანახმად, ამ კონტექსტში, განსახილველი საკითხი მოითხოვს გადაწყვეტილების მიღების პროცესში სიღრმისეულ ანალიზს, რათა დაცული იყოს სამართლიანობისა და პროპორციულობის პრინციპები. მოცემული გადაცდომა ხასიათდება მინიმალური ხანგრძლივობით, რაც არ შეიძლება შეფასდეს როგორც არსებითი ან მძიმე დარღვევა. მიუხედავად დაგვიანებისა, მაუწყებელმა ინფორმაცია წარადგინა სრული მოცულობითა და ზუსტი ფორმით, რაც ადასტურებს, რომ კანონმდებლობით დასახული მიზნები საბოლოო ჯამში მიღწეული იქნა. წერილის თანახმად, განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ამ ფორმალურ გადაცდომას არ მოჰყოლია ფაქტობრივი ზიანი, კერძოდ, არ შეუფერხებია საარჩევნო პროცესი (დოკუმენტაციის დაგვიანებით წარმოდგენას არ გამოუწვევია რაიმე შეფერხება საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაში) და არ შეუქმნია ბარიერები პოლიტიკური სუბიექტებისათვის (ფასიანი რეკლამის ტარიფები ხელმისაწვდომია მაუწყებლის ოფიციალურ ვებგვერდზე, რაც ნიშნავს, რომ ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შეუფერხებელი და დროული წვდომა სრულ ინფორმაციაზე), შესაბამისად, კომისიის ვებგვერდზე ინფორმაციის დაგვიანებით გამოქვეყნება ვერ შექმნიდა პრაქტიკულ სირთულეებს.
7. მაუწყებლის წერილში ასევე განმარტებულია, რომ კომისიისათვის ინფორმაციის დაგვიანებით მიწოდება არ იყო მიზანმიმართული ქმედება. ის გამოწვეული იყო ადმინისტრაციული ხასიათის ტექნიკური ხარვეზებით და არ წარმოადგენდა მცდელობას, შეეფერხებინა საარჩევნო პროცესი ან დაემალა ინფორმაცია დაინტერესებული პირებისგან. მაუწყებელი ყოველთვის ინარჩუნებს კონსტრუქციულ და გამჭვირვალე ურთიერთობას კომისიასთან, რეგულარულად თანამშრომლობს მასთან და მზადაა ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის ოპერატიულად წარმოდგენისთვის. ასევე აღსანიშნავია, რომ ეს კონკრეტული ხარვეზი წარმოადგენს ერთჯერად შემთხვევას მაუწყებლის საქმიანობაში, რაც მოწმობს, იმ ფაქტს, რომ ეს არ არის სისტემური ან განმეორებადი.
8. ასევე, წერილში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული სამართლის ფუნდამენტური პრინციპების – პროპორციულობის, სამართლიანობისა და მიზანშეწონილობის – თვალსაზრისით, აუცილებელია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სრულყოფილად იქნეს შეფასებული არა მხოლოდ ფორმალური დარღვევის ფაქტი, არამედ მთელი კომპლექსური გარემოებები: დარღვევის ხანგრძლივობა, ფაქტობრივი ზიანის არარსებობა, მიზანმიმართული ქმედების გამორიცხვა და ადმინისტრაციული წარმოებისადმი მაუწყებლის კონსტრუქციული დამოკიდებულება.
9. ამდენად, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ 2025 წლის 17 სექტემბრის N02-19/298 წერილით მოთხოვნილია კომპეტენციის ფარგლებში, გადაწყვეტილების მიღებისას კომისიამ გაითვალისწინოს ზემოაღნიშნული გარემოებები და მიიღოს სამართლიანი და პროპორციული გადაწყვეტილება.
10. კომისიის 2025 წლის 18 სექტემბრის სხდომას ესწრებოდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ წარმომადგენელი მ. მამულაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ ვალდებულებების თაობაზე, მაუწყებელი ინფორმირებულია და ვალდებული იყო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში წარმოედგინა ეს ინფორმაცია. თუმცა, იყო ტექნიკური ხარვეზი და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ფორმალური გადაცდომა, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ ვადაში ვერ ჩაეტივნენ, შედეგობრივი თავლსაზრისით არანაირი ზიანი არ დაუყენებია არც საარჩევნო სუბიექტებისთვის და არც საარჩევნო პროცესისთვის შეუქმნია შეფერხება. ითვალისწინებენ კომისიის შენიშვნას და საპირისპირო არგუმენტს ვერ წარმოადგენენ, ვინაიდან ცალსახად და აშკარად, ტელეკომპანიამ ვადის გადაცილებით გამოაგზავნა ინფორმაცია. შემდგომში ეს გარემოება იქნება გათვალისწინებული და მაუწყებლის მხრიდან ადგილი არ ექნება მსგავს დარღვევებს.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
12. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;
13. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და მის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა;
14. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი, ავტორიზებული მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია/რადიო ვალდებულია ცესკოს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით, კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-60 დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში გადასცეს ინფორმაცია ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად საეთერო დროის ტარიფების შესახებ. ეს ტარიფები ძალაში შედის კენჭისყრამდე 50-ე დღიდან. შესაბამისი ტარიფის შეცვლა დასაშვებია ერთხელ, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 35-ე კალენდარული დღისა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. ტარიფის შეცვლის შემთხვევაში ახალი ტარიფი ეგზავნება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით. ეს ტარიფი ძალაში შედის კენჭისყრამდე 30-ე კალენდარულ დღეს. ამ პუნქტში აღნიშნული შესაბამისი პირი ვალდებულია კენჭისყრამდე 50-ე დღიდან დაიწყოს რეკლამის განთავსება შემდეგი პირობების დაცვით: ა) მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადოს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყოველკვირეულად გადასცეს შემდეგი ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობით არის გამოყოფილი საეთერო დრო, 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, გაწეული მომსახურება; ბ) ტელე- ან რადიოკომპანიის მიერ 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს და არცერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი. ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის ერთნაირი უნდა იყოს; გ) პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“. ასეთ რეკლამას უნდა ჰქონდეს სურდოთარგმანი, რომლის უზრუნველყოფაც რეკლამის წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის ვალდებულებაა; დ) ამ პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში არ დაუშვას პოლიტიკური რეკლამის განთავსება სხვა დროს, გარდა ამ მიზნით გამოყოფილი დროის შუალედისა.
15. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 931 მუხლის თანახმად, შესაბამისი მაუწყებლის მიერ კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-60 დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის საეთერო დროის ტარიფებისა და შეცვლილი ტარიფების მიწოდების მოთხოვნის, აგრეთვე ამ კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მაუწყებლისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას;
16. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს;
17. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
18. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით“. ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად „კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე, ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
19. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 25-10-1980, 12.09.2025) თანდართული დოკუმენტაციით (სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ 2025 წლის 12 აგვისტოს №02-19/268 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/3393; თარიღი: 13.08.2025);
20. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ გაგზავნილი შეტყობინება (Nგ-25-03/2213; თარიღი: 15/09/2025) კომისიის 2025 წლის 18 სექტემბრის სხდომაზე მოწვევის შესახებ და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
21. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ 2025 წლის 17 სექტემბრის N02-19/298 წერილი (კომისიაში რეგისტრაციი Nშ-25-6/3884, თარიღი: 17.09.2025);
22. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ წარმომადგენლის მ. მამულაძის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2025 წლის 18 სექტემბრის სხდომაზე.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
23. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“ არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოადგენს მაუწყებელს.
24. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები დაინიშნა 2025 წლის 4 ოქტომბერს.
მტკიცებულება: „მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების დანიშვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2025 წლის 5 აგვისტოს №05/08/01 განკარგულება.
25. კომისიამ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ მიერ დადგენილი ტარიფების შესახებ ინფორმაცია მიიღო 2025 წლის 13 აგვისტოს. მისი წარმოდგენის ბოლო ვადა იყო 2025 წლის 10 აგვისტო (კენჭისყრამდე 55-ე დღე).
მტკიცებულება: მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით (სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ 2025 წლის 12 აგვისტოს №02-19/268 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/3393; თარიღი: 13.08.2025).
26. ბოლო ერთი წლის განმავლობაში სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ მიმართ გამოყენებული არ ყოფილა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის.
მტკიცებულება: მონაცემი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“ შესახებ.
3. სამართლებრივი შეფასება
27. საარჩევნო კოდექსით დადგენილი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფის წესების თანახმად, მაუწყებელი, რომელიც გეგმავს ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის ეთერში განთავსებას ვალდებულია, აცნობოს კომისიას მის მიერ გამოყოფილი გრაფიკისა და ტარიფების შესახებ. კერძოდ, საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი, ავტორიზებული მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია/რადიო ვალდებულია კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით კომისიას გადასცენ ინფორმაცია ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად საეთერო დროის ტარიფების შესახებ. კომისიისათვის აღნიშნული ინფორმაციის გაგზავნა უნდა მოხდეს კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-60 დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.
28. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ მიერ კომისიისთვის წინამდებარე ტარიფების წარდგენის ბოლო ვადა იყო 2025 წლის 10 აგვისტო (კენჭისყრამდე 55- ე დღე). მაუწყებელმა ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად ტარიფების შესახებ ინფორმაცია კომისიაში წარმოადგინა 13 აგვისტოს - საარჩევნო კოდექსით დადგენილი ვადის დარღვევით. შესაბამისად, მაუწყებლის მიერ დარღვეულია საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის პირველი პუნქტი.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
29. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. საარჩევნო კოდექსის 931 მუხლის თანახმად, მაუწყებლის მიერ საეთერო დროის ტარიფების შესახებ მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადებში კომისიისათვის მიუწოდებლობის შემთხვევაში მაუწყებელს ეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
30. თავის მხრივ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.
31. გამომდინარე იქიდან, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/მსგავსი ხასიათის დარღვევის ჩადენისთვის გამოყენებული არ ყოფილა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის რომელიმე სახე, საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის, 931 მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98- ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის, 931 მუხლის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-16 მუხლის და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;
2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,№64) სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
4.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ.გასვიანი) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ.გოშუა) სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
6. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი