წვდომის მენიუ

შპს „სქაი სერვისი-Sky Service“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-25-18 / 462

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 10, 2025 17:10

მიღების თარიღი სექტემბერი 04, 2025

შპს „სქაი სერვისი-Sky Service“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ავტორიზებული პირი: შპს „სქაი სერვისი-Sky Service“

სამართალდარღვევა: „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის  N144/22 გადაწყვეტილების  ნაწილობრივ  ძალადაკარგულად ცნობისა და   სტატისტიკური   ანგარიშგების   ფორმების   დამტკიცების   შესახებ“   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის  N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა  და გადახდის წესის შესახებ“  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევა

წარმოების დაწყების  საფუძველი: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი    (N  25-10-1683;  01.08.2025) და  სამსახურებრივი    (N  25-10-1886; 01.09.2025) ბარათები თანდართული დოკუმენტაციით

კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 4 სექტემბერი

I.აღწერილობითი  ნაწილი

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი (N  25-10-1683;  01.08.2025) და  სამსახურებრივი    (N  25-10-1886; 01.09.2025) ბარათების  საფუძველზე, „საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების“  36-ე  მუხლის  მე-14     პუნქტის  შესაბამისად, კომისიაში  დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სქაი სერვისი-Sky Service“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მის  მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის გამო.

2.მოხსენებითი     ბარათიდან  (N 25-10-1683; 01.08.2025) ირკვევა, რომ შპს „სქაი სერვისი-Sky Service“-ს კომისიაში არ   წარმოუდგენია      2025 წლის   აპრილის,   მაისისა   და   ივნისის   რეგულირების საფასურის  გაანგარიშებების 1.9 ფორმა და ამავე თვეების სტატისტიკური ანგარიშგების შემდეგი ფორმები: ფორმა 1.1 - შემოსავლების თაობაზე, ფორმა 4.1 - მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი, ფორმა 4.2 - მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი - აბონენტები კვარტალში (2025 წლის II კვარტალი), ფორმა 5.4 - საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა.

3.    ასევე, სამსახურებრივი ბარათებიდან (N 25-10-1886; 01.09.2025) ირკვევა, რომ შპს „სქაი სერვისი-Sky Service“-ს კომისიაში არ წარმოუდგენია 2025 წლის აპრილის, მაისის, ივნისისა და ივლისის თვეების რეგულირების საფასურის  გაანგარიშებების 1.9 ფორმა და ამავე თვეების სტატისტიკური ანგარიშგების შემდეგი ფორმები: ფორმა 1.1 - შემოსავლების თაობაზე, ფორმა 4.1 - მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი, ფორმა 4.2 - მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი - აბონენტები კვარტალში (2025 წლის II კვარტალი), ფორმა 5.4 - საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა.

4.    შპს „სქაი სერვისი-Sky Service“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2025 წლის 4 სექტემბერს, 15:00 საათზე, რის შესახებაც შპს „სქაი სერვისი-Sky Service“-ს ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (N გ-25-03/2099; 02/09/2025) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

5.    კომისიის  2025  წლის  4  სექტემბრის  სხდომას  არ  ესწრებოდა  შპს  „სქაი  სერვისი-Sky Service“-ის წარმომადგენელი. ვინაიდან, კომპანიას შეტყობინება ჩაბარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე, შპს „სქაი სერვისი-Sky Service“-ის მიერ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე კომისიაში არ შემოსულა, კომისიის მიერ დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისთვის დაკისრებული ვალდებულება - დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე. შესაბამისად, კომისიამ საკითხი განიხილა შპს „სქაი სერვისი-Sky Service“-ის წარმომადგენლის დასწრების გარეშე.

II.       მარეგულირებელი კანონმდებლობა

6.    „ელექტრონული    კომუნიკაციების    შესახებ“    საქართველოს    კანონის    მე-19    მუხლის   მე-2 პუნქტის „ბ“      ქვეპუნქტის     თანახმად,     ავტორიზებული     პირი     ვალდებულია    შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

7.    „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-12  მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური.

8.    „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის  სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული  პირები  ვალდებულნი  არიან  ყოველთვიურად,  არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.

9. საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული კომისიის  2011 წლის N144/22  გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად,  დამტკიცდა ელექტრონული საკომუნიკაციო და სამაუწყებლო დარგების სტატისტიკური ანგარიშგების თანდართული ფორმები (დანართი N1). ასევე, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირს და ასევე ყველა მაუწყებელს დაევალა ამ გადაწყვეტილების N1 დანართით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ელექტრონულად შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.

10.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.

11. საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  76-ე  მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

12. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების   თაობაზე“   საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის   2003   წლის   27 ივნისის  N1  დადგენილებით    დამტკიცებული  „საქართველოს კომუნიკაციების    ეროვნული კომისიის საქმიანობის  მარეგულირებელი  წესების”  (დანართი  N1)  მე-16  მუხლის  მე-5  პუნქტის თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით“, ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“.

III.       სამოტივაციო ნაწილი

1.    შესწავლილი მტკიცებულებები

13.  კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათი (N 25-10-1683; 01.08.2025) თანდართული დოკუმენტაციით.

14.  კომისიის აპარატის  ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N    25-10-1886;    01.09.2025) თანდართული დოკუმენტაციით.

15.  კომისიის    აპარატის    ადმინისტრაციის    სამსახურებრივი    ბარათი    (N    25-10-1937;   04.09.2025) თანდართული დოკუმენტაციით.

16.  კომისიის შეტყობინება (N გ-25-03/2099; 02/09/2025) შპს „სქაი სერვისი-Sky Service“-ს კომისიის 2025 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე მოწვევის შესახებ და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

17.  მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „სქაი სერვისი-Sky Service“-ის შესახებ მონაცემები.

2.    დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

18. შპს  „სქაი  სერვისი-Sky  Service“  (ს/კ  400100699)  ელექტრონული  კომუნიკაციების  სფეროში ავტორიზებული პირია.

მტკიცებულება: მონაცემი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „სქაი სერვისი-Sky Service“-ის შესახებ.

19.  შპს „სქაი სერვისი-Sky Service“-ს კომისიაში კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ წარმოუდგენია 2025 წლის  აპრილის,  მაისის, ივნისისა  და   ივლისის  თვეების რეგულირების საფასურის  გაანგარიშებების 1.9 ფორმა და ამავე თვეების სტატისტიკური ანგარიშგების შემდეგი ფორმები: ფორმა 1.1 - შემოსავლების თაობაზე, ფორმა 4.1 - მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი, ფორმა 4.2 - მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი - აბონენტები კვარტალში (2025 წლის II კვარტალი), ფორმა 5.4 - საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა. კომპანიას აღნიშნული ფორმები კომისიაში არც გადაწყვეტილების მიღების დღისთვის არ წარმოუდგენია.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი (N 25-10-1683; 01.08.2025) და სამსახურებრივი (N 25-10-1886; 01.09.2025 და N 25-10-1937; 04.09.2025) ბარათები თანდართული დოკუმენტაციით.

20.  შპს „სქაი სერვისი-Sky Service“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: მონაცემი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „სქაი სერვისი-Sky Service“-ის შესახებ.

3.    სამართლებრივი შეფასება

21. საქართველოს  კანონმდებლობის  მიხედვით,  შპს  „სქაი  სერვისი-Sky  Service“,  როგორც ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში  ავტორიზებული  პირი  ვალდებული იყო ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ელექტრონულად, კომისიის   საერთო  სტატისტიკური  ბაზის ფორმა 1.9-ის საშუალებით, წარმოედგინა კომისიისთვის ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე, ასევე,  შეევსო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და ელექტრონულად კომისიაში წარმოედგინა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.

22.  კომისიის მიერ დადგინდა, რომ შპს „სქაი სერვისი-Sky Service“-ს კომისიაში არ წარმოუდგენია 2025 წლის აპრილის, მაისის, ივნისისა და ივლისის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშებების 1.9  ფორმა  და  ამავე  თვეების  სტატისტიკური  ანგარიშგების  შემდეგი  ფორმები: ფორმა  1.1  -შემოსავლების  თაობაზე,  ფორმა  4.1  -  მონაცემთა  გადაცემა/ინტერნეტი,  ფორმა  4.2  - მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი - აბონენტები კვარტალში (2025 წლის II კვარტალი), ფორმა 5.4 - საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა.

23.  ზემოაღნიშნულიდან   გამომდინარე,   შპს   „სქაი   სერვისი-Sky   Service“-ის   მიერ   დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების  ნაწილობრივ  ძალადაკარგულად  ცნობისა  და  სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილება და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილება.

4.    პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

24.  აღსანიშნავია, რომ შპს „სქაი სერვისი-Sky  Service“- ის  მიმართ ბოლო ერთი  წლის  განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევისათვის შპს „სქაი სერვისი-Sky Service“-ს უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

25.  ამასთან, კომპანიას უნდა დაევალოს 2025 წლის აპრილის, მაისის, ივნისისა და ივლისის თვეების რეგულირების საფასურის  გაანგარიშებების 1.9 ფორმისა და ამავე თვეების სტატისტიკური ანგარიშგების შემდეგი  ფორმების:  ფორმა  1.1  -  შემოსავლების  თაობაზე,  ფორმა  4.1  -  მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი, ფორმა 4.2 - მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი - აბონენტები კვარტალში (2025 წლის II კვარტალი), ფორმა 5.4 - საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა კომისიაში წარმოდგენა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

IV.       სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლებისა და VII თავის, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, მე-16 მუხლის მე-5 და მე-9 პუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.  შპს  „სქაი სერვისი-Sky    Service“-ს    მიეცეს    წერილობითი    გაფრთხილება    „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური  ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევის გამო.

2.    შპს „სქაი სერვისი-Sky Service“-ს დაევალოს 2025 წლის აპრილის, მაისის, ივნისისა და ივლისის თვეების რეგულირების საფასურის  გაანგარიშებების 1.9 ფორმისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.1 -ის (შემოსავლების თაობაზე), ფორმა 4.1-ის (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი), ფორმა 4.2- ის (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი - აბონენტები კვარტალში (2025 წლის II კვარტალი)), ფორმა 5.4- ის (საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა) შევსება და კომისიაში წარმოდგენა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე  (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე.

4.    დაევალოს  კომისიის  აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „სქაი სერვისი-Sky Service“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

5.    გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  თბილისის  საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „სქაი სერვისი-Sky Service“-სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

6.    დაევალოს  კომისიის  აპარატის  იურიდიულ  დეპარტამენტს  (მ.  რუხაძე)  შპს  „სქაი  სერვისი-Sky Service“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.

7.    გადაწყვეტილების  შესრულებაზე  კონტროლი (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები