წვდომის მენიუ

შპს „ვოქს სოლუშენსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-25-18 / 230

გამოქვეყნების თარიღი მაისი 28, 2025 14:23

მიღების თარიღი მაისი 22, 2025

შპს „ვოქს სოლუშენსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ავტორიზებული პირი: შპს „ვოქს სოლუშენს“

სამართალდარღვევა: „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“  ქვეპუნქტებისა და 26-ე მუხლის დარღვევა

წარმოების დაწყების საფუძველი:  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის  2025 წლის 6 მაისის N25-10-929 მოხსენებითი ბარათი

კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 22 მაისი, 15:00 საათი.

I.აღწერილობითი  ნაწილი

1.საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია)  აპარატის იურიდიული დეპარტამენტის 2025 წლის 6 მაისის N25-10-929 მოხსენებითი  ბარათის (შემდგომში  - მოხსენებითი ბარათი) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ვოქს სოლუშენსისთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით;

2.როგორც  მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, შპს „ვოქს სოლუშენსის“ (ს/კ 402275355) 100%-იანი წილის მფლობელის,   შპს     „Vox   Solutions   Global Limited”-ის   (ს/კ     BRN67253816,   285589) სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში  განხორციელდა  ცვლილება.  კერძოდ,  შპს   „Vox  Solutions Global Limited”-ის (ს/კ  BRN67253816, 285589) 100%-იან წილის მფლობელად განისაზღვრა შპს “Vox Solutions Holdings Limited” (ს/კ AC-413462), ხოლო შპს “Vox Solutions Holdings Limited”-ის (ს/კ AC-413462) 100% წილის მფლობელად - ეჰსან აჰმადი. შესაბამისად, ტრანზაქციის შედეგად, შეცვლილია შპს „ვოქს სოლუშენსის“ შუა და ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრეები;

3.ჯგუფის სტურქტურაში ცვლილების განხორციელებამდე, შპს  “Vox Solutions Global Limited”-ის (ს/კ BRN67253816, 285589) ერთადერთ პარტნიორს წარმოადგენდა  “Vox Global Holding Limited” (ს/კ 2856158), ხოლო მის პარტნიორებს და საბოლოო ბენეფიაციარ მესაკუთრეებს - ეჰსან აჰმადი და ელენა აჰმადი.

4.  ზემოაღნიშნული  ტრანზაქციის  განსახორციელებლად შპს „ვოქს სოლუშენსს“ კომისიისგან წინასწარი თანხმობა არ აქვს მიღებული. ხოლო, ცვლილების თაობაზე ინფორმაცია კომისიას მიაწოდა 2025 წლის 29 აპრილის წერილით (წერილის კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/1759; თარიღი: 29.04.2025) - „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული 7 დღიანი ვადის დარღვევით.

5. საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა დაინიშნა 2025 წლის 22 მაისს, რის შესახებაც კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (Nგ-25-03/1049; თარიღი: 13.05.2025). მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

6. კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის 2025 წლის 13 მაისის N 25-10-963 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის   რეგულირების  დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით,  განხორციელებულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით არსებობდა თუ არა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი. ხოლო, ასეთი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, რა გავლენა შეიძლება მოეხდინა აღნიშნული წილის კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებას სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.

7. კომისიის   2025   წლის   22   მაისის   სხდომაზე   გამოცხადდა   შპს   „ვოქს   სოლუშენსის“ წარმომადგენელი, თ. ვარსიმაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ჯგუფის სტრუქტურაში ცვლილებების განხორციელების პროცესი დასრულდა მარტის ბოლოსთვის და ეს ინფორმაცია მათთვის გვიან გახდა ცნობილი. ამასთან, კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, განხორციელებული ტრანზაქცია არ მოახდენდა მნიშვნელოვან გავლენას ბაზარზე, რადგან ცვლილებებამდეც ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრეებიდან ეჰსან აჰმადი ფლობდა კომპანიის წილების 99%-ს.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

8.  „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის  მიხედვით,  „ელექტრონული  კომუნიკაციების    სფეროში    კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობის ან/და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას“;

9.  „ელექტრონული  კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-11  მუხლის მე-3  პუნქტის  „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, „კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული  კომუნიკაციების   სფეროში   საქმიანობის   ავტორიზებისა  და სალიცენზიო პირობების, აგრეთვე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება“;

10. „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  43-ე  მუხლის  პირველი პუნქტის შესაბამისად, „კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას“;

11. „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს    კანონის  44-ე  მუხლის  პირველი პუნქტის შესაბამისად, „ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად“;

12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“  ქვეპუნქტის შესაბამისად,  „ავტორიზებული პირი  ვალდებულია შეასრულოს  ელექტრონული  კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები“. ხოლო, ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, „ავტორიზებული პირი ვალდებულია, თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში“;

13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის  „გ“  ქვეპუნქტის  შესაბამისად, „ელექტრონული  კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის რეგულირების ერთ-ერთი მიზანია რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილება“. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „კომისიის ერთ-ერთი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბება“;

14. „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის   25-ე  მუხლის  პირველი პუნქტის შესაბამისად, „კომისია, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული კონცენტრაციის გარდა, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლებით დადგენილი წესით შეისწავლის იმ ოპერაციას, რომლითაც ხდება: ა) ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივის შეძენა; ბ) ორი ან ორზე მეტი პირის, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია, შერწყმის შედეგად გაერთიანება; გ) ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა, რის შედეგადაც შემძენი პირის მფლობელობაში ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან 5 პროცენტზე მეტი აღმოჩნდება“. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები არ გამოიყენება ავტორიზებული პირების წილის ან აქციების შეძენის შემთხვევაში, თუ შემძენი პირის ან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მიერ ერთობლივად ხდება ავტორიზებული პირის 5 პროცენტამდე წილის ან აქციების შეძენა“;

15. „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  26-ე  მუხლის  პირველი პუნქტის შესაბამისად, „შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე“. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება“;

16. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე“;

17. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, „კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღების შემდეგ განახორციელოს ამ კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებები“;

18.  „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  27-ე  მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,    „კომისია    უფლებამოსილია    შერწყმის ან შეძენის    თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე  არსებულ  კონკურენციაზე შესაძლო  გავლენის  მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“;

19. „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  45-ე  მუხლის  პირველი პუნქტის შესაბამისად, „ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო, კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა“;

20. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ერთ-ერთი საფუძველია კომისიისათვის   კანონმდებლობით   დაკისრებული   ვალდებულება   ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

II.          სამოტივაციო ნაწილი

1.    გამოკვლეული მტკიცებულებები

21. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის 2025 წლის 6 მაისის N25-10-929  მოხსენებითი ბარათი - თანდართული დოკუმენტაციით;

22. შპს  „ვოქს  სოლუშენსისთვის“  გაგზავნილი  კომისიის  2025  წლის  13  მაისის  Nგ-25-03/1049 შეტყობინება და შეტყობინების ჩაბარების დასტური;

23. კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის 2025 წლის 13 მაისის N25-10-963 და 16 მაისის N 25-10-1004 სამსახურებრივი ბარათები;

24. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების   დეპარტამენტის 2025 წლის 22 მაისის  N25-10-1056 სამსახურებრივი ბარათი;

25. კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციული  დეპარტამენტის  2025  წლის  21  მაისის  N25-10-1042 სამსახურებრივი ბარათი;

26. კომისიის  2025  წლის  22  მაისის  სხდომაზე,  შპს  „ვოქს  სოლუშენსის“  წარმომადგენლის  მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება;

27. შპს  „ვოქს  სოლუშენსის“  შესახებ  მონაცემები  კომისიის  ავტორიზებულ  პირთა  უწყებრივი რეესტრიდან და საჯარო რეესტრის სამეწარმეო და არასამეწარმეო პირთა რეესტრიდან.

2.    დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

28. შპს „ვოქს სოლუშენსი“ 2023 წლის 22 ივნისიდან არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე: B.M.2. მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული    მომსახურებით    უზრუნველყოფა:

- B.M.2.1 ტექსტური შეტყობინების მომსახურება და B.M.2.6 სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება.

მტკიცებულება: შპს „ვოქს სოლუშენსის“ შესახებ მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი   რეესტრიდან.

29.  შპს „ვოქს სოლუშენსის“ (ს/კ 402275355) 100%-იანი წილის მფლობელის, შპს „Vox Solutions Global Limited”-ის (ს/კ BRN67253816, 285589) სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. კერძოდ, შპს „Vox Solutions Global Limited”-ის (ს/კ BRN67253816, 285589) 100%-იან წილის მფლობელად განისაზღვრა შპს “Vox Solutions Holdings Limited” (ს/კ AC-413462), ხოლო შპს “Vox Solutions Holdings Limited”-ის (ს/კ AC-413462) 100% წილის მფლობელად - ეჰსან აჰმადი. შესაბამისად, შეცვლილია შპს „ვოქს სოლუშენსის“ შუა და ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრეები და ზემოაღნიშნული ტრანზაქციის განსახორციელებლად შპს „ვოქს სოლუშენსს“ კომისიისგან წინასწარი თანხმობა არ აქვს მიღებული.

მტკიცებულება: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის 2025 წლის 6 მაისის N25-10-929 მოხსენებითი ბარათი - თანდართული დოკუმენტაციით;

30. განხორციელებული ტრანზაქცია ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე ახალ გარემოებას არ ქმნის და შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან და არ არის სახეზე ის აუცილებელი გარემოებები, რომელთა თანახმადაც, საჭირო იქნება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის 2025 წლის 22 მაისის  N25-10-1056 სამსახურებრივი ბარათი;

31.  „შპს „ვოქს სოლუშენსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის Nგ -24-18/403 გადაწყვეტილებით, კომპანიას მიეცა წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „მ“ ქვეპუნქტებისა და 26 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დარღვევის გამო. ამდენად, მსგავი/ანალოგიური დარღვევისთვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე არის გამოყენებული პასუხისმგებლობის ფორმა წერილობითი გაფრთხილების სახით.

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ოფიციალური ვებ-გვერდიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

32. „შპს „ვოქს სოლუშენსის“ ბოლო 12 კალენდარული თვის მონაცემებით (მარტის თვის ჩათვლით) კომპანიის შემოსავლის 0,5% არის 3,854,33 (სამი ათას რვაას ორმოცდათოთხმეტი ლარი და ოცდაცამეტი თეთრი) ლარი.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2025 წლის 21 მაისის N25-10-1042 სამსახურებრივი ბარათი;

3.    სამართლებრივი შეფასება

33. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება, ხოლო კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღების შემდეგ განახორციელოს ამ კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებები. კერძოდ, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენისნ თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

34. შესაბამისად, კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ კომისიის მიერ კანონით განსაზღვრული ამოცანები და ფუნქციები სათანადოდ შესრულდეს, შპს „ვოქს სოლუშენს“ როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, მისი დამფუძნებელი პარტნიორის წილის გასხვისებამდე წინასწარ უნდა ეცნობებინა კომისიისთვის, რათა კომისიას, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე აღნიშნული ტრანზაქციის შესაძლო გავლენა დაედგინა და შესაბამისად, მიეღო გადაწყვეტილება წილის შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიეღო გადაწყვეტილება, შეძენის გამოკვლევის თაობაზე, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

35. როგორც კომისიის მიერ დადგინდა, შპს „ვოქს სოლუშენს“ ტრანზაქციის განხორციელებამდე კანონით განსაზღვრული წესით არ მოუმართავს კომისიისთვის და არ მიუღია კომისიის წინასწარი თანხმობა წილის გასხვისებაზე. ამასთან, კომპანიას კანონით დადგენილ 7 სამუშაო დღის ვადაში  არ უცნობებია კომისიისთვის ცვლილების შესახებ.

36. შესაბამისად, კომპანიის მიერ, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე, ავტორიზებული პირის დამფუძნებელი პარტნიორის წილის გასხვისებითა და კომისიისთვის შესაბამისი ინფორმაციის კანონით დადგენილ ვადაში მოუწოდებლობით, დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და  „გ“  ქვეპუნქტები და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.

4.  პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

37.  ზემოაღნიშნული   დარღვევები   „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, ავტორიზებული პირის სანქცირების საფუძველია.

38. „შპს „ვოქს სოლუშენსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის Nგ -24-18/403 გადაწყვეტილებით, კომპანიას მიეცა წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „მ“ ქვეპუნქტებისა და 26 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დარღვევის გამო. კერძოდ, კომპანიას პასუხისმგებლობა დაეკისრა მისი პარტნიორის მიერ კომპანიის 100%-იანი წილის შპს “Vox  Solutions  Global  Limited” (ს/კ    BRN67253816,    285589)-ზე გასხვისების ოპერაციის კომისიისთვის წინასწარ შეუტყობინებლობისა და ცვლილების თაობაზე ინფორმაციის კანონით დადგენილი 7 სამუშაო დღის ვადაში მიუწოდებლობის გამო. თავის მხრივ, ეს დარღვევები არის ანალოგიური ხასიათის იმ კანონდარღვევებისა, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს ახალი ადმინისტრაციული წარმოება.

39. „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე  მუხლის  პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ   ბოლო   ერთი   წლის  განმავლობაში ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კომისია პირს აკისრებს ჯარიმას, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა. როგორც, კომისიის აპარატის კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2025 წლის 21 მაისის N25-10-1042 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, შპს „ვოქს სოლუშენსის“ ბოლო 12 კალენდარული თვის მონაცემებით (მარტის თვის ჩათვლით) კომპანიის შემოსავლის 0,5% არის  3,854,33 (სამი ათას რვაას ორმოცდათოთხმეტი ლარი და ოცდაცამეტი თეთრი) ლარი. ამდენად, კომპანიას ჯარიმის სახით უნდა შეეფარდოს 3,854,33 (სამი ათას რვაას ორმოცდათოთხმეტი ლარი და ოცდაცამეტი თეთრი).

40. „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  25-ე  მუხლის  პირველი პუნქტის თანახმად, კომისიის წინასწარი თანხმობა სავალდებულოა, როდესაც ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა. ავტორიზებული პირის წილის ან აქციების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გაყიდვის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევ ავტორიზებულ პირს დააკისროს სპეციალური ღონისძიებები, მათ შორის, მოსთხოვოს წილის გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. კომისიის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენება უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ ფაქტობრივ და სამართლებრივ წინაპირობებს. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი არის ის ფაქტი - იცვლება თუ არა წილის ან აქციების გასხვისების შედეგად საბოლოო ბენეფიციარის წილობრივი მონაწილეობა ან/და გავლენა ავტორიზებულ პირში ან/და ასევე წილის ან აქციების გასხვისებით შესაძლებელია თუ არა ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის კონკურენტუნარიანობას მიადგეს საფრთხე. ამასთან, არ არის აუცილებელი დადგენილი იყოს კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების უტყუარობა, არამედ კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების რეალური საფრთხის არსებობაც კი საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ კომისიამ ავტორიზებულ პირს დააკისროს სპეციალური ღონისძიებები (მათ შორის კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებული წილის ან აქციების გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა). იმას თუ რამდენად რეალურია საფრთხე და საერთოდ არსებობს თუ არა საფრთხე ავტორიზებული პირის წილის ან აქციების კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გასხვისებით დაზიანდეს ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო, სხვა ფაქტორებთან ერთად განაპირობებს წილის ან აქციების გასხვისებაში მონაწილე ავტორიზებული პირ(ებ)ის საქმიანობის არეალი, საბაზრო წილი, აბონენტების რაოდენობა.

41. როგორც კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან დგინდება, განხორციელებული ტრანზაქცია ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე ახალ გარემოებას არ ქმნის და ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის  სეგმენტზე  არსებულ კონკურენციაზე . ამდენად, აღნიშნული ტრანზაქცია  შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

42. ამასთან,   კომისიის   აპარატის   კონკურენციის   ხელშეწყობისა   და   ბაზრის   რეგულირების დეპარტამენტის დასკვნით, არ დგება ის აუცილებელი გარემოებები, რომელთა თანახმადაც, საჭირო იქნება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. ამრიგად, არ იკვეთება შპს „ვოქს სოლუშენსისთვის“ რაიმე სპეციალური ღონისძიების/ვალდებულების დაკისრების აუცილებლობა.

V.  სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის და მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, 25-ე მუხლის, 26-ე მუხლის, 27-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლებისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გაწყვიტა:

1. შპს „ვოქს სოლუშენსს“ (ს/კ 402275355) დაეკისროს ჯარიმა 3,854,33 (სამი ათას რვაას ორმოცდათოთხმეტი ლარი და ოცდაცამეტი თეთრი) ლარის ოდენობით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო.

2. შპს „ვოქს სოლუშენსმა“ უზრუნველყოს:

ა) წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის  ერთიანი  ანგარიში,  ანგარიშის  ნომერი  - 200122900; ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 302003251;

ბ) ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე   (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64)   შპს „ვოქს სოლუშენსისთვის“  ამ გადაწყვეტილების  ან მისი დამოწმებული ასლის  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

5.  დაევალოს  კომისიის  ადმინისტრაციას  (ბ. გასვიანი)  აღნიშნული  გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ვოქს სოლუშენსისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (მ.აკოლაშვილი) შპს „ვოქს სოლუშენსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა.

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-5 პუნქტისა) დაევალოს კომისიის  აპარატის  იურიდიულ  დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ივანე მახარაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები