წვდომის მენიუ

შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-25-18 / 187

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 30, 2025 12:55

მიღების თარიღი აპრილი 24, 2025 12:55

შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

ავტორიზებული პირი: შპს „ტელეკომპანია ქართული არხი“

სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის დარღვევა

წარმოების დაწყების  საფუძველი: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 25-10-676; 31.03.2025)

კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 17 აპრილი, 15:00 საათი; 2025 წლის 24 აპრილი, 15:00 საათი

I.       აღწერილობითი ნაწილი

1.  საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  (შემდგომში  -  კომისია) აპარატის  იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 25-10-676; 31.03.2025) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის გამო.

2.  კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებით ბარათში (N 25-10-676; 31.03.2025) აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების ავტორიზაციის შესახებ; გ) მედიამომსახურების მიმწოდებელ და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელ სუბიექტებში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%- ის ან 5%-ზე მეტის ფლობის შესახებ; ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ზემოაღნიშნულ ინფორმაციას კომისიას წარუდგენს არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა. ამავე მუხლის მიხედვით, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი აგრეთვე ვალდებულია გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია, თუ მისი წილის ან აქციების მფლობელი, დამფუძნებელი, სხვა წევრი, ხელმძღვანელი, შემომწირველი ან  მათი  ოჯახის წევრი იმავდროულად  ფლობს:  ა) მედიამომსახურებისა  და  ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში სხვა ავტორიზებული პირის წილს ან აქციებს; ბ) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილს ან აქციებს; გ) საინფორმაციო სააგენტოში წილს ან აქციებს. ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი შესაბამისობის დეკლარაციას აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე.

3.    მედიამომსახურებაზე  ავტორიზებულ/ლიცენზირებულ  პირებს  2025  წლის  14  იანვარს კომისიამ წერილობით (N გ-25-03/22; 14/01/2025) შეახსენა ზემოაღნიშნული ვალდებულების თაობაზე.

4.    კომისიის    აპარატის   იურიდიული   დეპარტამენტის   მოხსენებითი   ბარათის   მიხედვით,  შპს „ტელეკომპანია   ქართულ   არხს“   ზემოაღნიშნული   ინფორმაცია   კომისიაში   არ   წარმოუდგენია, რითაც  კომპანიის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მოთხოვნები.

5.    შპს  „ტელეკომპანია  ქართული  არხის“  მიერ  კანონმდებლობის  შესაძლო  დარღვევის  საკითხის განსახილველად, კომისიის სხდომა დაინიშნა 2025 წლის 17 აპრილს, 15:00 საათზე, რის შესახებაც კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (N გ-25-03/817; 14/04/2025). ამავე შეტყობინებით კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

6.    კომისიის  2025  წლის  17  აპრილის  სხდომას  ესწრებოდა  შპს  „ტელეკომპანია  ქართული არხის“ წარმომადგენელი გ. ხეთაგური. 2025 წლის 17 აპრილის სხდომაზე კომისიამ შპს „ტელეკომპანია ქართულ არხს“ მისცა დამატებით ერთ კვირიანი ვადა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის კომისიაში წარმოსადგენად და საკითხის განხილვა გადაიდო 2025 წლის 24 აპრილისთვის.

7.    ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდეგ, კომპანიამ კომისიაში განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის N შ-25-6/1557; 16.04.2025 და N შ-25-6/1639; 24.04.2025) წარმოადგინა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია, რითაც დარღვევა აღმოიფხვრა.

8.    კომისიის  2025  წლის  24  აპრილის  სხდომას  ესწრებოდა  შპს  „ტელეკომპანია  ქართული  არხის“ წარმომადგენელი გ. ხეთაგური.

II.       მარეგულირებელი კანონმდებლობა

9.    „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-2   მუხლის   „ტ“   ქვეპუნქტის  მიხედვით, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და  რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;

10. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ერთ-ერთი ფუნქცია არის მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;

12. „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს კანონის  61-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების ავტორიზაციის შესახებ; გ) მედიამომსახურების მიმწოდებელ და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელ სუბიექტებში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან 5%-ზე მეტის ფლობის შესახებ;

13.  „მაუწყებლობის  შესახებ“   საქართველოს   კანონის  61-ე  მუხლის  მე-2  პუნქტის თანახმად,  ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას კომისიას წარუდგენს არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი აგრეთვე ვალდებულია გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია, თუ მისი წილის ან აქციების მფლობელი, დამფუძნებელი, სხვა წევრი, ხელმძღვანელი, შემომწირველი ან მათი ოჯახის წევრი იმავდროულად ფლობს: ა) მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში სხვა ავტორიზებული პირის წილს ან აქციებს; ბ) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილს ან აქციებს; გ) საინფორმაციო სააგენტოში წილს ან აქციებს. ასევე, მე-4 პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი შესაბამისობის დეკლარაციას აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე.

14. „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს კანონის  71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.

III.       სამოტივაციო ნაწილი

1.    შესწავლილი მტკიცებულებები

15.  კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 25-10-676; 31.03.2025);

16.  მეწარმეთა  და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან  და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ შესახებ მონაცემები;

17.  კომისიის  წერილი  მედიამომსახურებაზე  ავტორიზებულ/ლიცენზირებულ  პირებს (N  გ-25-03/22; 14/01/2025);

18.  შპს „ტელეკომპანია ქართული არხისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება (N გ-25-03/817; 14/04/2025) და შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

19. შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ მიერ კომისიაში შემოტანილი განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის N შ-25-6/1557; 16.04.2025).

20. 2025 წლის 17 აპრილის სხდომაზე შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ წარმომადგენლის გ. ხეთაგურის ახსნა-განმარტება.

21. შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ მიერ კომისიაში შემოტანილი განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის N შ-25-6/1633; 23.04.2025).

22. შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ მიერ კომისიაში შემოტანილი განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის N შ-25-6/1639; 24.04.2025).

2.    დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

23. შპს  „ტელეკომპანია  ქართული  არხი“  არის  მაუწყებლობის  სფეროში  ავტორიზებული  პირი (მაუწყებლობის სახე - ტელემაუწყებლობა).

მტკიცებულება: კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები.

24.  შპს   „ტელეკომპანია   ქართულ   არხს“   არაუგვიანეს   2025   წლის 1 თებერვლისთვის კომისიაში არ წარმოუდგენია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს  კანონის  61-ე  მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის  მოხსენებითი ბარათი (N 25-10-676; 31.03.2025).

25.  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდეგ, კომპანიამ კომისიაში განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის N შ-25-6/1557; 16.04.2025 და N შ-25-6/1639; 24.04.2025) წარმოადგინა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია.

მტკიცებულება: შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ მიერ კომისიაში შემოტანილი განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის N შ-25-6/1557; 16.04.2025); შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ მიერ კომისიაში შემოტანილი განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის N შ-25-6/1639; 24.04.2025).

26.  შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: მონაცემი კომისიის  ავტორიზებულ  პირთა   უწყებრივი  რეესტრიდან შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ შესახებ.

3.    სამართლებრივი შეფასება

27. საქართველოს  კანონმდებლობის  მიხედვით,  შპს  „ტელეკომპანია  ქართული  არხი“,  როგორც მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი, ვალდებული იყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია წარმოედგინა კომისიაში, არაუგვიანეს 2025 წლის 1 თებერვლისა.

28.  შპს „ტელეკომპანია ქართულმა არხმა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით დაკისრებული ვალდებულება არ შეასრულა ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში.

29.  შესაბამისად,  შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ მიერ, არაუგვიანეს 2025 წლის 1 თებერვლისა, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის კომისიაში წარმოუდგენლობით,   დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61- ე მუხლი.

4.    პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

30.  შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლი, რაც კომპანიისთვის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.

31. ვინაიდან,  შპს  „ტელეკომპანია  ქართულმა  არხმა“,  კომისიაში  ადმინისტრაციული  წარმოების დაწყების შემდგომ წარმოადგინა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული    ინფორმაცია    და    აღმოფხვრა    დარღვევა,    კომისიას    მიაჩნია,    რომ    შპს „ტელეკომპანია ქართული არხი“ ცნობილ უნდა იქნეს სამართალდამრღვევად და გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან.

IV.       სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლებისა და VII თავის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5  მუხლის  მე-3  პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 61-ე  და 71-ე მუხლების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა: 

1. შპს „ტელეკომპანია ქართული არხი“ ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის დარღვევის გამო.

2. შპს „ტელეკომპანია ქართული არხი“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების  დამოწმებული ასლის  შპს „ტელეკომპანია  ქართული არხისთვის“ დაუყოვნებლივ   გაგზავნა   და  კომისიის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

4. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (მ. რუხაძე) შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე   (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე.

6.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს   თბილისის   საქალაქო   სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „ტელეკომპანია ქართული არხისთვის“ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი).

8. კონტროლი გადაწყვეტილების (გარდა სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-5 პუნქტებისა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები