წვდომის მენიუ

შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-25-18 / 182

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 23, 2025 15:46

მიღების თარიღი აპრილი 17, 2025

შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ავტორიზებული პირი: შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“

სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის დარღვევა

წარმოების დაწყების  საფუძველი: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 25-10-676; 31.03.2025)

კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 17 აპრილი, 15:00 საათი

I.აღწერილობითი   ნაწილი

1.საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  (შემდგომში - კომისია) აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის  (N   25-10-676;   31.03.2025) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის გამო.

2.კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებით ბარათში  (N 25-10-676; 31.03.2025) აღნიშნულია, რომ  „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  61-ე  მუხლის  შესაბამისად, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს  შემდეგი  ინფორმაცია: ა)შესაბამისობის  დეკლარაცია; ბ) მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების ავტორიზაციის შესახებ; გ) მედიამომსახურების მიმწოდებელ და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელ სუბიექტებში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების  5%- ის ან 5%-ზე მეტის ფლობის შესახებ; ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ზემოაღნიშნულ ინფორმაციას კომისიას წარუდგენს არაუგვიანეს მომდევნო  წლის 1 თებერვლისა.   ამავე   მუხლის მიხედვით,   ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი აგრეთვე  ვალდებულია  გამოაქვეყნოს  და  კომისიას  წარუდგინოს ინფორმაცია, თუ მისი წილის ან აქციების მფლობელი, დამფუძნებელი, სხვა წევრი, ხელმძღვანელი, შემომწირველი ან  მათი ოჯახის წევრი  იმავდროულად  ფლობს: ა) მედიამომსახურებისა  და  ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში სხვა ავტორიზებული პირის წილს ან აქციებს; ბ) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილს ან აქციებს; გ) საინფორმაციო სააგენტოში წილს ან აქციებს. ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი შესაბამისობის დეკლარაციას აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე.

3. მედიამომსახურებაზე  ავტორიზებულ/ლიცენზირებულ  პირებს  2025  წლის  14  იანვარს კომისიამ წერილობით (N გ-25-03/22; 14/01/2025) შეახსენა ზემოაღნიშნული ვალდებულების თაობაზე.

4. კომისიის  აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, შპს „ტელე- რადიო  კომპანია ტვ 24“-ს   ზემოაღნიშნული  ინფორმაცია  კომისიაში  არ წარმოუდგენია, რითაც კომპანიის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მოთხოვნები.

5.    შპს  „ტელე-რადიო  კომპანია  ტვ  24“-ის  მიერ  კანონმდებლობის  შესაძლო  დარღვევის  საკითხის განსახილველად, კომისიის სხდომა დაინიშნა 2025 წლის 17 აპრილს, 15:00 საათზე, რის შესახებაც კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (N გ-25-03/816; 14/04/2025). ამავე შეტყობინებით კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

6.  კომისიის 2025 წლის 17 აპრილის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ის წარმომადგენელი. კომპანიას შეტყობინება ჩაბარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით. ასევე, მაუწყებლის მიერ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე კომისიაში არ შემოსულა. შესაბამისად, კომისიის მიერ დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისთვის დაკისრებული ვალდებულება - დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე. შესაბამისად, კომისიამ საკითხი განიხილა შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ის წარმომადგენლის დასწრების გარეშე.

II.       მარეგულირებელი კანონმდებლობა

7.    „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-2   მუხლის  „ტ“  ქვეპუნქტის  მიხედვით, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;

8.    „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-3  მუხლის  პირველი  პუნქტის  შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

9.    „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე–5  მუხლის  მე–3  პუნქტის  „ვ“  ქვეპუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ერთ-ერთი ფუნქცია არის მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;

10. „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს კანონის  61-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების ავტორიზაციის შესახებ; გ) მედიამომსახურების მიმწოდებელ და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელ სუბიექტებში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან 5%-ზე მეტის ფლობის შესახებ;

11.  „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს კანონის 61-ე  მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,  ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას კომისიას წარუდგენს არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი აგრეთვე ვალდებულია გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია, თუ მისი წილის ან აქციების მფლობელი, დამფუძნებელი, სხვა წევრი, ხელმძღვანელი, შემომწირველი ან მათი ოჯახის წევრი იმავდროულად ფლობს: ა) მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში სხვა ავტორიზებული პირის წილს ან აქციებს; ბ) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილს ან აქციებს; გ) საინფორმაციო სააგენტოში წილს ან აქციებს. ასევე, მე-4 პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი შესაბამისობის დეკლარაციას აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე.

12. „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს კანონის  71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.

III.       სამოტივაციო ნაწილი

1.    შესწავლილი მტკიცებულებები

13. კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 25-10-676; 31.03.2025);

14.  მეწარმეთა  და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან  და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ის შესახებ მონაცემები;

15.  კომისიის  წერილი  მედიამომსახურებაზე  ავტორიზებულ/ლიცენზირებულ  პირებს (N  გ-25-03/22;14/01/2025);

16.  შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-სთვის გაგზავნილი  შეტყობინება  (N გ-25-03/816; 14/04/2025) კომისიის  2025  წლის  17  აპრილის  სხდომაზე  მოწვევის  შესახებ და  შეტყობინების  ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

2.    დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

17. შპს  „ტელე-რადიო  კომპანია  ტვ  24“  არის  მაუწყებლობის  სფეროში  ავტორიზებული  პირი (მაუწყებლობის სახე - ტელემაუწყებლობა).

მტკიცებულება: კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები.

18.  შპს  „ტელე-რადიო  კომპანია  ტვ   24“-ს  კომისიაში   არ   წარმოუდგენია „მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაცია კომპანიას კომისიისთვის გადაწყვეტილების მიღების დღისთვისაც არ წარუდგენია.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის  მოხსენებითი ბარათი (N 25-10-676; 31.03.2025).

19. შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: მონაცემი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელე- რადიო კომპანია ტვ 24“-ის შესახებ.

3.    სამართლებრივი შეფასება

20. საქართველოს  კანონმდებლობის  მიხედვით,  შპს  „ტელე-რადიო  კომპანია  ტვ  24“,  როგორც მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი, ვალდებული იყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია წარმოედგინა კომისიაში, არაუგვიანეს 2025 წლის 1 თებერვლისა.

21.  შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-მა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით დაკისრებული ვალდებულება არ შეასრულა.

22.  შესაბამისად,  შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ის მიერ, არაუგვიანეს 2025 წლის 1 თებერვლისა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის კომისიაში წარმოუდგენლობით, დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61- ე მუხლი.

4.    პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

23. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.

24.  ვინაიდან,  შპს  „ტელე-რადიო  კომპანია  ტვ  24“-ის  მიმართ  ბოლო  ერთი  წლის განმავლობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იგივე/მსგავსი ხასიათის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

25.  ამასთან,  სამართალდარღვევის  აღმოფხვრის  მიზნით,  შპს  „ტელე-რადიო  კომპანია  ტვ  24“-ს უნდა დაევალოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა, გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

IV.       სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლებისა და VII თავის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5  მუხლის  მე-3  პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 61-ე  და 71-ე მუხლების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ს მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის დარღვევის გამო.

2. შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-მა უზრუნველყოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების  დამოწმებული   ასლის  შპს  „ტელე-რადიო  კომპანია  ტვ  24“-სთვის დაუყოვნებლივ  გაგზავნა  და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

4. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (მ. რუხაძე) შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ   24“-სთვის   ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის  დაკისრების თაობაზე  მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე   (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე.

6.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-სთვის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-5  პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

8. კონტროლი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები