შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ (ს/კ 405113755) და ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივრის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 18, 2025 15:38
მიღების თარიღი დეკემბერი 11, 2025
შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ (ს/კ 405113755) და ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივრის განხილვის შესახებ
მომჩივანი მხარე: ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემია“ (ს/კ 405113755) და ალექსანდრე ზიბზიბაძე
მოპასუხე: შპს „ტელეიმედი“
დავის საგანი: შპს „ტელეიმედისთვის“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება
სხდომის თარიღი: 2025 წლის 11 დეკემბერი, 15:00 საათი
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საჩივარი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში-კომისია) საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/4595; 04.11.2025) მიმართა ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიამ“ (ს/კ 405113755) და ალექსანდრე ზიბზიბაძემ შპს „ტელეიმედის“ სამაუწყებლო ეთერში განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და მოითხოვა მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.
2. საჩივარში აღნიშნულია, რომ 2025 წლის 22 ოქტომბერს შპს „ტელეიმედის“ ეთერში გავიდა 20:00 საათიანი გადაცემა „ქრონიკა”. აღნიშნული გადაცემის 20:47:31- 20:52:03 საათზე გასული სიუჟეტი მათ შორის შეეხებოდა ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ დაფინანსებას, აგრეთვე ორგანიზაციის და მისი დამფუძნებლის, ალექსანდრე ზიბზიბაძის საქმიანობას. გადაცემა “ქრონიკის” წამყვანი და სიუჟეტის ავტორი ჟურნალისტი ნინი გოგიშვილი ამბობენ შემდგეგ ფრაზებს:
ა) „GCRT, ორგანიზაცია რომლის მეშვეობით 3 მილიონი ფრანკლინის კლუბის მემკვიდრე მომავლის აკადემიას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ათამდე ადვოკატს გაუნაწილდა. მიზანი ძალადობრივი აქციების ორგანიზებაა და ექსტრემისტული ჯგუფებისთვის იურიდიული დახმარების გაწევა”;
ბ) „ხელოვნური პროტესტის უზრუნველყოფისთვის რომ კონკრეტული ჯგუფები დონორებთან ერთად კანონმდებლობაში არსებულ გამონაკლისებს ბოროტად იყენებენ, ეს მმართველი გუნდისთვის ცნობილია”.
3. მომჩივანები აღნიშნავენ, რომ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში 2025 წლის 1 აპრილის კანონით შესული ცვლილებით ახლებურად მოწესრიგდა მაუწყებლობის მიმართ წაყენებული შინაარსობრივი მოთხოვნები. კერძოდ, კანონში შესული ცვლილებებით ახლებურად მოწესრიგდა ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის ან/და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქება, პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანი პირის დაცვის ცალკეული საკითხები. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა.
4. საჩივარში ასევე, აღნიშნულია, რომ შპს “ტელეიმედის” „ქრონიკა” წარმოადგენს ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამას, რომელიც საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას დღის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ამდენად, ის შეუძლებელია მიჩნეულ იქნეს საავტორო გადაცემად. ფაქტობრივ გარემოებებში მითითებული ფრაზები ეკუთვნის “ქრონიკის” წამყვანსა და სიუჟეტის ავტორ ჟურნალისტს. შპს “ტელეიმედის” ჟურნალისტების მხრიდან მითითებულ სიუჟეტში სამოქალაქო სექტორის მიმართ, რომლის წარმომადგენლებიც არიან მოცემული საჩივრის ავტორები გაჟღერდა აშკარად საჩივრის ავტორების საქმიანობის საწინააღმდეგო შემდეგი გამონათქვამები: “ძალადობრივი აქციების ორგანიზება”, “ექსტრემისტული ჯგუფები”, “ხელოვნური პროტესტი”. თითოეული ზემოთ მითითებული ფრაზა მიემართება ა(ა)იპ “საქართველოს მომავლის აკადემიის” აქტივობებს, მის მიერ განხორციელებულ პროექტებს, მის ხელმძღვანელ პირებსა და მის ლექტორებს და ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენს მათ საქმიანობას. გარდა ამისა, მაუწყებლის ჟურნალისტების მიერ წარმოთქმული ფრაზები გამოხატულია როგორც მათი საკუთარი მოსაზრებები და არა მესამე პირთა შეფასებები/გამოხმაურებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორების შეფასებით, მაუწყებლის მიერ ახალი ამბების/საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროგრამაში გამოხატულია საჩივრის ავტორების საწინააღმდეგო პოზიცია, რითაც ირღვევა „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა.
5. მომჩივანების მოთხოვნა: შპს „ტელეიმედს“ დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო.
6. შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ (ს/კ405113755) და ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივრის განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ“ კომისიის 2025 წლის 13 ნოემბრის Nგ-25-16/554 გადაწყვეტილებით საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული და დავის განხილვის დღედ განისაზღვრა 2025 წლის 27 ნოემბერი.
2. მომჩივანთა პოზიცია
7. კომისიის 2025 წლის 27 ნოემბრის სხდომას ესწრებოდნენ ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ აღმასრულებელი დირექტორი მ. კაპანაძე, რომელიც ამავდროულად წარმომადგენლობას უწევდა მომჩივან ა. ზიბზიბაძეს. კომისიის სხდომას ასევე, ესწრებოდა ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ წარმომადგენელი ვ. ჟიჟიაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ „ტელეიმედმა“ მომჩივნების მიმართ დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ამბების გადაცემაში გამოხატა მათდამი ნეგატიური დამოკიდებულების ამსახველი მოსაზრებები, რასაც „მაუწყებლების შესახებ“ საქართველოს კანონი უკრძალავს მაუწყებელს. „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტი ეხება ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებს. საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამა არის „იმედის კვირა“, რაზეც კომისიაში შპს „ტელეიმედთან” მიმდინარე სხვა დავის ფარგლებში ისაუბრეს, ხოლო ახალი ამბების პროგრამა არის „იმედის ქრონიკა“. შესაბამისად, არანაირი გარემოება არ არსებობს, რის გამოც განსხვავებული სტანდარტით უნდა გადაწყვიტოს კომისიამ მხარეთა შორის არსებული ორივე დავა. ვ. ჟიჟიაშვილის განმარტებით, როცა ჟურნალისტი ა(ა)იპ„საქართველოს მომავლის აკადემიის” საქმიანობაზე აცხადებს, რომ მისი საქმიანობა არის ხელოვნური, ხელს უწყობს ძალადობას და ექსტრემისტულ ჯგუფებს ეხმარება, აქ ჩან ამ ორგანიზაციის და მისი საქმიანობის მიმართ ჟურნალისტების ნეგატიური დამოკიდებულება. ვ. ჟიჟიაშვილის აზრით, განსახილველ მუხლში არ იგულისხმება ისეთი მოსაზრებები, როგორიც შეიძლება იყოს ჟურნალისტის განცხადება, მაგალითად, „ქალაქ თბილისის მერიამ გააკეთა მშვენიერი პარკი”, ან „რა კარგი საკანონმდებლო ინიციატივაა”, ან მსგავსი ტიპის შეფასებები, რითაც, ცხადია, შეიძლება პირად დამოკიდებულებებს ავლენდეს ჟურნალისტი. აქ საუბარია კონკრეტულ ინტერესთა ჯგუფებზე, ან პოლიტიკოსებზე, ან პოლიტიკურ პარტიებზე გამოთქმულ მოსაზრებებზე, რომლებიც ან ნეგატიურ ჭრილში წარმოაჩენს ამ პარტიას/ინტერესთა ჯგუფს, ან პოზიტიურში. ვ. ჟიჟიაშვილის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში იდენტიფიცირებულია ინტერესთა ჯგუფი და მათ მიმართ გამოხატული სიტყვები, როგორიც იყო ძალადობრივი აქციების ორგანიზებაში ბრალდება, ექსტრემისტული ჯგუფების დახმარების ბრალდება და ხელოვნური პროტესტის წარმართვა - ყველა ეს განცხადება არის წარმოჩენილი არა როგორც ფაქტი, არამედ როგორც ჟურნალისტის დამოკიდებულება, რომელიც ამ სიტყვებს იყენებს ბევრჯერ, ყოველგვარი ფაქტობრივი გარემოებების მითითების გარეშე.
8. კომისიის 2025 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე, მ. კაპანაძემ აღნიშნა, რომ თუ შპს „ტელეიმედს“ მიაჩნია, რომ გადაცემაში ფრაზები ფაქტების ფორმულირებით გამოითქვა, ასეთი ფორმულირებით ფრაზების გამოთქმა უფრო მეტად საჭიროებს დამტკიცებას, ვიდრე ფრაზების მოსაზრებების ფორმულირებით გამოთქმისას. მან ასევე, განაცხადა, რომ მათ ცალკე ჰქონდათ გასაჩივრებული შპს „ტელეიმედში“ ფაქტების ფორმულირებით გამოთქმული ფრაზები და აღნიშნულის თაობაზე კომისიაში წარმოადგენდნენ განცხადებას უახლოეს მომავალში. მ. კაპანაძის განცხადებით, მაუწყებელი აწარმოებს ზიზღის კამპანიას მათ წინააღმდეგ. მომჩივანმა მხარემ გაასაჩივრა მხოლოდ 8 საათიან „ქრონიკაში“ გასული სიუჟეტი. მისი აზრით, 8 საათიანი „ქრონიკა“ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ვრცელი საინფორმაციო გამოშვება, ის გადის პიკის საათში და ჰყავს მეტი მაყურებელი. გარდა ამისა, მთელი დღის განმავლობაში გადიოდა ორგანიზაციის წინააღმდეგ იმავე ტიპის თავდასხმითი სიუჟეტები „ქრონიკის“ აბსოლუტურად ყველა გამოშვებაში და შემდგომ დღეებშიც. მ. კაპანაძის განცხადებით, მთლიანად, „ქრონიკის“ სარედაქციო პოლიტიკაა მათი ორგანიზაციის სახით დახატონ მტერი საზოგადოებაში და მთელი ზიზღი მიმართონ მის წინააღმდეგ. მ. კაპანაძის განმარტებით, პროგრამაში გამოთქმული სადავო ფრაზების შეფასებისას მათ იხელმძღვანელეს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, სადაც მსგავსი ტიპის ფრაზები, მაგალითად, „არალეგიტიმური პარლამენტი“ კომისიამ მიიჩნია პირადი დამოკიდებულების ამსახველად. მისი განცხადებით, გადაცემაში გამოყენებული ზედსართავები, რომლებითაც მაუწყებელმა დაახასიათა მათი ორგანიზაციის საქმიანობა ან მთლიანად სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა, მომჩივანებმა მიიჩნიეს პირადი დამოკიდებულების გამოხატვად.
2. მოპასუხის პოზიცია
9. შპს „ტელეიმედმა“ კომისიაში წარმოადგინა წერილობითი ახსნა-განმარტება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/4843;26.11.2025) განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. შპს „ტელეიმედის“ განმარტებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლი ითვალისწინებს მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპებს. მიუკერძოებლობის პრინციპის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ზღუდავს მაუწყებლის შესაძლებლობას ახალ ამბებსა და ცალკეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ან/და მიმდინარე მოვლენები გააშუქოს მიკერძოებულად, საკუთარო შეხედულების მიხედვით. შესაბამისად, აღნიშნული მუხლის საფუძველზე, მაუწყებლისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე მსჯელობის დროს, უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს თუ რა ტიპის გადაცემაში იყო გამოყენებული სადავოდ გამხდარი ფრაზები ფრაზები/ინფორმაცია და შემდგომ უნდა დადგინდეს ეს ინფორმაცია მოსაზრებაა თუ ფაქტი. შპს „ტელეიმედის“ შეფასებით, კომუნიკაციების კომისიამ განსხვავებულად უნდა განმარტოს სადავოდ გამხდარი ორი გადაცემა, ერთი მხრივ, „იმედის კვირა“, მეორე მხრივ, „ქრონიკა“. მაუწყებლის განმარტებით, „იმედის კვირა“ კვირაში ერთხელ აჯამებს მიმდინარე მოვლენებს და მაყურებელს სთავაზობს ანალიტიკურ, საგამოძიებო სიუჟეტებს, ხოლო „ქრონიკა“ არის საინფორმაციო პროგრამა, რომელიც დღის განმავლობაში რამდენჯერმე აწვდის მაყურებელს მყისიერად ინფორმაციას, მას ჰყავს სხვადასხვა წამყვანები და არის კლასიკური ტიპის ახალი ამბების პროგრამა. შესაბამისად, „ქრონიკა“ არის ახალი ამბების ტიპის პროგრამა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის დარღვევაზე მსჯელობა რელევანტურია. ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს მაუწყებლის ვალდებულებას ახალი ამბების პროგრამიდან მკაფიოდ გამიჯნოს ფაქტი და მოსაზრება. ქრონიკის შემთხვევაში სტანდარტული ახალი ამბების შემცველი ინფორმაცია იქნა გაშუქებული და არ მომხდარა არც ჟურნალისტის და არც წამყვანის პირადი ან მესამე პირების მოსაზრების გამოთქმა. შპს „ტელეიმედი“ წერილობით ახსნა-განმარტებაში უთითებს, რომ სადავოდ გამხდარი სიუჟეტი სწორედ ინფორმაციის მიწოდების მიზანს ემსახურება და წამყვანი საზოგადოებას მოუთხრობს ევროკომისიის ფინანსური სახსრების შესახებ, რომელიც გადაერიცხა ორგანიზაციას - GCRT, ხოლო შემდგომ სხვადასხვა ორგანიზაციებსა და ადვოკატებს და მათ შორის, „მომავლის აკადემიას“. შესაბამისად, მაუწყებლის შეფასებით, სიუჟეტი სრულად აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რაც ახალი ამბების პროგრამის მეშვეობით, მაყურებლისთვის სიახლეების, სხვადასხვა მოვლენებისა თუ საკითხების შემცველი ინფორმაციის გაშუქებას მოიცავს. აქედან გამომდინარე, საჩივარში მითითებული სადავო ფრაზები ფაქტებთან არის დაკავშირებული, მათ შორის ისეთ ფაქტებთან, რომლებიც „საქართველოს მომავლის აკადემიის“ მიერ დასტურდება, მათი სოციალური ქსელების მეშვეობით საჯაროდ გაზიარებული პოსტებიდან. თუმცა, სიუჟეტი შეიცავს სხვა მრავალ ფაქტს და არა მხოლოდ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ არამედ სხვა ორგანიზაციების შესახებაც. მაუწყებელი უთითებს, რომ შპს „ტელეიმედი“ მოქმედებდა კეთილსინდისიერად და იცავდა ჯეროვანი სიზუსტისა და ინფორმაციის გადამოწმების მაღალ სტანდარტს, რაც თავად სიუჟეტშია ასახული. თუმცა ა. ზიბზიბაძე და სხვა პირები, რომლებთანაც მოხდა დაკავშირება არ აკეთებენ კომენტარებს. შესაბამისად, შპს „ტელეიმედს“ მიაჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, როგორც ფაქტობრივად, ისე სამართლებრივად.
10. კომისიის 2025 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე, შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელმა ა. ვაზაგაშვილმა მხარი დაუჭირა შპს „ტელეიმედის“ მიერ წერილობით წარმოდგენილ პოზიციას. ამასთან, ფაქტებისა და მოსაზრებების გამიჯვნის საკითხთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ თუ სიუჟეტში ჟურნალისტი გამოთქვამს მაგალითად ფრაზას „არალეგიტიმური პარლამენტი“, ეს ფრაზა უნდა დასტურდებოდეს რაიმე მტკიცებულებით, ან გარემოებით, ან სიუჟეტს უნდა ერთოდეს ისეთი რამ, რაც სიზუსტეს წარმოადგენს და სანდოობას უქმნის მაყურებელს. იმ შემთხვევაში, თუ გაუგებარია, რას ეყრდნობა ჟურნალისტი ამ ინფორმაციის გავრცელებისას, გამოთქმული ფრაზები აღიქმება მისი პირადი დამოკიდებულების შემცველ ფრაზებად. ა. ვაზაგაშვილის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, სადავო სიუჟეტში პროტესტთან დაკავშირებით განთავსებულ ინფორმაციას თან ერთვის მომჩივანის სოციალურ ქსელის გვერდზე (“Facebook”) გამოქვეყნებული განცხადება, სადაც ერთ-ერთ ჩამონათვალში, რასაც შეისწავლიან იქ მისული ადამიანები, არის - „პროტესტი კრეატიულად“. მომჩივანებს არ წარმოუდგენიათ რაიმე არგუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სიუჟეტში გამოთქმული ფრაზები მოსაზრებები იყო.
3. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა
11. ა/წ 10 დეკემბერს, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა წარმოადგინა დასკვნა (N25-10-2721; 10.12.2025), რომლის თანახმად, ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიისა“ და ა. ზიბზიბაძის 2025 წლის 4 ნოემბრის საჩივრისა და საჩივარში მითითებული სიუჟეტის შესწავლის საფუძველზე მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა გამოარკვია, რომ შპს „ტელეიმედის“ ეთერში განთავსებულ გადაცემაში გადაცემის წამყვანის და სიუჟეტის ავტორის (ჟურნალისტის) მიერ გამოყენებულია შემდეგი ფრაზები: „GCRT, ორგანიზაცია რომლის მეშვეობით 3 მილიონი ფრანკლინის კლუბის მემკვიდრე მომავლის აკადემიას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ათამდე ადვოკატს გაუნაწილდა. მიზანი ძალადობრივი აქციების ორგანიზებაა და ექსტრემისტული ჯგუფებისთვის იურიდიული დახმარების გაწევა”.
„ხელოვნური პროტესტის უზრუნველყოფისთვის რომ კონკრეტული ჯგუფები დონორებთან ერთად კანონმდებლობაში არსებულ გამონაკლისებს ბოროტად იყენებენ, ეს მმართველი გუნდისთვის ცნობილია”.
12. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ საჩივრის საფუძველია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54(5) მუხლი. მომჩივნები თვლიან, რომ ზემოაღნიშნული ფრაზები („ძალადობრივი აქციების ორგანიზება“, „ექსტრემისტული ჯგუფები“,„ხელოვნური პროტესტი“) წარმოადგენს წამყვანის/სიუჟეტის ავტორის მოსაზრებებს და სიუჟეტში გამოხატულია საჩივრის ავტორების საწინააღმდეგო პოზიცია. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა.
13. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი მიუთითებს, რომ მიუკერძოებლობის პრინციპის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ზღუდავს მაუწყებლის შესაძლებლობას, ახალი ამბებისა და ცალკეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ან/და მიმდინარე მოვლენები გააშუქოს მიკერძოებულად, საკუთარი შეხედულების მიხედვით.1 კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. ამგვარი განმარტება ასევე გამომდინარეობს კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდანაც, რომლის მიხედვითაც, „იზღუდება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) პოზიციის გამოხატვა“.2
14. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის თანახმად, მაუწყებლის პოზიციის გამოხატვის შეზღუდვა ემსახურება მაუწყებლისა და საზოგადოებრივპოლიტიკური დისკურსის დაცვას, რათა აღიკვეთოს ვიწროპარტიული ინტერესების გამტარებელი ძლიერი ფინანსური ან გავლენიანი ჯგუფების მიერ მაუწყებლის მეშვეობით საზოგადოებრივ აზრზე არასათანადო ზემოქმედება. ამასთან, აღნიშნული დებულების მიზანია, არ დაუშვას მაუწყებლის მესაკუთრის მიერ მისი სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფა და მაუწყებლის გამოყენება მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე კონკრეტული ინტერესთა ჯგუფისთვის ხელსაყრელი მოსაზრებების გავრცელებისათვის, რაც საბოლოო ჯამში არასათანადო გავლენას ახდენს პოლიტიკურ დისკურსსა და დემოკრატიულ დებატზე.3
15. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უთითებს, რომ საკითხზე მსჯელობისას, პირველ რიგში უნდა დადგინდეს, საჩივარში მითითებული სადავო ფრაზები რა ტიპის გადაცემაში იყო გამოყენებული. საჩივრის ავტორის თქმით, მის მიერ მოყვანილი მაგალითები ახალი ამბების და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამიდანაა. შპს „ტელეიმედის“ „ქრონიკა“ წარმოადგენს ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამას, რომელიც საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას დღის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ახალი ამბების პროგრამად, როგორც წესი, ფასდება შემდეგი კრიტერიუმების გამოყენებით: ახალი ამბების პროგრამა ფაქტობრივია და პროგრამის მასალა ეხება მიმდინარე ან პროგრამის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მომხდარ მოვლენებს ან ინფორმაციას; ახალი ამბების პროგრამა, როგორც წესი, სტუდიაში მიჰყავთ წამყვანს ან წამყვანებს, რომლებიც აჯამებენ და აუდიტორიას უშუალოდ აწვდიან ყოველდღიურ ინფორმაციას; სტუდიაში შესაძლებელია იყოს ეკრანები გრაფიკული გამოსახულებით, რომელიც შემატებს კონტექსტს ან სხვა ინფორმაციას ახალი ამბის პროგრამის მასალას; ახალი ამბები თანმიმდევრულად, როგორც წესი, წინასწარი განსაზღვრული თანმიმდევრობის მიხედვით მიეწოდება აუდიტორიას და გამოირჩევა მოკლე ფორმატით; ახალი 1კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაცია „გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება“, გვ.16. 2 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N 07-3/29/11, გვ.2. 3კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაცია „გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე-სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება“, გვ.17.
ამბების წარდგენისას ფართოდ გამოიყენება რეპორტიორები და კორესპონდენტები, რომ სიუჟეტებით ან პირდაპირი ეთერის რეჟიმში წარმოადგინონ ახალი ამბები და ა.შ. საზოგადოებრივ- პოლიტიკური პროგრამებს განეკუთვნება პროგრამა, რომელიც შეიცავს მიმდინარე მოვლენებისა და საკითხების ახსნას ან ანალიზს, მათ შორის, მასალებს, რომლებიც შეეხება პოლიტიკურ ან ინდუსტრიულ დებატებს ან მიმდინარე საჯარო პოლიტიკას. საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამა ახალი ამბების პროგრამისგან განსხვავებით, როგორც წესი, უფრო ხანგრძლივია, შეიცავს დეტალურ დისკუსიებს, ანალიზს და ინტერვიუებს და ხანგრძლივ რეპორტაჟებს.4
16. ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ „ქრონიკა“ წარმოადგენს ახალი ამბების პროგრამას. „ქრონიკაში“ განთავსებული ინფორმაცია ეხება დღის განმავლობაში ან პროგრამის დაწყებამდე მომხდარ ან პროგრამის მსვლელობისას მიმდინარე მოვლენებს და აუდიტორიას მიეწოდება ინფორმაცია მოკლე ფორმატით. ამასთან, კომისიაში დაცული, შპს „ტელეიმედის“ მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო ბადის მიხედვით, პროგრამას „ქრონიკა“ საინფორმაციოს სტატუსი აქვს მინიჭებული. დამატებით, მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ „ქრონიკა“ წარმოადგენს ახალი ამბების პროგრამას.
17. დასკვნის თანახმად, ჟურნალისტის მიერ მომზადებულ რეპორტაჟში-„მომავლის აკადემია გაშიფრულ სქემაში“, გადმოცემულია ევროკომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციისთვის გრანტის სახით გაცემული თანხისა და მისი შემდგომ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მათ შორის ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიაზე“, განაწილების სქემისა და თანხის გამოყენების, ასევე ორგანიზაციისა და მისი დამფუძნებლის საქმიანობასთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ ჩატარებული კვლევა.
18. დეპარტამენტის განმარტებით, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მაუწყებლის პოზიციის გამოხატვა შეფასდება ინდივიდუალური გარემოებების ანალიზის გზით. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია იმის დადგენა, პოზიციას გამოხატავს თუ არა მაუწყებლის წარმომადგენელი და არის თუ არა გამოხატული რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიცია.5
19. დეპარტამენტის დასკვნის თანახმად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით ასევე იკრძალება მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივპოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. შესაბამისად, შეზღუდულია არა მხოლოდ მაუწყებლის პოზიციის გამოხატვა, არამედ - მაუწყებლის პოზიციის შესაბამისად, პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების და საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება. მაუწყებელმა აღნიშნული საკითხების გაშუქებისას უნდა დაიცვას თვალსაზრისობრივი ნეიტრალიტეტი და რომელიმე მხარისთვის უპირატესობის მინიჭების გარეშე, მიუკერძოებლად და ნეიტრალურად გადმოსცეს მოვლენები.6 4 იქვე, გვ.4-5. 5 იხ. კომისიის 2025 წლის 3 ივლისის გ-25-16/355 გადაწყვეტილება „შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“, კომისიის 2025 წლის 3 ივლისის გ-25-16/354 გადაწყვეტილება „შპს „მთავარი არხის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“, კომისიის 2025 წლის 3 ივლისის გ-25-16/353 გადაწყვეტილება „შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“.
6კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაცია „გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, გვ.17-18.
20. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი უთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოა ჟურნალისტის მიერ პროგრამაში გაკეთებული განცხადებები არის თუ არა მოსაზრებები. საჩივრის ავტორების მტკიცებით, აღნიშნული განცხადებები წარმოადგენს მოსაზრებებს, რადგანაც მომჩივნები ხელმძღვანელობენ კომისიის მიერ აქამდე მიღებული გადაწყვეტილებებით სადაც მომჩივნების შეფასებით მსგავსი ტიპის ფრაზები კომისიამ პირადი დამოკიდებულების ამსახველად ჩათვალა. მოპასუხის წარმომადგენლის განცხადებით კი აღნიშნული განცხადებები წარმოადგენს ფაქტებს, რადგანაც ისინი გამყარებულია გარკვეული მტკიცებულებებით.
21. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი დასკვნაში აღნიშნავს, რომ ფაქტი არის განცხადება, რომელიც შეიძლება ობიექტურად გადამოწმდეს ან დადასტურდეს მტკიცებულებებით, როგორც ჭეშმარიტი ან მცდარი. მოსაზრება არის სუბიექტური განცხადება, რომელიც ასახავს პირად რწმენას, გრძნობებს ან ინტერპრეტაციას და ვერ დასტურდება როგორც ჭეშმარიტება. ფაქტები ეფუძნება დაკვირვებას, გაზომვად მტკიცებულებებს და რჩება ჭეშმარიტი პირადი შეხედულებების მიუხედავად. მოსაზრებები დამოკიდებულია ინდივიდუალურ პერსპექტივებზე.7 საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მოსაზრებაში იგულისხმება ნებისმიერი შეფასებითი გამონათქვამი, რომელიც გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე, და იმის მტკიცებას, სიმართლეს შეესაბამება თუ მცდარია, არ ექვემდებარება. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია.8
22. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნით, როდესაც ჟურნალისტის მიერ გაკეთებული განცხადებები ეფუძნება რაიმე ტიპის ფაქტობრივ მასალას, მათ შორის ჟურნალისტური გამოძიების შედეგებს, ასეთ შემთხვევაში ეს განცხადებები არ შეიძლება მიჩნეულ იქნას მაუწყებლის მიერ გამოთქმულ პირად მოსაზრებად ან დამოკიდებულებად. თუ ჟურნალისტის მიერ გაკეთებული ასეთი გამონათქვამები კონკრეტულ პირს/პირებს ბრალს სდებს ამა თუ იმ კანონსაწინააღმდეგო, არამართლზომიერ, ანტისაზოგადოებრივ ქმედებებში, მაშინ ასეთი განცხადებები მიჩნეულ უნდა იქნას ბრალდებებად და არა მაუწყებლის პირად მოსაზრებად ან დამოკიდებულებად. ბრალდების არსის განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბრალდება ეფუძნება რაღაცა ტიპის ხდომილებებს, მოვლენებს, დოკუმენტებს და ფაქტობრივ გარემოებებს, მაგრამ თავისთავად ის ჯერ არ არის ფაქტი, მაგრამ აქვს ფაქტად ქცევის პერსპექტივა. ამასთან, ბრალდების შემთხვევაში შესაძლებელია იმ ფაქტების/ფაქტობრივი მასალების შემოწმება, რომელსაც ეფუძნება იგი. ბრალდება არ შეიძლება მიჩნეულ იქნას მაუწყებლის პირად მოსაზრებად ან დამოკიდებულებად. აღნიშნულისაგან განსხვავებით, მოსაზრება არის წმინდა სუბიექტური დამოკიდებულება და კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისათვის შესაბამის მაკვალიფიცირებელ გარემოებას არ წარმოადგენს ის, რომ იგი რაიმე სახის ტიპის მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს. ამასთან, ბრალდებისა და მოსაზრების, როგორც განსხვავებული სამართლებრივი კატეგორიების არსებობაზე ნათლად მეტყველებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-8 პუნქტიც, რომლის თანახმადაც „პირს, რომლის მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, უნდა მიეცეს დროული 7 იხ. კომისიის 2025 წლის 3 ივლისის გ-25-16/355 გადაწყვეტილება „შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“, კომისიის 2025 წლის 3 ივლისის გ-25-16/354 გადაწყვეტილება „შპს „მთავარი არხის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“, კომისიის 2025 წლის 3 ივლისის გ-25-16/353 გადაწყვეტილება „შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“.
8 საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება (№ას-797-2022, 25.11.2022). და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება“. თუ ბრალდება მაუწყებლის პირად მოსაზრებად ან დამოკიდებულებად იქნა მიჩნეული, ეს გამოიწვევს იმას, რომ კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით ის საერთოდ დაუშვებელი იქნება. მაშინ როდესაც იმავე მუხლის მე-8 პუნქტი ცალსახად უშვებს მაუწყებლის მიერ ბრალდებების გაჟღერებას, იმ დათქმით, რომ მაუწყებელს მოეთხოვება კანონით დადგენილი შესაბამისი სტანდარტების დაცვა.
23. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი დასკვნაში აღნიშნავს, რომ სიუჟეტი ეხება ევროკომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციისთვის გრანტის სახით გაცემული თანხისა და მისი შემდგომ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მათ შორის ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიაზე“, განაწილების სქემას და თანხის გამოყენებას, ასევე ორგანიზაციისა და მისი დამფუძნებლის საქმიანობას. ზემოაღნიშნული ფრაზები ვერ შეფასდება მაუწყებლის პირად მოსაზრებად ან/და პოზიციის გამოხატვად, ვინაიდან ამ დასკვნებს საფუძვლად უდევს და წინ უსწრებს ამავე მაუწყებლის ჟურნალისტის/ჟურნალისტების მიერ ჩატარებული საგამოძიებო სიუჟეტი (გადაცემა „იმედის კვირა“, 19.10.2025,20:00, სიუჟეტი-„ევროკომისიის როლი ხელოვნურ პროტესტში“,https://www.imedi.ge/ge/video/206906/imedis-kvira--19-oqtomberi-2025 tseli). ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ნათელია, რომ მაუწყებლის მიერ გამოყენებული გამონათქვამები მათი ფორმის, შინაარსისა და კონტექსტის გათვალისწინებით წარმოადგენს ბრალდებებს და არა მოსაზრებებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს„ტელეიმედის“ მიერ დარღვეული არ არის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტი.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
24. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, აგრეთვე სალიცენზიო პირობებისა და ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს კომისიას“. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, „საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს“.
25. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად,„დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა“.
26. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,„მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში საქმიანობას არეგულირებს კომისია“. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ფუნქციებს მიეკუთვნება „მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება“, ხოლო „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „მედიამომსახურების ან/და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“.
27. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა“.
28. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად,„დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა”.
29. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, პირს, რომლის მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, უნდა მიეცეს დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
30. ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ 2025 წლის 4 ნოემბრის საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/4595; 04.11.2025);
31. შპს „ტელეიმედის“ 2025 წლის 26 ნოემბრის წერილობითი ახსნა-განმარტება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/4843; 26.11.2025);
32. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (N25-10-2721;10.12.2025), რომელსაც ერთვის შპს „ტელეიმედის“ ეთერში გასული გადაცემების ამსახველი ვიდეოჩანაწერები ბმულების სახით;
33. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან მონაცემები შპს „ტელეიმედის“ შესახებ;
34. მხარეთა მიერ კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებები.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
35. შპს „ტელეიმედი“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს.
მტკიცებულება: მონაცემები შპს „ტელეიმედის“ შესახებ კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
36. ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემია“ და ა. ზიბზიბაძე სადავოდ ხდიან შპს „ტელეიმედის“ ეთერში 2025 წლის 22 ოქტომბერს, 20:00 საათზე გასულ გადაცემაში „ქრონიკა“ განთავსებულ სიუჟეტში მათ შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, კერძოდ, გადაცემის წამყვანისა და სიუჟეტის ავტორის მიერ გამოთქმულ შემდეგ განცხადებებს: ა) „GCRT, ორგანიზაცია რომლის მეშვეობით 3 მილიონი ფრანკლინის კლუბის მემკვიდრე მომავლის აკადემიას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ათამდე ადვოკატს გაუნაწილდა. მიზანი ძალადობრივი აქციების ორგანიზებაა და ექსტრემისტული ჯგუფებისთვის იურიდიული დახმარების გაწევა”; ბ) „ხელოვნური პროტესტის უზრუნველყოფისთვის რომ კონკრეტული ჯგუფები დონორებთან ერთად კანონმდებლობაში არსებულ გამონაკლისებს ბოროტად იყენებენ, ეს მმართველი გუნდისთვის ცნობილია”. მომჩივანთა განმარტებით, ჟურნალისტების მიერ გამოთქმული ფრაზები: “ძალადობრივი აქციების ორგანიზება”, “ექსტრემისტული ჯგუფები”, “ხელოვნური პროტესტი” წარმოადგენენ მათ საკუთარ მოსაზრებებს და გამოხატავენ მომჩივანთა საწინააღმდეგო პოზიციას.
მტკიცებულება: ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ 2025 წლის 4 ნოემბრის საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/4595; 04.11.2025);
37. 2025 წლის 22 ოქტომბერს, 20:00 საათზე შპს „ტელეიმედის“ ეთერში გასულ გადაცემაში „ქრონიკა“ განთავსებულ სიუჟეტში გადაცემა „ქრონიკის” წამყვანი და სიუჟეტის ავტორი წარმოთქვამენ შემდეგ ფრაზებს: ა) „GCRT, ორგანიზაცია რომლის მეშვეობით 3 მილიონი ფრანკლინის კლუბის მემკვიდრე მომავლის აკადემიას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ათამდე ადვოკატს გაუნაწილდა. მიზანი ძალადობრივი აქციების ორგანიზებაა და ექსტრემისტული ჯგუფებისთვის იურიდიული დახმარების გაწევა”; ბ) „ხელოვნური პროტესტის უზრუნველყოფისთვის რომ კონკრეტული ჯგუფები დონორებთან ერთად კანონმდებლობაში არსებულ გამონაკლისებს ბოროტად იყენებენ, ეს მმართველი გუნდისთვის ცნობილია”.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (N25-10-2721; 10.12.2025), რომელსაც ერთვის შპს „ტელეიმედის“ ეთერში გასული გადაცემების ამსახველი ვიდეოჩანაწერები ბმულების სახით; ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ 2025 წლის 4 ნოემბრის საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/4595; 04.11.2025); მხარეთა მიერ კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებები.
3. სამართლებრივი შეფასება
3.1. კანონმდებლობაში შესული ცვლილებები
38. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში 2025 წლის 1 აპრილის კანონით (დოკუმენტის N394- IIმს-XIმპ) შესული ცვლილებით ახლებურად მოწესრიგდა მაუწყებლობის მიმართ წაყენებული შინაარსობრივი მოთხოვნები და მათი აღსრულების წესი. კერძოდ, კანონში შესული ცვლილებებით ახლებურად მოწესრიგდა ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის ან/და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქება, პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანი პირის დაცვის ცალკეული საკითხები და დადგინდა, რომ დასახელებული შინაარსობრივი მოთხოვნების დარღვევის საკითხებზე კომისიას აქვს სამართლებრივი რეაგირების უფლებამოსილება.
39. მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების ახლებურად დაწესების გარდა, 2025 წლის 1 აპრილის კანონით დადგინდა ამ მოთხოვნების აღსრულების ახალი წესი. კერძოდ, 2025 წლის 1 აპრილის კანონის ძალაში შესვლამდე შინაარსობრივი მოთხოვნების დიდი ნაწილი აღსრულდებოდა მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ და მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილების სასამართლოში, კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება არ დაიშვებოდა. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში 2025 წლის 1 აპრილს შესული ცვლილებების გათვალისწინებით ახლებურად ჩამოყალიბდა კანონის მე-14 და 591 მუხლები და დადგინდა, რომ კომისიას აქვს სამართლებრივი რეაგირების უფლებამოსილება ისეთი შინაარსობრივი მოთხოვნების დარღვევის საკითხებზე, როგორებიც არის ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის ან/და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქება, პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანი პირის დაცვის ცალკეული საკითხები. ამრიგად, 2025 წლის 1 აპრილის კანონის ამოქმედებით მაუწყებლებისათვის კარგად ცნობილი, კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული შინაარსობრივი მოთხოვნები გადავიდა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში და დაწესდა აღნიშნული მოთხოვნების კომისიის მიერ აღსრულების წესი.
3.2. მაუწყებლობის მიუკერძოებლობის რეგულირება
40. 2025 წლის 1 აპრილის კანონის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით კომისიის მიერ აღსრულებას დაექვემდებარა ისეთი შინაარსობრივი მოთხოვნა, როგორიც არის მაუწყებლის მიუკერძოებლობა. მიუკერძოებლობის პრინციპი მოითხოვს, რომ მაუწყებელმა გამოავლინოს მიუკერძოებლობა ახალი ამბებისა და ცალკეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში და ზღუდავს მაუწყებელს საკუთარი პოზიციის გამოხატვაში. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის განმარტებითი ბარათში მითითებულია, რომ „იზღუდება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) პოზიციის გამოხატვა.“
41. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით იკრძალება მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და ცალკეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში მიმდინარე საკითხების გაშუქება პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე, ასევე რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. მაუწყებლის პოზიციის გამოხატვის შეზღუდვა ემსახურება მაუწყებლისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკურსის დაცვას, რათა აღიკვეთოს ვიწროპარტიული ინტერესების გამტარებელი ძლიერი ფინანსური ან გავლენიანი ჯგუფების მიერ მაუწყებლის მეშვეობით საზოგადოებრივ აზრზე არასათანადო ზემოქმედება. ამასთან, აღნიშნული დებულების მიზანია, არ დაუშვას მაუწყებლის მესაკუთრის მიერ მისი სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფა და მაუწყებლის გამოყენება მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე კონკრეტული ინტერესთა ჯგუფისთვის ხელსაყრელი მოსაზრებების გავრცელებისათვის, რაც საბოლოო ჯამში არასათანადო გავლენას ახდენს პოლიტიკურ დისკურსსა და დემოკრატიულ დებატზე.9
42. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს 9კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაცია ,,გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება“. http://www.comcom.ge/ge/regulation/mediamomsaxureba/broadcasting/broadcasting-sakonsultacio-dokumentebi-da-sxva-masalebi/gzamkvlevi-mauwyeblobis-shinaarsobrivi-motxovnebis-taobaze.page (11.12.2025 მდგომარეობით)- გვ.17.
საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კი - მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკისა და საქართველოსთვის იურიდიული ძალის მქონე სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.
43. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით კი - მედიაპლურალიზმის დაცვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აზრის გამოხატვის თავისუფლების რეალიზების, მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მომხმარებელთა და მეწარმეთა უფლებების დასაცავად შექმნილი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობა გარანტირებულია კანონით.
44. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ ის „ინფორმაცია“ და „იდეები“, რომლებიც სასურველად არის მიღებული ან აღიქმება როგორც უწყინარი და ინდიფერენტული, არამედ - ისეთებიც, რომელიც შეურაცხმყოფელი, შემაწუხებელი და შოკისმომგვრელია სახელმწიფოსთვის ან მოსახლეობის რომელიმე ნაწილისთვის.10 ამასთან, სასამართლო პრაქტიკა არ გამორიცხავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, როდესაც ილახება სხვა ადამიანის უფლებები და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესები.
45. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები საზოგადოებისა და ინდივიდების მიერ ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების, აზრის ფორმირების ერთ-ერთი ცენტრალური, ფართომასშტაბიანი და ეფექტური პლატფორმაა. სწორედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შეუფერხებელი, ავტონომიური, ჯეროვანი და დამოუკიდებელი საქმიანობა განაპირობებს საზოგადოებისა და თითოეული ინდივიდის მიერ აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკულ და ეფექტურ რეალიზაციას.11 სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, ისეთ სენსიტიურ სექტორში, როგორიც არის აუდიოვიზუალური მედია, ჩაურევლობის ნეგატიურ მოვალეობასთან ერთად, სახელმწიფოს აქვს 10 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, საჩივარი No. 5493/72, § 49 11 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-71,72, ასევე იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის №2/6/1311 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ ხახალევი და დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-58 პოზიტიური ვალდებულება, შექმნას შესაბამისი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტურ პლურალიზმს.12
46. სტრასბურგის სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, მაუწყებლების გამოხატვის თავისუფლება შესაძლებელია ლეგიტიმურად შეიზღუდოს, როდესაც ეს აუცილებელია ინფორმაციის პლურალიზმის დასაცავად, აგრეთვე გავლენიან მედია პლატფორმებზე სამართლიანი და თანასწორი დემოკრატიული დისკურსის უზრუნველსაყოფად.13 მაუწყებლის მიუკერძოებლობის პრინციპი ემსახურება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დემოკრატიული დებატის სანდოობის დაცვას იმგვარად, რომ არ მოხდეს სამაუწყებლო მედია პლატფორმების მიტაცება ვიწროპარტიული ინტერესების გამტარებელი ძლიერი ფინანსური ან გავლენიანი ჯგუფების მიერ. საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, მიუკერძოებლობის პრინციპიდან გამომდინარე ვალდებულებები ასრულებს უმთავრეს როლს, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მიუკერძოებელ და ზუსტ ინფორმაციაზე წვდომა და მოსაზრებებისა და პერსპექტივების ფართო სპექტრის გაცნობის შესაძლებლობა. ეს ვალდებულებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სათანადოდ ინფორმირებულ დემოკრატიულ დებატებს.14
47. ამავდროულად, სამაუწყებლო მედიას დემოკრატიულ საზოგადოებაში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდია მაუწყებლების როლი საზოგადოების ინფორმირებისა და საჯარო მმართველობის პროცესზე მეთვალყურის (“watchdog”) ფუნქციის შესრულებაში.15 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სამაუწყებლო მედიას შეეძლოს გამოიკვლიოს და გააშუქოს ნებისმიერი საკამათო საკითხი, ასევე საზოგადოების წევრებს მისცეს შესაძლებლობა, გამოხატონ კრიტიკული მოსაზრებები საზოგადოებისთვის მნიშნელოვან ამა თუ იმ საკითხზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამაუწყებლო მედიამ დაიცვას მიუკერძოებლობის პრინციპი, ზუსტად და მიუკერძოებლად გადასცეს ყველა ფაქტი და საგულისხმო მოსაზრება.
48. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, კომისია, გაითვალისწინებს მაუწყებლისა და აუდიტორიის გამოხატვის თავისუფლების დაცვის ინტერესს, რომ მაუწყებელს ჰქონდეს ლეგიტიმური შესაძლებლობა, შეასრულოს საზოგადოებრივი მეთვალყურის ფუნქცია და მწვავედ, კრიტიკულად გააშუქოს ნებისმიერი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენა და მოსაზრება. მეორე მხრივ, ასევე მხედველობაში მიიღება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ ინტერესი, რომ სამაუწყებლო მედიამ დაიცვას მიუკერძოებლობა და ხელი შეუწყოს ინფორმირებულ დემოკრატიულ დებატს.
3.3. ახალი ამბების პროგრამა
12 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ცენტრო ევროპა 7 ს.რ.ლ. და დი შტეფანო იტალიის წინააღმდეგ” [GC] - საჩივარი No. 38433/09, § 134.
13 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ANIMAL DEFENDERS INTERNATIONAL გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ [GC] - საჩივარი No 48876/08, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სიგმა რადიო ტელევიზია კვიპროსის წინააღმდეგ“, საჩივრები No. 32181/04 და 35122/05 14 Communications White Paper – A New Future for Communications, December 2000, https://webarchive.nationalarchives.gov.uk/20100407160140/http://www.culture.gov.uk/images/publication s/communicationswhitepaper_fullreport.pdf, section 6.6.1, Issue 369 of Ofcom’s Broadcast and On Demand Bulletin 20 December 2018, 21 15 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის 1994 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „იერსილდი დანიის წინააღმდეგ“, საჩივარი No. 1589/89,
49. საჩივრის ავტორთა განცხადებით, ჟურნალისტების პირადი მოსაზრების საფუძველზე საკითხების გაშუქება და მათი საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა მოხდა ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროგრამაში - „ქრონიკა“, რომელიც საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას დღის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. შესაბამისად, ის შეუძლებელია მიჩნეულ იქნეს საავტორო გადაცემად. ამდენად, დარღვევის შესაფასებლად უნდა შემოწმდეს მაუწყებლის ეთერში განთავსებული პროგრამა არის თუ არა ახალი ამბებისა ან საზოგადოებრივ- პოლიტიკური პროგრამა.
50. პროგრამის იდენტიფიცირებას კომისია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს პროგრამის დასახელების, ფორმატის, საგნის, ფორმის, აუდიტორიისთვის წარდგენის გზებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. პროგრამა ახალი ამბების პროგრამად, როგორც წესი, ფასდება შემდეგი კრიტერიუმების გამოყენებით: ახალი ამბების პროგრამა ფაქტობრივია და პროგრამის მასალა ეხება მიმდინარე ან პროგრამის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მომხდარ მოვლენებს ან ინფორმაციას; ახალი ამბების პროგრამა, როგორც წესი, სტუდიაში მიჰყავთ წამყვანს ან წამყვანებს, რომლებიც აჯამებენ და აუდიტორიას უშუალოდ აწვდიან ყოველდღიურ ინფორმაციას; სტუდიაში შესაძლებელია იყოს ეკრანები გრაფიკული გამოსახულებით, რომელიც შემატებს კონტექსტს ან სხვა ინფორმაციას ახალი ამბის პროგრამის მასალას; ახალი ამბები თანმიმდევრულად, როგორც წესი, წინასწარი განსაზღვრული თანმიმდევრობის მიხედვით მიეწოდება აუდიტორიას და გამოირჩევა მოკლე ფორმატით; ახალი ამბების წარდგენისას ფართოდ გამოიყენება რეპორტიორები და კორესპონდენტები, რომ სიუჟეტებით ან პირდაპირი ეთერის რეჟიმში წარმოადგინონ ახალი ამბები და ა.შ. საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამებს განეკუთვნება პროგრამა, რომელიც შეიცავს მიმდინარე მოვლენებისა და საკითხების ახსნას ან ანალიზს, მათ შორის, მასალებს, რომლებიც შეეხება პოლიტიკურ ან ინდუსტრიულ დებატებს ან მიმდინარე საჯარო პოლიტიკას. საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამა ახალი ამბების პროგრამისგან განსხვავებით, როგორც წესი, უფრო ხანგრძლივია, შეიცავს დეტალურ დისკუსიებს, ანალიზს და ინტერვიუებს და ხანგრძლივ რეპორტაჟებს.“16
51. განსახილველ შემთხვევაში გადაცემა „ქრონიკაში“ განთავსებული ინფორმაცია ეხება დღის განმავლობაში ან პროგრამის დაწყებამდე მომხდარ ან პროგრამის მსვლელობისას მიმდინარე მოვლენებს და აუდიტორიას მიეწოდება ინფორმაცია მოკლე ფორმატით. ჟურნალისტის მიერ მომზადებულ რეპორტაჟში - „მომავლის აკადემია გაშიფრულ სქემაში“, გადმოცემულია ევროკომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციისთვის გრანტის სახით გაცემული თანხისა და მისი შემდგომ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მათ შორის ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიაზე“, განაწილების სქემისა და თანხის გამოყენების, ასევე ორგანიზაციისა და მისი დამფუძნებლის საქმიანობასთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ ჩატარებული გამოძიება.
52. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ გადაცემა „ქრონიკა“ განეკუთვნება ახალი ამბების პროგრამას. ამასთან, კომისიაში დაცული, შპს „ტელეიმედის“ მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო ბადის მიხედვით, პროგრამას „ქრონიკა“ საინფორმაციოს სტატუსი აქვს მინიჭებული. დამატებით, მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ „ქრონიკა“ წარმოადგენს ახალი ამბების პროგრამას.
16-კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაცია „გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება“, http://www.comcom.ge/ge/regulation/mediamomsaxureba/broadcasting/broadcasting-sakonsultacio-dokumentebi-da-sxva-masalebi/gzamkvlevi-mauwyeblobis-shinaarsobrivi-motxovnebis-taobaze.page (11.12.2025 მდგომარეობით) - გვ. 4-5
3.4. სადავო გამონათქვამების შეფასება
53. საჩივრის ავტორთა განცხადებით, ახალი ამბების/საზოგადოებრივ/პოლიტიკურ პროგრამაში მოხდა ჟურნალისტების პირადი მოსაზრების საფუძველზე საკითხების გაშუქება და მომჩივნების საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა, რითაც მაუწყებლის მიერ დაირღვა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომლითაც იკრძალება მაუწყებლის მიერ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. ასევე, რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. საჩივრის ავტორების მტკიცებით, აღნიშნული განცხადებები წარმოადგენს მოსაზრებებს. მომჩივანები განმარტავენ, რომ ისინი ამ შემთხვევაში ხელმძღვანელობენ კომისიის მიერ აქამდე მიღებული გადაწყვეტილებებით, სადაც მომჩივნების შეფასებით მსგავსი ტიპის ფრაზები კომისიამ პირადი დამოკიდებულების ამსახველად ჩათვალა. მოპასუხის წარმომადგენლის განცხადებით კი აღნიშნული განცხადებები წარმოადგენს ფაქტებს, რადგანაც ისინი გამყარებულია გარკვეული მტკიცებულებებით. ამდენად, საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს ჟურნალისტების მიერ ახალი ამბების პროგრამაში გამოთქმული სადავო ფრაზები წარმოადგენენ თუ არა მათ მოსაზრებებს.
54. კომისია აღნიშნავს, რომ მოსაზრებაში იგულისხმება ნებისმიერი შეფასებითი გამონათქვამი, რომელიც გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე, და იმის მტკიცებას, სიმართლეს შეესაბამება თუ მცდარია, არ ექვემდებარება. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია.17
55. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ერთმანეთისაგან განასხვავებს ინფორმაციასა (ფაქტები) და შეხედულებებს (შეფასებითი მსჯელობა) და არაერთ საქმეში განმარტავს, რომ ფაქტების არსებობა შეიძლება დადასტურდეს, მაშინ, როდესაც შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა არ ექვემდებარება მტკიცებას. შეფასებითი მსჯელობის ჭეშმარიტების დამტკიცების შესახებ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია და არღვევს თავად გამოხატვის თავისუფლებას, რაც წარმოადგენს კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული უფლების ფუნდამენტურ ნაწილს.18
56. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „აზრი“ არის ადამიანის პირადი, სუბიექტური შეფასება ამა თუ იმ მოვლენის, იდეის, ფაქტისა თუ პიროვნების მიმართ და იგი არ ექვემდებარება მტკიცებას, ვინაიდან არის მსჯელობის, შეფასების შედეგი.19
57. ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად, სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის როგორც შეფასებითი, ასევე - ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ, ამიტომაც ხშირად 17 საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №ას-797-2022, 25.11.2022
18 Oberschlick v. Austria -11662/85 § 63; Lingens v. Austria - 9815/82, § 46; Haes and Gijsels v. Belgium - 19983/92, § 46 19 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება №2/1/241 ,,მოქალაქე აკაკი გოგიჩაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემის კვალიფიცირების დროს შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი.20 ამდენად, სადავო გამონათქვამების აზრისა თუ ფაქტისადმი კუთვნილების საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია მათი წარმოთქმის მთლიანი კონტექსტის მხედველობაში მიღების გარეშე. ცალკეულ სიტყვებსა და წინადადებებს კონტექსტის გარეშე ვერ მიენიჭება მნიშვნელობა, ვინაიდან მათი განცალკევებულად განხილვა გამოიწვევს გამონათქვამის შინაარსის დაკარგვას. შინაარსს კი სიტყვებსა და წინადადებებთან შედარებით უპირატესი ძალა აქვს.21
58. როგორც აღინიშნა, მოსაზრება არის პირადი, სუბიექტური შეფასება ამა თუ იმ მოვლენის, იდეის, ფაქტისა თუ პიროვნების მიმართ და იგი არ ექვემდებარება მტკიცებას, ვინაიდან არის მსჯელობის, შეფასების შედეგი და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისთვის მაკვალიფიცირებელ ელემენტს არ წარმოადგენს ის, რომ იგი რაიმე სახის მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს.
59. მაშინ, როდესაც ჟურნალისტის მიერ გაკეთებული ასეთი გამონათქვამი კონკრეტულ პირს/პირებს ბრალს სდებს ამა თუ იმ კანონსაწინააღმდეგო, არამართლზომიერ, ანტისაზოგადოებრივ ქმედებებში, ის წარმოადგენს არა მაუწყებლის პირად მოსაზრებას ან დამოკიდებულებას, არამედ ბრალდებას, რომელზეც ვრცელდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული სპეციალური რეგულაცია.
60. ბრალდებისა და მოსაზრების, როგორც განსხვავებულ სამართლებრივ კატეგორიებზე, ასევე მიუთითებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-8 პუნქტი, რომლის თანახმად, „პირს, რომლის მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, უნდა მიეცეს დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება“. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდება მაუწყებლის პირად მოსაზრებად ან დამოკიდებულებად იქნა მიჩნეული, მაშინ, ის, ამავე კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, საერთოდ დაუშვებელი იქნება, რაც წინააღმდეგობაში მოვა ამავე მუხლის მე-8 პუნქტთან, რომლითაც ცალსახადაა დაშვებული მაუწყებლის მიერ ბრალდებების გამოთქმა კანონით დადგენილი შესაბამისი სტანდარტების დაცვით.
61. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი.22
62. ამდენად, ეროვნული და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, ჟურნალისტების მიერ გამოთქმული სადავო გამონათქვამები: “ძალადობრივი აქციების ორგანიზება”, “ექსტრემისტული ჯგუფები”, “ხელოვნური პროტესტი” უნდა შეფასდეს სადავო ფრაზებთან ერთად მისი მთლიანი შინაარსისა და კონტექსტის გათვალისწინებით და არა თითოეული სიტყვა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.23
63. როგორც უკვე აღინიშნა, გადაცემა „ქრონიკაში“ განთავსებულ სიუჟეტში „მომავლის აკადემია გაშიფრულ სქემაში“, გადმოცემულია ევროკომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციისთვის
20 საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №ას-432-2024, 23.10.2024
21 საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №ას-432-2024, 23.10.2024.
22 საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №ას-432-2024, 23.10.2024
23 საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება N ას-1503-2023, 22.03.2024
გრანტის სახით გაცემული თანხისა და მისი შემდგომ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მათ შორის ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიაზე“, განაწილების სქემისა და თანხის გამოყენების, ასევე ორგანიზაციისა და მისი დამფუძნებლის საქმიანობასთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ ჩატარებული გამოძიება. სიუჟეტში გამოთქმული ფრაზები: “ძალადობრივი აქციების ორგანიზება”, “ექსტრემისტული ჯგუფები”, “ხელოვნური პროტესტი” ვერ შეფასდება მაუწყებლის პირად მოსაზრებად ან/და პოზიციის გამოხატვად, ვინაიდან ამ ფრაზებს საფუძვლად უდევს და წინ უსწრებს ამავე მაუწყებლის ჟურნალისტის/ჟურნალისტების მიერ ჩატარებული საგამოძიებო სიუჟეტი (გადაცემა „იმედის კვირა“, 19.10.2025, 20:00, სიუჟეტი - „ევროკომისიის როლი ხელოვნურ პროტესტში“). ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ნათელია, რომ მაუწყებლის მიერ გამოყენებული გამონათქვამები მათი ფორმის, შინაარსისა და კონტექსტის გათვალისწინებით წარმოადგენენ ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გაკეთებულ ბრალდებებს და არა მოსაზრებებს. იმას, რომ სადავო ფრაზები არ წარმოადგენენ მოსაზრებებს, ადასტურებს შპს „ტელეიმედიც“, რომლის განცხადებით, სიუჟეტში ჟურნალისტების მიერ გადაცემულია ფაქტების შესახებ ინფორმაცია და არ მომხდარა ჟურნალისტების მიერ პირადი პოზიციების თუ შეფასებების გამოხატვა. აღსანიშნავია, ასევე კომისიის სხდომაზე მომჩივანთა წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ სიუჟეტში გამოთქმული ფრაზები, რომლებსაც კომისიაში სადავოდ ხდიან, მათ ასევე, გაასაჩივრეს შპს „ტელეიმედში“ როგორც ფაქტების ფორმულირებით გამოთქმული ფრაზები, მცდარი ფაქტების შესწორებასთან დაკავშირებით.
64. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული წარმოების მასალების შესწავლის საფუძველზე დგინდება, რომ სახეზე არ არის შპს „ტელეიმედის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის კვალიფიკაციისთვის აუცილებელი პირობები.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
65. ამრიგად, კომისიის მიერ დგინდება, რომ შპს ,,ტელეიმედის“ მხრიდან ადგილი არ აქვს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევას. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ და ა. ზიბზიბაძის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6, მე-7, 53-ე მუხლების, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97- ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-14 მუხლის, 451 მუხლის, 54-ე და 764 მუხლების და კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად:
გადაწყვიტა:
1. ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ (ს/კ:405113755) და ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/4595; 04.11.2025) არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი№64) ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიისთვის“, ალექსანდრე ზიბზიბაძისთვის და შპს ,,ტელეიმედისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელეიმედისთვის“, ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიისთვის“ (ს/კ: 405113755) და ალექსანდრე ზიბზიბაძისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ნათია კუკულაძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
