შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ (ს/კ 405113755) და ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივრის განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 19, 2025 12:32
მიღების თარიღი ნოემბერი 13, 2025
შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ (ს/კ 405113755) და ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივრის განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
მომჩივანი მხარე: ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემია“ (ს/კ 405113755) და ალექსანდრე ზიბზიბაძე
მოპასუხე: შპს „ტელეიმედი“
დავის საგანი: შპს „ტელეიმედისთვის“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება
სხდომის თარიღი: 2025 წლის 13 ნოემბერი, 15:00 საათი
I. აღწერილობითი ნაწილი
1. მომჩივანის პოზიცია
1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/4595; 04.11.2025) მიმართა ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიამ“ (ს/კ 405113755) და ალექსანდრე ზიბზიბაძემ შპს „ტელეიმედის“ სამაუწყებლო ეთერში განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და მოითხოვა მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.
2.საჩივარში აღნიშნულია, რომ 2025 წლის 22 ოქტომბერს შპს „ტელეიმედის“ ეთერში გავიდა 20:00 საათიანი გადაცემა „ქრონიკა”. აღნიშნული გადაცემის 20:47:31- 20:52:03 საათზე გასული სიუჟეტი მათ შორის შეეხებოდა ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ დაფინანსებას, აგრეთვე ორგანიზაციის და მისი დამფუძნებლის, ალექსანდრე ზიბზიბაძის საქმიანობას. გადაცემა “ქრონიკის” წამყვანი და სიუჟეტის ავტორი ჟურნალისტი ნინი გოგიშვილი ამბობენ შემდგომ ფრაზებს:
ა) „GCRT, ორგანიზაცია რომლის მეშვეობით 3 მილიონი ფრანკლინის კლუბის მემკვიდრე მომავლის აკადემიას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ათამდე ადვოკატს გაუნაწილდა. მიზანი ძალადობრივი აქციების ორგანიზებაა და ექსტრემისტული ჯგუფებისთვის იურიდიული დახმარების გაწევა”;
ბ) „ხელოვნური პროტესტის უზრუნველყოფისთვის რომ კონკრეტული ჯგუფები დონორებთან ერთად კანონმდებლობაში არსებულ გამონაკლისებს ბოროტად იყენებენ, ეს მმართველი გუნდისთვის ცნობილია”.
3. მომჩივანები აღნიშნავენ, რომ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში 2025 წლის 1 აპრილის კანონით შესული ცვლილებით ახლებურად მოწესრიგდა მაუწყებლობის მიმართ წაყენებული შინაარსობრივი მოთხოვნები. კერძოდ, კანონში შესული ცვლილებებით ახლებურად მოწესრიგდა ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის ან/და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქება, პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანი პირის დაცვის ცალკეული საკითხები. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა.
4. საჩივარში ასევე, აღნიშნულია, რომ შპს “ტელეიმედის” “ქრონიკა” წარმოადგენს ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამას, რომელიც საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას დღის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ამდენად, ის შეუძლებელია მიჩნეულ იქნეს საავტორო გადაცემად. ფაქტობრივ გარემოებებში მითითებული ფრაზები ეკუთვნის “ქრონიკის” წამყვანსა და სიუჟეტის ავტორ ჟურნალისტს. შპს “ტელეიმედის” ჟურნალისტების მხრიდან მითითებულ სიუჟეტში სამოქალაქო სექტორის მიმართ, რომლის წარმომადგენლებიც არიან მოცემული საჩივრის ავტორები გაჟღერდა აშკარად საჩივრის ავტორების საქმიანობის საწინააღმდეგო შემდეგი გამონათქვამები: “ძალადობრივი აქციების ორგანიზება”, “ექსტრემისტული ჯგუფები”, “ხელოვნური პროტესტი”. თითოეული ზემოთ მითითებული ფრაზა მიემართება ა(ა)იპ “საქართველოს მომავლის აკადემიის” აქტივობებს, მის მიერ განხორციელებულ პროექტებს, მის ხელმძღვანელ პირებსა და მის ლექტორებს და ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენს მათ საქმიანობას. გარდა ამისა, მაუწყებლის ჟურნალისტების მიერ წარმოთქმული ფრაზები გამოხატულია როგორც მათი საკუთარი მოსაზრებები და არა მესამე პირთა შეფასებები/გამოხმაურებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორების შეფასებით, მაუწყებლის მიერ ახალი ამბების/საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროგრამაში გამოხატულია საჩივრის ავტორების საწინააღმდეგო პოზიცია, რითაც ირღვევა „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა.
5. მომჩივანები ითხოვენ შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო.
6. კომისიის 2025 წლის 13 ნოემბრის მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდნენ შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელი ა. ვაზაგაშვილი და ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ წარმომადგენელიბ ვ. ჟიჟიაშვილი. შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საჩივარი განსახილველად უნდა იქნეს მიღებული, ვინაიდან, საჩივრის განხილვა განეკუთვნება კომისიის უფლებამოსილებას, ხოლო მომჩივანები წარმოადგენენ საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილ პირებს, ვინაიდან ,,ტელეიმედის“ ეთერით გასული სიუჟეტი შეეხებოდა მათ.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, აგრეთვე სალიცენზიო პირობებისა და ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს კომისიას“.
8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,„საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს“.
9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, „დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა“.
10. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად,„დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა”.
11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 764 მუხლის თანახმად, მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე, 541, 542, 553, 56-ე და 564 მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს ამ კანონით დადგენილი წესით. კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს შეუფარდოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია, რომელიც აღსასრულებლად არ მიექცევა. მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე - 542, 553, 56-ე და 564 მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისის შემდეგ დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს და მაუწყებელს შესაბამის სანქციას შეუფარდებს კანონით დადგენილი წესით.
12. კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, ან განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, თუ განმცხადებელი/საჩივრის ავტორი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტს“.
13. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ,,ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს“.
III. სამოტივაციო ნაწილი
14. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით თუ დავის საგანი უკავშირდება კომისიის მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, კომისია უფლებამოსილია მიიღოს საჩივარი განსახილველად და დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება. შესაბამისად, კომისიამ უნდა შეაფასოს საჩივარში დასმული საკითხები განეკუთვნება თუ არა მის უფლებამოსილებას და საჩივარი წარდგენილია თუ არა უფლებამოსილი სუბიექტის მიერ.
15. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ფუნქციებს მიეკუთვნება მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი.
16. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლი ადგენს მაუწყებლის მიერ სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვის სტანდარტს.
17. კომისიის მიერ დგინდება, რომ ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემია“ და ალექსანდრე ზიბზიბაძე დავობენ შპს ,,ტელეიმედის“ მიერ ეთერით გავრცელებულ საინფორმაციო პროგრამაში ინფორმაციის „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევით განთავსების თაობაზე. თავის მხრივ, შპს „ტელეიმედი“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია და როგორც მაუწყებელი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის
54-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულია ეთერით გავრცელებულ პროგრამაში ინფორმაციის განთავსებისას დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის ცალკეული ნორმების, მათ შორის, 54-ე მუხლის მოთხოვნები. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიისა“ და ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივრის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში.
18. გარდა ამისა, კომისიის მიერ უნდა შემოწმდეს, რამდენად არის მომჩივანი საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილი, დაინტერესებული პირი. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი განმარტებულია, როგორც ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა. მომჩივანების მიერ მითითებული, შპს „ტელეიმედის“ ეთერში განთავსებული ინფორმაცია უკავშირდება მათ და აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებით, მომჩივანების განცხადებით, დაირღვა მათი კანონიერი ინტერესი. შესაბამისად, მომჩივანები საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილი პირი არიან.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საჩივარი მიღებულ უნდა იქნეს განსახილველად და დავის განხილვის დღედ განისაზღვროს 2025 წლის 27 ნოემბერი.
ამასთანავე, კომისია მიიჩნევს, რომ კომისიის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს უნდა დაევალოს საჩივარში მითითებული გარემოებების შესწავლა და დასკვნის წარმოდგენა.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების, 54-ე და 764 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად:
გადაწყვიტა:
1. ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ (ს/კ:405113755) და ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/4595; 04.11.2025) შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ განსახილველად იქნეს მიღებული;
2. დავის განხილვა დაინიშნოს 2025 წლის 27 ნოემბერს, 15:00 საათზე;
3. დაევალოს კომისიის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე) საჩივარში მითითებული გარემოებების შესწავლა და დასკვნის წარმოდგენა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელეიმედისთვის“, ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიისთვის“ (ს/კ: 405113755) და ალექსანდრე ზიბზიბაძისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და 4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
