წვდომის მენიუ

შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“ (ს/კ 4051137755), ალექსანდრე ზიბზიბაძისა და მარია დარჩიევის საჩივრის განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: გ-25-16 / 529

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 11, 2025 13:46

მიღების თარიღი ნოემბერი 06, 2025

შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“ (ს/კ 4051137755), ალექსანდრე ზიბზიბაძისა და მარია დარჩიევის საჩივრის განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

მომჩივანი მხარე: ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემია“ (ს/კ 4051137755), ალექსანდრე ზიბზიბაძე და მარია დარჩიევი.

მოპასუხე: შპს „ტელეიმედი“.

დავის საგანი: შპს „ტელეიმედისთვის“ კანონმდებლობის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.

კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 6 ნოემბერი, 15:00 სთ.

I. აღწერილობითი ნაწილი

1. მომჩივანის პოზიცია

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/4510, 29.10.25) მიმართა ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიამ“ (ს/კ 4051137755),  ალექსანდრე  ზიბზიბაძემ  და  მარია  დარჩიევმა  (შემდგომში  -  მომჩივანები) შპს ,,ტელეიმედის“ მიერ სამაუწყებლო ეთერში, ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და მოითხოვა შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.

2. საჩივარში აღნიშნულია, რომ 2025 წლის 19 ოქტომბერს, შპს ,,ტელეიმედის“ გადაცემაში - ,,იმედის კვირა“, 20:02:01–20:22:38 საათზე, გავიდა სიუჟეტი-,,ევროკომისიის როლი ხელოვნურ პროტესტში“,  რომელიც, ასევე, შეეხებოდა ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ დაფინანსებას, აგრეთვე ორგანიზაციისა და მისი დამფუძნებლის, ალექსანდრე ზიბზიბაძის საქმიანობას. გადაცემის წამყვანი ირაკლი ჩიხლაძე და სიუჟეტის ავტორი, ჟურნალისტი მარიამ ოშხნელი ამბობენ შემდეგ ფრაზებს: „დეტალურად გიჩვენებთ, როგორ იყენებენ მდიდარი ენჯეოები და მათი გარე პატრონები იმ გამონაკლისს, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ კანონში ადამიანთა ტანჯვის შესამსუბუქებლად დაუშვა და რა როლი აქვს წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრს ანტისახელმწიფოებრივი პროტესტის მხარდაჭერაში”; ,,ჩვენ უკვე ოთხი სერია გიჩვენეთ ხელოვნურ პროტესტზე და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილ ანტისახელმწიფოებრივ პროექტებზე”; ,,გულწრფელად მაინტერესებს, იციან თუ არა მშობლებმა თავიანთი შვილების  მონაწილეობა ანტისახელმწიფოებრივ პროექტებში”; ,,სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე ანტიკონსტიტუციურ აქციებზე წინ დაიყენეს და მოზარდებს ამოეფარნენ”; ,,მომავლის აკადემიის მიმდინარე პროექტ ფენიქსის ორდენში, ლექციებს რადიკალური განწყობების პოლიტიკოსები და არასამთავრობოების წარმომადგენლები კითხულობენ”; ,,ზიბზიბაძის მომავლის აკადემია იყო ოპოზიციურ-პროპაგანდისტული ორგანიზაციებიდან ერთ-ერთი, რომლის დაფინანსებასაც გეგმავდა თითქმის 100 000 ფუნტით ბრიტანეთის საელჩო”; ,,4 ოქტომბერს უკვე დაიფერფლა რადიკალებისა და მათი გარე პატრონების იმედები”; ,,უცხოური სპეცსამსახურების მცდელობა რადიკალური აქციების დაფინანსებით, ექსტრემიზმის წახალისებით და პროცესში ახალგაზრდების  ჩართვით მოაწყონ ქვეყანაში რევოლუცია, ყოველ ჯერზე დასრულდება კიდევ უფრო დიდი კრახით”.

3. საჩივარში აღნიშნულია, რომ გადაცემა ,,იმედის კვირა” წარმოადგენს ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამას, რომელიც აჯამებს კვირის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და შეუძლებელია მიჩნეულ იქნეს საავტორო გადაცემად. მითითებულ სიუჟეტში ჟურნალისტების მხრიდან სამოქალაქო სექტორის მიმართ, რომლის წარმომადგენლებიც თვითონ არიან, გაჟღერდა საჩივრის ავტორების საქმიანობის საწინააღმდეგო გამონათქვამები: ,,მდიდარი ენჯეოები”, ,,ანტისახელმწიფოებრივი პროტესტი”, ,,ხელოვნური პროტესტი”, ,,გარედან მართული  აგენტურა”,  ,,ანტისახელმწიფოებრივი პროექტები”, ,,ანტიკონსტიტუციური  აქციები”, ,,რადიკალური განწყობების პოლიტიკოსები”, ,,ოპოზიციურ- პროპაგანდისტული ორგანიზაცია”, ,,რადიკალები”, ,,რადიკალური აქციები”, ,,ექსტრემიზმის წახალისებით”. თითოეული ფრაზა მიემართება ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის” აქტივობებს, მის მიერ განხორციელებულ პროექტებს, მის ხელმძღვანელ პირებსა და ლექტორებს და ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენს მათ საქმიანობას. გარდა ამისა, მაუწყებლის ჟურნალისტების მიერ წარმოთქმული ფრაზები გამოხატულია როგორც მათი საკუთარი მოსაზრებები. ყოველივე აღნიშნულით, მაუწყებლის მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 54- ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის თანახმად, ,,დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა“.

4. საჩივარში აღნიშნულია, რომ ,,იმედის კვირაში” გასულ სიუჟეტში განთავსდა ,,ტელეიმედის“ ჟურნალისტ მარიამ ოშხნელის სატელეფონო საუბარი ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის” მმართველი საბჭოს წევრ მარია დარჩიევთან. ჟურნალისტს კომენტარის მიღებისას არ წარუდგენია რესპონდენტისთვის თავი და ზარის მიზანი, ასევე არ გაუფრთხილებია რომ სატელეფონო საუბარი იწერებოდა და შესაძლებელი იყო გამოქვეყნებულიყო. მეტიც, საჩივრის ავტორის განმარტებით, ჟურნალისტმა მარია დარჩიევი მოატყუა, თითქოს მას ურეკავდა როგორც მშობელი, რომელსაც შვილის მიყვანა სურდა ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიაში“. ამდენად, მაუწყებლის მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 542 მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის თანახმად, ,,მაუწყებელს მეორე მხარესთან სატელეფონო საუბრის ჩაწერის უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ სატელეფონო საუბრის ჩაწერამდე რესპონდენტს თავი წარუდგინა, განუმარტა ზარის მიზანი და აუხსნა, რომ ზარი იწერება და შესაძლოა გამოქვეყნდეს. იმ შემთხვევაში, თუ ზარის განხორციელებისას მაუწყებლისთვის არ იყო ცნობილი საუბრის შესაძლო გამოქვეყნების შესახებ, მაუწყებელმა რესპონდენტისგან მასალის გაშვებამდე თანხმობა უნდა მიიღოს, თუ სხვაგვარად მოქმედება გამართლებული არ არის“.

5. საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54-ე−542, 552  და 553−564  მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების  პლატფორმაზე  (მათ  შორის, სოციალურ  ქსელში)  ინფორმაციის  განთავსების  გამო.

შესაბამისად, ზემოაღნიშნული ინფორმაციის სოციალურ ქსელში (“Facebook’’) და ვებგვერდზე განთავსებით მაუწყებლის მიერ დარღვეულია 54-ე მუხლის მე-5 პუნქტი.

6. მომჩივანები ითხოვენ შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 542 მუხლის მე-5 პუნქტისა და 591 მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო.

7. კომისიის 2025 წლის 6 ნოემბრის მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდა ალ.ზიბზივაძე და ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიისა“ და მარია დარჩიევის წარმომადგენელი, რომელმაც მხარი დაუჭირა საჩივარს და აღნიშნა, რომ საჩივრის განხილვა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განეკუთვნება კომისიის უფლებამოსილებას, ხოლო მომჩივანები წარმოადგენენ საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილ პირებს, ვინაიდან სიუჟეტი  და გამოთქმული ფრაზები შეეხებოდა ორგანიზაციის და მისი დამფუძნებლის ალექსანდრე ზიბზიბაძის საქმიანობას, ხოლო სატელეფონო საუბარი მარია დარჩიევს.

8. კომისიის 2025 წლის 6 ნოემბრის მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ტელეიმედის“ წარმომადგენელი, რომელმაც აღნიშნა, რომ ეთანხმებიან იმას, რომ საჩივარი განსახილველად უნდა იქნეს მიღებული, ვინაიდან, საჩივრის განხილვა განეკუთვნება კომისიის უფლებამოსილებას, ხოლო მომჩივანები წარმოადგენენ საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილ პირებს, ვინაიდან ,,ტელეიმედში“ გასული სიუჟეტი შეეხებოდა მათ.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

9. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ,,მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, აგრეთვე სალიცენზიო პირობებისა და ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს კომისიას“.

10. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტის  შესაბამისად, ,,საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს“.

11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,დაინტერესებული პირი   არის   ფიზიკური   პირი   ან   იურიდიული   პირი,   რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა“.

12. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ,,დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა“.

13. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 542 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ,,მაუწყებელს მეორე მხარესთან სატელეფონო საუბრის ჩაწერის უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ სატელეფონო საუბრის ჩაწერამდე რესპონდენტს თავი წარუდგინა, განუმარტა ზარის მიზანი და აუხსნა, რომ ზარი იწერება და შესაძლოა გამოქვეყნდეს. იმ შემთხვევაში, თუ ზარის განხორციელებისას მაუწყებლისთვის არ იყო ცნობილი საუბრის შესაძლო გამოქვეყნების შესახებ, მაუწყებელმა რესპონდენტისგან მასალის გაშვებამდე თანხმობა უნდა მიიღოს, თუ სხვაგვარად მოქმედება გამართლებული არ არის“.

14. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ,,მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54-ე - 542, 552  და 553  - 564  მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო“.

15. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 764 მუხლის თანახმად, მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე, 541, 542, 553, 56-ე და 564 მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს ამ კანონით დადგენილი წესით. კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს შეუფარდოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია, რომელიც აღსასრულებლად არ მიექცევა. მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე - 542, 553, 56-ე და 564  მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისის შემდეგ დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს და მაუწყებელს შესაბამის სანქციას შეუფარდებს კანონით დადგენილი წესით.

16. კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ,,მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, ან განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, თუ განმცხადებელი/საჩივრის ავტორი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტს“.

17. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ,,ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს“.

III. სამოტივაციო ნაწილი

18. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით    თუ დავის საგანი უკავშირდება კომისიის მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, კომისია უფლებამოსილია მიიღოს საჩივარი განსახილველად და დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება. შესაბამისად, კომისიამ უნდა შეაფასოს საჩივარში დასმული საკითხები განეკუთვნება თუ არა მის უფლებამოსილებას და საჩივარი წარდგენილია თუ არა უფლებამოსილი სუბიექტის მიერ.

19. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ფუნქციებს მიეკუთვნება მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი.

20. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს  კანონის 54-ე მუხლი ადგენს მაუწყებლის მიერ სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვის, ხოლო 542 მუხლი მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემის სტანდარტებს.

21. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ,,მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54-ე - 542, 552 და 553 -564  მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო“.

22. ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემია“ (ს/კ 4051137755), ალექსანდრე ზიბზიბაძე და მარია დარჩიევი დავობენ შპს ,,ტელეიმედის“ მიერ სამაუწყებლო ეთერით გავრცელებულ პროგრამაში, ასევე, ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი დომენის საშუალებით (მაუწყებლის ვებგვერდი) და მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (სოციალურ ქსელში (“Facebook’’) ინფორმაციის „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 542 მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევით განთავსების თაობაზე. თავის მხრივ, შპს ,,ტელეიმედი“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია და როგორც მაუწყებელი,   ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის   591 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვალდებულია ეთერით გავრცელებულ პროგრამაში და ინტერნეტში, ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში ინფორმაციის განთავსებისას დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის ცალკეული ნორმების, მათ შორის, 54-ე და 542 მუხლების  მოთხოვნები.   შესაბამისად,   კომისიას   მიაჩნია,   რომ   ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“ (ს/კ 4051137755), ალექსანდრე ზიბზიბაძისა და მარია დარჩიევის საჩივრის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში.

23. კომისიის მიერ, ასევე შემოწმდა, რამდენად არიან მომჩივანები საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილი, დაინტერესებული პირები. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი განმარტებულია, როგორც ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა. მომჩივანების მიერ მითითებული, შპს ,,ტელეიმედის“ ეთერში, ვებგვერდზე და სოციალური ქსელში (‘’Facebook”) განთავსებული ინფორმაცია უკავშირდება მათ და აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებით, მომჩივანების განცხადებით, დაირღვა მათი კანონიერი ინტერესი. ის, რომ სიუჟეტი ეხება მომჩივანებს, კომისიის სხდომაზე დაადასტურა შპს ,,ტელეიმედის“ წარმომადგენელმა. შესაბამისად, მომჩივანები საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილი პირები არიან.

24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საჩივარი მიღებულ უნდა იქნეს განსახილველად და დავის განხილვის დღედ განისაზღვროს 2025 წლის 20 ნოემბერი.

25. ამასთან, კომისია მიიჩნევს, რომ კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს უნდა დაევალოს საჩივარში მითითებული გარემოებების შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების, 591 მუხლის მე-5 პუნქტისა და 764 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად:

გადაწყვიტა:

1. ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“ (ს/კ 4051137755), ალექსანდრე ზიბზიბაძისა და მარია დარჩიევის საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/4510, 29.10.25) შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ განსახილველად იქნეს მიღებული.

2.  დავის განხილვა დაინიშნოს 2025 წლის 20 ნოემბერს, 15:00 საათზე.

3. დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე) საჩივარში მითითებული გარემოებების შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელეიმედისთვის“, ა(ა)იპ ,,საქართველოს  მომავლის აკადემიისთვის“  (ს/კ 4051137755),  ალექსანდრე  ზიბზიბაძისათვის  და  მარია  დარჩიევისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.

6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე    (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

ეკატერინე  იმედაძე          წევრი

ნათია კუკულაძე              წევრი

ვახტანგ  აბაშიძე               თავმჯდომარე  - მ.შ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები