სს „მედია ჰოლდინგისა“ და შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 10, 2025 17:18
მიღების თარიღი ნოემბერი 06, 2025
სს „მედია ჰოლდინგისა“ და შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე
მომჩივანი: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“
მოპასუხე: სს „მედია ჰოლდინგი“ და შპს „ტელეიმედი“
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 6 ნოემბერი
I. აღწერილობითი ნაწილი
1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას (შემდგომში „კომისია“) საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/3961; 22.09.2025; Nშ-25-6/3990; 23.09.2025) მიმართა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალმა საქართველომ”. საჩივარში აღნიშნულია, რომ სს „მედია ჰოლდინგი“ და შპს „ტელეიმედი“ დისკრიმინაციულად არ აშუქებენ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ საარჩევნო კამპანიის ღონისძიებებს, რის გამოც მომჩივანი ითხოვს საჩივრის განხილვასა და მაუწყებლებისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებას. მომჩივანი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად უთითებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის პირველ პუნქტს.
2.მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სათანადო სამართლებრივი პროცედურით საკითხის განხილვის მიზნით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალ საქართველოს” განესაზღვრა 5 სამუშაო დღე, რათა დაეზუსტებინა საჩივარში მითითებული დარღვევა და წერილობით მიეწოდებინა კომისიისთვის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა მაუწყებელთა მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპის დარღვევა (კომისიის წერილი Nგ-25-03/2281; 23.09.2025). მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალ საქართველოს” კომისიის აღნიშნული წერილი ჩაბარდა 2025 წლის 24 სექტემბერს, რაც დადასტურებულია მომჩივანის მიერ. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალმა საქართველომ” არ წარმოადგინა მისთვის განსაზღვრულ ვადაში მოთხოვნილი ინფორმაცია, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2025 წლის 6 ნოემბერს კომისიაში დაინიშნა სხდომა, სს „მედია ჰოლდინგისა“ და შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხის განხილვის მიზნით.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან”, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, „თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია”. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა“, ხოლო მე-4 ნაწილის მიხედვით, „თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება“.
5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, „თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ“.
6. კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, ან განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, თუ განმცხადებელი/საჩივრის ავტორი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტს“.
III. სამართლებრივი დასაბუთება
7. კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას გამოითხოვოს განმცხადებლისგან საკითხის განხილვისთვის საჭირო დამატებითი დოკუმენტი ან სხვა ინფორმაცია და განუსაზღვროს მას ვადა ამ ინფორმაციის წარმოსადგენად, განმცხადებლის უფლებას მოითხოვოს დამატებითი ვადა და ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამისილებას განუხილველად დატოვოს განცხადება მოთხოვნილი ინფორმაციის განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში.
8. საჩივარში აღნიშნულია, რომ სს „მედია ჰოლდინგი“ და შპს „ტელეიმედი“ დისკრიმინაციულად არ აშუქებენ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ საარჩევნო კამპანიის ღონისძიებებს, რის გამოც მომჩივანი ითხოვს საჩივრის განხილვასა და მაუწყებლებისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებას, ხოლო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად უთითებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის პირველი პუნქტს.
9. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას საზოგადოებრივ- პოლიტიკური პროგრამების გადაცემებისა და არჩევნების გაშუქების დროს მაუწყებელმა უნდა დაიცვას მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, მაუწყებელთა ქცევის კოდექსისა და ამ კანონის შესაბამისად.
10. კომისია აღნიშნავს, რომ საჩივარში მითითებული ნორმა არის ზოგადი ხასიათის და იგი თავის მხრივ მიუთითებს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას სხვა ნორმატიული აქტების დაცვის ვალდებულებაზე. წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტებისთვის საეთერო დროის გამოყოფას და წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ცალკეულ საკითხებს აწესრიგებს როგორც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, ასევე საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“.
11. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით სხვადასხვა სამართლებრივი პროცედურებია გათვალისწინებული მაუწყებელთა მიერ ჩადენილი სხვადასხვა სახის დარღვევებზე რეაგირებისთვის (მაგალითად, კომისიის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა დარღვევის გამოვლენიდან 2 დღის ვადაში და სასამართლოში წარდგენა რეაგირებისთვის, ასევე, კომისიის მიერ საჩივრის დასაშვებობის განხილვა 7 სამუშაო დღის ვადაში და გადაწყვეტილების მიღება).
12. კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ საჩივარში არ არის დაზუსტებული კონკრეტულად რა ქმედებაში/უმოქმედობაში გამოიხატება დარღვევა (მაგ. უფასო საეთერო დროის გამოყოფის დადგენილი ვალდებულების წესის დარღვევა, დებატებში მონაწილეობის წესის დარღვევა თუ სხვა) და მაუწყებელთა მიერ ჩადენილი დარღვევა დაკავშირებულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ თუ „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევასთან.
13. მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანება „თავისუფალმა საქართველომ” კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგინა კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია (კომისიის წერილი Nგ-25-03/2281; 23.09.2025), კერძოდ, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა მაუწყებელთა მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპის დარღვევა, რომელზეც მომჩივანი ზოგადად უთითებდა თავის საჩივარში. ამასთანავე, მომჩივანს არ მოუთხოვია დამატებითი ვადა ინფორმაციის წარმოსადგენად.
14. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, „თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ“.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს” საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლისა და კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. განუხილველად დარჩეს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს” საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/3961; 22.09.2025; Nშ-25-6/3990; 23.09.2025);
2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოსთვის” ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოსთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
