შპს „ვიფიშერის“ წინააღმდეგ შპს „მაგთიკომის“ განცხადების განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 26, 2025 12:49
მიღების თარიღი მარტი 20, 2025
შპს „ვიფიშერის“ წინააღმდეგ შპს „მაგთიკომის“ განცხადების განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
განმცხადებელი: შპს „მაგთიკომი“
მოპასუხე: შპს „ვიფიშერი“
დავის საგანი: ურთიერთჩართვიდან გამომდინარე დავალიანების გადაუხდელობა
კომისიის მოსამზადებელი სხდომის თარიღი: 2025 წლის 20 მარტი
I. აღწერილობითი ნაწილი
1. განმცხადებლის პოზიცია
1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში-კომისია) განცხადებით (11.03.25 Nშ-25-6/971) მიმართა შპს „მაგთიკომმა“.
2.განმცხადებლის ინფორმაციით, შპს „ვიფიშერსა“ და შპს „მაგთიკომს“ შორის არსებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ვიფიშერის “ დავალიანებამ 2025 წლის თებერვლის მდგომარეობით შეადგინა 130,387.99 ლარი (2024 წლის დეკემბერი - 50,929.46 ლარი, 2025 წლის იანვარი - 43,079.11 ლარი, 2025 წლის თებერვალი - 36,379.42 ლარი) . კომპანიას არ გაუხდია სადაო დავალიანება და ასევე დადასტურებული აქვს 2024 წლის დეკემბრისა და 2025 წლის იანვრის ანგარიშ-ფაქტურები.
3.განმცხადებელი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე -3 პუნქტის შესაბამისად, ითხოვს კომისიის თანხმობას შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ვიფიშერს“ შორის არსებული ურთიეთჩართვის შეჩერებაზე - დავალიანების სრულად გადახდამდე.
4.2025 წლის 20 მარტის მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდა შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელი დავით ძიძიგური, რომელმაც მხარი დაუჭირა კომისიაში წარმოდგენილ განცხადებას და განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით კვლავ არ არის დაფარული დავალიანება.
5.2025 წლის 20 მარტის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ვიფიშერის“ წარმომადგენელი გიორგი ნიშნიანიძე, რომელმაც დაადასტურა, რომ კომპანიას სამივე თვის ანგარიშფაქტურა დადასტურებული აქვს და განაცხადა, რომ შპს „ვიფიშერი“ უახლოეს მომავალში დაფარავს შპს „მაგთიკომის“ დავალიანებას.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ძირითად ფუნქციებს მიეკუთვნება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“, ხოლო ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად - „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება.“;
7.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.“;
8.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი და მე- 2 პუნქტების შესაბამისად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით;
9.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, „მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ.“;
10.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის ვადაა 1 თვე;
11.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, „ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.“.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. გამოკვლეული მტკიცებულებები
12.შპს „მაგთიკომის“ განცხადება (11.03.25 Nშ-25-6/971);
13.შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ვიფიშერის“ შორის 2021 წლის 4 ივნისს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და მხარეებს შორის 2023 წლის 6 მარტს გაფორმებული შეთანხმება;
14. დავალიანებასთან დაკავშირებით შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ვიფიშერის“ შორის განხორციელებული ელექტრონული ფოსტის მიმოწერა;
15.შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ვიფიშერს“ შორის დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურები;
16.შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლის დ. ძიძიგურისა და შპს „ვიფიშერის“ წარომომადგენლის გ.ნიშნიანიძის მიერ კომისიის 2025 წლის 20 მარტის სხდომაზე გაკეთებული ახსნა- განმარტებები;
17.შპს „მაგთიკომისა“ და შპს „ვიფიშერის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და საჯარო რეესტრის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
18.შპს „ვიფიშერი” 2020 წლის 31 დეკემბრიდან არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი (კატეგორია: ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება; F.1.4 ტექსტური შეტყობინების მომსახურება მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა; B.M.2.1 ტექსტური შეტყობინების მომსახურება, ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება; B.F.1.1 ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება; B.F.1.3 საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება).
მტკიცებულება: შპს „ვიფიშერი”-ის შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.
19.შპს „მაგთიკომი“ 2010 წლის პირველი თებერვლიდან არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი და 2010, 2011 და 2016 წლებში ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სხვადასხვა სახეებზე (კატეგორია: A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა (A.F.1.1; A.F.1.2; A.F.1.4; A.F.1.5); A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა (A.F.2.1); A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა (A.F.3.1; A.F.3.2); A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა (A.F.5.1); A.F.6:საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა (A.F.6.1); A.F.7:ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა (A.F.7.7); A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა (A.M.1.1. GSM); B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება (B.F.1.1; B.F.1.2; B.F.1.3; B.F.1.4); B.F.2 ინტერნეტ მომსახურება (B.F.2.2; B.F.2.3; B.F.2.6; B.F.2.8; B.F.2.10); B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი (B.F.4.1; B.F.4.2); B.F.6: გამოძახებითი აუდიო- ვიზუალური მედიამომსახურების უზრუნველყოფა (B.F.6.0); B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება (B.M.1.1; B.M.1.2; B.M.1.3); B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა (B.M.2.1; B.M.2.2; B.M.2.3; B.M.2.4; B.M.2.5; B.M.2.6); A.S.1: თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა (A.S.1.1; A.S.1.2); B.S.2 ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით (B.S.2.0); B.S.3 თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება (B.S.0); B.S.4 თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება (B.S.4.0); B.S.5: სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება (B.S.5.0);
მტკიცებულება: შპს „მაგთიკომის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.
20.შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ვიფიშერს“ შორის გაფორმებულია ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და 2023 წლის 6 მარტს მხარეებს შორის გაფორმებულია შეთანხმება. აღნიშნული ხელშეკრულებისა და შეთანხმების ფარგლებში გადასახდელი დავალიანების გადახდის მოთხოვნით შპს „მაგთიკომს“ მიმართული აქვს შპს „ვიფიშერისთვის“ წერილობით; მტკიცებულება: შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ვიფიშერს“ შორის 2021 წლის 4 ივნისს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და მხარეებს შორის 2023 წლის 6 მარტს გაფორმებული შეთანხმება; შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ვიფიშერს“ შორის განხორციელებული ელექტრონული ფოსტის მიმოწერა;
3. სამართლებრივი შეფასება
21.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მხარის მომართვის საფუძველზე, მხოლოდ კომისიის თანხმობით არის შესაძლებელი მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერება. ამდენად, კომისია არის საკითხის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო.
22.თავის მხრივ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისია მოსამზადებელ სხდომაზე იღებს გადაწყვეტილების დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ, თუ სახეზე არ არის განცხადების განუხილველად დატოვების ან/და ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლები.
23.გამომდინარე იქიდან, რომ არ არის სახეზე კანონმდებლობით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი წარმოების შეწყვეტის ან/და განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ - დავის განხილვის დღედ განისაზღვრება 2025 წლის 27 მარტი.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, 38-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1.შპს „ვიფიშერის“ წინააღმდეგ შპს „მაგთიკომის“ განცხადება (11.03.25 Nშ-25-6/971) მიღებულ იქნეს განსახილველად;
2.შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ვიფიშერს“ შორის დავის განხილვა დაინიშნოს 2025 წლის 27 მარტს, 15:00 საათზე;
3.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მხარეებისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4.გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
5.გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
6.კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი