ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 25, 2024 14:12
მიღების თარიღი ივნისი 20, 2024
ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
ავტორიზებული პირი: ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“
სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა
წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 24-10-956, 24.05.2024).
კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის 13 ივნისი და 20 ივნისი, 15:00 საათი.
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 24-10-956, 24.05.2024) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის პირველი პუნქტის დარღევის გამო.
2. მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში მაუწყებლების მიერ შევსებული ინფორმაციის მონიტორინგისას გამოვლინდა, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი - ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია- კავშირი ობიექტივი“ მაუწყებლის ერთ-ერთ დაფინანსების წყაროდ, ფიზიკური/იურიდიული პირის ველში უთითებს პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ (საიდენტიფიკაციო ნომრით 205304801), ხოლო მომსახურების სახედ მონიშნულია კატეგორია - „სხვა“.
3. 2024 წლის 2 მაისს კომუნიკაციების კომისიამ წერილობით (რეგისტრაციის ნომერი Nგ-24-04/1042) მიმართა ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ და მოითხოვა მაუწყებლისგან ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სახის მომსახურება გაეწია პოლიტიკურ გაერთიანებას მაუწყებლის მიერ. ასევე, მაუწყებელს ეთხოვა შესაბამისი მომსახურების დამადასტურებელი ხელშეკრულების კომისიისათვის წარმოდგენა.
4. 2024 წლის 13 მაისს N1305/01 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-24-6/2318,13.05.2024) მაუწყებელმა განმარტა, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ გაუწია იჯარის მომსახურება, რის დასტურადაც წარმოდგენილია ავტორიზებულ პირსა და პოლიტიკურ გაერთიანებას შორის 2023 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული ქვეიჯარის ხელშეკრულებები.
5. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა შეისწავლა მაუწყებლის მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში წარმოდგენილი ინფორმაცია, მაუწყებლის ახსნა- განმარტება და ხელშეკრულებები, რის საფუძველზეც დეპარტამენტს მიაჩნია, რომ მაუწყებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევას. კერძოდ, ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიერ დარღვეულია მაუწყებლების დაფინანსების დაუშვებლობის თაობაზე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 661 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.
6. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა დაინიშნა 2024 წლის 13 ივნისს, რის შესახებაც, კომპანიას გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება (Nგ-24-03/1241, 10/06/2024). კომისიის 2024 წლის 13 ივნისის სხდომაზე ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია- კავშირი ობიექტივის“ წარმომადგენელი არ გამოცხადდა, შესაბამისად, საკითხის განხილვა გადაიდო და დაინიშნა 2024 წლის 20 ივნისს, 15 საათზე. აღნიშნულის თაობაზე კომპანიას ეცნობა კომისიის შეტყობინებით (N გ-24-03/1273, 14/06/2024). ავტორიზებულ პირს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
7. კომისიის 2024 წლის 20 ივნისის სხდომაზე გამოცხადდა ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წარმომადგენელი ბ.ფერაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ მაუწყებლის დაფინანსების საკითხი საერთოდ არ დგას. მან განმარტა, რომ არსებობს შენობის გარკვეული ფართი, რომელიც არ გამოიყენება ტელეკომპანიის მიერ და გაქირავდა ქვეიჯარით კონკრეტულ ორგანიზაციაზე. სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში არ ზღუდავს მაუწყებელს კანონმდებლობა, რომ გარკვეული ფართი გააქირაოს. სამოქალაქო კოდექსში არც ჩამონათვალია, თუ ვისზე შეიძლება ფართის გაქირავება. თვლის, რომ პოლიტიკური პარტიის მხრიდან მაუწყებლის დაფინანსების საკითხი, არ უნდა დადგეს. ჩვეულებრივი სამოქალაქო ურთიერთობა ჩამოყალიბდა ორ ორგანიზაციას შორის, ერთმა ქვეიჯარით გასცა ფართი, რომლითაც არ სარგებლობდა, ხოლო კონკრეტულმა ორგანიზაციამ იქირავა ეს ფართი, მისი აზრით. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ამას არ კრძალავს.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციებია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;
10. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3−მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე მაუწყებლის საგანმანათლებლო, კულტურული, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვასთან დაკავშირებული პროგრამების ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაფინანსების ან თანადაფინანსების შემთხვევებისა.
12. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის მე-2 და მე-3-მე-5 პუნქტების თანახმად, „2. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება სოციალური რეკლამის განთავსებისთვის ამ კანონის 65-ე მუხლით განსაზღვრული დროის ხანგრძლივობის მინიმალური ზღვრის მიღმა სოციალური რეკლამის განთავსების ან/და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია მისი ბიუჯეტის ცალკე მუხლით. ასეთ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო არის შემსყიდველი ორგანიზაცია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.”; “3. საარჩევნო ადმინისტრაცია უფლებამოსილია შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაციის მოსამზადებლად ან/და ეთერში გადასაცემად.”; “4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული საუნივერსიტეტო მაუწყებლობა ფინანსდება საკუთარი სახსრებით, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებით.”; “5. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დააფინანსოს მაუწყებლის მიერ სატელევიზიო გასართობი/შემეცნებითი გადაცემის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტაციისთვის გაწეული დამატებითი ხარჯები ამ გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ. ამ შემთხვევაში მაუწყებელმა ადმინისტრაციულ ორგანოსა და კომისიას უნდა წარუდგინოს გადაცემის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტაციასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების შესახებ ანგარიში, რომელსაც უნდა დაურთოს შესაბამისი პირველადი ფინანსური დოკუმენტები (ინვოისი, მიღება-ჩაბარების აქტი, ხელშეკრულება და ა. შ.). კომისიამ უნდა განახორციელოს მონიტორინგი და დაადასტუროს, რომ ეთერში გასული სატელევიზიო გასართობი/შემეცნებითი გადაცემა შეესაბამებოდა კომისიის მიერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ჟესტური ენით, სუბტიტრებითა და აუდიოდესკრიფციით გადაცემების მომზადებისა და განთავსების სახელმძღვანელო წესებს.”;
13. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
14. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 24-10-956, 24.05.2024);
15. კომისიის 2024 წლის 2 მაისის წერილი (რეგისტრაციის ნომერი Nგ-24-04/1042);
16. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედიაკავშირ ობიექტივის“ 2024 წლის 13 მაისს N1305/01 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N შ-24-6/2318, 13.05.2024) თანდართული დოკუმენტაციით (2023 წლის 25 დეკემბრის ქვეიჯარის ხელშეკრულებები);
17. 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში მაუწყებლების მიერ შევსებული ინფორმაცია;
18. კომისიის შეტყობინება (Nგ-24-03/1241, 10/06/2024) სხდომაზე მოწვევის თაობაზე და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
19. კომისიის შეტყობინება (N გ-24-03/1273, 14/06/2024) სხდომაზე მოწვევის თაობაზე და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
20. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ შესახებ მონაცემები;
21. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივის“ წარმომადგენლის ბ.ფერაძის ახსნა- განმარტება მიცემული კომისიის 2024 წლის 20 ივნისის სხდომაზე.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
22. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივი“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია.
მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივის“ შესახებ.
23. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ (საიდენტიფიკაციო ნომრით 205304801) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებაა.
მტკიცებულება: მონაცემები მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან.
24. 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში მაუწყებლების მიერ შევსებული ინფორმაციის მონიტორინგისას გამოვლინდა, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი - ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ მაუწყებლის ერთ- ერთ დაფინანსების წყაროდ, ფიზიკური/იურიდიული პირის ველში უთითებს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ (საიდენტიფიკაციო ნომრით 205304801), ხოლო მომსახურების სახედ მონიშნულია კატეგორია - „სხვა“.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 24-10-956, 24.05.2024); 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7- ში მაუწყებლების მიერ შევსებული ინფორმაცია;
25. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივმა“ 2023 წლის 25 დეკემბერს გააფორმა 2 ქვეიჯარის ხელშეკრულება პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსთან“. ქვეიჯარის ხელშეკრულებით და ანგარიშგების ფორმა 1.7-ში მაუწყებლების მიერ შევსებული ინფორმაციის თანახმად, გაწეული მომსახურების სანაცვლოდ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსისაგან“ მიღებულმა დაფინანსებამ 2024 წლის თებერვლის თვეში შეადგინა 26,800.00 ლარი, ხოლო მარტის თვეში 8,963.93 ლარი. ამდენად, ადგილი აქვს პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივის“ მომსახურების შესყიდვას/დაფინანსებას.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 24-10-956, 24.05.2024); 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7- ში მაუწყებლების მიერ შევსებული ინფორმაცია; ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივის“ 2024 წლის 13 მაისს N1305/01 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N შ-24-6/2318,13.05.2024) თანდართული დოკუმენტაციით (2023 წლის 25 დეკემბრის ქვეიჯარის ხელშეკრულებები);
26. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
მტკიცებულება: მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია- კავშირ ობიექტივის“ შესახებ.
3. სამართლებრივი შეფასება
27. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები. „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით აკრძალულია პოლიტიკური პარტიის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
28. კომისიის მიერ დადგინდა, რომ ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივმა“ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ გაუწია იჯარის მომსახურება, რის დასტურადაც წარმოდგენილია ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივსა“ და პოლიტიკურ გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ შორის 2023 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული ქვეიჯარის ხელშეკრულებები. ასევე, სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7- ში მაუწყებლების მიერ შევსებული ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი - ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ მაუწყებლის ერთ-ერთ დაფინანსების წყაროდ, ფიზიკური/იურიდიული პირის ველში უთითებს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ (საიდენტიფიკაციო ნომრით 205304801), ხოლო მომსახურების სახედ მონიშნულია კატეგორია -„სხვა“. შესაბამისად, სახეზეა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 661 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევა. ამავდროულად, არ იკვეთება 661 მუხლის მე-2 და მე-3−მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული არცერთი საგამონაკლისო შემთხვევის არსებობა.
29. ამდენად, პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მომსახურების შესყიდვით/დაფინანსებით ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის პირველი პუნქტი, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
30. აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამავე კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 661 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევისათვის ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
31. ამასთან, ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ უნდა დაევალოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსისგან“ დაფინანსების მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 661 მუხლის პირველი პუნქტის და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.
2. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ დაევალოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსისგან“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205304801) დაფინანსების მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) გადაწყვეტილების ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ჩაბარების დღიდან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ. გოშუა) ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.
7. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
