წვდომის მენიუ

შპს „შავი ზღვის ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-24-18 / 257

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 20, 2024 13:29

მიღების თარიღი ივნისი 06, 2024

შპს „შავი ზღვის ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ავტორიზებული პირი: შპს „შავი ზღვის ტელეკომი“

სამართალდარღვევა: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ , „გ“ და „მ“ ქვეპუნქტებისა და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევა.

წარმოების დაწყების საფუძველი: იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N24-10-978,29.05.2024)

კომისიის სხდომის თარიღი: - 2024 წლის 6 ივნისი, 15:00 საათი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში: „კომისია“)  იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 24-10-978, 29.05.2024) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „შავი ზღვის ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ , „გ“ და „მ“ ქვეპუნქტებისა და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო.

2.  მოხსენებით  ბარათში აღნიშნულია, რომ 2024 წლის 24 აპრილს შპს „შავი ზღვის ტელეკომის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელდა რიგი ცვლილებები, კერძოდ:

ა) შეიცვალა დირექტორი: გელა არავიაშვილის ნაცვლად დირექტორად განისაზღვრა ზამირა ჩიგოგიძე; კომპანიამ ცვლილების თაობაზე ინფორმაცია კომისიაში წარმოადგინა დაგვიანებით 2024 წლის 28 მაისს (კომისიაში რეგისტრაციის N შ -24-6/2480, 28.05.2024);

ბ) შეიცვალა დამფუძნებელი: გიორგი დოლიძემ თავისი კუთვნილი 100%-იანი წილი სრულად გაასხვისა ზამირა ჩიგოგიძის სასარგებლოდ; აღნიშნული ტრანზაქციის განსახორციელებლად კომისიისგან წინასწარი თანხმობა არ აქვს მიღებული. განხორციელებული ცვლილების შესახებ არ აცნობა კომისიას.

3. შპს „შავი ზღვის ტელეკომისთის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა გაიმართა 2024 წლის 6 ივნისს, რის შესახებაც ავტორიზებულ პირს ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (Nგ-24-03/1209, 03/06/2024). კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

4. კომისიის აპარატის იურიდიულმა დეპარტამენტმა სამსახურებრივიბარათით (N24-10-1015,03.06.2024) მიმართა კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს და მოითხოვა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წარმოების დაწყების საფუძველი, ხოლო თუ ასეთი საფუძველი არ  არსებობს, მაშინ რა გავლენა  შეიძლება  მოახდინოს  აღნიშნული ავტორიზებული წილის კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებამ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.

5. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 24-10-1034, 06.06.2024 ) თანახმად, შპს „შავი ზღვის ტელეკომის“ წილის გასხვისება ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე ახალ გარემოებას არ ქმნის და ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე. შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან და არ დგება ის აუცილებელი გარემოებები, რომელთა თანახმადაც, საჭირო იქნებოდა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

6. კომისიის სხდომას ესწრებოდა შპს „შავი ზღვის ტელეკომის“ წარმომადგენელი ლიკა გახარია, რომელმაც აღიარა დარღვევის ფაქტი და აღნიშნა, რომ ცვლილება განხორცილდა წინასწარი თანხმობის მოპოვების გარეშე. ლ. გახარიამ განმარტა, რომ კომპანიამ მას იურიდიული კონსულტაციისთვის მიმართა დამფუძნებლის და დირექტორის შეცვლასთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც გაუწია კონსულტაცია, თუმცა კომპანიას არ დაუკონკრეტებია, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი იყო. ლ. გახარიას განმარტებით,  ეს რომ ეცნობებინათ, ამაზეც მისცემდა განმარტებას.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

7.  „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-11 მუხლის  პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;

8.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები;

9. „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;

10.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული კონცენტრაციის გარდა, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლებით დადგენილი წესით შეისწავლის იმ ოპერაციას, რომლითაც ხდება; ბ) ორი ან ორზე მეტი პირის, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია, შერწყმის შედეგად გაერთიანება; გ) ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა, რის შედეგადაც შემძენი პირის მფლობელობაში ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან 5 პროცენტზე მეტი აღმოჩნდება; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები არ გამოიყენება ავტორიზებული პირების წილის ან აქციების შეძენის შემთხვევაში, თუ შემძენი პირის ან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მიერ ერთობლივად ხდება ავტორიზებული პირის 5 პროცენტამდე წილის ან აქციების შეძენა;

12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება;

13.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან 4 შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ:

ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;

ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან;

დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა;

ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;

14. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ; ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომისიის თანხმობით განხორციელებული შერწყმის ან შეძენის შედეგად ჩამოყალიბებული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის მიერ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის მნიშვნელოვნად დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებულ ავტორიზებულ პირს, საოპერაციო აქტივის შემძენ ავტორიზებულ პირს ან ავტორიზებულ პირს, რომლის წილის ან აქციების შეძენაც მოხდა, ფუნქციონალური განცალკევება (ფუნქციონალურად გამოყოფილი სტრუქტურული ერთეულების ცალკე იურიდიულ პირად/პირებად გამოყოფა);

15.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში;

16.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები;

17.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს იურიდიული პირისთვის – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის სახელი და გვარი;

18. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების   სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა;

19.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

III.  სამოტივაციო ნაწილი

1. შესწავლილი მტკიცებულებები

20. კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N24-10-978, 29.05.2024) თანდართული დოკუმენტაციით;

21. შპს „შავი ზღვის ტელეკომის“ 2024 წლის 27 მაისის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N შ -24-6/2480, 28.05.2024);

22. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი (B14081568, 13/08/2014; B24038213, 24/04/2024) და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „შავი ზღვის ტელეკომის“ შესახებ მონაცემები;

23. შპს  „შავი  ზღვის  ტელეკომისთის“  გაგზავნილი  შეტყობინება  (N  გ-24-03/1209, 03/06/2024) კომისიის 2024 წლის 6 ივნისის  სხდომაზე მოწვევის თაობაზე;

24. კომისიის იურიდიული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N24-10-1015, 03.06.2024);

25. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 24-10-1034, 06.06.2024);

26. შპს „შავი ზღვის ტელეკომის“ წარმომადგენლის ლ. გახარიას ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2024 წლის 6 ივნისის სხდომაზე.

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

27. შპს „შავი ზღვის ტელეკომი“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირია (ავტორიზაციის თარიღი: 25/01/2010).

მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „შავი ზღვის ტელეკომის“ შესახებ.

28.  კომისიის  აპარატის  იურიდიული  დეპარტამენტის  ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფის მიერ გამოვლინდა, რომ 2024 წლის 24 აპრილს შპს „შავი ზღვის ტელეკომის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელდა რიგი ცვლილებები, კერძოდ:

ა) შეიცვალა დირექტორი: გელა არავიაშვილის ნაცვლად დირექტორად განისაზღვრა ზამირა ჩიგოგიძე; კომპანიამ ცვლილების თაობაზე ინფორმაცია კომისიაში წარმოადგინა დაგვიანებით 2024 წლის 28 მაისს (კომისიაში რეგისტრაციის N შ -24-6/2480, 28.05.2024);

ბ) შეიცვალა დამფუძნებელი: გიორგი დოლიძემ თავისი კუთვნილი 100%-იანი წილი სრულად გაასხვისა ზამირა ჩიგოგიძის სასარგებლოდ; აღნიშნული ტრანზაქციის განსახორციელებლად კომისიისგან წინასწარი თანხმობა არ აქვს მიღებული. განხორციელებული ცვლილების შესახებ არ აცნობა კომისიას.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 24-10-978, 29.05.2024) თანდართული მასალებით; მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი (B14081568, 13/08/2014; B24038213, 24/04/2024) და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „შავი ზღვის ტელეკომის“ შესახებ მონაცემები; შპს  „შავი   ზღვის   ტელეკომის“ 2024 წლის 27 მაისის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N შ -24-6/2480, 28.05.2024);

29.  კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „შავი ზღვის ტელეკომის“ წილის გასხვისება ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე და აღნიშნული  ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. შესაბამისად, არ დგება ის აუცილებელი გარემოებები, რომლის თანახმადაც, საჭირო იქნება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 24-10-1034, 06.06.2024);

30. შპს „შავი ზღვის ტელეკომის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „შავი ზღვის ტელეკომის“ შესახებ.

3.    სამართლებრივი შეფასება

31. ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. ასევე, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ამასთან, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება. ხოლო, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

32.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია საფირმო სახელწოდების, სამართლებრივი ფორმის, იურიდიული მისამართის (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემების, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი  პირის სახელის  და  გვარის  ცვლილების  შემთხვევაში,  ასევე,  წილის  ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები.

33.  ასევე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის წინასწარი თანხმობა სავალდებულოა, როდესაც ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა.

34. ამდენად, წილის მფლობელისა და დირექტორის ცვლილების შესახებ ინფორმაციისა და სათანადო დოკუმენტაციის ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში კომისიისთვის     წარმოუდგენლობით შპს „შავი ზღვის ტელეკომის“ მიერ  დაირღვა

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“,  „გ“ და „მ“ ქვეპუნქტები, ხოლო, მისი წილის კომისიის თანხმობის გარეშე შეძენით დაირღვა  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“  ქვეპუნქტი  და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, რაც კომპანიისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.

4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

35. ავტორიზებული პირის წილის ან აქციების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გაყიდვის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევ ავტორიზებულ პირს დააკისროს სპეციალური ღონისძიებები, მათ შორის, მოსთხოვოს წილის გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. კომისიის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენება უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ ფაქტობრივ და სამართლებრივ წინაპირობებს. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმს წარმოადგენს ის ფაქტი - იცვლება თუ არა წილის ან აქციების გასხვისების შედეგად საბოლოო ბენეფიციარის წილობრივი მონაწილეობა ან/და გავლენა ავტორიზებულ პირში ან/და ასევე წილის ან აქციების გასხვისებით შესაძლებელია თუ არა ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის კონკურენტუნარიანობას მიადგეს საფრთხე. ამასთან, კომისია აღნიშნავს იმასაც, რომ არ არის აუცილებელი დადგენილი იყოს   კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის  მიყენების უტყუარობა, არამედ კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების რეალური საფრთხის არსებობაც კი საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ კომისიამ ავტორიზებულ პირს დააკისროს სპეციალური ღონისძიებები (მათ შორის კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებული წილის ან აქციების გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა). იმას, თუ რამდენად რეალურია საფრთხე და საერთოდ არსებობს თუ არა საფრთხე ავტორიზებული პირის წილის ან აქციების კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გასხვისებით დაზიანდეს ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო, სხვა ფაქტორებთან ერთად, განაპირობებს წილის ან აქციების გასხვისებაში მონაწილე ავტორიზებული პირ(ებ)ის საქმიანობის არეალი, საბაზრო წილი, აბონენტების რაოდენობა.

36. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის  შესწავლით, შპს „შავი ზღვის ტელეკომის“ წილის გასხვისება ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნით, არ დგება ის აუცილებელი გარემოებები, რომლის თანახმადაც, საჭირო იქნება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

37. აღსანიშნავია, რომ შპს „შავი ზღვის ტელეკომის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლებისა და VII თავის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე- 4 მუხლის პირველი პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტის და 36-ე    მუხლის    მე-13    და    მე-14 პუნქტების, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე–11  მუხლის პირველი პუნქტის და მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ , „გ“ და „მ“ ქვეპუნქტების, 25-ე მუხლის, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 43-ე და 44-ე მუხლებისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „შავი ზღვის  ტელეკომს“  მიეცეს  წერილობითი  გაფრთხილება  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ , „გ“ და „მ“ ქვეპუნქტებისა და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო;

2. დაევალოს  კომისიის  ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების შპს „შავი ზღვის ტელეკომისთვის“ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების  ან  მისი დამოწმებული ასლის შპს „შავი ზღვის ტელეკომისთვის“ ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „შავი ზღვის ტელეკომისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „შავი ზღვის ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

6. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3 და მე-4 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა);

7. გადაწყვეტილების    შესრულებაზე კონტროლი (გარდა სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

კახი ბექაური                თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე            წევრი

ეკატერინე  იმედაძე        წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები