წვდომის მენიუ

შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ შპს „მეტა 37“-ის განცხადების განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: გ-24-16 / 342

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2024 17:13

მიღების თარიღი აგვისტო 08, 2024

შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ შპს „მეტა 37“-ის განცხადების განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

განმცხადებელი: შპს „მეტა 37“

მოპასუხე: შპს „მაგთიკომი“

დავის საგანი: ურთიერთჩართვის დავალება

კომისიის მოსამზადებელი სხდომის თარიღი: 2024 წლის 8 აგვისტო, 15:00 საათი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1. განმცხადებლის პოზიცია

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-6/3231, თარიღი: 29.07.2024) მიმართა შპს „მეტა 37“-მა;

2. განმცხადებლის განმარტებით, მან 2024 წლის 22 მარტს მიმართა შპს „მაგთიკომს“ და ითხოვა კომპანიებს შორის ურთიერთჩართვის ორგანიზება სმს-ის წამოწყებასა და დასრულებაზე SS7 ტექნოლოგიის გამოყენებით. კომპანიებს შორის ამ საკითხზე ადრეც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, თუმცა, მარტიდან მოხდა უკვე ადვოკატების ჩართვა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, 2024 წლის 22 მაისამდე ხდებოდა ამ საკითხზე კომუნიკაცია. ამასთან, განმცხადებელმა მოახდინა შპს „მაგთიკომის“ ინფორმირება, რომ შპს „მეტა 37“-ის ტექნიკური უზრუნველყოფის გათვალისწინებით, მხოლოდ SS7 ტექნოლოგიით შეძლებდა ურთიერთჩართვას;

3. 2024 წლის 5 აპრილს შპს „მაგთიკომმა“ კომპანიას აცნობა, რომ იგი გამოთქვამდა მზაობას ურთიერთჩართვაზე SMPP ტექნოლოგიით, ხოლო, SS7 არხის ორგანიზებისათვის საჭირო იყო ექვსიდან ცხრა თვემდე პერიოდი;

4. ამდენად, განმცხადებელი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ითხოვს, კომისიამ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს შპს „მაგთიკომს“ ურთიერთჩართვა SS7 ტექნოლოგიით;

5. 2024 წლის 8 აგვისტოს მოსამზადებელ სხდომაზე შპს „მეტა 37“-ის წარმომადგენელმა ნ. სოსელიამ დაადასტურა, რომ ჩართვა სურს მხოლოდ SS7 ტექნოლოგიით და მის მიერ წარმოდგენილი კომპანიისთვის არ არის მისაღები SMPP ტექნოლოგია.

2. მოპასუხის პოზიცია

6. 2024 წლის 8 აგვისტოს მოსამზადებელ სხდომაზე   შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა, ლ. გიორგაძემ აღნიშნა, რომ არ შპს „მაგთიკომი“ ურთიერთჩართვის წინააღმდეგი არ იყო SMPP ტექნოლოგიით და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ მოწვევის ოფერტაშიც   არის   მითითებული,   რომ   ჩართვა  ხდება SMPP ტექნოლოგიით.   ამასთან,   შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლმა სადავოდ არ გახადა კომისიის უფლებამოსილება განცხადების განხილვის ნაწილში.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ძირითად ფუნქციებს მიეკუთვნება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“, ხოლო ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად - „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება.“;

8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.“;

9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად,  კომისია  ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით;

10. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, „მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ.“;

11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის ვადაა 1 თვე;

12. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, „ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.“.

III.  სამოტივაციო ნაწილი

1.  გამოკვლეული მტკიცებულებები

13. შპს „მეტა 37“-ის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-6/3231, თარიღი: 29.07.2024);

14. შპს „მაგთიკომსა“ და შპს „მეტა 37“-ს შორის  განხორციელებული მიმოწერა;

15. შპს „მაგთიკომისა“ და შპს „მეტა 37“-ის შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და საჯარო რეესტრის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;

16. კომისიის 2024 წლის 8 აგვისტოს მოსამზადებელ სხდომაზე შპს „მაგთიკომისა“ და შპს „მეტა 37“-ის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განმარტებები.

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

17. შპს „მეტა 37“ 2023 წლის პირველი ივნისიდან არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული  პირი  ავტორიზაცია  გავლილი  აქვს   ელექტრონული  საკომუნიკაციო მომსახურების სხვადასხვა სახეებზე (კატეგორია: B.M.2. მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა (B.M.2.1); B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება (B.F.1.1; B.F.1.2; B.F.1.3); B.F.2 ინტერნეტ მომსახურება (B.F.2.3); B.F.3. მონაცემთა გადაცემა (B.F.3.0); B.M.1. მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება (B.M.1.3); ); A.F.7:ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა (A.F.7.8); B.F.2 ინტერნეტ მომსახურება (B.F.2.2; B.F.2.9); B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება (B.M.1.1; B.M.1.2); B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა (B.M.2.2; B.M.2.3; B.M.2.4; B.M.2.6).

მტკიცებულება: შპს „მეტა 37“-ის შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.

18. შპს „მაგთიკომი“ 2010 წლის პირველი თებერვლიდან არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში   ავტორიზებული   პირი   და   2010,   2011   და   2016   წლებში   ავტორიზაცია   გავლილი აქვს  ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სხვადასხვა სახეებზე (კატეგორია: A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა (A.F.1.1; A.F.1.2; A.F.1.4; A.F.1.5); A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა (A.F.2.1); A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა (A.F.3.1; A.F.3.2); A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა (A.F.5.1); A.F.6:საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა (A.F.6.1); A.F.7:ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა (A.F.7.7); A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა (A.M.1.1. GSM); B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება (B.F.1.1; B.F.1.2; B.F.1.3; B.F.1.4); B.F.2 ინტერნეტ მომსახურება (B.F.2.2; B.F.2.3; B.F.2.6; B.F.2.8; B.F.2.10); B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი (B.F.4.1; B.F.4.2); B.F.6: გამოძახებითი აუდიო- ვიზუალური მედიამომსახურების უზრუნველყოფა (B.F.6.0); B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება (B.M.1.1; B.M.1.2; B.M.1.3); B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა (B.M.2.1; B.M.2.2; B.M.2.3; B.M.2.4; B.M.2.5; B.M.2.6); A.S.1: თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა (A.S.1.1; A.S.1.2); B.S.2 ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით (B.S.2.0); B.S.3 თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება (B.S.0); B.S.4 თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება (B.S.4.0); B.S.5: სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება (B.S.5.0).

მტკიცებულება: შპს „მაგთიკომის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.

19. შპს „მაგთიკომს“-ს გაეგზავნა შპს „მეტა 37“-ის განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და მოწვეულ იქნა კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე. შეტყობინება სხდომის შესახებ ასევე გაეგზავნა შპს „მეტა 37“-საც.

მტკიცებულება: კომისიის 2024 წლის 5 აგვისტოს Nგ-24-03/1647 და Nგ-24-03/1649 წერილები და მხარეთა მიერ მათი ჩაბარების დასტურები.

3.  სამართლებრივი შეფასება

20. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. თავის მხრივ, კომისიის კომპეტენციას მიეკუთვნება ავტორიზებულ პირებს შორის დავის განხილვა ურთიერთჩართვის საკითხებზე. ამასთან, 2024 წლის 8 აგვისტოს მოსამზადებელ სხდომაზე არც შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელს არ გაუხდია სადაოდ კომისიის მიერ განცხადების განხილვის უფლებამოსილება. ამდენად, კომისია არის საკითხის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო.

21. თავის მხრივ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისია მოსამზადებელ სხდომაზე იღებს გადაწყვეტილების დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ, თუ სახეზე არ არის განცხადების განუხილველად დატოვების ან/და ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლები;

22. მოსამზადებელ სხდომაზე შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლმა გააკეთა განმარტება, რომ კომპანია არ იყო წინააღმდეგი ურთიერთჩართვაზე SMPP ტექნოლოგიის გამოყენებით, რაზეც განმცხადებელი არ იყო თანახმა და მისთვის მისაღები იყო მხოლოდ SS7 არხი. ამდენად, არ არის სახეზე კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის ან/და განცხადების განუხილველად დატოვების;

23. ამდენად, განცხადება მიღებულ უნდა იქნას განსახილველად. ხოლო, დავის განხილვის დღედ მიზანშეწონილია, დაინიშნოს 2024 წლის 22 აგვისტო.

IV.  სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, 38-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177- ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ  შპს „მეტა 37“-ის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-6/3231, თარიღი: 29.07.2024)  მიღებულ იქნეს განსახილველად;

2. შპს „მაგთიკომსა“ და შპს „მეტა 37“-ს შორის დავის განხილვა დაინიშნოს 2024 წლის 22 აგვისტოს, 15:00 საათზე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მხარეებისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

6. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

კახი ბექაური                   თავმჯდომარე

ეკატერინე  იმედაძე          წევრი

ივანე მახარაძე                  წევრი

ვახტანგ  აბაშიძე               წევრი

ნათია კუკულაძე               წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები