სს „სილქნეტის“ წინააღმდეგ შპს „მეტა 37“-ის განცხადების განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2024 16:56
მიღების თარიღი აგვისტო 08, 2024
სს „სილქნეტის“ წინააღმდეგ შპს „მეტა 37“-ის განცხადების განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
განმცხადებელი: შპს „მეტა 37“
მოპასუხე: სს „სილქნეტი“
დავის საგანი: ურთიერთჩართვის დავალება
კომისიის მოსამზადებელი სხდომის თარიღი: 2024 წლის 8 აგვისტო, 15:00 საათი.
I. აღწერილობითი ნაწილი
1. განმცხადებლის პოზიცია
1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-6/3232, თარიღი: 29.07.2024) მიმართა შპს „მეტა 37“-მა;
2. განმცხადებლის განმარტებით, მან 2024 წლის 22 მარტს მიმართა სს „სილქნეტს“ და ითხოვა კომპანიებს შორის ურთიერთჩართვის ორგანიზება სმს-ის წამოწყებასა და დასრულებაზე SS7 ტექნოლოგიის გამოყენებით. კომპანიებს შორის ამ საკითხზე ადრეც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, თუმცა, მარტიდან მოხდა უკვე ადვოკატების ჩართვა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, 2024 წლის ივლისამდე ხდებოდა ამ საკითხზე კომუნიკაცია. ამასთან, განმცხადებელმა მოახდინა სს „სილქნეტის“ ინფორმირება, რომ შპს „მეტა 37“-ის ტექნიკური უზრუნველყოფის გათვალისწინებით, მხოლოდ SS7 ტექნოლოგიით შეძლებდა ურთიერთჩართვას;
3. სს „სილქნეტმა“ კომპანიას აცნობა, რომ მიმდინარეობდა ტექნიკური სამუშაოები და მათ დასრულებამდე ვერ შეძლებდნენ SS7 ტექნოლოგიით ურთიერთჩართვას;
4. ამდენად, განმცხადებელი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ითხოვს, კომისიამ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს სს „სილქნეტს“ ურთიერთჩართვა SS7 ტექნოლოგიით;
5. კომისიის 2024 წლის 8 აგვისტოს მოსამზადებელ სხდომაზე განმცხადებლის წარმომადგენლმა ნ. სოსელიამ მხარი დაუჭირა განცხადებას.
2. მოპასუხის პოზიცია
6. 2024 წლის 8 აგვისტოს მოსამზადებელ სხდომაზე სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა, თ. ტყეშელაშვილმა სადავოდ არ გახადა კომისიის უფლებამოსილება განცხადების განხილვის ნაწილში.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ძირითად ფუნქციებს მიეკუთვნება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“, ხოლო ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად - „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება.“;
8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.“;
9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით;
10. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, „მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ.“;
11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის ვადაა 1 თვე;
12. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, „ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.“.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. გამოკვლეული მტკიცებულებები
13. შპს „მეტა 37“-ის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-6/3232, თარიღი: 29.07.2024);
14. სს „სილქნეტსა“ და შპს „მეტა 37“-ს შორის განხორციელებული მიმოწერა;
15. სს „სილქნეტისა“ და შპს „მეტა 37“-ის შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და საჯარო რეესტრის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
16. კომისიის 2024 წლის 8 აგვისტოს მოსამზადებელ სხდომაზე სს „სილქნეტისა“ და შპს „მეტა 37“-ის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განმარტებები.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
17. შპს „მეტა 37“ 2023 წლის პირველი ივნისიდან არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სხვადასხვა სახეებზე (კატეგორია: B.M.2. მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა (B.M.2.1); B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება (B.F.1.1; B.F.1.2; B.F.1.3); B.F.2 ინტერნეტ მომსახურება (B.F.2.3); B.F.3. მონაცემთა გადაცემა (B.F.3.0); B.M.1. მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება (B.M.1.3); ); A.F.7:ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა (A.F.7.8); B.F.2 ინტერნეტ მომსახურება (B.F.2.2; B.F.2.9); B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება (B.M.1.1; B.M.1.2); B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა (B.M.2.2; B.M.2.3; B.M.2.4; B.M.2.6).
მტკიცებულება: შპს „მეტა 37“-ის შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.
18. სს „სილქნეტი“ 2010 წლის 10 მარტიდან არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი და 2010, 2011, 2012, 2015, 2016 და 2018 წლებში ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სხვადასხვა სახეებზე (კატეგორია: A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებით და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა; A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; A.S.1 თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება; B.F.3 მონაცემთა გადაცემა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი; B.F.6 გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand); B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა; B.S.2 ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით; B.S.3 თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება; B.S.4 თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება).
მტკიცებულება: სს „სილქნეტის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.
19. სს „სილქნეტს“ გაეგზავნა შპს „მეტა 37“-ის განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და მოწვეულ იქნა კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე. შეტყობინება სხდომის შესახებ ასევე გაეგზავნა შპს „მეტა 37“-საც.
მტკიცებულება: კომისიის 2024 წლის 5 აგვისტოს Nგ-24-03/1646 და Nგ-24-03/1648 წერილები.
3. სამართლებრივი შეფასება
20. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამასთან, კომისიის კომპეტენციას მიეკუთვნება ავტორიზებულ პირებს შორის დავის განხილვა ურთიერთჩართვის საკითხებზე. ამასთან, 2024 წლის 8 აგვისტოს მოსამზადებელ სხდომაზე არც სს „სილქნეტის“ წარმომადგენელს არ გაუხდია სადაოდ კომისიის მიერ განცხადების განხილვის უფლებამოსილება. ამდენად, კომისია არის საკითხის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო.
21. თავის მხრივ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისია მოსამზადებელ სხდომაზე იღებს გადაწყვეტილების დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ, თუ სახეზე არ არის განცხადების განუხილველად დატოვების ან/და ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლები;
22. კომისიის 2024 წლის 8 აგვისტოს მოსამზადებელ სხდომაზე მხარეთა მიერ გაკეთებული განმარტებების გათვალისწინებით, სახეზე არ არის კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე საფუძველი ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის ან/და განცხადების განუხილველად დატოვების. ამდენად, დავის განხილვის დღედ განისაზღვრება 2024 წლის 22 აგვისტო.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, 38-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177- ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. სს „სილქნეტის“ წინააღმდეგ შპს „მეტა 37“-ის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-6/3232, თარიღი: 29.07.2024) მიღებულ იქნეს განსახილველად;
2. სს „სილქნეტსა“ და შპს „მეტა 37“-ს შორის დავის განხილვა დაინიშნოს 2024 წლის 22 აგვისტოს, 15:00 საათზე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მხარეებისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
6. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
