შპს „08 ჯგუფის“ ავტორიზაციის შეჩერების, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N42 უფლების გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 2 აგვისტოს №484/19 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 04, 2023 14:55
მიღების თარიღი ნოემბერი 30, 2023
შპს „08 ჯგუფის“ ავტორიზაციის შეჩერების, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N42 უფლების გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 2 აგვისტოს №484/19 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე,
ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური და სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი; ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N 95/19 გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:
ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;
ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;
გ) არ იხდის რეგულირების საფასურს;
„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილების მე-5 მუხლის შესაბამისად, ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისთვის განკუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა მხოლოდ ავტორიზებულ პირებზე. შესაბამისად, პირი, რომელსაც შეუჩერდება ავტორიზაცია, არ უნდა ფლობდეს ნუმერაციის რესურსს. ასევე ამავე დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების საფუძველია შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის გაუქმება/შეჩერება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უფლების გაუქმების შემთხვევაში მფლობელს მის მიერ გადახდილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური არ უბრუნდება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „08 ჯგუფი“ (ს/კ 205229947) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს 2012 წლის
22 ივნისს შემდეგ საქმიანობაზე:
B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება.
კომისია აღნიშნავს, რომ საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის 2023 წლის 31 ოქტომბრის (Nშ-23-10-2007) და 17 ნოემბრის Nშ-23-10-2136) და კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის 2023 წლის 15 ნოემბრის (Nშ-23-10-2119) სამსახურებრივი ბარათებიდან ირკვევა, რომ შპს „08 ჯგუფი“ 2022 წლის იანვრის თვიდან 2023 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით ავსებს სტატისტიკური ანგარიშგების ნულოვან ფორმებს და 2022 წლის მარტის თვიდან 2023 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით წარმოადგენს რეგულირების ყოველწლიური საფასურის ნულოვან გაანგარიშებებს და არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას. შესაბამისად სახეზეა შპს „08 ჯგუფის“ ავტორიზაციის შეჩერების საფუძვლები. ასევე კომისიის 2013 წლის 2 აგვისტოს №484/19 გადაწყვეტილებით შპს „08 ჯგუფი“ ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N42 უფლებას, რომელიც ითვალისწინებს ნუმერაციის რესურსს 1-6-1-0-8 (ერთიექვსი-ერთი-ნული-რვა) ავტორიზებული საქმიანობის განხორციელებისას, არასატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად. „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სახეზეა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N42 უფლების გაუქმების საფუძვლებიც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „08 ჯგუფის“ ავტორიზაციის შეჩერების და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N42 უფლების და კომისიის 2013 წლის 2 აგვისტოს №484/19 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ. საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2023 წლის 30 ნოემბერი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
შპს „08 ჯგუფს“ საკითხის განხილვის თაობაზე შეტყობინება გაეგზავნა 2023 წლის 16 ნოემბერს ელექტრონულ და ფაქტობრივ მისამართებზე კომისიის სხდომაზე დისტანციურად დასწრების მიზნით. კომპანიას შეტყობინება ჩაბარდა 2023 წლის 17 ნოემბერს. ავტორიზაციის შეჩერების, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N42 უფლების და კომისიის 2013 წლის 2 აგვისტოს №484/19 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე საკითხის განხილვის, მისი ჩატარების ადგილის და თარიღის შესახებ გამოქვეყნებულ იქნა 2023 წლის ნოემბერს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2023 წლის 22 ნოემბერს შპს „08 ჯგუფმა“ კომისიას მომართა წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №(შ-23-6/3772) სადაც აღნიშნულია, რომ გარკვეული დროის მანძილზე კომპანია არ ახორციელებდა ავტორიზებულ საქმიანობას, თუმცა 2023 წლის 17 ნოემბერს ნუმერაციის რესურსზე: 1-6-1-0-8 აიყვანეს აბონენტი, შესაბამისად კომპანიამ დაიწყო ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობა და შემოსავლებს ასახავს მომდევნო თვეში. შპს „08 ჯგუფი“ წერილში ასევე აღნიშნავს, რომ კომპანიამ ქ. თბილისში 1000 სააბონენტო ნომერზე ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის მოითხოვა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება და აპირებს განაახლოს საქმიანობა აღნიშნული მიმართულებითაც. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს „08 ჯგუფი“ ითხოვს შეწყდეს შპს „08 ჯგუფის“ ავტორიზაციის შეჩერების, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N42 უფლების გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 2 აგვისტოს №484/19 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება.
კომისიის 2023 წლის 30 ნოემბრის სხდომას არ ესწრებოდა შპს „08 ჯგუფის“ წარმომადგენელი. სხდომაზე წარდგენილ იქნა შპს „08 ჯგუფის“ მიერ 2023 წლის 22 ნოემბერს კომისიაში წარმოდგენილი შუამდგომლობა და დასაბუთება დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე. სხდომაზე კომისიამ მიიჩნია, რომ მის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, შესაბამისად კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „08 ჯგუფის“ დაუსწრებლად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის პირველი პუნქტის ფორმულირება „უფლებამოსილია“ ნიშნავს სწორედ იმას, რომ აღნიშნულ შემთხვევაში ავტორიზაციის შეჩერების საკითხი წარმოადგენს კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.“ ამასთანავე, ამავე კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას დაცული უნდა იქნას საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, როდესაც არსებობს ავტორიზებული პირის სურვილი და მზაობა ავტორიზებული საქმიანობის გაგრძელებაზე, კომისიას მიაჩნია, რომ ავტორიზაციის შენარჩუნების ინტერესი უფრო აღმატებულია ვიდრე მისი შეჩერების ინტერესი. შესაბამისად, კომისიამ 2023 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე კომპანიის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და შეწყვიტა შპს „08 ჯგუფის“ ავტორიზაციის შეჩერების, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N42 უფლების გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 2 აგვისტოს №484/19 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-191 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6, მე-7, 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს შპს „08 ჯგუფის“ (ს/კ 205229947) ავტორიზაციის შეჩერების, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N42 უფლების გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 2 აგვისტოს №484/19 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
2. დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის ტექნოლოგიის ჯგუფს (მ. ჯღამაძე), ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი) და კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა) 2024 წლის პირველი თებერვლის შემდეგ შპს „08 ჯგუფის“ (ს/კ205229947) საქმიანობის თაობაზე დასკვნის წარმოდგენა;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „08 ჯგუფისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი