წვდომის მენიუ

შპს „საინფორმაციო ცენტრი შპს ,კოლხეთი 89“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-23-18 / 386

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 18, 2023 17:47

მიღების თარიღი აგვისტო 17, 2023

შპს „საინფორმაციო ცენტრი შპს ,,კოლხეთი 89“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ

1.    საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიის    აპარატის მედიამომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (№23-10-1410, 01.08.2023) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება  შპს „საინფორმაციო ცენტრი შპს ,,კოლხეთი  89“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის მიზნით, მის მიერ საკუთარ ეთერში შპს „ტელეიმედის“ გადაცემების  საავტორო  და   მომიჯნავე უფლებების შესაძლო დარღვევით განთავსების გამო.

მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, შპს „ტელეიმედმა“ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაცია: №შ-23-6/2217, 07.07.23) მომართა შპს „საინფორმაციო ცენტრი შპს ,,კოლხეთი 89“-ის სამაუწყებლო ბადეში შპს „ტელეიმედის“ მიერ დამზადებული მასალის ნებართვის გარეშე განთავსებასთან დაკავშირებით და მოითხოვა აღნიშნულ დარღვევაზე შესაბამისი რეაგირება. აღნიშნული განცხადების   საფუძველზე, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ შპს „საინფორმაციო ცენტრი შპს ,,კოლხეთი 89“- ის სამაუწყებლო ბადეში განთავსდა  შპს  ,ტელეიმედის“ მიერ დამზადებული ვიდეოკლიპები. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომისიის 2023 წლის 11 ივლისის წერილით (№გ-23-04/1535) შპს ,,საინფორმაციო ცენტრი შპს ,,კოლხეთი 89“-ს ეთხოვა     შესაბამისი განმარტების კომისიაში  წარმოდგენა.  მაუწყებელის   განმარტებით  (კომისიაში რეგისტრაცია: №შ-23-6/2308, 14.07.23), „კოლხეთი  89“-ის  ეთერში მართლაც  განთავსდა მუსიკალური ვიდეოკლიპი ტელეკომპანია „იმედის“ ლოგოთი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „საინფორმაციო ცენტრი შპს ,,კოლხეთი 89“-ის   მხრიდან ადგილი აქვს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევას და ითხოვს რეაგირებას.

შპს ,,საინფორმაციო ცენტრი  შპს  ,,კოლხეთი     89“-სთვის   ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა  2023 წლის  10 აგვისტოს, 15:00 საათზე,  რის  შესახებ  შპს ,,საინფორმაციო  ცენტრ  შპს  ,,კოლხეთი  89“-ს  ეცნობა წერილობითი შეტყობინებით    და   მოწვეულ იქნა    ადმინისტრაციულ    წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების   გამოთხოვის უფლება. საკითხის განხილვაზე, ასევე მოწვეულ იქნა შპს ,,ტელეიმედი“.

კომისიის 2023 წლის 10 აგვისტოს სხდომაზე შპს ,,ტელეიმედის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შპს ,,ტელეიმედსა“ და შპს ,,საინფორმაციო ცენტრი შპს  ,,კოლხეთი 89“-ს შორის შედგა კომუნიკაცია და ითხოვა შპს ,,საინფორმაციო ცენტრი შპს ,,კოლხეთი 89“-ს არ დაკისრებოდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№23-10-1410, 01.08.2023).

2. გადაცემების განთავსების  ამსახველი ვიდეორგოლები.

3. შპს ,,ტელეიმედის განცხადება (კომისიაში რეგისტრაცია: №შ-23-6/2217, 07.07.23).

4. კომისიის წერილი შპს ,,საინფორმაციო ცენტრი შპს ,,კოლხეთი 89“-ს (№გ-23-04/1535).

5. შპს ,,საინფორმაციო ცენტრი შპს ,,კოლხეთი 89“-ის საპასუხო წერილი (კომისიაში რეგისტრაცია: №შ-23-6/2308, 14.07.23).

6. კომისიის 2023 წლის 10 აგვისტოს სხდომაზე შპს ,,ტელეიმედის“ წარმომადგენლის განცხადება.

7. კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემები.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „საინფორმაციო ცენტრი შპს ,,კოლხეთი 89“ წარმოადგენს ავტორიზებულ მაუწყებელს (ავტორიზაციის თარიღი: 05/11/2014). (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა. მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა. მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა).

მტკიცებულება: კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემები

2. შპს ,,ტელეიმედმა“ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „საინფორმაციო ცენტრი შპს ,,კოლხეთი 89“-ის სამაუწყებლო ბადეში შპს „ტელეიმედის“ გადაცემის შესაბამისი ნებართვის გარეშე განთავსებასთან დაკავშირებით და მოითხოვა აღნიშნულ დარღვევაზე შესაბამისი რეაგირება.

მტკიცებულება: შპს ,,ტელეიმედის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაცია: №შ-23-6/2217, 07.07.23)

3. შპს ,,ტელეიმედის“ განცხადების საფუძველზე, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ 2023 წლის 5 და 6 ივლისს, შპს „საინფორმაციო ცენტრი შპს კოლხეთი 89“-ის სამაუწყებლო ბადეში, შესაბამისი ნებართვის გარეშე, განთავსდა შპს ,,ტელეიმედის“ გადაცემა.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№23-10-1410, 01.08.2023); გადაცემის განთავსების ამსახველი ვიდეორგოლები; შპს ,,საინფორმაციო ცენტრი შპს ,,კოლხეთი 89“-ის წერილი (კომისიაში რეგისტრაცია: №შ-23-6/2308, 14.07.23).

4. შპს ,,საინფორმაციო ცენტრი შპს ,,კოლხეთი 89“ ადასტურებს, რომ მის ეთერში განთავსებული იყო შპს ,,ტელეიმედის“ ლოგოთი მუსიკალური ვიდეოკლიპები და განმარტავს, რომ მან არ იცოდა, რომ არ შეიძლებოდა ასეთი ფორმით „ტელეიმედის“ გადაცემის ნაწყვეტის (კლიპის) ეთერში განთავსება. ამასთან აღნიშნავს, რომ ასეთი შემთხვევა არ განმეორდება და „კოლხეთი 89“-ის ეთერში ტელეკომპანია „იმედის“ კონტენტი გავა მხოლოდ ტელეპროდუქტის მფლობელის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.

მტკიცებულება:  კომისიის 2023 წლის 11 ივლისის წერილი (№გ-23-04/1535); შპს ,,საინფორმაციო ცენტრი შპს ,,კოლხეთი 89“-ის წერილი (კომისიაში რეგისტრაცია: №შ-23-6/2308, 14.07.23).

5. კომისიის 2023 წლის 10 აგვისტოს სხდომაზე შპს ,,ტელეიმედის“ წარმომადგენელმა ითხოვა შპს ,,საინფორმაციო ცენტრი შპს ,,კოლხეთი 89“-ს არ დაკისრებოდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

მტკიცებულება:  შპს ,,ტელეიმედის“ მიერ კომისიის 2023 წლის 10 აგვისტოს სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტება.

6. შპს ,,საინფორმაციო ცენტრი შპს ,,კოლხეთი 89“-ს უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იგივე სამართალდარღვევისთვის.

მტკიცებულება: კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემები

IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ხოლო ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა.

4. „ლიტერატურისა   და   მხატვრული   ნაწარმოებების   დაცვის   შესახებ”   ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია     საქართველოს    პარლამენტის    1994    წლის    24 ნოემბრის  №609 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი.

5. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის 11bis მუხლის თანახმად, ავტორები სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით - თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები.

6. ,,ბერნის კონვენციის” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება).

7. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. კერძოდ, ავტორი ან    საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიანტს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით.

8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით.

9. „შემსრულებლების,    ფონოგრამების,    დამამზადებლების    და    მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია.

10. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე.

11. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

12. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „საინფორმაციო ცენტრი შპს ,,კოლხეთი 89“, როგორც ავტორიზებული მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები. როგორც აღინიშნა, საქართველოს კანონმდებლობით ნაწარმოების საჯარო გადაცემისათვის მოთხოვნილია საავტორო უფლების მფლობელის ნებართვა, ხოლო მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის საჯარო გადაცემისათვის აუცილებელია ამავე ორგანიზაციის ნებართვა.   შპს „საინფორმაციო ცენტრი შპს ,,კოლხეთი 89“-ის სამაუწყებლო ბადეში შპს „ტელეიმედის“ გადაცემის შესაბამისი ნებართვის გარეშე განთავსებით, შპს „საინფორმაციო ცენტრი შპს ,,კოლხეთი 89“-ის მიერ დაირღვა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“   საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 50-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი, 58-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი, ,„ლიტერატურული და   მხატვრული  ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის 11bis  მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს ,,საინფორმაციო ცენტრი შპს ,,კოლხეთი 89“ აღიარებს სამართალდარღვევას და აცხადებს, რომ მომავალში მსგავს ქმედებას არ ჩაიდენს, ამასთან, მას ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, ასევე, იმის გათვალიწინებით, რომ შპს „ტელეიმედი“ ითხოვს შპს ,,საინფორმაციო ცენტრი შპს ,,კოლხეთი 89“-ს არ დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს ,,საინფორმაციო ცენტრი შპს ,,კოლხეთი 89“ ცნოს სამართალდამრღვევად და გაათავისუფლოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციის 11bis მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 58-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ’’ და ,,ი’’ ქვეპუნქტების, 451  მუხლის მე-12 პუნქტის   ,,ა“ ქვეპუნქტის და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს ,,საინფორმაციო ცენტრი შპს ,,კოლხეთი 89“ ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 50-ე მუხლის პირველი პუნქტის და მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის, 58-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, ,,ლიტერატურული და მხატვრული    ნაწარმოებების    დაცვის”    ბერნის    კონვენციის      11bis მუხლისა და „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევის გამო.

2. შპს ,,საინფორმაციო ცენტრი შპს ,,კოლხეთი 89“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების შპს ,,საინფორმაციო ცენტრი შპს ,,კოლხეთი 89“-სთვის   და შპს ,,ტელეიმედისთვის” ჩაბარების დღიდან.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების შპს ,,საინფორმაციო ცენტრი შპს ,,კოლხეთი 89“-სთვის და შპს ,,ტელეიმედისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,საინფორმაციო ცენტრ შპს ,,კოლხეთი 89“-სთვის და შპს ,,ტელეიმედისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

6. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები