წვდომის მენიუ

შპს ,,ბი ემ ჯი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-23-18 / 132

გამოქვეყნების თარიღი მარტი 22, 2023 16:51

მიღების თარიღი მარტი 16, 2023

შპს ,,ბი ემ ჯი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ

 I. აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მედიამომსახურებების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N23-10-369, 20.02.2023) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს,,ბი ემ ჯი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის მიზნით, მის მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის პირველი პუნქტისა და 451  მუხლის მე-12 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის მედიამომსახურებების დეპარტამენტის მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში მაუწყებლების მიერ შევსებული ინფორმაციის მონიტორინგისას გამოვლინდა, რომ 2022 წლის მე-4 კვარტალში, შპს „ბი ემ ჯი“ დაფინანსების ერთ-ერთ წყაროდ, ფიზიკური/იურიდიული პირის ველში, მიუთითებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 415030264), ხოლო გაწეული მომსახურების სახედ - პროდუქტის განთავსებას.

2023  წლის  7  თებერვალს,  მაუწყებელს  წერილობით  (კომისიაში  რეგისტრაციის Nგ-23-04/260) ეთხოვა კომისიისთვის ეცნობებინა, თუ რა სახის სარეკლამო რგოლები განთავსდა და როდის მოხდა მათი მაუწყებლის ეთერში განთავსება. შპს ,,ბი ემ ჯი“-ს 2023 წლის 8 თებერვლის წერილობითი ახსნა-განმარტების (კომისიაში რეგისტრაცია:Nშ-23-6/441) თანახმად, მაუწყებელს ეთერში არ განუთავსებია პოლიტიკური ორგანიზაცია ,,ლელო საქართველოსთვის“ სარეკლამო საკომუნიკაციო რგოლები, არამედ, აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანების დაკვეთით მომზადდა და მაუწყებლის ეთერში განთავსდა სიუჟეტი, რომელიც ემსახურებოდა ბიზნესის წარმომადგენლის მხრიდან წალენჯიხაში განხორციელებული სამუშაოების, იდეებისა თუ წამოწყებების რეალიზაციის ხელშეწყობას.  აღნიშნული  სიუჟეტის  შინაარსი, კონტექსტი  და  მიზანი,  მაუწყებლის განმარტებით, არ იყო პოლიტიკური ხასიათის მატარებელი და არ ემსახურებოდა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესის ფორმირებას. ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია, რომ სიუჟეტში საუბარია რეგიონის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივებზე, კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტული, ინფორმაციულ-ტექნოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნებზე და ამ მიზნის მისაღწევად განხორციელებულ ინვესტიციებზე.

2023 წლის 14 თებერვალს, მაუწყებელს წერილობით (კომისიაში რეგისტრაციის Nგ-23-04/338) ეთხოვა მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებასთან ,,ლელო საქართველოსთვის“ გაფორმებული ხელშეკრულების კომისიაში წარმოდგენა. 2023 წლის 16 თებერვალს, შპს „ბი ემ ჯი“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულების (კომისიაში რეგისტრაციის N შ-23-6/526) თანახმად, მაუწყებელმა იკისრა ვალდებულება 2022 წლის ოქტომბერში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის“ შეთანხმებით, გადაეღო და საკუთარ გადაცემებში („Forbes კვირა“, „საქმიანი დილა“, „საქმის კურსი“) განეთავსებინა სიუჟეტი. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს, მაუწყებლის მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში წარმოდგენილი ინფორმაციის, მაუწყებლის ახსნა-განმარტებისა და ხელშეკრულების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ მაუწყებლის მხრიდან ადგილი აქვს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას, რომლის თანახმად, აკრძალულია პოლიტიკური პარტიის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, მისი მომსახურების შესყიდვა და პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება და ითხოვს რეაგირების განხორციელებას.

შპს ,,ბი ემ ჯი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2023 წლის 2 მარტს, 15:00 საათზე, რის შესახებ კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

2023 წლის 2 მარტის კომისიის სხდომაზე, შპს ,,ბი ემ ჯი“-ს წარმომადგენელმა ე. სხილაძემ აღნიშნა, რომ არ უარყოფს კომპანიის მხრიდან ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661   მუხლის დარღვევას, მაგრამ მათი თხოვნაა, კომისიამ გაითვალისწინოს, რომ მსგავს სამართალდარღვევას კომპანიის მხრიდან აქამდე ადგილი არ ჰქონდა და გაათავისუფლოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან.  მან, ასევე აღნიშნა, რომ კომპანია გაატარებს შესაბამის პრევენციულ ზომებს, გაითვალისწინებს ამ გარემოებას, რათა მსგავსი დარღვევა აღარ განმეორდეს.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2023 წლის 20 თებერვლის №შ-23-10-369 მოხსენებითი ბარათი.

2. კომისიის 2023 წლის 7 თებერვლის Nგ-23-04/260 წერილი შპს ,,ბი ემ ჯი“-ს.

3. შპს ,,ბი ემ ჯი“-ს 2023 წლის 8 თებერვლის წერილობითი ახსნა-განმარტება (კომისიაში რეგისტრაცია: N შ-23-6/441).

4. კომისიის 2023 წლის 14 თებერვლის Nგ-23-04/338 წერილი შპს ,,ბი ემ ჯი“-ს ხელშეკრულების წარმოდგენის თაობაზე.

5. შპს„ბი ემ ჯი“-სა და  მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის“ შორის 2022 წლის 3 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულება ერთჯერადი მომსახურების გაწევის თაობაზე.

6. შპს,,ბი ემ ჯი“-ს წარმომადგენლის  მიერ კომისიის 2023 წლის 2 მარტის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტება.

7. კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს ,,ბი ემ ჯი“-ს შესახებ.

III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს,,ბი ემ ჯი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს მაუწყებლობის სფეროში (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა. მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა. კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა).

მტკიცებულება: კომისიაში დაცული ავტორიზებულ   პირთა   უწყებრივი    რეესტრის მონაცემები შპს ,,ბი ემ ჯი“-ს შესახებ.

2.  ,,მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   70-ე   მუხლის   მე-6  პუნქტის შესაბამისად, კომისია ადგენს მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებს. ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებში, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული  უნდა   იქნეს ინფორმაცია  მედიამომსახურების  მიმწოდებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე. ანგარიშგების ფორმებში გათვალისწინებული უნდა იქნეს აგრეთვე ინფორმაცია მედიამომსახურების მიმწოდებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მისი მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ფორმებში ასახული უნდა იყოს მედიამომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების, მიღებული შემოსავლების, მის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მონაცემები და კომისიის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია. მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლები ვალდებული არიან ყოველი კვარტალის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინონ კომისიას ანგარიშგების ფორმები.

3. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით დამტკიცდა ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირების მიერ კომისიაში წარმოსადგენი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ  ან/და ავტორიზებულ პირებს დაევალათ ამავე გადაწყვეტილების დანართი 1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა გადაწყვეტილებაში მითითებული პერიოდულობით.

მტკიცებულება: ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილება.

4. კომისიის აპარატის მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტის მიერ, კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრულ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში მაუწყებლების მიერ შეტანილი ინფორმაციის მონიტორინგისას გამოვლინდა, რომ 2022 წლის მე-4 კვარტალში, შპს„ბი ემ ჯი“ დაფინანსების ერთ-ერთ წყაროდ მიუთითებს  მოქალაქეთა პოლიტიკურ  გაერთიანება„ლელო საქართველოსთვის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 415030264), ხოლო მომსახურების სახედ - პროდუქტის განთავსებას. შპს ,,ბი ემ ჯი“-ს განმარტებით, მაუწყებელმა საკუთარ ეთერში განათავსა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ,,ლელო საქართველოსთვის“ დაკვეთით მომზადებული სიუჟეტი, რომელიც ემსახურებოდა ბიზნესის წარმომადგენლის მხრიდან წალენჯიხაში განხორციელებული სამუშაოების, იდეებისა თუ წამოწყებების რეალიზაციის ხელშეწყობას. აღნიშნული სიუჟეტის შინაარსი, კონტექსტი და მიზანი, მაუწყებლის განმარტებით, არ იყო პოლიტიკური ხასიათის მატარებელი და არ ემსახურებოდა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესის ფორმირებას. სიუჟეტში საუბარია რეგიონის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივებზე, კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტული, ინფორმაციულ-ტექნოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნებზე და ამ მიზნის მისაღწევად განხორციელებულ ინვესტიციებზე. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის“ და შპს ,,ბი ემ ჯი“-ს შორის 2022 წლის   3 ოქტომბერს დადებული ერთჯერადი მომსახურების გაწევის თაობაზე ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, შპს,,ბი ემ ჯი“ კისრულობს ვალდებულებას 2022 წლის ოქტომბერში ,,ლელო საქართველოსთან“ შეთანხმებით გადაიღოს და გადაცემებში: ,,Forbes -ის კვირა“, ,,საქმიანი დილა“, ,,საქმის კურსი“ განათავსოს სიუჟეტი, რომელიც, ასევე განაწილდება ,,BMG TV“-ის ბადეში (პრაიმი). მხარეთა შეთანხმებით აღნიშნული მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 6490 ლარით (პუნქტი 2.2), ხოლო ანგარიშსწორება   განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 დღისა (პუნქტი 2.3) ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე (პუნქტი 2.4.). ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ადგილი აქვს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება  ,,ლელო საქართველოსთვის“ მიერ შპს ,,ბი ემ ჯი“-ს მომსახურების შესყიდვასა და  შპს ,,ბი ემ ჯი“-ს მიერ თავის ეთერში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის“ დაფინანსებით მომზადებული სიუჟეტის განთავსებას, რაც წარმოადგენს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტის 2023 წლის 20 თებერვლის მოხსენებითი ბარათი; შპს ,,ბი ემ ჯი“-ს 2023 წლის 8 თებერვლის წერილობითი ახსნა-განმარტება (კომისიაში რეგისტრაცია: Nშ-23-6/441; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის“ და შპს ,,ბი ემ ჯი“-ს  შორის 2022 წლის 3 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულება ერთჯერადი მომსახურების გაწევის თაობაზე.

5. შპს ,,ბი ემ ჯი“-მ აღიარა, რომ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას.

მტკიცებულება: შპს ,,ბი ემ ჯი“-ს წარმომადგენლის მიერ კომისიის 2023 წლის 2 მარტის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

6. შპს,,ბი ემ ჯი“-ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის                                        ჩადენისათვის    ადმინისტრაციული    პასუხისმგებლობის    სახე გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: შპს,,ბი ემ ჯი“-ს შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს   საერთაშორისო   ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული  კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომიიის ფუნქციას წარმოადგენს მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.

3. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-12 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა.

4. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  70-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისია ადგენს მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებს. ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებში, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს   ინფორმაცია  მედიამომსახურების  მიმწოდებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე. ანგარიშგების ფორმებში გათვალისწინებული უნდა იქნეს აგრეთვე ინფორმაცია მედიამომსახურების მიმწოდებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მისი მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ფორმებში ასახული უნდა   იყოს   მედიამომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების, მიღებული შემოსავლების, მის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მონაცემები და კომისიის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია. მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლები ვალდებული არიან ყოველი კვარტალის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინონ კომისიას ანგარიშგების ფორმები.

5. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661  მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება სოციალური რეკლამის განთავსებისთვის ამ კანონის 65-ე მუხლით განსაზღვრული დროის ხანგრძლივობის მინიმალური ზღვრის მიღმა სოციალური რეკლამის განთავსების ან/და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია მისი ბიუჯეტის ცალკე მუხლით. ასეთ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო არის შემსყიდველი ორგანიზაცია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

6. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ბი ემ ჯი“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის“ მიერ შპს ,,ბი ემ ჯი“-ს მომსახურების შესყიდვითა და შპს ,,ბი ემ ჯი“-ს მიერ თავის ეთერში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის“ დაფინანსებით  მომზადებული  სიუჟეტის განთავსებით, კომპანიის  მიერ  დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის პირველი პუნქტი, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ შპს„ბი ემ ჯი“-ს ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის, 451 მუხლის, 661 მუხლის პირველი პუნქტისა და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს ,,ბი ემ ჯი“-ს მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661   მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი:ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „ბი ემ ჯი“-სთვის გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს ,,ბი ემ ჯი“- სთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

4.  დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (პ. ბერია) შპს „ბი ემ ჯი“- სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების შპს „ბი ემ ჯი“-სთვის ჩაბარების დღიდან.

6. კონტროლი გადაწყვეტილების მე-2 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

7. კონტროლი გადაწყვეტილების (მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

კახი ბექაური                 თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე             წევრი

ნათია კუკულაძე            წევრი

ივანე მახარაძე               წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები