შპს „სელფი მობაილის“ წინააღმდეგ შპს „გლობალ სელის“ საჩივრის განსახილველად მიღებისა და დავის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 24, 2024 11:58
მიღების თარიღი დეკემბერი 28, 2023
შპს „სელფი მობაილის“ წინააღმდეგ შპს „გლობალ სელის“ საჩივრის განსახილველად მიღებისა და დავის დღის დანიშვნის შესახებ
I. საქმის არსი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „გლობალ სელმა“ წერილობით მომართა (30.11.202023 Nშ-23-6/3874, 19.12.2023 Nშ-23-6/4159) კომისიას და აცნობა, რომ შპს „სელფი მობაილისგან“ მიიღო შეტყობინება, რომლის თანახმად, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორი ატყობინებს ავტორიზებულ პირებს, რომ 2024 წლის 1 იანვრიდან იცვლება შპს „სელფი მობაილის“ ქსელის გავლით ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის (ე.წ. Bulk) მოკლე ტექსტური შეტყობინების (შემდგომში Bulk SMS) ტრანზიტის/გატარების ღირებულება და ლოკალური SMS-ის შემთხვევაში განისაზღვრება 0.0015 ლარის ოდენობით დღგ-ს ჩათვლით (ანუ, ტრანზიტული Bulk SMS-ის ჯამური ღირებულება იქნება 0.003 ლარი დღგ-ს ჩათვლით), ნაცვლად დღეს არსებული 0.0005 ლარიანი ტარიფისა (რაც ტრანზიტული SMS-ისთვის ჯამში 0.002 ლარს შეადგენს), ხოლო საერთაშორისო Bulk SMS-ის შემთხვევაში - 0.03 ლარის ოდენობით დღგ-ს ჩათვლით (ჯამში 0.0944 აშშ დოლარს დამატებული 0.03 ლარი), ნაცვლად არსებული 0.0005 ლარიანი ტარიფისა (რაც ჯამში 0.0944 აშშ დოლარს დამატებული 0.0005 ლარს შეადგენს).
შპს „გლობალ სელის“ წერილში ასევე აღნიშნულია, რომ „არასტანდარტული სახის (ე.წ. Bulk) მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 30 მარტის Nგ-20-9/385 გადაწყვეტილებით კომისიამ დაადგინა, რომ „იმგვარი პირობები, რომლებიც მხარეებს ავალდებულებს არ გამოიყენონ ერთმანეთთან არსებული ტექნიკური შეერთებები იმ მიზნით, რომ განხორციელდეს არასტანდარტული სახის SMS მომსახურების სახით შეტყობინებების გაგზავნა მეორე მხარის ქსელის გავლით ან მეშვეობით სხვა ავტორიზებული პირის (მესამე პირის) ქსელის ან აბონენტების მიმართულებით მიჩნეულ იქნას შპს ,,მაგთიკომის“ შპს ,,ვიონი საქართველოს“ და სს ,,სილქნეტის“ მხრიდან ურთიერთჩართვის მომსახურების შემზღუდავ პირობად. შპს „გლობალ სელის“ საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს „სელფი მობაილის“ მიერ ინიცირებული ცალმხრივი ზემოხსენებული გადაწყვეტილება სხვა არაფერია, თუ არა ურთიერთჩართვის შემზღუდავი პირობა და ტრანზიტულ მომსახურებაზე ფაქტობრივი უარის გაცხადება, ვინაიდან, მისი განმარტებით, 0.003 ლარიანი ურთიერთჩართვის ტარიფის პირობებში (ტრანზიტული ტრაფიკისთვის), შპს „გლობალ სელი“ ვეღარ შეძლებს არსებული აბონენტების იგივე პირობებში მომსახურებას, რა პირობებითაც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირები ემსახურებიან საკუთარ საცალო ბაზრის მომხმარებლებს.
შპს „გლობალ სელის“ წერილის თანახმად, საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ ოპერატორის (მათ შორის, შპს „სელფი მობაილის“) ქსელში არსებული ხარვეზისა თუ ტექნიკური შეფერხების გამო კომპანია იძულებულია Bulk SMS ტრაფიკი ტრანზიტულად გაატაროს სხვა ავტორიზებული ოპერატორის საშუალებით.
შპს „გლობალ სელმა“ კომისიისგან მოითხოვა: ა) მისი წერილობითი მიმართვის საჩივრის რეჟიმში განხილვა; ბ) შპს „სელფი მობაილის“ მიერ არასტანდარტული სახის (ე.წ. Bulk) მოკლე ტექსტური შეტყობინების ტრანზიტული მომსახურების ტარიფის სამართლიანობის, გონივრულობისა და არადისკრიმინაციულობის შესწავლა; გ) კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შპს „სელფი მობაილის“ მიერ ინიცირებული Bulk SMS-ის ტრანზიტული მომსახურების გაზრდილი ფასების შეჩერება.
შპს „გლობალ სელის“ საჩივართან დაკავშირებით, შპს „სელფი მობაილმა“ 2023 წლის 28 დეკემბერს წარმოადგინა წერილობითი პოზიცია (Nშ-23-6/4342), რომლის თანახმად, შპს „სელფი მობაილმა“ Bulk SMS-ის ტრანზიტის მომსახურების ტარიფის ზრდის მიზეზად დაასახელა შემდეგი გარემოებები: ა) შპს „სელფი მობაილის“ ქსელის გავლით შპს „მაგთიკომისა“ და სს „სილქნეტის“ ქსელში დასრულებული ტრანზიტული Bulk SMS-ის გაზრდილი რაოდენობა, რამაც არსებითად გაზარდა ქსელისა და SMS ცენტრის დატვირთვა და შექმნა გადატვირთვები ქსელში დასასრულებელი Bulk SMS-ის დასრულებაშიც. შპს „სელფი მობაილის“ განმარტებით, არასტანდარტული SMS-ის რაოდენობის ზრდა იწვევს SMS ცენტრის ეგრეთწოდებული „Firewall“-ის გადატვირთვას, რაც კომპანიისთვის დამატებით ხარჯთან არის დაკავშირებული; ბ) ავტორიზებული პირების მხრიდან დავალიანების ზრდა.
შპს „სელფი მობაილი“ ასევე აღნიშნავს, რომ შპს „გლობალ სელის“ პრეტენზია უსაფუძვლოა, რადგან აღნიშნულ კომპანიას შპს „სელფი მობაილის“ ქსელის გავლით (ტრანზიტი) ან ქსელში არასოდეს დაუსრულებია საერთაშორისო Bulk SMS, ხოლო ადგილობრივი Bulk SMS-ის ტრანზიტის მომსახურებისთვის შპს „სელფი მობაილისათვის“ გადახდილი მომსახურების თანხამ მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში შეადგინა 172 ლარი, ხოლო ნოემბრის თვეში 78 ლარი.
შპს „სელფი მობაილის“ წერილობით პოზიციაში ასევე მითითებულია, რომ შპს „გლობალ სელს“ აქვს ურთიერთჩართვა როგორც შპს „მაგთიკომთან“, აგრეთვე სს „სილქნეტთან“, შესაბამისად მას გააჩნია საშუალება, პირდაპირ დაასრულოს Bulk SMS-ები აღნიშნული კომპანიების ქსელში ყოველგვარის ტრანზიტის ხარჯის გარეშე ან სხვა ავტორიზებული პირის საშუალებით, რომელსაც ტრანზიტის ღირებულება უფრო ნაკლები აქვს, ვიდრე შპს „სელფი მობაილს“.
2023 წლის 28 დეკემბერს გაიმართა კომისიის მოსამზადებელი სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „გლობალ სელის“ წარმომადგენელი გ. მადუაშვილი და შპს „სელფი მობაილის“ წარმომადგენელი ი. ესართია.
II. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითად ფუნქციებს მიეკუთვნება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება.
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით.
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ’ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას, აღნიშნული მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ.
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება.
5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.
შპს „გლობალ სელის“ საჩივრის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი
როგორც აღინიშნა, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითად ფუნქციებს მიეკუთვნება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება. აქედან გამომდინარე, შპს „გლობალ სელსა“ და შპს „სელფი მობაილსა“ შორის Bulk SMS-ის დასრულების ტრანზიტის მომსახურების ტარიფთან დაკავშირებული დავის განხილვა კომისიის უფლებამოსილებას განეკუთვნება, შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს „გლობალ სელის“ საჩივარი მიიღოს განსახილველად და დავის განხილვის დღედ განსაზღვროს 2024 წლის 11 იანვარი, 15:00 საათი. ამასთან მხარეებს უნდა დაევალოთ საჩივარსა (შპს „გლობალ სელს“) და წერილობით პოზიციაში (შპს „სელფი მობაილს“) მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა.
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, გაზრდილი ტარიფის შეჩერების საკითხი
როგორც აღინიშნა, შპს „გლობალ სელი“ შუამდგომლობს მის საჩივართან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს შპს „სელფი მობაილის“ მიერ Bulk SMS- ის ტრანზიტის მომსახურების გაზრდილი ტარიფების მოქმედება.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი კომისიას აღჭურავს უფლებამოსილებით, გასცეს თანხმობა მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერების თაობაზე, ხოლო ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ფუნქციებს განეკუთვნება ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება. კომისიის მიერ აღნიშნული უფლებამოსილებებისა და ფუნქცია-მოვალეობების შესრულება შეუძლებელი იქნება, თუ ეფექტიანად არ აღსრულდა ურთიერთჩართვის თაობაზე მიღებული კომისიის გადაწყვეტილებები. ურთიერთჩართვის თაობაზე დავის განხილვის ვადად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულია 1 თვე. აღნიშნული, არც ისე ხანგრძლივი ვადის მიუხედავად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების ბაზრის დინამიკური ხასიათის გათვალისწინებით, შესაძლებელია, არსებობდეს შემთხვევები, როდესაც ურთიერთჩართვასთან დაკავშირებით კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო საკითხის/ავტორიზებული პირის უკანონო ქმედების გამო დადგეს იმგვარი შეუქცევადი ზიანი, რომ ეჭვქვეშ დააყენოს კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების ეფექტიანი აღსრულება და, ზოგადად, კომისიის მიერ ურთიერთჩართვის ეფექტიანი რეგულირება. შესაბამისად, ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირების ფარგლებში, კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირების მიმართ გამოიყენოს გარკვეული დროებითი ამკრძალავი ღონისძიებები, თუ დადგინდება, რომ არსებობს იმგვარი შეუქცევადი ზიანის საფრთხე, რომ ეჭვქვეშ დგება კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება. შესაძლებელია, ასეთი ტიპის დროებითი ამკრძალავი ღონისძიება იყოს ავტორიზებული პირისათვის გარკვეული ქმედებების განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის შეკავების დავალდებულება, იქნება ურთიერთჩართვის ტარიფის შეჩერება თუ სხვა ღონისძიება.
ამავდროულად, მოქმედი კანონმდებლობისა და „არასტანდარტული სახის (ე.წ. Bulk) მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ” კომისიის 2020 წლის 30 მარტის Nგ-20-9/385გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „სელფი მობაილი“ უფლებამოსილია თავად განსაზღვროს Bulk SMS-ის ტრანზიტის მომსახურების ტარიფი, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტისა და სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული ტარიფის მოქმედების შეჩერება, უზღუდავს მას კანონითა და კომისიის გადაწყვეტილებით მინიჭებულ უფლებამოსილებას, იმ პირობებში როდესაც ჯერ კიდევ არ არის დადგენილი მის მიერ კანონდარღვევის ჩადენის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის მიერ ასეთი ტარიფის შეჩერების/გაზრდის აკრძალვის ან მასთან დაკავშირებული სხვა დროებითი გადაწყვეტილების მიღება, შესაძლებელია მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობით იქნეს გამართლებული. ამ თვალსაზრისით მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, როგორც კანონის სავარაუდო დარღვევის რეალურობა, ისე - იმ საფრთხის მასშტაბები და ხასიათი, რისი პრევენციისთვისაც გამოიყენება გაზრდილი ტარიფის შეჩერება ან სხვა დროებითი ამკრძალავი ღონისძიება. ამგვარად, უნდა შეფასდეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ისეთი შეუქცევადი ზიანის დადგომის საფრთხე, რომელიც კანონდარღვევის დადასტურების შემთხვევაში, არსებული სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით ვერ გამოსწორდება ან განსაკუთრებით რთული იქნება მისი გამოსწორება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ამ საკითხის გადაწყვეტისას კომისიამ დაიცვას თანაზომიერების პრინციპი და დაადგინოს სამართლიანი ბალანსი ავტორიზებული პირების ინტერესებს შორის. დროებითი ამკრძალავი ღონისძიება არათანაზომიერად არ უნდა ზღუდავდეს იმ ავტორიზებული პირის კანონიერ ინტერესს, ვის მიმართაც ის გამოიყენება. ამავდროულად, იდენტიფიცირებული შეუქცევადი ზიანის თავიდან აცილების ინტერესი უნდა ამართლებდეს ავტორიზებული პირის კანონიერი ინტერესების შეზღუდვას.
ამრიგად, კომისიის მიერ გაზრდილი ტარიფის შესაჩერებლად ან სხვა დროებითი ამკრძალავი ღონისძიების გამოსაყენებლად ერთობლივად სახეზე უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები: ა) დასაბუთებული ვარაუდი საჩივრის ავტორის მიერ სადავოდ გამხდარი ქმედების უკანონობის თაობაზე (რომელიც გავლენას არ მოახდენს კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებაზე); ბ) ისეთი შეუქცევადი ზიანის დადგომის რეალური საფრთხე, რომლის ანაზღაურება და დარღვეული უფლების აღდგენა მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში შეუძლებელი ან განსაკუთრებით რთული იქნება; გ) დროებითი ამკრძალავი ღონისძიების პროპორციულობა, რაც უზრუნველყოფს გონიერ ბალანსს დაცულ სიკეთესა და შეზღუდულ უფლებას შორის.
როგორც აღინიშნა, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის ვადაა 1 თვე. შპს „გლობალ სელის“ წერილი, რომლითაც კომპანიამ მოითხოვა შპს „სელფი მობაილის“ მიერ Bulk SMS-ის ტრანზიტის მომსახურების გაძვირების კანონიერების განხილვა დავის რეჟიმში, კომისიაში წარმოდგენილი იქნა 2023 წლის 19 დეკემბერს. შესაბამისად, შპს „გლობალ სელსა“ და შპს „სელფი მობაილს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განსახილველად კომისიას განსაზღვრული აქვს ვადა 2024 წლის 19 იანვრამდე.
ამდენად, კომპანიებს შორის ტარიფის გაძვირების პირველივე თვის (იანვრის) ანგარიშსწორებამდე, კომისიას მიღებული ექნება საბოლოო გადაწყვეტილება Bulk SMS-ის ტრანზიტის მომსახურების ტარიფთან დაკავშირებული დავის თაობაზე. შესაბამისად, დაუსაბუთებელია, თუ რა გამოუსწორებელი ზიანი მიადგება შპს „გლობალ სელს“ დავის საბოლოო გადაწყვეტამდე შპს „სელფი მობაილის“ დაანონსებული ტრანზიტის გაზრდილი ტარიფის ამოქმედებით. მხარეთა ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ შპს „გლობალ სელს“ აქვს პირდაპირი ურთიერთჩართვა დანარჩენ ორ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე მობილურ ოპერატორთან - შპს „მაგთიკომთან“ და სს „სილქნეტთან“. ამავდროულად, შპს „გლობალ სელი“, როგორც საჩივარში უთითებს, შპს „სელფი მობაილის“ სატრანზიტო მომსახურებას იყენებს აღნიშნულ კომპანიებთან ტექნიკური ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, რასაც ადასტურებს ბოლო ორ თვეში შპს „გლობალ სელის“ მიერ შპს „სელფი მობაილის“ მიმართ ტრანზიტიდან წარმოშობილი ვალდებულების მცირე მოცულობა: ოქტომბრის თვეში 172 ლარისა და ნოემბრის თვეში 78 ლარის ოდენობით. ამასთან, ორივე მხარე ადასტურებს, რომ შპს „გლობალ სელი“ არ იყენებს საერთაშორისო Bulk SMS-ის ტრანზიტის მომსახურებას. შპს „სელფი მობაილის“ სადავო ქმედებით განსაკუთრებული გაძვირება სწორედ საერთაშორისო Bulk SMS-ის მომსახურებას შეეხო (60-ჯერ ძვირდება) და არა ადგილობრივი Bulk SMS-ის ტრანზიტის ტარიფს (3-ჯერ ძვირდება). როგორც ირკვევა, შპს „გლობალ სელი“ სწორედ ადგილობრივი Bulk SMS-ის ტრანზიტის მომსახურებას იყენებს და გასამმაგების შემთხვევაშიც მისთვის გადახდილი ნამეტი საზღაური ამ საქმიანობის პირობებში ვერ მიიჩნევა ისეთ მაღალ ფინანსურ ტვირთად, რომ შეუქცევად ზიანზე მიუთითებდეს. მით უფრო, რომ საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არსებობს გონივრული სამართლებრივი მექანიზმები, რათა უზრუნველყოფილი იყოს შპს „გლობალ სელისთვის“ მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურება.
ამდენად, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს „გლობალ სელის“ მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შპს „სელფი მობაილის“ მიერ Bulk SMS-ის დასრულების ტრანზიტის მომსახურების გაზრდილი ტარიფის შეჩერების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „გლობალ სელის“ საჩივარი მიღებულ იქნეს განსახილველად.
2. დავის განხილვა დაინიშნოს 2024 წლის 11 იანვარს.
3. არ დაკმაყოფილდეს შპს „გლობალ სელის“ მოთხოვნა დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე „სელფი მობაილისთვის“ მობილური ქსელის არასტანდარტული სახის (ე.წ. bulk) მოკლე ტექსტური შეტყობინების დასრულების ტრანზიტით მომსახურების ტარიფის ზრდის აკრძალვის თაობაზე;
4. დაევალოს შპს „სელფი მობაილს“ მის მიერ კომისიაში წარმოდგენილ წერილობით პოზიციაში (Nშ-23-6/4342 28.12.23) მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების, მათ შორის ტრანზიტის ტარიფის ზრდის საჭიროების დამადასტურებელი მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა 2024 წლის 9 იანვრის ჩათვლით.
5. შპს „გლობალ სელს“ დაევალოს მობილური ქსელის არასტანდარტული სახის (ე.წ. bulk) მოკლე ტექსტური შეტყობინების ბოლო ერთი წლის ტრაფიკის (მათ შორის ტრანზიტული ტრაფიკის) შესახებ ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა 2024 წლის 9 იანვრის ჩათვლით.
6. დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა) მხარეების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლა და საკითხთან დაკავშირებით დასკვნის წარმოდგენა;
7. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მხარეებისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
8. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
9. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
10. კონტროლი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-7 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
11. კონტროლი გადაწყვეტილების (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-7 პუნქტებისა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
