წვდომის მენიუ

შპს „სეზონი ტვ“-ის მიმართ ფიზიკურ პირ თ. ფანქველაშვილის საჩივრის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის შესახებ

ნომერი: გ-23-16 / 500

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 15, 2023 14:57

მიღების თარიღი ნოემბერი 09, 2023

შპს „სეზონი ტვ“-ის მიმართ ფიზიკურ პირ თ. ფანქველაშვილის საჩივრის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის შესახებ

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში-კომისია) ფიზიკურმა პირმა თ. ფანქველაშვილმა (კომისიაში რეგისტრაციის N23-9/3417; 26.10.23) საჩივრით მიმართა. საჩივარში აღნიშნულია, რომ 2023 წლის 27 სექტემბერს, შპს„სეზონი ტვ“-ის სამაუწყებლო ბადეში განთავსებულ გადაცემაში გავიდა სიუჟეტი, სადაც ასახული იყო პირადი წვეულების კადრები. აღნიშნული კადრების გასვლამდე გადაცემის წამყვანმა ნ. მჟავანაძემ, ხოლო ვიდეოჩანაწერის გასვლის შემდეგ მის მიერ მოწვეულმა სტუმრებმა, გააკეთეს შეურაცხმყოფელი შეფასებები და რეპლიკები. მომჩივანის განმარტებით, ვიდეოჩანაწერი ასახავს მის პირად ცხოვრებას, წვეულებას, რომელსაც ესწრებოდნენ მისი მეგობრები და ის არასდროს გამხდარა საჯარო. პირად გარემოში მან გამოხატა თავისი პოლიტიკური შეხედულება და გადაცემის წამყვანმა მისი თანხმობის გარეშე ვიდეოჩანაწერი გაასაჯაროვა შეურაცხმყოფელი რეპლიკებისა და მოსაზრებების თანმხლებით. მომჩივანი მიუთითებს, რომ გადაცემის წამყვანის, ნ. მჟავანაძისა და მისი გადაცემის სტუმრების მიერ გამოყენებულია დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ლექსიკა მის მიერ მეგობრების გარემოცვაში, პირად სივრცეში გაკეთებული პოლიტიკური განცხადებების გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, მის მიმართ ადგილი აქვს სიძულვილის ენის გამოყენებას და დისკრიმინაციას პოლიტიკური ნიშნით. მომჩივანს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული სიუჟეტით დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 თავით დადგენილი მოთხოვნები და ითხოვს კომისიამ დაადგინოს  შპს  „სეზონი  ტვ“-სა  და მისი  გადაცემის  წამყვანის  ნ.  მჟავანაძის  მხრიდან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევა.

შპს ,,სეზონი ტვ“-ის მიმართ თ. ფანქველაშვილის საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, კომისიის მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2023 წლის 2 ნოემბერს,  რის თაობაზეც შეტყობინებებით  (Nგ-23-03/2346,  30.10.2023; Nგ-23-03/2345,30.10.2023; N გ-23-03/2347, 30.10.2023) ეცნობათ შპს,,სეზონი ტვ“-ს და თ. ფანქველაშვილს. მათ ასევე განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის  გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. 2023 წლის 2 ნოემბერს, მომჩივანის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამზადებელი სხდომა გადაიდო 2023 წლის 9 ნოემბრისთვის. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინებებით (Nგ-23-03/2362;02.11.23;Nგ-23-03/2363; 02.11.2023) ეცნობა მხარეებს.

2023 წლის 9 ნოემბერს, კომისიის დისტანციურად გამართულ სხდომას ესწრებოდნენ თ. ფანქველაშვილი და მისი წარმომადგენელი, ასევე, შპს,,სეზონი ტვ“-ის წარმომადგენელი გ. ახლოური.

კომისიის სხდომაზე თ. ფანქველაშვლმა აღნიშნა, რომ გარდა იმისა, რომ შპს ,,სეზონი ტვ“- ის მხრიდან მის მიმართ განხორციელდა „ბულინგი“, ყველა იმ ადამიანის, განსაკუთრებით კრიტიკული სიუჟეტების გამშუქებელი ჟურნალისტების მიმართაც ისმის სიძულვილის ენა და „ბულინგი“. შესაბამისად, კარგი იქნებოდა თუ ამ ტელევიზიას კომისია მიაქცევდა ყურადღებას და ნახავდა, როგორი სიძულვილის ენას იყენებენ მოქალაქეების მიმართ. თ. ფანქველაშვილის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ  მათ მიერ იდენტიფიცირებული დარღვევების განხილვა შეიძლება არც შედიოდეს კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილებაში და თვითრეგულირების ორგანოს განხილვის საგანს წარმოადგენდეს, თუმცა, აქვთ სურვილი კომისიამ დააიდენტიფიციროს ის დარღვევები, რომლებიც შეიძლება სახეზე იყოს და რომელთა იდენტიფიცირება მათ ვერ მოახერხეს იმის გამო, რომ ამ სფეროში შესაბამისი გამოცდილება არ გააჩნიათ.

II. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში საქმიანობას არეგულირებს კომისია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციებია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურების ან/და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.

2.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის (2023 წლის 3 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია) პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად,    მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა (გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 552, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა), აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მიმართოს კომისიას.

3.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა.

4.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკრძალულია ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც ახდენს პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული მიკუთვნების, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ადგილის ან ასაკის ნიშნის მიხედვით ძალადობის ან სიძულვილის წაქეზებას (სიძულვილის ენა), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის კონტექსტის გათვალისწინებით და არ არსებობს სიძულვილის ენის გავრცელების განზრახვა. პროგრამა ან რეკლამა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ამ პუნქტით გათვალისწინებული სიძულვილის ენის შემცველად მხოლოდ მისი შეურაცხმყოფელი ან კრიტიკული შინაარსის გამო.

5.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის (2023 წლის 3 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია) პირველი პუნქტის თანახმად,  ამ კანონის 52-ე, 54-ე, 552, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევაზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 52-ე, 54-ე, 552, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული საკითხების, აგრეთვე ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება დაუშვებელია.

6.კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ (შემდგომში  - მაუწყებელთა ქცევის კოდექსი) 31-ე მუხლის თანახმად, მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს სიძულვილს ან არატოლერანტობას რასის, ენის, სქესის, რელიგიური კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური, გეოგრაფიული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე, ხოლო 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელმა პატივი უნდა სცეს აზრის, სინდისის, რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებებს და თავიდან აიცილოს ნებისმიერი ეთნიკური, რელიგიური, კულტურული ან სოციალური ჯგუფის შეურაცხყოფა. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ პოტენციურად შეურაცხმყოფელი მასალის გადაცემა გამართლებული უნდა იყოს სარედაქციო კონტექსტით და ემსახურებოდეს საზოგადოებრივ ინტერესს.

7.მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, მაუწყებელმა პროგრამების მომზადებისას და მათი ეთერში გაშვებისას არ უნდა დაუშვას ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფა. მაუწყებელი ვალდებულია დაიცვას ბალანსი ინფორმაციის თავისუფლებასა და ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ლეგიტიმურ მოლოდინს შორის. ამავე კოდექსის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფა.

8.კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის  მარეგულირებელი წესების“  45-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, ან განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, თუ განმცხადებელი/საჩივრის ავტორი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტს.

კომისია აღნიშნავს, რომ 2023 წლის 3 ნოემბერს ამოქმედდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონი (მიღების თარიღი: 19.10.2023), რის შედეგადაც დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევის თაობაზე მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს კომისიაში, ხოლო კომისიას კვლავ მიენიჭა უფლებამოსილება განახორციელოს რეაგირება უხამსობის შემცველი პროგრამის განთავსებაზე, აგრეთვე ადამიანის უფლებების შელახვის შემთხვევაში - სიძულვილის ენის შემცველი პროგრამის განთავსებაზე.

შპს „სეზონი ტვ“-ის გადაცემაში სადავო სიუჟეტი განთავსდა 2023 წლის 27 სექტემბერს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე (2023 წლის 3 ნოემბერი). „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი  ამ ნორმატიული  აქტით.  2023  წლის  3 ნოემბერს ამოქმედებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ადგენს უკუძალას. შესაბამისად, საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვისას კომისია 2023 წლის 3 ნოემბრამდე დამდგარი გარემოებების შეფასებისას იხელმძღვანელებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 2023 წლის 3 ნოემბრამდე მოქმედი რედაქციის ნორმებით.

განმცხადებელი სადავოდ ხდის შპს ,,სეზონი ტვ“-ის სამაუწყებლო ბადეში, 2023 წლის 27 სექტემბერს, მისი თანხმობის გარეშე პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის განთავსებას და გადაცემის მიმდინარეობისას გადაცემის წამყვანისა და სტუმრების მიერ, მის მიმართ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი განცხადებების გაკეთებასა და სიძულვილის ენის გამოყენებას პოლიტიკური ნიშნით.

სიძულვილის ენა

მომჩივანის მიერ მითითებული სამაუწყებლო პროგრამა, შესაძლოა  შეიცავდეს პოლიტიკური ნიშნის მიხედვით სიძულვილის წაქეზებას (სიძულვილის ენა), რაც შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 552 მუხლის დარღვევად.

კომისიას 2023 წლის 3 ნოემბრამდე მოქმედი კანონმდებლობით არ აქვს უფლებამოსილება განიხილოს სიძულვილის ენასა და დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საკითხები და ამ საფუძვლით მაუწყებლის წინააღმდეგ გამოიყენოს პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა. კერძოდ, 2023 წლის 30 ივნისს, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბებული, მომჩივანის მიერ  მითითებული   პროგრამის   ეთერში   განთავსების   დროს   მოქმედი „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-14  მუხლის  მე-2  პუნქტისა  და  591 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 552  მუხლით განსაზღვრული   სიძულვილის ენის შემცველი პროგრამის გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე რეაგირება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ მაუწყებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე შექმნილი თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.

უხამსობა

თ. ფანქველაშვილი საჩივარში აღნიშნავს, რომ მის მიმართ შეურაცხმყოფელი  და დამამცირებელი განცხადებებისა და რეპლიკების გაკეთებით მაუწყებლის მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები. ამგვარი ხასიათის პროგრამის მაუწყებლის მიერ გადაცემა, შესაძლოა, შეფასდეს ისეთი პროგრამის ეთერში განთავსებად, რომელიც შეიცავს უხამსობას და არღვევვს ადამიანის ძირითად უფლებებს, რაც შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევად. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მაუწყებლის წამყვანისა და მისი სტუმრების მიერ მომჩივნის მისამართით გაკეთებული განცხადებების ეთერში განთავსება არღვევდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს, კომისიას, ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტისა და 591  მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების გათვალისწინებით, არ აქვს უფლებამოსილება განიხილოს აღნიშნული საკითხი, რამეთუ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ დარღვევაზე რეაგირება ხორციელდება მხოლოდ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.

კომისია ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წინამდებარე შემთხვევა განსხვავდება იმ სამართლებრივი მოცემულობისგან, რომლის პირობებშიც უხამსობის შემცველი პროგრამის სამაუწყებლო ბადეში განთავსების გამო, კომისიამ 2021 წლის 28 იანვრის Nგ-21-18/22 გადაწყვეტილებით სამართალდამრღვევად სცნო შპს „მთავარი არხი“, ხოლო 2021 წლის 15 აპრილის Nგ-21-18/236 და 2021 წლის 29 ივლისის Nგ-21-18/474 გადაწყვეტილებებით სამართალდამრღვევად სცნო შპს „ალტ ინფო“.    აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების დროს საკითხის მომწესრიგებელი კანონმდებლობა განსხვავდებოდა შპს „სეზონი ტვ“-ის გადაცემაში სადავო სიუჟეტის განთავსების პერიოდში მოქმედი კანონმდებლობისგან. კერძოდ, 2009 წლის 10 ნოემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო  სასამართლომ  არაკონსტიტუციურად  და   ძალადაკარგულად   სცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი და 591 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები იმ ნაწილში, „რომელიც ეხება 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვებს „ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”). შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე    (მიღების თარიღი: 30.06.2023; ამოქმედების თარიღი: 18.07.2023; სარეგისტრაციო კოდი: 450140000.05.001.020987), „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დარღვევაზე (ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი, უხამსობის შემცველი პროგრამის/რეკლამის განთავსება) კომისიის/სასამართლოს რეაგირების შეზღუდვა, რომელიც მოცემული იყო ამავე კანონის მე-14 და 591 მუხლებში, აღარ არსებობდა. აღნიშნულიდან   გამომდინარე,   კომისია უფლებამოსილი იყო რეაგირება   მოეხდინა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევაზე. განსახილველ შემთხვევაში კი, მომჩივანის მიერ იდენტიფიცირებული პროგრამის მაუწყებლის მიერ განთავსებისას, 2023 წლის 27 სექტემბერს მოქმედი კანონმდებლობით ამგვარი უფლებამოსილება არ გააჩნია.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

საჩივარში აღნიშნული გარემოება, რომ თ. ფანქველაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ შპს„სეზონი ტვ-ის“ გადაცემაში გასული ვიდეოჩანაწერი  არასდროს გამხდარა საჯარო და მაუწყებელს მომჩივანისგან არ მიუღია თანხმობა ვიდეოჩანაწერის მოპოვებასა თუ გავრცელებაზე, შესაძლოა, შეიცავდეს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დარღვევის ნიშნებს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვასთან მიმართებით. კერძოდ, მაუწყებელთა ქცევის კოდექსი განსაზღვრავს მაუწყებლების   მიერ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის ვალდებულებას. მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 34- ე მუხლის მიხედვით, მაუწყებელმა პროგრამის მომზადებისა და გადაცემისას არ უნდა დაუშვას მისი ხელყოფა, პირიქით, მან უნდა დაიცვას ბალანსი ინფორმაციის თავისუფლებასა და ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებს შორის. ამავდროულად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 და 591 მუხლების მოთხოვნების გათვალისწინებით ქცევის კოდექსით დადგენილ პროფესიული სტანდარტების დარღვევაზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში. შესაბამისად, კომისია მოკლებულია შესაძლებლობას, განიხილოს დასახელებული საკითხი და გამოიყენოს მაუწყებლის წინააღმდეგ პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივარში დაყენებული მოთხოვნების განხილვა და გადაწყვეტა არ განეკუთვნება კომისიის უფლებამოსილებას, რადგან „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტისა და 591 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე, 54-ე, 552, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევაზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში. შესაბამისად, საჩივარი „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა  და კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 44-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე არ უნდა იქნეს მიღებული არსებითი განხილვისთვის.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას წარუდგინოს და თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის ანგარიში ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესახებ. შესაბამისად, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს, რომელმაც გადაწყვეტილების მიღება უნდა უზრუნველყოს მიუკერძოებელი და სამართლიანი პროცედურების საფუძველზე. გარდა ამისა, მაუწყებელთა  ქცევის  კოდექსის  მე-9  მუხლის  პირველი პუნქტისა  და  მე-10  მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებულ პირს შეუძლია საჩივრის თაობაზე მაუწყებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში, რომელსაც ქმნის მაუწყებელი ან მათი გაერთიანება.

ამრიგად, მართალია, თ. ფანქველაშვილის საჩივარში დასმული საკითხების განხილვა არ განეკუთვნება კომისიის უფლებამოსილებას, თუმცა, მომჩივანი უფლებამოსილია აღნიშნულ საკითხზე საჩივრით მიმართოს მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ფიზიკურ პირ                თ. ფანქველაშვილს უარი უნდა ეთქვას საჩივრის განხილვაზე.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის    მე-2 მუხლის, მე-5 მუხლის, მე-14 მუხლის, 552 მუხლის, 591 მუხლის, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 31-ე მუხლის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლისა და 55-ე მუხლის პირველი პუნქტის, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 44-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ფიზიკურ პირ თ. ფანქველაშვილის საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის N23-9/3417;26.10.23) შპს „სეზონი ტვ“-ის მიმართ არ იქნას მიღებული განსახილველად.

2.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) გადაწყვეტილების მხარეებისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

3.გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან.

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის  მხარეებისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

5.გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტებისა) კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

კახი ბექაური              თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე          წევრი

ეკატერინე იმედაძე     წევრი

ნათია კუკულაძე         წევრი

ივანე მახარაძე             წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები