წვდომის მენიუ

“მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის N გ-20-9/156 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: გ-22-23 / 504

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 29, 2022 14:55

მიღების თარიღი ნოემბერი 24, 2022

“მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის N გ-20-9/156 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდეგში „კომისია“) მიერ 2019 წლის 31 დეკემბერს  მიღებულ იქნა Nგ-20-9/156 გადაწყვეტილება  “მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ”. აღნიშნული გადაწყვეტილებით მობილური ქსელით მომსახურების (ხმოვანი, ინტერნეტი, მოკლე ტექსტური შეტყობინებები „SMS“) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე განისაზღვრა 3 (სამი) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე  ავტორიზებული  პირი: შპს „მაგთიკომი”, სს „სილქნეტი“   და შპს „ვიონი საქართველო”.

კომისიის  2019  წლის  31  დეკემბრის  გ-20-9/156 გადაწყვეტილებით  მობილური  ქსელით მომსახურების (ხმოვანი, ინტერნეტი, მოკლე ტექსტური შეტყობინებები „SMS“) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს: შპს „მაგთიკომი”, სს „სილქნეტი“, შპს „ვიონი საქართველო” - ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისირათ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) ქსელთან დაშვების უზრუნველყოფის ვალდებულება, შემდეგი სპეციფიკური პირობების გათვალისწინებით:

1. ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება

2. ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება,

3. დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება

4. სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებებისა და მსურველების ქსელთან კომერციული პირობებით დაშვების თაობაზე მოლაპარაკებებზე მზადყოფნის შესახებ ოპერატორების მიერ გამოთქმული პოზიციების გათვალისწინებით, კომისიის2019 წლის 31 დეკემბრის გ-20-9/156 გადაწყვეტილებაში ცვლილებები შევიდა კომისიის 2020 წლის 24 სექტემბრის   N გ-20-19/775 და   2021 წლის 18 ნოემბრის N გ-21-19/622 გადაწყვეტილებებით. ამ უკანასკნელი ცვლილების შედეგად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) გამოქვეყნების ვადად განესაზღვრათ 2022 წლის 31 დეკემბერი.

შესაბამისად, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს მობილური ოპერატორების ქსელზე დაშვების მსურველთა დაშვებასთან დაკავშირებით ბაზარზე არსებული მოცემულობის შესწავლის მიზნით დაიწყოს “მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის N გ-20-9/156 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად „ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.“ ვინაიდან, 2019 წლის 31 დეკემბრის N გ-20-9/156 გადაწყვეტილების მიღება მოხდა კანონმდებლობის შესაბამისად საჯარო ადმინისტრაციული წესით, შესაბამისად საჭიროა, რომ ამ გადაწყვეტილებაში ცვლილება შევიდეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების გზით.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებამდე (გამოცემამდე) აღნიშნული წესის შესაბამისად საჯარო კონსულტაციებს გამართავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 22-ე - 24-ე მუხლებით და ამავე კანონის V თავით გათვალისწინებულ   კონკურენციის წინასწარ რეგულირებასთან დაკავშირებული ბაზრის ანალიზის პროცედურების განხორციელებისას. ამდენად, “მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის N გ-20-9/156 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე გამართული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, კომისიამ უნდა გამართოს საჯარო კონსულტაციები, რაც გულისხმობს, რომ კომისიის მიერ მომზადებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეცემა წერილობითი კომენტარების, მოსაზრებების, შენიშვნების, განცხადებების ან/და წინადადებების (შემდგომში - კომენტარების) წარდგენის შესაძლებლობა. დაინტერესებული მხარეების მიერ წარდგენილი კომენტარები კომისიის პასუხებთან ერთად საჯაროდ გამოქვეყნდება ზეპირი მოსმენის დასრულების შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ვადად უნდა განისაზღვროს 3 თვე, რათა საჭიროების შემთხვევაში კომისიას ჰქონდეს შესაძლებლობა სათანადოდ შეისწავლოს დაინტერესებულ პირთა მიერ წარმოდგენილი კომენტარები და საჭიროებისამებრ გამართოს საკონსულტაციო შეხვედრები დაინტერესებულ პირებთან.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და VII და IX თავების შესაბამისად, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესების“ მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება “მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ”  კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის N გ-20-9/156 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;

2. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გაიმართოს საჯარო კონსულტაციები;

3. საჯარო კონსულტაციების გამართვის მიზნით, “მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის N გ-20-9/156 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის პროექტთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეების მიერ კომენტარების წარდგენის ვადად განისაზღვროს 2022 წლის 25 დეკემბერი. კომენტარების კომისიაში წარმოდგენა უნდა განხორციელდეს წერილობით, კომისიის შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. N50/18 ან კომისიის ელექტრონულ მისამართზე post@comcom.ge.

4. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2022 წლის 29 დეკემბერს 15:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

5. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვროს 3 თვე;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოაქვეყნოს:

ა) ცნობა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და გადაწყვეტილების პროექტის საჯარო კონსულტაციაზე წარდგენის თაობაზე, წინამდებარე გადაწყვეტილება, მომზადებული გადაწყვეტილების პროექტი;

ბ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაინტერესებული მხარის მიერ კომისიაში წარდგენილი კომენტარები (გარდა საიდუმლო/კონფიდენციალური ინფორმაციისა), კომისიაში რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

8. გადაწყვეტილება  ცალკე   გასაჩივრებას   არ   ექვემდებარება;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ეკატერინე იმედაძე წევრი

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები