წვდომის მენიუ

სს „მედია ჰოლდინგისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე

ნომერი: გ-22-18 / 571

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 22, 2022 14:35

მიღების თარიღი დეკემბერი 15, 2022

სს „მედია ჰოლდინგისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე

I. აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია-მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N22-10-2004, 16.11.2022) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს „მედია ჰოლდინგისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის მიზნით, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაძლო დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ დეპარტამენტის მიერ განხორციელდა სს „მედია ჰოლდინგის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი სპონსორობის წესების, პროდუქტის (საქონლის/მომსახურების), ტელეშოპინგისა და რეკლამის განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ 2022 წლის 26 ოქტომბერს, სს „მედია ჰოლდინგის“ (,,რუსთავი 2“) ეთერით გავიდა დილის გადაცემა „დილა მშვიდობისა, საქართველო“, რომლის მიმდინარეობისას, 09:50 საათზე, ადგილი   ჰქონდა   პროდუქტის   განთავსებას.   გადაცემაში   მოწვეული   იყო  კომპანია „კოშკენკორვას“ წარმომადგენელი, რომელმაც გადაცემის მსვლელობისას მაგარი სპირტიანი სასმელისგან, კერძოდ, არაყის გამოყენებით დაამზადა კოქტეილი და მაყურებელს მიაწოდა მაგარი სპირტიანი სასმელისაგან დამზადებული კოქტეილის რეცეპტი. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია პროგრამაში იმ პროდუქტის განთავსება, რომლის რეკლამირებაც აკრძალულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, აკრძალულია მაგარი სპირტიანი  სასმელის  რეკლამის  გავრცელება  რადიოთი  და ტელევიზიით,  გაზეთის კაბადონზე, ჟურნალის გარეკანზე.  სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ კომისიამ კომპანიას წერილობით მიმართა და  სთხოვა კომისიაში წარმოედგინა ინფორმაცია თუ რა სტატუსით მოხდა ეთერში აღნიშნული სიუჟეტის განთავსება (წარმოადგენდა კომერციულ რეკლამას, პროდუქტის განთავსებას თუ ტელეშოპინგს), ასევე, იმ ხელშეკრულების წარმოდგენა, რომლის საფუძველზეც მოხდა აღნიშნული კომერციული კომუნიკაციის განთავსება.  კომპანიამ 2022 წლის 11 ნოემბრის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/4147) კომისიას აცნობა, რომ გადაცემაში განთავსებული იყო შპს „კანტის“ რეკლამა. გაყიდვების სამსახურის მიერ კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაიგეგმა გადაცემაში სტუმრობის განთავსება, რომელშიც არ იყო დაგეგმილი პროდუქციის წარმოჩენა და განთავსება მისი რეკლამირების მიზნით. გადაცემა მიმდინარეობდა პირდაპირი ეთერით, რამაც განაპირობა გაუთვალისწინებელი შედეგის დადგომა და გადაცემაში განხორციელდა პროდუქტის განთავსება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია-მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სს „მედია ჰოლდინგის“ მიერ აღნიშნული სიუჟეტის მსვლელობისას მოხდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესების დარღვევა.

სს „მედია ჰოლდინგისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2022 წლის 15 დეკემბერს, 15:00 საათზე, რის შესახებ კომპანიას გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული   კოდექსის 98-ე და 99-ე  მუხლებით    გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2022 წლის 15 დეკემბრის სხდომაზე, სს „მედია ჰოლდინგის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულების პროექტის მომზადების დროს, ყველა გაფრთხილებულია იმის შესახებ, რომ არ უნდა გაუშვან სპირტიანი სასმელების რეკლამა, და არც ჰქონია სს„მედია ჰოლდინგს“ ამის პრეცედენტი. კომპანიის წარმომადგენელმა ისაუბრა სულ სხვა საკითხზე, ვიდრე ეს იყო შეთანხმებული გაყიდვების სამსახურთან. იყო პირდაპირი ეთერი და ვერანაირად ვერ აღკვეთეს იმ მომენტში სპირტიანი სასმელის ჩვენება და ამიტომ ხარვეზი გაიპარა. მონტაჟის საშუალება რომ ჰქონოდათ, ამას არც დაუშვებდნენ. სს ,,მედია ჰოლდინიგის“ წარმომადგენელმა, ასევე აღნიშნა, რომ მაგარი სპირტიანი სასმელის ჩვენება ნამდვილად არასწორად იყო გაშვებული. ძალიან ბევრს აქვს სურვილი, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ამან შეიძლება შემოსავალი მოუტანოს კომპანიას, არ ნიშნავს, რომ შეიძლება დაარღვიონ კანონი.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1.კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია-მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N22-10-2004, 16.11.2022).

2.სს,,მედია ჰოლდინგის“ ეთერში გასულ გადაცემაში - „დილა მშვიდობისა, საქართველო“ მაგარი სპირტიანი სასმელის განთავსების ამსახველი ვიდეოჩანაწერი.

3. სს ,,მედია ჰოლდინგის“ წერილი (Nშ-22-6/4147, 11.11.2022).

4. სს ,,მედია ჰოლდინგის“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება.

5.სს ,,მედია ჰოლდინგის“ შესახებ მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. სს ,,მედია ჰოლდინგი“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს.

მტკიცებულება: კომისიის ავტორიზებულ  პირთა   უწყებრივი  რეესტრის  მონაცემები სს ,,მედია ჰოლდინგის“ შესახებ

2. 2022 წლის 26 ოქტომბერს, სს „მედია ჰოლდინგის“  ეთერით გავიდა დილის გადაცემა „დილა მშვიდობისა, საქართველო“, სადაც, 09:50 საათზე, ფინური  ბრენდის ,,კოშკენკორვას“ (,,KOSKENCORVA“) არაყის და ლიქიორის წარმოდგენისას, ადგილი ჰქონდა მაგარი სპირტიანი სასმელის განთავსებას. გადაცემის წამყვანი მაყურებლებს მიმართავს და ეუბნება, რომ უნდა მოუყვეს     ფინურ ბრენდ ,,კოშკენკორვას“ (,,KOSKENCORVA“)  შესახებ,  რომელიც  ალკოჰოლურ  სასმელებს  აწარმოებს, კონკრეტულად კი სუფთა სახის არაყს და ლიქიორს, რომელთა გამოყენება შესაძლებელია კოქტეილში. გარდა იმისა, რომ მაყურებლები გაიგებენ ყველაფერს ამ ბრენდის შესახებ, ექნებათ შესაძლებლობა ისწავლონ თუ როგორ მზადდება სახლის პირობებში გემრიელი და ფერადი კოქტეილი. გადაცემაში მოწვეული სტუმარი, საქართველოში ,,კოშკენკორვას“ (,,KOSKENCORVA“) ოფიციალური შემომტანის, კომპანია ,,კანტის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ ,,კოშკენკორვას“ (,,KOSKENCORVA“) წარმომადგენელი დღეს გვასწავლის თუ როგორ მოვამზადოთ სახლის პირობებში ძალიან მარტივად ,,კოშკენკორვას“ (,,KOSKENCORVA“) არაყით და ლიქიორით მარტივი კოქტეილი. გადაცემის წამყვანი აცხადებს,  რომ  მათ  აქვთ  იმის ბედნიერება,  რომ  დააგემოვნონ  ,,კოშკენკორვა“,  მაგრამ ,,მაყურებელი რითი შეიძლება დააინტერესონ“   და კითხვით მიმართავს   კომპანიის წარმომადგენელს თუ რა არის ისეთი საინტერესო, რომ მივიდეს სახლში და დაამზადოს ,,კოშკენკორვას“ პროდუქტისაგან კოქტეილი. შემდეგ წამყვანები აცხადებენ, რომ სტუდიაში ყველა პირობაა შექმნილი გემრიელი კოქტეილის შესაქმნელად და ყველა ერთად მიემართება ,,ბარისკენ“ კოქტეილის მოსამზადებლად.

გადაცემაში მოწვეული სტუმარი, კომპანია „კოშკენკორვას“ (,,KOSKENCORVA“) წარმომადგენელი, გადაცემის მიმდინარეობისას მაგარი  სპირტიანი სასმელისაგან, კერძოდ,  ,,კოშკენკორვას“ (,,KOSKENCORVA“) არაყისგან ამზადებს  კოქტეილს.

,,კოშკენკორვას“ წარმომადგენელი კოქტეილის დასამზადებელი ინგრედიენტების ჩამოთვლისას ამბობს, რომ, ,,რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს არაყი“ და ბოთლის ხელში აღებით იდენტიფიცირებას უკეთებს მას. კოქტეილის დამზადების პროცესში, ჭიქებში ყინულის ნატეხების მოთავსების შემდეგ, ,,კოშკენკორვას“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ ახლა უნდა დაამატოს არაყი და იმავე ბოთლიდან პატარა სირჩაში ასხამს არაყს, რომელსაც შემდეგ ამატებს ჭიქებში. წამყვანის კითხვას, თუ სად და რა სახით გამოიყენება ხშირად ,,კოშკენკორვას“  არაყი  და  ლიქიორი,  გადაცემაში  მოწვეული კომპანიის  (შპს,,კანტი“,,,კოშკენკროვას“ არაყის და ლიქიორის შემომტანი საქართველოში) წარმომადგენელი პასუხობს, რომ მათ მიერ შემოტანილი ,,კოშკენკორვას“ ლიქიორი ,,VALHALLA”, პოპულარულია ახალგაზრდებში, ასოცირდება კლუბთან, გართობასთან, თუმცა დაღლილი დღის შემდეგ, სახლშიც მიღებაც ძალიან კარგია, ენერგიისთვის.

ალკოჰოლური სასმელის, კოქტეილის დამზადების შემდეგ, ,,კოშკენკორვას“ წარმომადგენელი კოქტეილს აწვდის გადაცემის წამყვანებს  და  სტუმრებს, სიტყვებით ,,ძალიან გემრიელი“ კოქტეილია. გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი აცხადებს, რომ პირდაპირ ეთერში არ დააგემოვნებენ კოქტეილს, მაგრამ პირდაპირი ეთერიდან გასვლის შემდეგ გასინჯავენ კოქტეილს. გადაცემის წამყვანებს და სტუმრებს ხელში უჭირავთ ჭიქები ალკოჰოლიანი  სასმელით  (არაყისგან  დამზადებული  კოქტეილი) და  ადღეგრძელებენ ერთმანეთს, ხოლო ერთ-ერთი წამყვანი ახდენს მისი მოხმარების დემონსტრირებას სიტყვებით ,,იმედია ეს კოქტეილი მოგვეწონება“.

მტკიცებულება:

სს,,მედია ჰოლდინგის“ ეთერში გასულ გადაცემაში „დილა მშვიდობისა, საქართველო“ მაგარი სპირტიანი სასმელის განთავსების ამსახველი ვიდეოჩანაწერი.

3. სს „მედია ჰოლდინგის“ განმარტებით, გადაცემაში განთავსებული იყო შპს „კანტის“ რეკლამა. გაყიდვების სამსახურის მიერ კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაიგეგმა გადაცემაში სტუმრობის განთავსება, რა დროსაც არ იყო დაგეგმილი პროდუქციის წარმოჩენა და პროდუქტის განთავსება მისი რეკლამირების მიზნით. გადაცემა მიმდინარეობდა პირდაპირი ეთერით, რამაც განაპირობა გაუთვალისწინებელი შედეგის დადგომა და გადაცემაში განხორციელდა პროდუქტის განთავსება.

მტკიცებულება:

სს ,,მედია ჰოლდინგის“ 2022 წლის 11 ნოემბრის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/4147, 11.11.2022).

4.სს „მედია ჰოლდინგს“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვისადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია.

მტკიცებულება:

კომისიის  ავტორიზებულ  პირთა  უწყებრივი  რეესტრის  მონაცემები.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებლობის   სფეროში   კანონმდებლობას   შეადგენს   საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს   საერთაშორისო ხელშეკრულებები,  საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“,  ეს  კანონი,  „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

2. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-5  მუხლის  მე-3  პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქცია და ვალდებულებაა მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა, კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო ამავე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციაა საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.

3. ,,მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს კანონის 63-ე მუხლის  პირველი პუნქტის თანახმად,რეკლამასთან დაკავშირებით გამოიყენება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამისა და სპონსორობის საკითხები რეგულირდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით.

5. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია პროგრამაში იმ პროდუქტის განთავსება, რომლის რეკლამირებაც აკრძალულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით.

6. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, აკრძალულია მაგარი   სპირტიანი   სასმელის  რეკლამის   გავრცელება  რადიოთი   და ტელევიზიით, გაზეთის კაბადონზე, ჟურნალის გარეკანზე.

7.,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, მაგარი სპირტიანი სასმელის რეკლამა წარმოადგენს ალკოჰოლიანი სასმელის რეკლამა, რომლის შემადგენლობაში სპირტის შემცველობა აღემატება 14 პროცენტს.

8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი   კანონმდებლობა,   მათ   შორის,   კომისიის  დადგენილებები   და გადაწყვეტილებები.

9. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის 70-ე  მუხლის  პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია  უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა.

10. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  71-ე  მუხლის  პირველი პუნქტის თანახმად,  მაუწყებლის  მიერ  საქართველოს  კანონმდებლობის  დარღვევის  ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისთვის ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოკვლეული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი    გარემოებების    საფუძველზე    კომისიას    მიაჩნია,  რომ  სს,,მედია ჰოლდინგის“ ეთერში   გასულ გადაცემაში „დილა მშვიდობისა, საქართველო“ მაგარი  სპირტიანი  სასმელის  განთავსებით  სს  ,,მედია  ჰოლდინგის“ მიერ  დაირღვა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-5 პუნქტი, 451   მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და 70-ე მუხლის პირველი პუნქტი, რაც კომპანიის სანქცირების საფუძველს წარმოადგენს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სს „მედია ჰოლდინგის“ მიერ   ბოლო    ერთი    წლის    განმავლობაში    მსგავსი/ანალოგიური    დარღვევისთვის ადმინისტრაციული            პასუხისმგებლობა    არ    დაკისრებია,    ,,მაუწყებლობის    შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

V. სარეზოლუციო ნაწილი

,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-5 მუხლის მე–3 პუნქტის ,,ვ“ და ,,ი“ ქვეპუნქტების, 451     მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 691 მუხლის მე-5 პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის, მე-3 მუხლის მე-14 პუნქტის და მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. სს ,,მედია ჰოლდინგს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691     მუხლის მე-5 პუნქტის,   451     მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი:ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) სს ,,მედია ჰოლდინგისთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

3.გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების   სს ,,მედია ჰოლდინგისთვის“ ჩაბარების დღიდან.

4.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების სს ,,მედია ჰოლდინგისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

5.კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

6.კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების  (მე-3 და მე-4 პუნქტების  გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

ვახტანგ აბაშიძე               თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე          წევრი

ნათია კუკულაძე             წევრი

ივანე მახარაძე                წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები